სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ქართველი რეპერი, ზედმეტსახელად - შავი პრინცი, იგივე აკაკი ბაბუნაშვილი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ის ბათუმში გულის პრობლემებით გარდაიცვალა. მისი კარიერა ჯერ კიდევ შავ-ბნელი 90-იანების ბოლოდან იწყება და იმ პერიოდის ვარსკვლავადაც ითვლება. გასაკვირი არაა, რომ ქუთაისელი რეპერი განსაკუთრებით საკუთარ ქალაქში უყვართ.
ახალგაზრდებს დღემდე ახსოვთ მისი კონცერტის მოლოდინში გადავსებული მოედანი თუ დარბაზები. უამრავი ჰიტის ავტორი გულშემატკივარს ბოლო პერიოდში სიახლეებით აღარ ანებივრებდა, თუმცა შავი პრინცის შემოქმედება საზოგადოების ნაწილში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
"ავიარე ჩავიარე", „დევნილები&ჯერონიმო "მუღამი მაქვს შენი", "ბაბე", "მი ბანდიტო" - ეს მისი ჰიტად ქცეული სიმღერების არასრული ჩამონათვალია. ჯგუფ "ძებნილების " პირველი ალბომი 1999 წელს გამოვიდა, ამ დროს კი მათ მთელი ქუთაისი იცნობდა.
როგორც აკაკი იხსენებდა, ზედმეტსახელი მას ერთმა საყვარელმა ქალბატონმა შეურჩია:
„ახლა ჩაცმის სტილი შევიცვალე, ადრე სულ შავებით დავდიოდი და ერთმა მანდილოსანმა,მითხრა, შენ ჩემი პრინცი ხარ, ოღონდ შავებში ჩაცმულიო. მოკლედ ვიტყვიო, შავი პრინცი ხარო“,- თქვა მან ტელეკომპანია „იბერიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
შავი პრიცის ერთ-ერთი შეყვარებული, მოდელი - მარი ბაბეტა იყო, რომელმაც საზოგადოებას არაერთი სკანდალური გამოსვლით დაამახსოვრა თავი. მათ საერთო ქალიშვილიც ჰყავთ. ბაბეტას ხშირად აკაკის მეუღლედ მოიხსენიებდნენ, რაზეც ბრაზდებოდა და ამბობდა, რომ მისი პირველი ოფიციალური მეუღლე ის ქალია, რომელთანაც ბაბეტასთან დაშორების შემდეგ 2013 წლიდან ცხოვრობდა. ფართო საზოგადება მას არ იცნობს, აკაკის ცხოვრებაში კი მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა:
„ლია ძალიან კარგი ადამიანია, ბევრ რამეში მეხმარება. ნერვებსაც ვუშლი,მაგრამ არ იმჩნევს“, - უთხრა ჟურნალიტებს პრინცმა 2016 წელს .
2003 წელს იგი ჯგუფს გამოეყო და სოლო კარიერა გააგრძელა. 2016 წელს შემოგვთავაზა ახალი სიმღერა „გრილი“, რომლის კლიპშიც მთავარ როლს მისი მეუღლე ასრულებს.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკაკი აღარც კლიპებს იღებდა და არც სიმღერებს წერდა. „ნანუკას შოუში“ მან დეპრესიაზეც თამამად ისაუბრა:
„დედამიწას აქვს მიზიდულობის ძალა. რასაც მიიზადავს ადამიანი ის აქვს. მე მივიზიდე დეპრესია და ის მოვიდა. ის არ გეკითხება გაწყობს, არ გაწყობს. თუ ფიქრობ, იზიდავ,მოდის, თუმცა ძალიან გამეწელა, გაგრძელდა 5 წელი. ამ პერიოდს ბევრი ცუდი რამ დაემთხვა, გამომეცალა მნიშვნელოვანი ადამიანები და მოხდა ისე, რომ ჩავიკეტე.“,- უთხრა მან ნანუკას.
ტელეკომპანია „იბერიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შავი პრიცი სულიერ ტრამვებზეც საუბრობდა:
„მქონდა რაღაც სულიერი ტრამვები და გადავედი სხვა სამყაროში. ცოტა ხნით მინდოდა გავსაუბრებოდი უფალს“, - ამბობდა შავი პრინცი
"მარაო" მწუხარებას გამოთქვამს აკაკი ბაბუნაშვილის გარდაცვალებაზე.