…და არიან უიმედო გოგოები, ადრე იმედიანებს რომ ცხოვრება უხაროდათ. სუიციდზე ღრმად დაფიქრებული გოგოები, ჯერ რომ ოჯახი არ შეუქმნიათ. აქამდე არავის უთქვამს მათთვის: „დედა, მიყვარხარ“. ისინი ოცნებობენ ბავშვის ყოლაზე, არჩევენ მისთვის სახელს, მაგრამ ჯერ არ უფიქრიათ სიხარულზე, რომელიც პატარას პირველ ნაბიჯებს მოაქვს.
მათი ყურები და გონება სიყვარულზე სიმღერას ისმენს. დიახ, აი, ისეთ სიყვარულზე, პირველი და უკანასკნელი რომ არის. ისინი რომანტიკულ ფილმებს უყურებენ და სტკივათ ერთი მუჭა ნდობა, რომელიც შერჩათ. არა მამაკაცის ან ქალის, ადამიანთა მიმართ.
დგანან და ორჭოფობენ... ვარდისფერი სათვალეების მინა კი როცა ჩამუქდება, უკვე ყველაფერი სულერთია.
მათ ჰყავთ ღმერთი, რომლის ხმასაც ყურებსა და გულზე ხელებაფარებულები აღარ ისმენენ. მხოლოდ იმიტომ, რომ სამყაროსი ეშინიათ.
ფოთში, 35 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა... ეს დღეს არ მომხდარა. დრო მართლა მალე გარბის. აღმოვაჩინე, რომ უკვე 3 წელი გავიდა.
იმ ქალის სევდა უკვე თითქმის არავის ახსოვს. ჩემს მეხსიერებაში კი რამდენიმე სიტყვა დარჩა, რომელიც დამამახსოვრდა: „წარმატებებს გი-სურვებ. ეს ის წარმატებებია, რომელიც შენ მისურვე თვითმკვლელობაში.“
ზოგჯერ ადამიანები სხვისთვის მწარე სიტყვების თქმას არ ვერიდებით მაშინ, როცა ცეცხლზე ნავთს ვასხამთ. განა არ ვიცით, რომ იმ დროს ცუდადაა? საკუთარი ეგოიზმი არ გვაძლევს უფლებას, ჩვენივე სულის ყველაზე ბნელ კუთხეში ჩავიხედოთ და ამოვანათოთ.
რამდენი გრძნობს თავს მარტოდ, ჩვენ კი არ ვიცით. მივდივართ ქუჩაში და ცრემლიანი გამვლელის დანახვისას მხოლოდ გავიფიქრებთ: „ნეტავ რა სჭირს“?
თუ ოდესმე გამოგიცდიათ ბედნიერება, რომელიც აცრემლებული „უცხო“ ადამიანის დამშვიდებას მოაქვს, ან ის აღმაფრენა, რომლის მოტანაც მისგან ნათქვამ მადლობას შეუძლია - მაშინ იღბლიანი ხართ. და თუ სევდიანი ადამიანისთვის გიკითხავთ: „ხომ არაფერი გიჭირს“? მაშინ მე თქვენ გაღმერთებთ (ამ დროს გაოცებული სახე ექნებათ, მაგრამ უკან არ დაიხიოთ).
იცოცხლეთ… არავის ჯინაზე, თუნდაც მხოლოდ თქვენი თავის გულისთვის.
ოღონდ ჩვენგან წასვლა გულში არ გაივლოთ, ოღონდ არ დაიკარგოთ. ოღონდ კარი არ ჩაკეტოთ. ჩუმად ადევნეთ თვალი, ვინ ღელავს თქვენზე, ოღონდ იცოცხლეთ.
ნუ ეტყვი გონებას - იმას ჩავიდენ, რასაც მიბრძანებ. ნუ უსმენ გულს, რომელიც თავს გაჩვენებს, რომ დაიღალა. ასწიე თავი და ამაყმა იარე. მოვა დრო, როცა საკუთარ სხეულს დაუმტკიცებ, რომ შენს თავზეც კი გაიმარჯვე.
გევედრებით, არ დაგვიტოვოთ სიტყვები თქვენი თავის მაგივრად.
არ გაბედოთ სიკვდილი, თქვენ საუკეთესო დედები იქნებით.