მისტერ ლოიდთან საუბარმა და ბესისა და ებოტის დიალოგმა იმედი ჩამისახა.
ახლა უკვე მსურდა, მალე კარგად გავმხდარიყავი. ვგრძნობდი, ჩემი ცხოვრება უნდა შეცვლილიყო. გულით მსურდა ახალი ცხოვრების დაწყება და ჩუმად, მოთმინებით ველოდი მას. დრო გადიოდა, დღე დღეს მისდევდა, კვირა - კვირას. ამ ხნის განმავლობაში სრულიად გამოვჯანმრთელდი, მაგრამ ერთხელაც არავის დასცდენია სიტყვა იმ სანატრელ საგანზე, რომელზედაც ასე ხშირად ვფიქრობდი. მისის რიდი დროდადრო მკაცრად გადმომხედავდა ხოლმე, მაგრამ ვატყობდი, ჩემთან ლაპარაკი არ სურდა და იშვიათად თუ გამხდიდა ღირსს, რამდენიმე სიტყვა ეთქვა. ჩემი ავადმყოფობის შემდეგ მან თავის შვილებს კიდევ უფრო მეტად ჩამომაშორა და ახლოს აღარ მაკარებდა. ყოველნაირად დამსაჯეს: მარტოდმარტოს უნდა დამეძინა პაწაწინა საკუჭნაოში, ცალკე უნდა მეჭამა და მთელი დღის განმავლობაში საბავშვო ოთახიდან ფეხი არ უნდა გამომედგა. ამიკრძალეს შესვლა სასტუმრო ოთახშიც, სადაც ჩემი ბიძაშვილები ძალიან ხშირად თავს იყრიდნენ და ერთობოდნენ. მისის რიდს ერთი გადაკრული სიტყვაც არ დასცდენია სასწავლებელში გაგზავნაზე, მაგრამ გულის სიღრმეში ღრმად მწამდა, რომ ჩვენს ერთ ჭერქვეშ ყოფნას ის დიდხანს ვეღარ აიტანდა. მის გამოხედვაში ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემდამი ღრმად ფესვგადგმულსა და დაუძლეველ სიძულვილს ვამჩნევდი.
კარგად ვამჩნევდი, ელიზა და ჯორჯიანა დედის ბრძანებას ასრულებდნენ და ჩემთან ზედმეტ ლაპარაკს გაურბოდნენ. ჯონ რიდი კი, თვალს მომკრავდა თუ არა, დაცინვის ნიშნად ენას მიყოფდა. ერთხელ ცემაც დამიპირა, მაგრამ ამჯერად ვეღარ მოვითმინე და მეც გაცეცხლებული მივვარდი. კვლავ შემიპყრო მისდამი ღრმა სიძულვილმა და თავზე ხელაღებული ადამიანის აღშფოთებამ. მან შენიშნა, როგორ წინანდებურად ააფორიაქა ამ ამბავმა მთელი ჩემი არსება და ამჯობინა, გამცლოდა. ყვირილი მორთო, წყევლა-კრულვითა და მუქარით ისე გაიქცა, თითქოს მისთვის ცხვირ-პირი ჩამემტვრიოს. მართლაც, მოვუქნიე ხელი და, რაც ძალი და ღონე მქონდა, მუშტი წინ გამოწეულ ყბაში გავარტყი. ამ დარტყმამ თუ ჩემი სახის გამომეტყველებამ ჯონი შეაშფოთა. შევნიშნე თუ არა ეს, გავთამამდი და სურვილი აღმეძრა, საბოლოოდ მეჯობნა მისთვის, მაგრამ არ დამცალდა. ჯონი გაიქცა და დედის კალთას შეაფარა თავი. გავიგონე, როგორ გულამოსკვნით ტიროდა და შესჩიოდა დედას რაღაც გამოგონილ ამბებს, - საძაგელი ჯეინ ეარი გაცოფებულ კატასავით მომვარდაო. მისის რიდმა კი მკაცრად შეაწყვეტინა ლაპარაკი და უთხრა: - ნურაფერს მეტყვი მის შესახებ, ჯონ. მე უკვე გითხარი, რომ მას ახლოს არ უნდა გაეკარო. ეგ ღირსი არ არის, ყურადღება მიაქციოს ვინმემ. არ მსურს, რომ შენ და შენი დები მაგას დაელაპარაკოთ.
ამ დროს მე კიბის მოაჯირზე გადავიხარე და ჩემდა უნებურად აღმომხდა:
- სწორედ ეგენი არ არიან ღირსნი, რომ ხმა გავცე.
