ცნობილია, რომ ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას. კარლ ლაგერფილდის შემთხვევაშიც ასე იყო. ყველაზე გავლენიანი მამაკაცი მოდის ინდუსტრიაში, ნამდვილად ამ სტატუსს ამართლებდა, ვინაიდან მის უკან და ზოგადად, გარშემო ყოველთვის ქალების დიდი არმია იდგა.
კარლ ლაგერფილდის მარჯვენა ხელი და Chanel-ის სახლის სტუდიური დირექტორი ვირჯინია ვიარი, რომელიც 30 წლის განმავლობაში კარლის გვერდით იდგა, ახლა მისი საქმის გამგრძელებელი და "შანელის" კრეატიული სახლის დირექტორია.
ვირჯინია ვიარმა Chanel-ის სახლში 1987 წელს სტაჟიორად დაიწყო მუშაობა. 2000 წელს ვირჯინიამ Chanel-ის სახლის სტუდიური დირექტორის პოზიცია დაიკავა. გერმანელი მოდელიორისა და ფოტოგრაფის, კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების შემდეგ კი ბრენდის მთავარი დიზაინერი გახდა.
მოვლენათა ასეთ განვითარებას ყველა ელოდა, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 22 იანვარს პარიზში გამართულ მოდის კვირეულზე, შანელის ჩვენებაზე, კარლ ლაგერფილდის ნაცვლად შავ ტანისამოსში გამოწყობილი ვირჯინია ვიარი გამოჩნდა.