გიორგი წამებში მგლეჯს ხელიდან მობილურს და აცახცახებული თითებით ჯინსის შარვლის უბეში იტენის. მიყურებს და თვალს არც კი ახამხამებს. საფეთქლებში რაღაც მტკივნეულად, მწარედ მიხტუნავს. ტანსაცმელი ძალიან ვიწრო მეჩვენება. მინდა ყველაფერი შემოვიგლიჯო და თავისუფლად ვისუნთქო, მაგრამ თან ვიცი, რომ ეს სულაც არაა სამოსის ბრალი.
- გიორგი, არ მინდოდა. - თავს ვიმართლებ და აცახცახებული მხრების დამორჩილებას ვცდილობ.
- გინდოდა, ელენიკა, გინდოდა! გუშინვე შეგატყვე, რაც გჭირდა! შეწყვეტ თუ არა პელოს ცხოვრებაში ქექვას? რატომ არ შეგიძლია მენდო? ჩვენს ურთიერთობას ყველაზე მეტად პელო კი არა, შენ უშლი ხელს! - არ მიბრალებს მამაკაცი და ყველა საშინელება ერთად მემხობა თავზე.
- ჩემი დადანაშაულება ადვილია, არა? ერთხელ მაინც გიფიქრია იმაზე, თუ რას ვგრძნობ? ხო, კარგია ჩემი გაკრიტიკება! შენ ამბობ, რომ ყველაფერს ხვდები, იცი, რასაც განვიცდი, მაგრამ ცდები! ვერასდროს გამიგებ, რადგან არ გიყვარვარ! - ტონს ვეღარ ვზომავ, ისე ვუკივი და განადგურებული ვეხეთქები საწოლზე.
მთელი შიგნეულობა მტკივა. მუცელზე მჭიდროდ ვიხვევ ხელებს. მთელი ამდენი ხნის ნაგროვები ამოვხეთქე. ყველა საყვედური, სევდა თუ გაბრაზება. თავს ისე ვგრძნობ, როგორც ნამსხვრევებად გაფანტული, დასერილი და გამოფიტული. მგონია, რომ ახლა მოვა... აი, ახლა... ჩამეხუტება... მაჯებზე ხელებს მომიჭერს, მაგრამ ის არ მოდის... იმიტომ, რომ არ ვუყვარვარ! ხო, მე ყველაზე საშინელი არსება! ადამიანი, რომელიც იმაზე ოცნებობს, რაც არასდროს ეღირსება... რაც არასდროს აუსრულდება... რისი ღირსიც შესაძლებელია არც არის!
- არ მქონდა უფლება, ელენიკა, რომ ასეთ დღეში ჩამეგდე... ჩემ გამოა, ახლა ასე უბედურად რომ გრძნობ თავს! ჩემ გამოა, რომ ტირი... რომ სულ რაღაცაზე ნერვიულობ... წესით, არც უნდა მენახე! ერთხელაც არ უნდა მომეკრა თვალი, მაგრამ არ ვიცი, რატომ... არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში წესით და რიგით არაფერი ხდება! - თავჩახრილი ბუტბუტებს გიორგი.
თავს ზევით ვწევ და მის თვალებს ვეჩეხები. ისე უნამუსოდ, უსულგულოდ მიყურებს, რომ იმის შეგრძნება მიჩნდება, მატყუებს და სინამდვილეში საერთოდ არ წუხს-მეთქი. მთელი სახე ცრემლებისგან მაქვს სველი.
პელოს გამო.
პელოს გამო ვცდები ყოველ ჯერზე.
ვუბედურდები უფრო და უფრო. ქარი ერთი სულის შებერვით მანგრევს, ნაგლეჯებად მაქცევს და ეს არ მოასწავებს არაფერს კარგს.
მხოლოდ ერთადერთი აზრი მიტრიალებს თავში: რომ ყველაფერი უნდა ვიცოდე. რომ შემდეგ ნაბიჯზე ისევ არ წავიქცე.
ვუყურებ კაცს, რომელიც ამ წუთას პირველად მეზიზღება.