მისის რიდმა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მსუქანი ქალი იყო, ამ უცნაური და მკვახე სიტყვების გაგონებაზე მარდად ამოირბინა კიბის საფეხურები, მომვარდა, ხელი მკრა, საბავშვო ოთახში შემათრია და ისეთი ძალით მიბიძგა, რომ საწოლის კიდეს დავეჯახე და იქვე წავიქეცი. მერე მიბრძანა, მთელი დღის განმავლობაში ადგილიდან არ დავძრულიყავი და არც ხმა ამომეღო.
- რას გეტყოდათ ბიძაჩემი, ცოცხალი რომ იყოს? - ძლივს გავბედე შეკითხვა. იმიტომ ვამბობ, ძლივს-მეთქი, რომ ენამ ჩემდა უნებურად წარმოთქვა ეს სიტყვები. ჩემში ჩემ დაუკითხავად ვიღაც სხვა ლაპარაკობდა.
- რა? - იკითხა მისის რიდმა და მის ჩვეულებრივ ცივსა და მონაცრისფრო თვალებში რაღაც შიშის მსგავსმა გაიელვა. მკლავზე ხელი გამიშვა და ისე დამაშტერდა, თითქოს აქამდე ვერ გაერკვია, ბავშვი ვიყავი თუ ეშმაკი. მეც, რადგან უარესს ველოდი, განვაგრძე:
- ბიძაჩემის სული ზეცაშია და კარგად ხედავს, რასაც აკეთებთ და ფიქრობთ თქვენ, ყველანი. ასევე ნათლად ხედავს ყველაფერს ჩემი დედ-მამაც. მათ იციან, როგორ ჩამკეტავთ ხოლმე მთელი დღე ოთახში და ჩემს სიკვდილსაც კი არ ერიდებით.
მისის რიდი მალე მოვიდა გონს, მთელი ძალით შემანჯღრია, ორივე ლოყაზე სილა გამაწნა და უსიტყვოდ მიმატოვა. სამაგიეროდ, ბესიმ ისარგებლა ამ შემთხვევით და ერთსაათიანი ქადაგებით გული იჯერა. ის მიმტკიცებდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ იმ ბავშვთა შორის, რომელნიც კი ოდესმე სამადლოდ აღუზრდიათ, ყველაზე უზნეო და უმადური ვიყავი. მისი სიტყვები ნახევრად ვირწმუნე, რადგან ჩემს გულში მაშინ მხოლოდ ავი ფიქრები ბობოქრობდნენ.
გავიდა ნოემბერი და დეკემბერი. იანვარი მიიწურა. შობა და ახალი წელი, ჩვეულებრივ, მხიარულად იდღესასწაულეს გეიტსჰედ-ჰოლში. ერთმანეთს საჩუქრებს უგზავნიდნენ, იმართებოდა სადილები და საღამოები. მე კი მოკლებული ვიყავი ყველა ასეთ სიამოვნებას. ამ საერთო მხიარულებაში მხოლოდ იმის მოწმე გახლდით, თუ როგორ რთავდნენ ყოველდღე ელიზასა და ჯორჯიანას სიფრიფანა მარმაშის კაბებითა და ალისფერი ბაფთებით. მერე კი, საგულდაგულოდ დახვეული კულულებით, ისინი ჩადიოდნენ სასტუმრო ოთახში. იქიდან მესმოდა ფორტეპიანოსა და ქნარის ხმები, სახლთუხუცესისა და მოსამსახურეთა აჩქარებული ფეხის ხმა, ჩინური ფაიფურისა და ბროლის წკრიალი, როდესაც ერთმანეთს სასმელებს სთავაზობდნენ. ხოლო, კარის გაღებისა და დახურვის დროს, ჩემამდე აღწევდა ნაწყვეტ-ნაწყვეტი საუბრის ზუზუნი. უსაზღვროდ ვიქანცებოდი კიბის ბაქანზე დიდხანს ყოფნით და ვბრუნდებოდი სრულიად განმარტოებულსა და მდუმარებით მოცულ საბავშვო ოთახში. მართალია, ნაღვლიანი ვიყავი, მაგრამ თავს უბედურად მაინც არ ვგრძნობდი. უნდა ვაღიარო, არც მინდოდა მათთან ყოფნა, რადგან სტუმრები ძალიან იშვიათად მთვლიდნენ ყურადღების ღირსად. ბესი რომ ჩემდამი უფრო კეთილი და ალერსიანი ყოფილიყო, ვფიქრობ, მასთან უფრო დამშვიდებით გავატარებდი ასეთ საღამოებს, ვიდრე ჯენტლმენებითა და ქალბატონებით სავსე ოთახში, სადაც მისის რიდის მრისხანე თვალთა მზერისთვის უნდა გამეძლო. ბესი კი, ჩააცმევდა თუ არა პატარებს, ელიზასა და ჯორჯიანას, მაშინვე სამზარეულოს ან მნე ქალის ოთახისკენ მიეშურებოდა, სადაც მას მეტი მხიარულება ელოდა. ასეთ დროს სანთელიც თან მიჰქონდა. მე კი, მარტოდ დარჩენილი, დედოფალას მუხლებზე დავისვამდი, ცეცხლის პირას დავჯდებოდი და, ვიდრე ბუხარში ცეცხლი არ ჩაიფერფლებოდა, ნახევრად დაბნელებულ ოთახს შიშით ვათვალიერებდი. