იაგო თვალაბეიშვილი ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. იაგო ჟიურის რჩეული გახდა.
მისი სადებიუტო რომანი - „ტრანსმუტაცია“ იანვრიდან უკვე ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში.
მწერალი ამჯერად ახალი რუბრიკის - Alter Ego-ს სტუმარია.
დაასახელე სამი რამ, რაც ყველაზე ძალიან გინდა, რომ გააკეთო:
სახლი ავაშენო, ხე დავრგო და ბავშვი გავაკეთო. მორჩა ცხოვრება. წავალ მერე, გულზე ხელებს დავიკრეფ და სხვანაირ ცხოვრებაზე ვიოცნებებ.
შესაძლებლობა რომ იყოს, წარსულში იმოგზაურებდი თუ მომავალში?
შესაძლებლობა რომ იყოს, უკან, მომავალში ვიმოგზაურებდი.
როგორ ფიქრობ, როგორ გაჩნდა ადამიანი?
მგონი, მშობიარობით. ზოგჯერ საკეისრო კვეთითაც ჩნდება, გააჩნია.
ფობია გაქვს?
არც ისე.
ყველაზე უცნაური სიზმარი, რომელიც დაგსიზმრებია...
ვაშლი ვიყავი და ნიუტონის თავზე არაფრით ვეცემოდი.
მოჩვენებების გჯერა?
არა, რა სისულელეა, მაგათ როგორ დავუჯერებ რამეს.
შენი ჰობი რა არის?
კარგი რა. ამ შეკითხვას სასკოლო დღიურშიც არ ვპასუხობდი.
საშიში ისტორია თუ გადაგხდენია?
კი. ერთხელ ქუჩაში რამდენიმე მოჩვენება ერთად გადამეყარა.
სიკვდილის შემდეგ რა ხდება, შენს წარმოდგენაში?
პირსისხლიან მოჩვენებად გადაიქცევი. ღამით ცოცხლებს შეაშინებ, დღე ცოცხლები შეგაშინებენ და ასე, დაუსრულებლად.
რეინკარნაციის თუ გჯერა და როგორ ფიქრობ, ვინ იყავი წინა ცხოვრებაში?
მე ზედმეტად მორიდებული მოჩვენება ვიქნებოდი.
დაასახელე სამი ნივთი, რომელსაც დაუსახლებელ კუნძულზე წაიღებდი:
1. ნაჯახი, 2. ბარი და 3. შეზლონგი. ნაჯახით ხეს მოვჭრი და სახლს ავაშენებ. ბარით მიწას ამოვთხრი და ხეს დავრგავ. შეზლონგზე კი უბრალოდ წამოვწვები და ქალის გამოჩენას დაველოდები (შვილიც ხომ მინდა?).
ნიშნების გჯერა? რომ სამყარო ნიშნებს გვიგზავნის?
ნიშნებისა არაფერი ვიცი, მაგრამ მოჩვენებებს კი მიგზავნის ხოლმე.
თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში უცნაური დამთხვევები?
დამთხვევები ყველას ცხოვრებაშია. ზოგადად, ადამიანი ბუნებით დამთხვეულია.
შენი საყვარელი ჟანრი ლიტერატურაში?
ყველა ჟანრი საყვარელია. არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია მოტივები და თემები.
რომელი წიგნის გმირს შეხვდებოდი, სად და რატომ?
სხვათა შორის, წიგნებშიც მაკმაყოფილებს მათი ნახვა.
რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს გინდა ჰგავდეს შენი ცხოვრება?
არც ერთს. დიდი მადლობა. პერსონაჟების პრობლემებიღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის.
როგორი ქალები მოგწონს? რას უფრო აქცევ ყურადღებას?
თუ გამხდარი შეყვარებული მყავს, მაშინ ხორციანები მომწონს, ხოლო თუ ხორციანია, მაშინ, შესაბამისად, პირიქით. იგივე ითქმის ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუ გონებამახვილი შეყვარებული მყავს, მაშინ მოსულელოები მომწონს, ხოლო თუ სულელია, გონებაგამჭრიახები. მოკლედ, ხომ ხვდებით?
რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება?
მესმის, რომ სიცოცხლის შემდეგ უმთავრესი ღირებულებაა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ განვსაზღვრო იგი.
რომელ სუპერძალას აირჩევდი?
ყველაფრის ცოდნის სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. ე.ი. ყოვლისმცოდნეობა მდომებია. ეგ ძალა რომ მქონოდა, აქ დასმულ ყველა შეკითხვას სულ სხაპასხუპით ვუპასუხებდი.