სამყაროში რკინის ფარდის მიღმა, იქ სადაც აზრიც კი კრიმინალად ითვლებოდა, დანაშაულებრივი სახე ჰქონდა ახალი წლის აღნიშვნასაც.
მეოცე საუკუნის დასაწყისში საბჭოთა მოქალაქისთვის დიდი გამბედაობა და თავზეხელაღებულობა იყო შობა-ახალი წელი რომ ეზეიმა და ნაძვის ხე დაედგა. თუმცა პირველი ნაძვის ხე თბილისში მანამდე დაიდგა. ის პასკევიჩის, ახლანდელი გერონტი ქიქოძის 9 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის მკვიდრმა, 1913 წელს დადგა და ისტორიაც შექმნა.
უცნობია, ვის ეკუთვნოდა ის ან ვინ ცხოვრობდა სახლში. ცნობილია მხოლოდ მფლობელის ინიციალები "ვ.მ.თ", რომელიც ფოტოზეა დატანებული.
საბჭოთა ბელადების „გრინჩობის“ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. პირველი და ყველაზე სარწმუნო მმართველთა ათეისტური იდეოლოგიის გატარება გახლდათ. ისინი არ აღიარებდნენ შობას და რა გასაკვირია, რომ არც ახალი წლის დადგომა წარმოადგენდა მათთვის რამეს.
ასე გრძელდებოდა 1935 წლამდე, მანამ სანამ სტალინმა შინაური წრეებიდან არ დაიწყო ხმების გავრცელება, რომ ის მზად იყო მხარი დაეჭირა ახალი წლის აღნიშვნის ინიციატივისთვის. ინიციატორებისა და ორგანიზატორების მოძებნა რთული არ აღმოჩნდა და საბჭოთა კავშირიც 1936 წელს ნაძვის ხითა და ზეიმით შეხვდა.
თუმცა რა გასაკვირია, რომ ეს არ ყოფილა პომპეზური და თავისუფალი საბჭოთა იდეოლოგიისგან. მთავარ ნაძვის ხეს მოსკოვის სვეტებიან დარბაზში სტალინის დიდი პორტრეტი და წითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი „ამშვენებდა“. გაიცა ბრძანებაც, რომლის მიხედვითაც ბაღის აღსაზრდელებს დაწესებულების საზეიმოდ მორთვა და ნაძვის ხის აწყობაც დაევალათ. ბრძანების მიხედვით, ნაძვის ხეზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ზემოთ ხსენებული ორი მთავარი ატრიბუტი.
ცნობილია, ისიც, რომ სტალინს არასდროს მიულოცავს ახალი წელი საბჭოელებისთვის. როგორც ჩანს, ამას საჭიროდ არც ხრუშჩოვი თვლიდა, რომლის ნაცვლადაც ხალხს ახალ წელს ტელეწამყვანი იური ლევიტინი ულოცავდა.