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ, ჩემ გარდა, იქ სხვა არავინ იყო. ხოლო, როგორც კი ცეცხლი მინელდებოდა და მკრთალადღა ღვიოდა, ტანსაცმელს სწრაფად ვიხდიდი, ელვის სისწრაფით ვიხსნიდი ფეხსაცმელებზე ზონრის ნასკვებს და, სიცივითა და სიბნელით შეშინებული, თავშესაფარს საწოლში ვეძებდი. დედოფალას ჩემთან ერთად ვაწვენდი ლოგინში. ადამიანს ხომ რაიმე უნდა უყვარდეს და, რადგანაც მე არაფერი გამაჩნდა მასზე უფრო ძვირფასი და საყვარელი, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა ამ პატარა, საბრალო, გაცვეთილი და საფრთხობელას მსგავსი დედოფალას ალერსი და მოვლა-პატრონობა. ახლა მიკვირს, როდესაც ვიგონებ, რა სულელური გულწრფელობითა და გაგიჟებით შევიყვარე ეს პატარა სათამაშო. ისე მქონდა წარმოდგენილი, თითქოს ის ცოცხალი არსება იყო და ადამიანური გრძნობები გააჩნდა. ძილიც კი არ მეკარებოდა, თუ ჩემს საღამურ პერანგში არ გამოვხვევდი, ხოლო, როცა დავრწმუნდებოდი, რომ ჩემ გვერდით, საბანქვეშ მას არც სციოდა და არც მზრუნველობა აკლდა, თავს ბედნიერად ვთვლიდი და ისიც ჩემებრ ბედნიერი მეგონა.
თითქოს საათებიც კი გრძელდებოდა, ისე მოუთმენლად ველოდი სტუმრების წასვლას და კიბეზე ბესის ფეხის ხმის გაგონებას. მსიამოვნებდა, როცა ის შემთხვევით შემოდიოდა საბავშვო ოთახში მაკრატლის ან სათითის საძებნად, მაგრამ ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, თუ გვერდითაც მომიჯდებოდა, სანამ მე მის მიერ ამოტანილ ვახშამს - ფუნთუშასა და ყველიან ნამცხვარს შევექცეოდი. ის საბანს შემისწორებდა, შემომიკეცავდა, მაკოცებდა და მეტყოდა: - ნახვამდის, მის ჯეინ, - და ისევ სამზარეულოსკენ გასწევდა. იმ წუთებში ბესი ამქვეყნად ყველაზე კარგ, ლამაზ და სათნო ადამიანად მიმაჩნდა. ვნატრობდი კიდეც, ყოველთვის ასეთი ალერსიანი და ყურადღებიანი ყოფილიყო: არასოდეს ხელი არ ეკრა ჩემთვის, ჩვეულებისამებრ, უდანაშაულოდ ბრალი არ დაედო და ხშირად არ გამწყრომოდა.
ბესილი, ვფიქრობ, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი უნდა ყოფილიყო: რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერს მარჯვედ აკეთებდა. ამასთანავე, მას შესანიშნავი თხრობის უნარიც ჰქონდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ საბავშვო ოთახში ნაამბობი ზღაპრებით ის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. თუ მეხსიერება არ მღალატობს, გარეგნობითაც საკმაოდ ლამაზი იყო. ახლაც თვალწინ მიდგას ახალგაზრდა, ტანადი, შავთმიანი ქალი, მუქი თვალებით, ლამაზი სახის ნაკვთებითა და ჯანმრთელი იერით. თუმცა, მართალი გითხრათ, მას ნაკლიც ჰქონდა. მეტად ფიცხი და ჯიუტი ხასიათის მქონეს, ცნებები - პრინციპულობა და სამართლიანობა - სრულიად თავისებურად ესმოდა. მიუხედავად ამისა, გეიტსჰედ-ჰოლში მაინც ის მერჩია ყველას.