რომლის ყურების დროსაც ყველაფერი მიგრძვნია ზიზღის გარდა და ვრწმუნდები, რომ ფიქრის დრო აღარაა.
გამშრალ ტუჩებს ენით ვისველებ და ვბედავ.
- ვინ იყო ნიკო? ვიდეოში პელომ ახსენა. მიპასუხე, ვინ იყო? - ურცხვად ვიტყუები და სადღაც მის უკან ვიხედები.
გიორგი ფერს კარგავს. ცხადია, ჩემგან ამ კითხვას არ ელოდებოდა. ტყუილის ეს ვარიანტი იმიტომ ავარჩიე, რომ დაწმუნებული ვიყავი, იმდენი ვიდეოდან ყველა ზეპირად არ ემახსოვრებოდა და ამასთან ერთად, ნიკოს ხსენება იმდენად დააბნევდა, რომ ვეღარც ღრმად ჩამეძიებოდა.
- ეს შენთვის საინტერესო ნამდვილად არ იქნება. ჩვენ ახლა ამაზე არ ვლაპარაკობდით. -თავშეკავებულად მპასუხობს და ნიკაპზე ხელს ნერვიულობის დასაფარად ისვამს.
- არ ვლაპარაკობდით, მაგრამ ახლა ვლაპარაკობთ, გიორგი. ბევრ რამეში ვცდები, მაგრამ გვინდა თუ არ გვინდა, ყველა გზას პელოსთან მივყავართ. ეს ბედის ირონიაა ყოველგვარი მისტიკის გარეშე. - სარკასტული ღიმილით ვიჩეჩავ მხრებს და არც კი ვიცი, ეს სარკაზმი ვისკენაა მიმართული.
- ფილმებში ალბათ ხშირად გინახავს ის მომენტი, ქორწილის დროს რომ კითხულობენ, ვინმე ხომ არაა წინააღმდეგიო და ბოლო წამებში ვიღაც რომ იძახის, მე ვარო. - ისე უინტერესოდ იწყებს თხრობას, რომ ვერ ვხვდები, რა შუაშია ეს პელოსთან. - ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი და პელოს ქორწილის დღესაც ასე მოხდებოდა, მაგრამ მოხდა და იცი, ვინ იყო ეს ადამიანი? ნიკო. პელო უყვარდა. პელო, რომელიც სულ ისე უყურებდა, როგორც მეგობარს. ქეთი მკაცრი დედა იყო, პელოც მუდამ თავდაჭერილობით გამოირჩეოდა. თავიდანვე შევატყვე, რომ ჩემთან ყოფნა სიამოვნებდა, მაგრამ ის იდიოტი უკან დაგვდევდა. პელო ბევრს უყვარდა, მაგრამ არავინ ასე თავხედურად არ მოქცეულა ჩემთან. პელოს ვუთხარი, რომ ნიკო მას მხოლოდ მეგობრად არ თვლიდა. გაბრაზდა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობო, მითხრა, მაგრამ შევატყვე, რომ თვითონაც გრძნობდა რაღაცას მისგან. ეჭვები გაუძლიერდა და ნელ-ნელა ნიკოს ჩამოშორდა. მაგას ეგონა, რომ მე ავუკრძალე მასთან ურთიერთობა პელოს, არადა, თვითონ იკავებდა თავს. მხოლოდ იმიტომ, რომ თავს იდანაშაულებდა. თვლიდა, რომ თუ ნიკო დაიტანჯებოდა, ეს მისი ბრალი იქნებოდა. როცა ცოლობა ვთხოვე, უარი მითხრა. თურმე იმიტომ, რომ ნიკო გაიგებდა და შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა. გავცოფდი. ის ჩემზე წინ იმ ბიჭს აყენებდა, რომელიც მასზე გაგიჟებით იყო შეყვარებული. ბოლოს მაინც შევძელი დამეყოლიებინა. გავიდა დრო, მაგრამ ხშირად ვხედავდი თვალცრემლიანს. ბავშვობის ალბომს რომ გამოიღებდა, ტირილს იწყებდა. ამიტომაც ვცდილობდი მის დაფარვას. ყველას შეეძლო მისი მოტყუება, მისი გამოყენება. არ მინდოდა, ასე მომხდარიყო. არ მინდოდა, დამეკარგა, მაგრამ მაინც... მაინც დავკარგე.
