გსურთ, თავი კვლავ ადამიანად იგრძნოთ? საკმარისია, უბრალოდ უახლოეს პარკში ან ტყეში გაისეირნოთ, მაგრამ ეს სწორად უნდა გააკეთოთ. გთავაზობთ ძალების აღმდგენ მარტივ საშუალებას, რომელიც უკვე მრავალი წელია იაპონელებს ეხმარება.
ექიმი ცინ ლი - იაპონური სამედიცინო სკოლის პროფესორი ტოკიოში, მსოფლიო დონის სპეციალისტი ტყის თერაპიის საკითხში თავის ახალ წიგნში: „სინრინ-იოკუ: „ტყის აბაზანების“ იაპონური ხელოვნება“ გვთავაზობს ბუნებასთან კავშირის აღდგენის მარტივ ხერხს.
იაპონურად „სინრინი“ ნიშნავს ტყეს, „იოკუ“ კი - აბაზანას.
როგორ გამოიყენოთ „სინრინ-იოკუ“ პრაქტიკაში?
ტყე - ადამიანის ცივილიზაციის მშობელი, მისი სალოცავი და მთავარი მკურნალია. გამოსაჯანმრთელებლად მხოლოდ ბუნების მოწვევის მიღება და მასში შესვლაა, დანარჩენზე კი ის თავად იზრუნებს.
პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, მობილური ტელეფონის გამორთვაა. დაივიწყეთ კამერა, ის ყურადღებას მხოლოდ გაგიფანტავთ. ნელი სვლით გადაადგილდით ტყეში, მიენდეთ საკუთარ სხეულს, წადით იქ, სადაც ის მიგიზიდავთ. შეგიძლიათ არსად წახვიდეთ, უბრალოდ დაჯდეთ ან დაწვეთ, არ აქვს მნიშვნელობა - თქვენ უკვე ტყეში ხართ, ანუ იქ, სადაც უნდა იყოთ. აუჩქარებლად დატკბით ხმებით, სუნით და გარშემო არსებული პეიზაჟებით.
ტყეში ძალების აღდგენის მთავარი საიდუმლო გრძნობების ხუთივე ორგანოს ამუშავებაა. შეისრუტეთ ბუნება ყურებით, თვალებით, ცხვირით, პირით, მთელი სხეულით.
- ყური უგდეთ ჩიტების სიმღერას და ფოთლების შრიალს;
- დააკვირდით ხეების სიმწვანეს; დააკვირდით, როგორ იჭრება მათ შორის სინათლე;
- დატკბით ტყის მომნუსხველი სურნელით;
- შეისუნთქეთ პირით და გემო გაუსინჯეთ სუფთა ჰაერს;
- ორივე ხელისგულით შეეხეთ ხეს. ეცადეთ, შეიგრძნოთ მისგან გამომავალი ენერგიის დინება. დაწექით მიწაზე;
- დაე, აგავსოთ ტყის არომატმა; დაე, სიხარულისა და სიმშვიდის ტალღებმა თავისუფლად იდინოს თქვენში. ახლა თქვენ ბუნებას შეუერთდით და ბედნიერებისკენ მიმავალ გზას დაადექით.
როგორ მიიღოთ ტყისგან მაქსიმალური სარგებელი?
შინაგანი სიმშვიდისა და მოდუნებული გონების მოსაპოვებელი უნივერსალური მეთოდი არ არსებობს - ყველას საკუთარი გზა აქვს. ვიღაცას ნაკადულის ხმა ამშვიდებს, სხვებს ხეებზე მოუსვენრად მოძრავი ციყვების ცქერა, ვიღაც კი ტყის ჰაერისგან იღებს სიამოვნებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვოთ თქვენთვის კომფორტული ადგილი.
თუ ნედლი მიწის სურნელი მოგწონთ, მყუდრო დაბლობები ეძებეთ - იქ მარტივად შეძლებთ მოდუნებას, ტყის აბაზანები კი უფრო ძლიერმოქმედი იქნება. შესანიშნავია, თუ ბუნებაში უკვე იპოვეთ საყვარელი კუთხე, რომელიც ბავშვობას და წარსულის ბედნიერ დღეებს გახსენებთ. მსგავსი ადგილები ბუნებასთან კავშირის ძლიერ განცდას იწვევს. ამ შემთხვევაში განკურნების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს.
ეძებეთ ადგილი, სადაც სხეული კომფორტულადაა, სულს კი სიხარული ავსებს
ტყეში სინრინ-იოკუს დაკავებისთვის წინასწარ გაარკვიეთ, როგორია ეს ადგილი. არის თუ არა აქ შესაძლებელი წელიწადის ყველა დროზე დაკვირვება? ეძებეთ ადგილი, სადაც სხეული კომფორტულად იქნება, სული კი სიხარულით აივსება.