თხუთმეტ იანვარს, დაახლოებით ცხრა საათი იქნებოდა, როცა ბესი ქვედა სართულზე ჩავიდა საუზმისთვის. ჩემი ბიძაშვილებისთვის ჯერ კიდევ არ დაეძახათ, რომ სასტუმრო ოთახში ჩასულიყვნენ. ელიზა ქუდს იხურავდა, პალტოს იცვამდა და ბაღში ჩასასვლელად ემზადებოდა, რომ ფრინველები დაეპურებინა. მას ეს საქმიანობა ძალიან უყვარდა. უნდოდა, მნე ქალისთვის კვერცხები მიეყიდა და ამ გზით ფული შეეგროვებინა. ვაჭრობის დიდი უნარი ჰქონდა და ფულის შენახვაც კარგად იცოდა. ის არა მარტო კვერცხებითა და წიწილებით ვაჭრობდა, არამედ ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მოგება მიეღო ყვავილის ნერგების, სხვადასხვანაირი თესლისა და მცენარეთა დასამყნობი ტოტების გაყიდვით. თვითონ მისის რიდმა უბრძანა მებაღეს, ახალგაზრდა ლედისგან ეყიდა ყველაფერი, რასაც ყიდდა და რის გაყიდვასაც მოისურვებდა. ელიზა საკუთარ თმასაც კი გაყიდდა, თუ სასურველ თანხას შესთავაზებდა ვინმე. რაც შეეხება ფულს, პირველად მას ძონძებსა და ძველ, დაჭმუჭნილ ქაღალდებში გამოხვეულს, აქა-იქ, ოთახის კუნჭულებში მალავდა. მოსამსახურეებმა არაერთხელ აღმოაჩინეს ელიზას მიერ შენახული ფული ოთახების დალაგების დროს. იმის შიშით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს თანხა სამუდამოდ არ დაეკარგა, გადაწყვიტა, იგი დედისთვის ჩაებარებინა, მაგრამ მან აქაც გამოავლინა თავისი ვაჭრული ბუნება. მისის რიდი სამ თვეში ერთხელ 50-60%-ს იხდიდა. გოგონას კი ეს ყველაფერი პატარა წიგნში ზუსტად ჰქონდა აღნუსხული.
ჯორჯიანა მაღალ სკამზე იჯდა სარკის წინ და თმას ივარცხნიდა. კულულებში იწნავდა ხელოვნურ ყვავილებსა და ფერგადასულ ფრთებს, რომლებიც სხვენში, რომელიღაც უჯრაში ეპოვა. მე ჩემს ლოგინს ვასწორებდი. ბესიმ წასვლისას მკაცრად მიბრძანა, მის დაბრუნებამდე ამელაგებინა ქვეშაგები. ახლა ის მოსამსახურესავით მიყენებდა და ყველაფერს მაკეთებინებდა. ვალდებული ვიყავი, მუდამ სუფთად მომევლო საბავშვო ოთახისთვის და სკამებიდან მტვერი გადამეწმინდა. ჩემი საღამური პერანგი დავკეცე, საწოლზე გადასაფარებელი გადავაფარე და ფანჯრის რაფასთან მივედი. წიგნებისთვის თავისი ადგილი უნდა მიმეჩინა; დედოფალას ოთახის მიმობნეული ავეჯი თავის ადგილას დამეწყო, მაგრამ გავჩერდი, რადგან ჯორჯიანამ მკვახედ მიბრძანა, მისი სათამაშოებისთვის ხელი არ მეხლო (პაწაწინა სკამები, სარკეები, მშვენიერი თეფშები და ფინჯნები მხოლოდ მისი საკუთრება იყო). რადგან საქმე აღარაფერი მქონდა, ვცდილობდი, ფანჯრის მინებზე ჩემივე ორთქლით გამელღო ყინვისგან მოხატული ყვავილები და უფრო კარგად გადამეხედა ბაღში, სადაც მკაცრ ყინვას ყველაფერი გაეთოშა და გაექვავებინა.
ფანჯრიდან მეკარის ქოხი და ქვიშით მოკირწყლული ეტლის სავალი გზა მოჩანდა. როგორც კი ვერცხლისფრად მოხატული ფოთლების საფარი ორთქლით გავადნე და მინაზე საკმაოდ დიდი ადგილი გავათავისუფლე გადასახედად, დავინახე, ალაყაფის კარი გაიღო და ეზოში ეტლი შემოგრიალდა. გულგრილად შევცქეროდი, როგორ გვიახლოვდებოდა ეტლი. ეტლები ხშირად მიდი-მოდიოდნენ გეიტსჰედ-ჰოლში, მაგრამ არც ერთს არ მოუყვანია ჩემთვის სასურველი სტუმარი. ეტლი სახლის წინ გაჩერდა, მალე ზარის ხმა გაისმა კარზე და ვიღაც ახალმოსული მიიღეს. ეს მე სრულიად არ მაინტერესებდა, რადგან ჩემი ყურადღება სულ სხვა რამემ მიიპყრო: ეს ფანჯრის ახლოს, კედელთან, ალუბლის ფოთლებშემოძარცულ ტოტზე შემომჯდარი პატარა მშიერი სტვენია იყო, რომელიც საწყალობლად ჭიკჭიკებდა.