- ღმერთო, აი, თურმე რატომ... აი, რატომ... - გაოცებას ვერ ვმალავ, მაგრამ მოგონილი ტყუილი რომ მახსენდება, ვჩუმდები.
- რაზე ლაპარაკობ? - ეჭვი უჩნდება გიორგის, მაგრამ, საბედნიეროდ, კარზე კაკუნი ისმის.
საჩქაროდ ვიწმენდ ცრემლებს და ოთახში დედა შემოდის.
სახლიდან ასე დაუგეგმავად წამოსულებს ბევრი რამ გვჭირდება. ამიტომ საჭირო ნივთების საყიდლად სასტუმროსთან ყველაზე ახლოს არსებულ სუპერმარკეტში მანქანით მივდივართ. გზად გარემოს ვაკონტროლებ. დაფეთებულს მეშინია, ვინმე არ გამოგვედევნოს კვლავ, მაგრამ თუ საღი გონებით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ჯორჯს ჯერჯერობით გამოჩენა არ უნდა ჯემალის გამო, მაგრამ ასე უბრალოდ რომ არ დაიკარგება, მაგაშიც დარწმუნებული ვარ. უკვე მომბეზრდა მალვა და სასტუმროში ცხოვრება. ცუდი ისაა, რომ არც კი ვიცი, როდის ჩადგება ყველაფერი წესრიგში.
სუპერმარკეტში რომ შევდივართ, ვიყოფით. თითოეული სასურველი განყოფილებისკენ მივეშურებით. პატარა კალათას ვავსებ და სალაროსკენ ვტრიალდები. ის-ისაა, ჩემი რიგი მოდის, რომ შემზარავი კივილი მესმის და თმის სურნელოვანი შამპუნი ხელიდან მისხლტება.
- მიშველეთ! ანა! ანა! გონს მოდი, შვილო... - ისე ღრიალებს ვიღაც, გეგონება, გული ამოგლიჯესო.
რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ და იატაკზე ჩაკეცილ პატარა გოგონას ვხედავ, რომლის თავიც გრძელთმიან ქალს უჭირავს და განწირული კივის. უფრო მეტად რომ ვუახლოვდები მათ, ხალხიც მაშინ იწყებს ჩოჩქოლს. ბავშვს თვალები დახუჭული აქვს და სავარაუდოდ, გონზე არ არის. ვერაფრით ვფიქრობ, თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა. სწორედ ამ დროს იქვე გიორგისაც ვლანდავ და მისკენ მივიწევ.
- ხალხი არ ხართ? დამეხმარეთ! შვილი მიკვდება! - სიძულვილით ავლებს თვალს გარს შემოხვეულ ადამიანებს სასოწარკვეთილი დედა და შვილს ძლიერად აჯანჯღარებს.
ვიღაც ჯიბიდან მობილურს იღებს და სასწრაფოში რეკავს. ამასობაში დედაც მოდის ჩვენთან. თვალებში ცრემლები უდგას. ხუთიოდე წუთი უაზრო კითხვებსა და სასწრაფოს მოლოდინში გადის. გოგონას კი უფრო და უფრო ულურჯდება სახე. მასთან ერთად მეც მიძნელდება სუნთქვა. გიორგის მკლავზე ვეჯაჯგურები და ჩემკენ ვახედებ.
- სასწრაფო იგვიანებს! არ ვიცით, ამ ბავშვს რა სჭირს... დახმარება სწრაფად უნდა აღმოუჩინონ! - ვჩურჩულებ და ისიც უთქმელად ხვდება, თუ რისი თქმა მინდა.
