დიანდრა ფორესტი არც ერთ სხვა მოდელს არ ჰგავს. ის ალბინოსი მოდელია, ნეგროიდული სახის ნაკვთებით. მან მოდის სამყაროში ნამდვილი ფურორი მოახდინა. მის ამბავს თანამედროვე კონკიას ისტორიასაც უწოდებენ.
როგორც მოდელების უმრავლესობა, ბავშვობაში დიანდრასაც საძაგელ იხვის ჭუკად მიაჩნდა თავი. მისი მშობლები შავკანიანები არიან, დიანდრა კი ალბინოსია. გოგონამ რთული ცხოვრება გაიარა - გამუდმებით მზის სხივებისგან უწევდა დამალვა. და არა მხოლოდ მათგან - დიანდრა არც ისე კეთილმოწყობილ "შავ" ბრონქსში იზრდებოდა.
მაგრამ ერთხელაც სასწაული მოხდა - დიანდრას სამოდელო სააგენტო "ელიტის" ასისტენტმა მიაქცია ყურადღება. სუპერმარკეტში შენიშნა და დაარწმუნა, სასინჯი ფოტოები გადაეღო. გოგონა იმდენად გამორჩეული აღმოჩნდა, რომ მაშინვე გააფორმეს მასთან კონტრაქტი.
მწვანეთვალება ქერათმიანი მოდელი, აფრიკული სახის ნაკვთებით, მართლაც უდიდესი იშვიათობაა. თანაც, ევროპელებს შორისაც კი ალბინოსები არც ისე ხშირი შემთხვევაა, აფრო-ამერიკელებს შორის კი - მით უმეტეს. ეს მემკვიდრეობით გადაეცემა და 17 ათას ახალშობილზე ერთ ჩვილს თუ სდევს თან - არ აქვს კანის პიგმენტი. რაკი ასეთი ადამიანების კანი არ არის დაცული მელანინით, მათ მზისგან თავის დაცვა უწევთ.
ახლა დიანდრას საქმეები საკმაოდ კარგად მიდის - მისი არაორდინარული გარეგნობა ბევრ კლიენტს იზიდავს და გამუდმებით აქვს ახალ-ახალი წინადადებები, მოდური ჟურნალების გარეკნებზეც სულ უფრო ხშირად ჩნდება. კრიტიკოსების თქმით, მას აბსოლუტური სილამაზე აქვს და მართლაც სენსაციას ახდენს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)