იმ დილით რძითა და პურით ვისაუზმე. დარჩენილი ფუნთუშის ნაჭერი ავიღე, დავფხვენი და, ის იყო, ვაპირებდი, პატარა სარკმელი გამეღო და ნამცეცები საბრალო ჩიტისთვის დამეყარა ფანჯრის რაფაზე, რომ ბესი საბავშვო ოთახში სირბილით შემოიჭრა და მითხრა:
- მის ჯეინ, მოიხსენით წინსაფარი, რას აკეთებთ მანდ? ამ დილით ხელ-პირი დაიბანეთ?
ვიდრე ვუპასუხებდი, ერთხელ კიდევ გამოვწიე სარკმელი, რომ ჩიტისთვის საკენკი დამეყარა, ძლივს შევძელი მისი გაღება და საცოდავ ფრინველს ნამცეცები გადავუყარე. როცა დავრწმუნდი, რომ ისინი ალუბლის ტოტზე და ზოგიც ქვის კარნიზზე დაცვივდა, მხოლოდ ამის შემდეგ მივხურე ფანჯარა, მოვბრუნდი და ბესის ვუპასუხე:
- აი, სწორედ ეს არის, მოვრჩი წმენდას.
- მართლა აუტანელი და უყურადღებო ბავშვი ხართ. რას აკეთებთ ახლა? ისე გაწითლებულხართ, ეჭვი არ არის, რამე სისაძაგლეს ჩაიდენდით. რისთვის გააღეთ სარკმელი?
პასუხის გაცემა არ დამჭირდა, რადგან ბესი ისე ჩქარობდა, რომ ჩემი ახსნა-განმარტების მოსასმენად არ ეცალა. მან პირსაბანთან მიმიყვანა და ხელ-პირის ბანა დამიწყო. საპონს ისე მისვამდა, ვატყობდი, სრულიად არ ვებრალებოდი და არც დრო ჰქონდა, ფრთხილად მომქცეოდა. უხეში პირსახოცით სახე სასწრაფოდ შემიმშრალა; თმა მაგარი ჯაგრისით დამვარცხნა; წინსაფარი შემომაძრო; გარეთ გამიყვანა; კიბის ბაქანზე დამაყენა და მიბრძანა, ჩავსულიყავი სასტუმრო ოთახში, სადაც მიცდიდნენ.
ძალიან მინდოდა, მეკითხა, თუ ვინ მელოდა, ან მისის რიდი იქ იყო თუ არა, მაგრამ ვერ მოვასწარი. ბესი მაშინვე წავიდა და საბავშვო ოთახის კარიც მოხურა. ნელ-ნელა ჩავდიოდი კიბეზე. დაახლოებით სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მისის რიდის ბრძანებით, საბავშვო ოთახიდან ფეხი არ გამომიდგამს და სასაუზმე, სასადილო და სასტუმრო ოთახებს ახლოსაც არ გავკარებივარ, იქ შესვლას შიშით ვერ ვბედავდი.
და, აი, ახლა, დამფრთხალი და აცახცახებული ვიდექი სასადილო ოთახის კართან, ცარიელ დარბაზში. რა საცოდავ და მხდალ არსებად მაქცია იმ უსამართლო მოპყრობამ მაშინ. შიშისგან დაბნეულს, ვეღარც საბავშვო ოთახში დაბრუნება მომეხერხებინა და ვერც სასტუმრო ოთახში შესვლა. დაახლოებით ათი წუთი გავიდა ამ მღელვარებასა და ყოყმანში. ზარის მკვეთრმა ხმამ გადამადგმევინა გადამწყვეტი ნაბიჯი; უნდა შევსულიყავი.
- ნეტა, ვის უნდა ჩემი ნახვა? - ვეკითხებოდი ჩემს თავს. კარის მაგარ სახელურს ორივე ხელი მოვკიდე. ვცდილობდი, გამეღო, მაგრამ ვერ ვიმორჩილებდი. ნეტა, ვის ვნახავ იქ მისის რიდის გარდა, ქალს თუ მამაკაცს? სახელური გადავატრიალე, კარი გაიღო, შევედი და პირდაპირ იქ მყოფთაკენ გავემართე. რევერანსით მივესალმე და მხოლოდ მაშინ ავიხედე მაღლა. ჩემ წინ რაღაც შავი ბოძი აღმართულიყო. ყოველ შემთხვევაში, პირველი შეხედვით ასეთი მომეჩვენა ეს მაღალი, გამხდარი, წელში გამართული და შავებში გამოწყობილი მამაკაცი, რომელიც ბუხრის წინ, ნოხზე იდგა. მის აყლაყუდა ტანს ზომაზე მეტად დიდი თავი კაპიტელივით ედგა და მოღუშული სახეც ქვისგან გამოკვეთილ ნიღაბს მიუგავდა.
