"დადგება დრო, როდესაც დედამიწაზე აღარ იქნება ტყუილი. არ იქნება ქურდობა და ძალადობა, შეწყდება ომები. დედამიწაზე მაცხოვრებლები შეიცნობენ სიცოცხლის ფასს და გაუფრთხილდებიან მას"...
31 იანვარს მსოფლიოში ცნობილი, ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული ნათელმხილველის ვანგას დაბადებიდან 102 წელი შესრულდა. შეეძლო კი გოგონას ბულგარეთის ქალაქ სტურმიცადან, სახელად ვანგელიას ბავშვობის ასაკშივე ევარაუდა, რომ წლების შემდეგ მისი ნიჭის თაყვანისმცემელთა რიცხვი ასეულ ათასს მიაღწევდა და მასთან ვიზიტისას მსოფლიოს უძლიერესი პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები მორჩილად დაუწყებდნენ ლოდინს საკუთარ რიგს ან მომენტს როცა ბაბა ვანგა ნათელხილვის განწყობაზე იქნებოდა.
ვანგას ზოგადი ბიოგრაფია ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ იგი მოზარდობისას დაბრმავდა მომაკვდინებელ სმერჩში მოყოლილი. 16 წლის ასაკიდან კი მოულოდნელად აღმოაჩინა საკუთარ თავში ნათელმხილველური შესაძლებლობები. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ვანგასეული ბევრი წინასწარმეტყველება ძალიან ახლო თანხვედრაში მოდის, ლეგენდარული ნოსტრადამუსის მიერ ნაწინასწარმეტყველებ ფაქტებთან. თუმცა, ვანგას შემთხვევაშიც, ნებისმიერი წინასწარმეტყველება ორმაგი სარჩულით იკითხება, ამიტომ ამ ცნობების ორსახოვნება დღემდე თავსატეხს წარმოადგენს კაცობრიობისთვის. თუმცა, ერთი რამ უდავოდ ფაქტია – ვანგა უშურველად აკეთებდა სიკეთეს და ბრმა ბულგარელი წინასწარმეტყველი, რომელიც ზოგიერთს მანიპულატორად და "შარლატანად" მიაჩნდა და მიაჩნია დღემდე, არაერთგზის დახმარებია სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანებს.
ჯერ კიდევ 1980 წელს ვანგამ კურსკის ჩაძირვა იწინასწარმეტყველა. "საუკუნის ბოლოს, დაახლოებით 1999 ან 2000 წლის აგვისტოში, კურსკი ზღვის ფსკერზე აღმოჩნდება და მთელი მსოფლიო დაიტირებს მას" – ამბობდა იგი. მისი ეს წინასწარმეტყველება მითითებულ დრომდე სკეპტიკოსების გაკილვის და ირონიული დამოკიდებულების საგანი იყო – ქალაქი კურსკი ხომ გეოგრაფიულად არც ზღვის, არც მდინარის ახლოს არ გახლავთ განლაგებული... თუმცა, როცა რუსული წყალქვეშა ატომური კრეისერი "კურსკი" 2000 წლის 12 აგვისტოს რეაქტორის აფეთქების გამო, სრული საეკიპაჟო შემადგენლობით ჩაიძირა ბარენცის ზღვაში, სევერომორსკის მიდამოებთან, ინფორმაცია ვანგას უნიკალური ნიჭის შესახებ ბევრმა ირწმუნა.
და მაინც, რა იყო ამ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ბულგარელი ბებოს ფენომენალური ნიჭის მიზეზი? საიდან მოდის ვანგას შესაძლებლობები და რამ განაპირობა მისი მსოფლიო დონის პოპულარობა. მოდით, მისი რუკის დეტალებს გადავხედოთ სიღრმისეულად.
ვანგა 1911 წლის 31 იანვარს დაიბადა ბულგარეთის პატარა ქალაქ სტრუმნიცაში. ამბობენ, რომ დღიდან დაბადებისა დაახლოებით თვენახევრის მანძილზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ამიტომ სახელი მას მხოლოდ მაშინ დაარქვეს, როცა მარტის ბოლოს ჩვილმა ჯანსაღად და ხმამაღლა პირველად შეძლო ტირილი. ბებიამ მას სახელად ვანგელეი დაარქვა, რაც თარგმანში "პოზიტიური ინფორმაციის გამავრცელებელს" ნიშნავს.
იანვრის მერწყულებს ასტროლოგების აზრით, გარდა მმართველი პლანეტა ურანისა, ვენერას გავლენაც აღენიშნებათ. რაც თავის მხრივ მერწყულის ჰუმანურ ბუნებას მეტ გულისხმიერებას, თანაგრძნობის უნარს, პასუხისმგებლობის გრძნობას და ოპტიმიზმს ჰმატებს. სწორედ ამ თვისებებით იყო დაჯილდოებული მისი თანამედროვეების აღწერით ბებია ვანგა.