როგორ მოვუაროთ კანს გაზაფხულზე - დერმატოლოგ ნინო ცხოვრებაშვილის რეკომენდაციები - Marao

როგორ მოვუაროთ კანს გაზაფხულზე - დერმატოლოგ ნინო ცხოვრებაშვილის რეკომენდაციები

2019-02-26 13:58:28+04:00

გაზაფხულის პერიოდში, სახის კანზე ამინდის ცვალებადობითა და სიცივეებით გამოწვეული პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია და შესაბამისად, მოვლაზე უფრო მეტ დროს ვხარჯავთ, წელიწადის სხვა დროისგან განსხვავებით.
მოგეხსენებათ, ვიტამინების მიღება კანისთვის განსაკუთრებით აუცილებელია, ხოლო სახლის პირობებში სწორად და ეფექტურად მოვლისათვის დერმატოლოგის რჩევის გათვალისწინება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მარაო“ გთავაზობთ ექიმის და დერმატოლოგის, ნინო ცხოვრებაშვილის რეკომენდაციებს.

როგორ ავიცილოთ სიცივეებით გამოწვეული კანის სიმშრალე?

- სიცივეებით გამოწვეული კანის გაღიზიანება რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. პირველ რიგში, სიცივეზე ალერგია უნდა გამოვრიცხოთ, რაც ძალიან ხშირია ამ ბოლო დროს და მას დამცავი კრემებით, სპეციალურად დანიშნული სქელი ცხიმიანი საცხით სჭირდება ილუმინაცია გარემოს ფაქტორებისაგან.

რა პროცედურები უნდა ჩავიტაროთ და რა სიხშირით იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ კანის სინოტივე?

- თუ კანი ცხიმიანია, რა თქმა უნდა, კარგად იტანს სიცივის მიერ მიყენებულ პატარა დაზიანებებს; ხოლო თუ კანი მშრალია, ყველაზე მეტად ამ ტიპის კანი ზარალდება ამ დროს და სწორი მოვლაა საჭირო.

როგორ უნდა მოუარონ მოზარდებმა სახის კანს?

- თინეიჯერებს ზედმეტი საცხის ხმარება არ სჭირდებათ. დაბანის შემდეგ შესაძლებელია ოდნავ დატენიანება ისეთი საცხით, რომელიც არ უნდა იყოს ცხიმიანი და მძიმე.

რა ტიპის კანის მოვლის საშუალებებია რეკომენდებული სახლის პირობებში?

- სახლის პირობებში ყველაზე კარგია ნატურალური საშუალებები. იდეალურია არაჟნის ნიღბები, რომელსაც შესანიშნავი შედეგი აქვს, ან ტრადიციული ვიტამინებით მდიდარი მაწონი. მისი ზედა ცხიმოვანი ფენა დაიტანეთ სახეზე. შედეგად კანი აღარც გამოგიშრებათ და პიგმენტაციისგანაც დაგიცავთ, ასევე,  გაგიუფერულებთ ლაქებს.

როგორ ავიცილოთ თავიდან კანზე სიცივით გამოწვეული გამონაყარი და სიწითლე?

- ამისათვის უნდა გამოიყენოთ სპეციალური დამცავი საშუალებები - კლიმატ კრემები, რომლებიც შეიცავს ცხიმის ფრაქციას და ცერამიდის გარკვეულ დოზასაც, რომლის საფარი აღადგენს კანს. მშრალ კანზეა რა თქმა უნდა საუბარი, იმიტომ, რომ იშვიათად არის ცხიმიანზე ასეთი შემთხვევები.

რეკომენდებულია თუ არა ტონალური საცხის ხშირი გამოყენება?

- მარტო ტონალური საცხის წასმა პირდაპირ კანზე არ არის რეკომენდებული. არ არის ეს იმ ტიპის საცხი, რომელიც მოგივლით და დაიცავს თქვენს კანს. აუცილებლად ტონალური საცხის გამოყენებამდე დაიტანეთ სახის კანზე დამცავი კრემი.

იცვლება თუ არა კანის ტიპი გაზაფხულზე?

- იცვლება, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც იცვლება. უფრო მიდის სიმშრალისკენ, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ გარემოში სიცივე იწვევს კაპილარების სპაზმს და კანის კვება ირღვევა და თვითონ სიცივეც მოქმედებს, რაც შედეგად კანის სიმშრალეს იწვევს.

შეიძლება თუ არა კომბინირებული კანისთვის განკუთვნილი საცხის გამოყენება მშრალი კანის ტიპისთვის?

- შეიძლება, მაგრამ უფრო ფრთხილად. ჯერ უნდა დაიტანოთ საცხი მშრალ ზონებზე, და რაც დარჩება, ის ოდნავ გადაინაწილოთ მთელ სახეზე.

რა პერიოდულობით და როგორ უნდა დავიტანოთ ხელებზე საცხი?

- ეცადეთ, რომ მხოლოდ გარე ზედაპირზე დაიტანოთ ხელის საცხი და არა მთლიანად ხელისგულებზე. ეს არასწორი პრაქტიკაა, ვინაიდან საკვებთან და სხვადასხვა ნივთთან გაქვთ მუდმივად შეხება. საცხი აუცილებლად მტევნის ზედა ზედაპირზე შეიზილეთ.

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ იმისათვის, რომ კანი არ გამოიფიტოს გაზაფხულის პერიოდში?

- მარცვლეული და რძის პროდუქტები ძალიან კარგია. იგი მდიდარია მიკროელემენტებით, ხოლო კვირაში ორჯერ ხორც-პროდუქტები და თევზი მიიღეთ,.ეს პროდუქტები უნდა იყოს დაბალანსებული: კვირაში ორჯერ - ცილოვანი პროდუქტი, ხოლო მარცვლეული ბოსტნეულთან ერთად მიირთვით.