მისის რიდმა, რომელიც თავის ჩვეულ ადგილას, ცეცხლის პირას იჯდა, მანიშნა, მივახლოებოდი. მეც დავემორჩილე და მან, ამ თითქოს გაქვავებული უცნობის წინაშე, შემდეგი სიტყვებით წარმადგინა:
- აი, ის პატარა გოგონა, ვის გამოც შეგაწუხეთ.
კაცმა, თურმე ის ცოცხალი ადამიანი ყოფილა, თავი ჩემკენ ნელ-ნელა მოაბრუნა, თავისი ცნობისმოყვარე ჭროღა თვალებით, რომლებიც ხშირსა და გაბურძგნილ წარბების ქვეშ უკიაფებდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და შემდეგ მედიდური იერითა და ბოხი ხმით იკითხა:
- რამდენი წლისაა? ტანად ძალიან პატარაა.
- ათის.
- განა ამდენის იქნება? - ეჭვით იკითხა მან, რამდენიმე ხანს დაკვირვებით მიმზერდა, მერე კი მკითხა:
- რა გქვია, პატარა გოგონა?
- ჯეინ ეარი, სერ.
ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მაღლა ავიხედე. რადგან თვითონ მეტად პაწაწინა ვიყავი, ის ძალიან მაღალი მეჩვენა. ისიც შევამჩნიე, რომ სახის ნაკვთები ზომაზე დიდი ჰქონდა და როგორც სახე, ისე მთელი მისი აღნაგობა მხოლოდ სიმკაცრესა და მედიდურობას გამოხატავდა.
- კეთილი, ჯეინ ეარ, შენ კარგი გოგონა ხარ?
შეუძლებელი იყო ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა, როდესაც ჩემ გარშემო მყოფთ ჩემზე მხოლოდ საწინააღმდეგო აზრი უტრიალებდათ თავში. ჩუმად ვიდექი. ჩემ მაგიერ მისის რიდმა უპასუხა. მან თავი მრავალმნიშვნელოვნად გაიქნია და სწრაფად დაუმატა:
- მისტერ ბროკლეჰერსტ, ამ საკითხზე რაც უფრო ცოტას ვილაპარაკებთ, მით უკეთესია.
- ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მესმის. საჭიროა, თვით მას ვესაუბრო, - ამ სიტყვებით ის დაიხარა და მისის რიდის მოპირდაპირედ, სავარძელში ჩაჯდა.
- მომიახლოვდი, - მითხრა მან.
ნოხისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. მან სწორედ თავის წინ დამაყენა და ახლა სრულიად გარკვევით ვხედავდი მას. ღმერთო ჩემო, რა სახე ჰქონდა! რა დიდი ცხვირი, რა საშინელი პირი და წინ წამოწეული, მსხვილი კბილები!
- ამქვეყნად გაუგონარ ბავშვზე ცუდი არაფერია, - დაიწყო მან, - განსაკუთრებით, პატარა ურჩი გოგონები არ მიყვარს. იცი თუ არა, სად მიდიან ბოროტი ბავშვები სიკვდილის შემდეგ?
- ჯოჯოხეთში, - იყო ჩემი გაზეპირებული და მართლმორწმუნე პასუხი.
- იცი თუ არა, რა არის ჯოჯოხეთი?
- ის ცეცხლით სავსე ორმოა.
- გინდა, მერე, იმ ორმოში მოხვედრა და იქ სამუდამო ტანჯვა-წამება?
- არა, სერ.
- მაშ, რა უნდა ქნა, რომ საფრთხე თავიდან აიცილო?
ცოტა ხანს შევჩერდი, მაგრამ, როდესაც მოვიფიქრე, რა უნდა მეპასუხა, პასუხი არასასიამოვნო აღმოჩნდა მისთვის.
- კარგად უნდა ვიყო და ვეცადო, არ მოვკვდე.
- კარგი, მაგრამ როგორ შეინარჩუნებ ჯანმრთელობას? შენზე უფრო პატარებიც იხოცებიან ყოველდღე. ორი თუ სამი დღეა, რაც ხუთი წლის მშვენიერი ბავშვი დავასაფლავეთ, მისი სული ახლა ზეცაშია. შენ კი ისეთი ყოფილხარ, ვშიშობ, შენი სიკვდილის შემდეგ შენზე ასეთ რამეს არ იტყვიან.
