გამარჯობა. მე თინა ვარ.
თითქმის 6 თვეა, რაც გავთხოვდი და ახალ გარემოსთან შეგუება მიჭირს. ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს, ერთ წელზე მეტ ხანს ვიყავით ერთად და დაოჯახებამდეც ლოგიკურად მივედით, მაგრამ ასე ახლოს, ცხადია, აქამდე არ ვყოფილვარ და უამრავი წვრილმანი აღმოვაჩინე, რაც არ მომწონს. მაგალითად, საშინლად ეჭვიანია და ვატყობ,რომ ჩემი არ სჯერა. თუ დამირეკავს და ვეტყვი, რომ შინ ვარ, მერე დედამისს ურეკავს და იმავეს ეკითხება. ისიც პასუხობს, რომ სახლში ვარ. ეს ძალიან მაღიზიანებს და ვერ ვხვდები, რატომ ჰგონია, რომ ვატყუებ, ამის საბაბიც კი არ აქვს.
როგორც ძირითად შემთხვევებში ხდება, სახლში დედამთილი და მამამთილი მყავს. ორივე ძალიან დისკომფორტს მიქმნის. თითქოს ქმართან შეგუება არ მეყოფოდა და ახლა მისი მშობლებიც „მოსაშინაურებელი“ მყავს.
დედამთილი თითქოს ძალიან თბილი და ყურადღებიანია, მაგრამ მუდმივად მეკითხება, რას ვაკეთებ, სად მივდივარ, სად ვიყავი, ახალი ხომ არაფერია. ეს ბოლო განსაკუთრებით მიშლის ნერვებს და მგონი, აგრესიასაც ვეღარ ვმალავ. მისთვის სიახლეები არ მაქვს და ამაში მე მადანაშაულებს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს პირუტყვი ვიყო, რომელიც დამაკებისთვის შეაწყვილეს. ამ დამოკიდებულებას რომ ვგრძნობ, მათთან ერთად დროის გატარება, მით უფრო სადლობა თუ ვახშმობა არ მინდება.
ჩემს მეუღლეს ვერაფერს ვეუბნები. არ მინდა იფიქროს, რომ დედამისის მიმართ ცუდად ვარ განწყობილი. ვიცი, ეს გააბრაზებს, მაგრამ უკვე ძალიან დავიღალე ყოველდღიური დაკითხვებით. ჩვეულებრივად პატაკის ჩაბარება მიწევს. წარმოიდგინეთ, პირველი ღამის შემდეგაც ყველაფერი გამომკითხა. ისე შემრცხვა...
თუ სამზარეულოში დამინახავს, იწყებს სწავლებას, როგორ უნდა გავთალო კარტოფილი სწორად ან როგორ დავიჭირო ცოცხი ისე, რომ არ ავამტვერო. მოკლედ, მიხვდით ალბათ, სრულ სისულელეებს მჭევრმეტყველებს.
ამასთან, არც ისე სუფთა ქალია და რომ ვიცი, რა ბინძურად აკეთებს საჭმელს, მისი ნახელავის მირთმევაც არ მინდება. კეთების დროს თითებს ილოკავს, თმებს ისწორებს, ცხვირს ეხება და ათასი რამე. ვიმიზეზებ, რომ ნაჭამი ვარ, ცოტა ხანში ავდგები და ვამბობ, რომ რაღაც სხვა საჭმელი მინდა და ვიწყებ კეთებს. ვიცი, ეს არ მოსწონს და მეც მეუხერხულება, მაგრამ მის გაკეთებულს ვერ შევჭამ. ის კი იწყებს ლექციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სჭირდება ჩემს ორგანიზმს წვნიანი და რა ზიანი შეიძლება მომიტანოს შემწვარმა.
თუ რაიმე მძიმეს ავწევ, ხელიდან გამომგლეჯს და მეუბნება, რომ ჩემთვის მძიმე არ შეიძლება. ამას ისე აკეთებს, თითქოს რაიმე საფრთხეს ვუქმნიდე მისთვის ძვირფასს.
მესმის, რომ მზრუნველობა უნდა, მაგრამ ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელმაც ახლახან ცხოვრების წესი შეცვალა, მსგავსი გამოხტომები ძალიან მოსაბეზრებელია. მგონია, რომ საცააა ამ ყველაფერს ვერ დავმალავ და ქმართანაც დამეძაბება ურთიერთობა.
მარტო დედამთილიც არაა. მამამთილი ცალკე თავის ტკივილია. ოთახში დაუკაკუნებლად შემომიღებს ხოლმე კარს. მე კიდევ არ მსიამოვნებს, ხომ შეიძლება იმ დროს ვიცვლიდე? ვცდილობ მივანიშნო, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ ვერაფერი გავაგებინე. ამას გარდა, სახლში საცვლებით დადის, რაც დისკომფორტს მიქმნის.
მეუღლეს ცალკე გადასვლა ჯერ არ უნდა. მგონი, ფიქრობს, რომ სახლის საქმეებში მოხმარება დამჭირდება. არ ესმის, რომ მარტო გაცილებით კომფორტულად ვიქნებით. ორივე ვმუშაობთ, გვაქვს საკმარისი შემოსავალი ქირისთვის ან თუნდაც გირაობისთვის, მაგრამ ვერ დავარწმუნე, რომ ცალკე გადასვლაა საჭირო. ხან რას ვიგონებ, ხან რას. რეალურ მიზეზებზე არ მინდა ვესაუბრო.