- გამატარეთ! საავადმყოფოში ჩვენ წაგაყვანინებთ. მანქანით ვართ. - ამ სიტყვებით იკვლევს ხალხში გზას გიორგი, ბავშვს ხელში იყვანს და ქალიც ოდნავ დაიმედებული, გაფართოებული თვალებით მოჰყვება უკან.
- თანდაყოლილი გულის მანკი სჭირს. აქაც გავუკეთეთ ოპერაცია, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭირო თანხა ბოლომდე ვერ შევაგროვეთ. სახელმწიფო დაგვეხმარა, მაგრამ... ფულის ყველა შესაძლო წყარო ამოვწურეთ! ჩემი შვილი უნდა გადარჩეს! ვერ გადავიტან! მეც მოვკვდები! - ნერვიული ლაპარაკით მისდევს წინ გაჭრილ გიორგის ქალი, მე და დედა კი შეძლებისდაგვარად მივდევთ მათ.
როგორც კი ვსხდებით, გიორგი მანქანას სწრაფად წყვეტს ადგილს.
გოგონას წამიერად ვავლებ თვალს და მერე ისევ ფანჯრისკენ ვბრუნდები. ახლა მხოლოდ ერთი აზრიღა მიტრიალებს თავში. ეს პატარა ანგელოზი უნდა გადავარჩინოთ!
განათებულ, გრძელ დერეფანში გიორგი ბოლთას სცემს. სკამზე ვზივარ და თავი მანანას მხარზე მიდევს. გული მისკდება იმის შიშით, რომ ახლა, აი, ახლა გამოვა ექიმი და იტყვის, რომ დავიგვიანეთ. აქამდე დრო ჩქაროსანი მატარებელივით მიჰქროდა, ახლა კი საშინლად იწელება და საუკუნეს ემსგავსება.
შავთმინი ქალი კედელთანაა ჩაკეცილი და მუხლებში თავჩარგული ქვითინებს. მისი დამშვიდება არ მიცდია. ვიცოდი, მეც ტირილი ამომსკდებოდა. ამბობენ, ფულზე არაფერია დამოკიდებულიო, ბედნიერებას ვერ განსაზღვრავსო, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ფულია ყველაფრის თავი და თავი. აი, ამ ქალს, ახლა რომ ვუყურებ და მის აკანკალებულ მხრებზე ცრემლები მადგება, ფული რომ ჰქონდეს, აღარ მოუწევდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა მისი შვილი მეორე დღეს ცოცხალი აღარ ყოფილიყო. ფული რომ ჰქონდეს, იმ ლამაზ გოგონასაც არ წაუვიდოდა გული. ისიც ისეთივე ლაღი და უდარდელი იქნებოდა, როგორც სხვა ბავშვები, მაგრამ ასე არ არის, რადგან ფული არ აქვთ. ამიტომ. სწორედ ამიტომ.
ჩემ გვერდით კარები რომ იღება, ავტომატურად ვდგებით ფეხზე. გიორგი პირველი მიდის ექიმთან. თეთრხალათიანი, თმაშევერცხლილი კაცი თვალს გვარიდებს. გული ხმაურით მიცემს. ყურებში რაღაც მიგუგუნებს.
- პაციენტის მდგომარეობა ძალიან რთულია. თუ მალევე არ მოაგროვებთ ოპერაციის ფულს, ვითარება უფრო დამძიმდება. საფრანგეთში ფრენა უახლოეს დღეებში უნდა დაიგეგმოს, თორემ შემდეგ მგზავრობაც საფრთხე გახდება მისთვის. - სერიოზული, ჩამუქებული თვალებით გვიხსნის ექიმი, გვერდს ხალათის ფრიალით გვაქცევს და დერეფნის ბოლოში უჩინარდება.
ქალი კვლავ ტირილს იწყებს. როგორღაც ცრემლებს ვიკავებ. სხვა თუ არავინ, მე მაინც უნდა ვიფიქრო ცივი გონებით. ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ იმ პატარა ანამ, დღეს რომ პირველად ვნახე, იცოცხლოს და მე არ ვაპირებ ამ შანსის ხელიდან გაშვებას.