ძალა არ შემწევდა, მისი აზრი გამექარწყლებინა. მე მხოლოდ ნოხზე გაშოტილ მის დიდ ფეხებს დავხედე და ამოვიოხრე. მხოლოდ ერთს ვნატრობდი: გავცლოდი იქაურობას და, რაც შეიძლება, შორს ვყოფილიყავი მათგან.
- ვფიქრობ, ეს ოხვრა გულიდან აღმოგხდა. ალბათ, ნანობ, რომ ასეთ კეთილისმყოფელს ამდენი უსიამოვნება მიაყენე.
"კეთილისმყოფელი! კეთილისმყოფელი! - ვიმეორებდი ჩემთვის გულში. - ისინი, ყველა, მისის რიდს კეთილისმყოფელს ეძახიან. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ სიტყვა კეთილისმყოფელზე საშინელი რა უნდა იყოს?"
- ლოცულობ დილა-საღამოს? - კვლავ დამიწყო გამოკითხვა.
- დიახ, სერ.
- ბიბლიას კითხულობ?
- ხანდახან.
- სიამოვნებით კითხულობ? გიყვარს თუ არა?
- მე მიყვარს წიგნები, სადაც გადმოცემულია ქვეყნიერების წარმოშობისა და დასასრულის მაუწყებელი ამბები: ახალი აღთქმა, სამუელისა და დანიელის წიგნები; აღთქმის მეორე წიგნი, სადაც მოთხრობილია ეგვიპტიდან ებრაელთა წამოსვლის ამბავი. დიდი ინტერესით ვკითხულობ ადგილებს მეფეების ცხოვრებიდან. ამასთანავე, იობისა და იოანეს თავგადასავალსაც.
- ფსალმუნებსაც კითხულობ, არა? იმედი მაქვს, მოგწონს ისინი.
- არა, სერ.
- არა? ოჰ, რა თავზარდამცემი ამბავია. მე მყავს შენზე პატარა ბიჭი და მან უკვე ექვსი ფსალმუნი იცის ზეპირად. როდესაც მას ეკითხებიან, თუ რა ურჩევნია, თაფლისკვერი თუ ფსალმუნის სწავლა, ის პასუხობს: ოჰ, რასაკვირველია, ფსალმუნიო. ანგელოზები ხომ ფსალმუნებს გალობენ და მეც მსურს პატარა ანგელოზი ვიყო აქ, დედამიწაზეო. და რადგან ის ასეთი ღვთისმოყვარეა, ერთი კვერის ნაცვლად ორს იღებს.
- ფსალმუნები საინტერესო არ არის, - წარმოვთქვი მე.
- ეს ამტკიცებს, რომ შენ ბოროტი გული გაქვს. ღმერთს უნდა შეევედრო, ეგ შენი ქვის გული ახალი, წმინდა, ადამიანური გულით შეგიცვალოს.
ვაპირებდი მეკითხა, თუ როგორ უნდა ჩაეტარებინა ღმერთს ეს ოპერაცია, რომ მისის რიდი ჩაერია საუბარში და მიბრძანა, დავმჯდარიყავი, თვითონ კი მისტერ ბროკლეჰერსტთან საუბარი განაგრძო.
- მისტერ ბროკლეჰერსტ, ამ სამი კვირის წინ ჩემი წერილით, თუ არ ვცდები, გაცნობეთ, რომ ამ პატარა გოგონას არა აქვს ისეთი ქცევები და ხასიათი, როგორიც მინდოდა, ჰქონოდა. მიიღებთ თუ არა ლოვუდის სასწავლებელში, მოხარული ვიქნები, თუ მასწავლებლებსა და ზედამხედველს გააფრთხილებთ, რაც შეიძლება მკაცრად ადევნონ თვალი. რაც მთავარია, აღმოფხვრან მისი ყველაზე ცუდი თვისება - მიდრეკილება სიცრუისადმი. მე ამას შენი თანდასწრებით იმიტომ ვამბობ, ჯეინ, რომ ერთხელაც კი არ გაბედო მისტერ ბროკლეჰერსტის მოტყუება.
ახლა უკვე საკვირველი არ არის, თუ რატომ მძულდა მისის რიდი და მეშინოდა მისი. მას თითქმის სულსა და გულში ჰქონდა გამჯდარი, რომ ცუდად მომქცეოდა. მის სიახლოვეს არასოდეს მიგრძნია თავი ბედნიერად. თუმცა ყოველ ღონეს ვხმარობდი, მესიამოვნებინა მისთვის და დამჯერი ვყოფილიყავი, მაგრამ, რაც უნდა გამეკეთებინა, ყველა ჩემი ცდა ამაო იყო. აი, ახლაც ამ უსამართლო ბრალდებამ ვიღაც უცნობის წინაშე გული გამიგმირა. ძალიან ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ვხვდებოდი, მისის რიდს უნდოდა, უმცირესი იმედის გაქრობით მოეწამლა ის ახალი ცხოვრებაც, რომელსაც ახლა თვითონ მთავაზობდა. სიტყვებით ვერ გადმომეცა, თორემ ძალიან კარგად ვგრძნობდი, რომ ის ჩემი მომავალი ცხოვრების გზაზე სიძულვილისა და ბოროტების მეტს არაფერს თესავდა. მე თვითონ შევამჩნიე, როგორ უცებ გამოვიცვალე მისტერ ბროკლეჰერსტის თვალში, გადავიქეცი ეშმაკ და გაიძვერა ბავშვად, მაგრამ რით უნდა გამემართლებინა თავი?
