მოზარდებისა და თინეიჯერებისთვის საინტერესო, სასარგებლო და პოზიტიური საქმიანობის მოძებნა მარტივი საქმე ნამდვილად არაა. მშობლები ბევრს ფიქრობენ, რა აქტივობა შესთავაზონ შვილებს, რომ დრო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარონ. ხელსაქმე კი სწორედ ის აქტივობაა, რომელიც აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და კრაფტის მიმართ დაინტერესებაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იზრდება.
წიგნების ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელის, "ბიბლუსის" ორგანიზებით, მეორე წელია, არსებობს "კრაფტერების კლუბი". კლუბი აერთიანებს 10-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს, რომელთაც ეხერხებათ ხელსაქმე და სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს ამზადებენ.
გასულ წელს კლუბის წევრებმა ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელეს და ამ მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად დახვეწეს. ამჯერად კლუბი ახალი წევრების მიღებას აცხადებს.
"კრაფტერების კლუბი" ღიაა მისთვის:
- ვისაც აინტერესებს ხელნაკეთი ნივთების დამზადება
- ვინც არის კრეატიული
- ვისაც აქვს იდეები, რომელთა განხორციელებაც უნდა
- ვისაც სურს, ფართო საზოგადოებამ გაიცნოს მისი შემოქმედება.
როგორც პროექტის მენეჯერი თაკო ღაჭავა განმარტავს, "კრაფტერების კლუბის" შექმნის იდეა თავად ახალგაზრდებისგან წამოვიდა.
კლუბის ერთ-ერთი წევრი მარიამი, რომელიც "ბიბლუსის" კრაფტერების კლუბს მეორე ოჯახად მოიხსენიებს:
"ხელსაქმით გრძნობების და ემოციების გადმოცემა მარტივია. ის ერთგვარი გამოხატვის საშუალებაა. პირველ რიგში, გონებას ავარჯიშებ. კრაფტი დამღლელი დღის მერე განტვირთვისა და დამშვიდების საუკეთესო საშუალებაა. სხვებსაც ვურჩევ, რომ ხელსაქმით დაკავდნენ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კარგად გამოსდით. მთავარია, შენი
სული და გული ჩადო იმაში, რასაც აკეთებ. კლუბის ფარგლებში კვირაში ერთხელ ვიკრიბებით და ხელსაქმის კეთების პარალელურად, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასაც ვგეგმავთ", - განმარტავს მარიამი.
კრაფტერების კლუბის წევრობა სრულიად უფასოა და გაწევრიანება შეუძლია 10-დან 18 წლამდე ბავშვებს, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ.