რაში სჭირდებათ ვარსკვლავებს ოქროს კბილები? (+ ფოტო) - Marao

რაში სჭირდებათ ვარსკვლავებს ოქროს კბილები? (+ ფოტო)

2012-03-08 13:10:48+04:00

ულტრამოდურმა მომღერალმა ლანა დელ რეიმ თავი ვერ შეიკავა და ერთ-ერთ წინა კბილზე ოქრო გადაიკრა. თუმცა ის არც პირველია, არც უკანასკნელი. "ოქროს კბილის" გამოცდა ცოტა ვარსკვლავმა როდი ჩააბარა. იკითხავთ, რატომ?

შოუბიზნესი იდეალური ფაიფურის ღიმილების ნამდვილი ნაკრძალია. პოტენციური ვარსკვლავები კარიერის დასაწყისშივე გარბიან სტომატოლოგებთან იდეალური კბილების გასაკეთებლად - თანაბარი და თეთრი.

შემდგარ ვარსკვლავებს კი ეს სილამაზე ხშირად ბეზრდებათ. ამიტომაც არის, რომ ხან ბრილიანტებს ისვამენ კბილებში და ხან ოქროს. თანაც, არა მხოლოდ მეამბოხე კაცებს იზიდავთ ეს, არამედ ნაზ გოგონებსაც.

ყველაფერი კი, ჩვეულებისამებრ, მადონათი დაიწყო. 1992 წელს მან მონაწილეობა მიიღო კლიპში "ეროტიკა", ცნობილი ოქროს "ფიქსით". სიმღერამაც და მისმა გარეგნულმა იერმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

იმ წლის განმავლობაში მადონა არაერთხელ გამოჩენილა ოქროს კბილით წვეულებებზე. თუმცა ეს ის დრო იყო, როცა სკანდალური და მომაბეზრებელი მადონას მზე ჩაესვენა და ახალი მადონა დაიბადა - მეოჯახე, მოაზროვნე, მწერალი და ა.შ. ოქროს კბილიც დროს ჩაბარდა.

1970-იანი წლების ბოლოდან ოქროს კბილებით, ძირითადად, ჰიპ-ჰოპის პირქუში გმირები იწონებდნენ თავს. ბევრი მათგანი ერთ-ორ კბილს ისვამდა, ზოგიერთმა კი მთელი ყბაც მოიოქროვა. მოდა დღემდე არ გადის.

საკმარისია კენი უესტის ღიმილის დანახვა, რომელმაც ოქრო უგულებელყო და ქვედა ყბა ბრილიანტებით შეიმკო. ასევე ოქროს კბილები ჩაისვა მოკრივე მაიკ ტაისონმა მას მერე, რაც რინგზე ბრძოლისას რამდენიმე კბილი დაკარგა.

მამაკაცების კვალდაკვალ ოქროს ტრენდი ჰიპ-ჰოპ გოგონებმაც აითვისეს. ექვსი წლის წინ მერი ჯეი ბლაიჯი დადიოდა ოქროს კბილით და კმაყოფილიც იყო საკუთარი თავით. თუმცა, როგორც ამბობს, მერე გაიზარდა, დაჭკვიანდა და ტრადიციულად დაიწყო ოქროს ტარება - ყურებსა და თითებზე.

იმ გოგონებს შორის, რომლებიც მეამბოხეებად არიან ცნობილნი, ერთ-ერთი პირველი მელ სი იყო "სპაის გერლზის" პერიოდში. მაშინ მისი ერთ-ერთი ყველაზე საფირმო ნიშანი სწორედ ოქროს კბილი იყო. მერე ასევე გამოირჩეოდა ამ ნიშნით მომღერალი კეშა, რომელმაც ექსპერიმენტი არანაკლები წარმატებით ჩაატარა.

ბევრი ამბობს, რომ მოდური ლანას ნაბიჯი არის მცდელობა, ყურადღება კბილზე გადაიტანოს, რათა თავისი უნიჭობა დამალოს. აბა, შეხედეთ ადელს, რომელსაც მისი საოცარი ხმისა და სმენის წყალობით არავითარი ჯადოსნური კბილები არ სჭირდება.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გაზაფხულზე ოქრო მოდურია - განსაკუთრებით თეთრ პერანგებსა და კაბებთან შეხამებით, რომლებიც ასე უყვარს დელ რეის და ალბათ "სეზონურად" მაინც ატარებს ამ კბილს, ტანისამოსთან შესაბამისად.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)