"არაფრით", - ვფიქრობდი და თავს ვებრძოდი, რომ ქვითინი ჩამეხშო.
მწუხარებისგან თვალზე ჩამონადენი რამდენიმე ცრემლი სწრაფად მოვიწმინდე.
- თვალთმაქცობა მართლაც საშინელი დანაშაულია ბავშვისთვის, - წარმოთქვა მისტერ ბროკლეჰერსტმა, - ის არაფრით განსხვავდება სიცრუისგან. ყველა მატყუარა ბავშვი შესაფერის სასჯელს მიიღებს. ასეთი ბავშვები ალმოდებულ და გოგირდით ახრჩოლებულ ტბაში მოხვდებიან. მისის რიდ, დამშვიდებული ბრძანდებოდეთ, მე მოველაპარაკები მის ტემპლსა და მასწავლებლებს. ისინი მკაცრ მეთვალყურეობას გაუწევენ მას.
- მე მინდა, ის ისე აღიზარდოს, როგორც მის მომავალს შეეფერება, - განაგრძო ჩემმა კეთილისმყოფელმა, - გახდეს დამჯერი, თავმდაბალი და საზოგადოებისთვის სასარგებლო ადამიანი. ხოლო, რაც შეეხება არდადეგებს, თქვენი ნებართვით, მინდა მუდამ ლოვუდში გაატაროს.
- თქვენი გადაწყვეტილება სრულიად გონივრულია, ქალბატონო, - უპასუხა ბროკლეჰერსტმა. - თავმდაბლობა ყოველ ქრისტიანს აკეთილშობილებს, განსაკუთრებით, ეს ლოვუდის აღსაზრდელებს მოეთხოვებათ და ამიტომაც ვცდილობ, მის დანერგვას ბავშვებში დიდი ყურადღება ექცეოდეს. დაწვრილებით შევისწავლე საუკეთესო ხერხები ფუჭი სიამაყის აღმოსაფხვრელად და მხოლოდ ამ დღეებში დავრწმუნდი, რომ ჩემმა ცდამ სასურველი შედეგი გამოიღო. ჩემი უმცროსი ქალიშვილი, ავგუსტა, დედასთან ერთად მოვიდა სასწავლებლის დასათვალიერებლად და, დაბრუნდა თუ არა შინ, აღტაცებით მითხრა: ოჰ, ჩემო საყვარელო მამიკო, როგორი მორჩილნი და უბრალონი არიან ლოვუდის აღსაზრდელები! უკან გადავარცხნილი, ყურებზე გადაწეული თმით, გრძელი წინსაფრებით, ტანსაცმლის ზემოთ გადმოკიდებული პატარა ტილოს ჩანთებით, ისინი მთლად ღარიბი ხალხის შვილებს დამსგავსებიან. ჩემსა და დედაჩემის კაბებს ისე ათვალიერებდნენ, თითქოს მანამდე არასოდეს ენახოთ აბრეშუმის ტანსაცმელი.
- საქმის ამგვარად წარმართვაში სრულიად გეთანხმებით, - უპასუხა მისის რიდმა. - მთელი ინგლისი რომ შემომევლო, ვერსად ვნახავდი ისეთი სისტემით აგებულ სასწავლებელს, რომელიც ასე შესაფერისი იქნებოდა ჯეინ ეარის მსგავსი ბავშვების აღსაზრდელად. სიმტკიცე, ჩემო ძვირფასო მისტერ ბროკლეჰერსტ! მე მხარს ვუჭერ სიმტკიცეს ყოველთვის.
- დიახ, ქალბატონო, ქრისტიანის უპირველესი მოვალეობა სიმტკიცეა. ეს ყველაფერში იგრძნობა, რაც კი ლოვუდის სასწავლებელთან არის დაკავშირებული: ღარიბული საჭმელი, სადა ტანსაცმელი, ასეთივე უბრალო მოწყობილობა, მუყაითი და შრომისმოყვარე ჩვევების გამომუშავება. აი, ლოვუდისა და მისი ბინადრების ყოველდღიური ცხოვრების პირობები.
თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი
რომანი იდება ყოველდღე