ქართველი ურბანული მკვლევარი Alex GEOSTALK:
- ჩემი ბელორუსული ექსპედიციის დროს, მომეცა საშუალება, მენახა ბელორუსის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული, კარგად შენახული და დიდი ობიექტი. იგი მდებარეობს გომელის ოლქის სამხრეთში. ქალაქ ზარეჩიეს მახლობლად. ადრე ის იყო დახურული ტერიტორია და სამხედრო ნაწილი №42654 (საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს მეთორმეტე მთავარი განყოფილების ყოფილი არსენალი) იყო განთავსებული, ხოლო საცხოვრებელი კორპუსები სამხედრო მოსამსახურეებისათვის იყო განკუთვნილი. დღესდღეობით ის არის ჩვეულებრივი პატარა ქალაქი, სადაც უპრობლემოდ შეგიძლიათ გადაადგილდეთ. სხვათა შორის, ეს სამხედრო ნაწილი ჩერნობილის ატომური სადგურიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში მდებარეობს. Google-ის რუკით ჩვეულებრივი ადამიანი იფიქრებს, რომ დაინახა ტიპური ბელორუსული აგრო-ქალაქი და დიდად არ მიაქცევს მას ყურადღებას.
ქალთა კოლონია
სამხედრო ნაწილის ცენტრალური შესასვლელი
ქალაქიდან იქ მოხვედრა შესაძლებელია ქალთა კოლონიის ტერიტორიის გავლით და ცენტრალური შესასვლელის ჭიშკრის გადაკვეთით. თუმცა იქ საკმაოდ ბევრი ხალხი მოძრაობს და პოლიციის გამოძახების შანსიც დიდია. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ ობიექტზე შევსულიყავით შემოვლითი გზით. ამისათვის ფეხით დაახლოებით 26 კილომეტრის გავლა მოგვიწია ღამის ტყეში. გაციებულებმა და დაღლილებმა ვიპოვეთ ამ ობიექტზე „შესაძრომი“. ფარნების გამოყენება ამ შემთხვევაში არ იყო მიზანშეწონილი, რადგან შეიძლებოდა ვინმეს დავენახეთ.
მელოტი მთა
მინსკიდან ჩვენი მოგზაურობა დილით ადრე დაიწყო. წინა ღამის ნაბახუსევს თავი საშინლად მისკდებოდა და მეძინებოდა. ბინა დავალაგეთ, ავიბარგეთ და გავედით მეტროსკენ. გზად მაღაზიაში ვიყიდე მინერალური წყალი და საჭმელი. ბელორუსსა და უკრაინაში წყალი მაცივრებში პრაქტიკულად არ იყიდება, მცირე ზომის ბოთლების გარდა. მალევე აღმოვჩნდით მინსკის შემოვლით გზაზე. ძალიან ცხელოდა და ნაბახუსევზე მზე საშინლად მაწვებოდა. მთელი დღის მანძილზე ჩვენ მივემგზავრებოდით ავტოსტოპით დანიშნულების ადგილამდე. უამრავი მანქანა გამოვიცვალეთ ამ გზაზე და უამრავი დროც დავკარგეთ.
გზა მინსკიდან გომელის მიმართულებით
ბოლოს ჩვენ მივედით ერთ-ერთ სოფელში, სადაც ტრანსპორტი პრაქტიკულად აღარ დადიოდა და არც არავინ გვიჩერებდა. ჩამოვსხედით გზის პირას და შევუდექით ჭამას. სოფლიდან გზა სამარშრუტო ტაქსით გავაგრძელეთ. ცოტა ხანში ტყეში გამავალ გზაზე ჩავედით.
პოლესიეს რეგიონი
მალევე ვიპოვეთ გზიდან საჭირო გადასახვევი, რომელიც ერთ-ერთი დასახლებული პუნქტისკენ მიდიოდა. მის სახელს მე შეგნებულად არ ვიტყვი, რათა არ გავხადო საჯარო ჩვენი მარშრუტი. მზე უკვე ჩადიოდა და ცა ულამაზესი ფერებით იყო მორთული.
მიტოვებული სოფელი
გარემო ჩერნობილის ზონას მახსენებდა. შენობები, ცა და ფლორა იგივე იყო, რაც ჩერნობილის ზონის სოფლებში, რაც ლოგიკურია, ვინაიდან ბელორუსის ეს რაიონი სწორედ მას ესაზღვრებოდა. გზის პირას ჯერ საცხოვრებელი სახლები და კოლმეურნეობები გვხვდებოდა, შემდეგ გზა ისევ ტყით დაფარული მონაკვეთით გადიოდა, სადაც ალაგ-ალაგ იზრდებოდა სვია. ცოცხლად იგი პირველად ვნახე ცხოვრებაში. დაბნელდა, თუმცა მთვარე გზას მაინც კარგად გვინათებდა. გზაზე ხანდახან მანქანები გვხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით საჯარო და ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას, მანქანებს მაინც ვემალებოდით. ერთი, რაც დამამახსოვრდა, იყო ის, რომ ასფალტის „დასაკერად“ ამოჭრილი მონაკვეთები შუქის ამრეკლი საღებავით იყო შეღებილი, რათა ღამით მძღოლს მარტივად შეძლებოდა ყველა ორმოს დანახვა იქამდე, სანამ ისინი ფარების შუქში გამოჩნდებოდნენ. გაჩერებიდან დაახლოებით 15 კილომეტრი უკვე გავლილი გვქონდა. წინ დაახლოებით იგივე მანძილი გველოდებოდა. გზა ნელ-ნელა მარცხნივ უხვევდა, ხოლო ჩვენ გადავუხვიეთ ხელმარჯვნივ. ხეების სიმრავლის გამო მოგვიწია ფანრების გამოყენება, რათა გზა დაგვენახა. მიწის ზედაპირი ტიპური ბეტონის ფილებით იყო დაფარული. ნებისმიერი სამხედრო ობიექტისკენ მიმავალი გზა სწორედ ასეთი ბეტონის ფილებით იწყებოდა, ეს კი ნიშანი იყო, რომ სწორ გზაზე ვიყავით. როდესაც მინდორზე გავედით, ჩვენგან ხელმარცხნივ ჩანდა ის დასახლებული პუნქტი, რომლისკენაც მიდიოდა ის სამანქანო გზა, რომლიდანაც ჩვენ გადავუხვიეთ. წინ, ცოტა მოშორებით იყო მოქმედი ხეების მოჭრის მეურნეობა, საიდანაც ძაღლების ყეფა ისმოდა. გზის ეს მონაკვეთი საკმაოდ ჩუმად და სწრაფად გავიარეთ. წინ უფრო და უფრო გაუვალი გზა გვხვდებოდა. სრულ სიბნელესა და ტალახში გვიწევდა გადაადგილება. ციოდა კიდევაც. მალე გზა დიდი ბეტონის ბლოკით დამთავრდა. წინ პატარა ხევი იყო და მის იქით მავთულხლართებიანი ღობის ნარჩენები შეგვხვდა. ღობეს მარტივად გადავაბიჯეთ. სამხედრო ნაწილის ტერიტორია იყო გაუვალი ტყე. ალაგ-ალაგ გვხვდებოდა მიტოვებული დოტები, რომლებიც ტერიტორიის დასაცავად გამოიყენებოდა. მალევე ბეტონიანი ფილებით მოწყობილ გზას დავადექით და რუკის მეშვეობით სასურველ ობიექტამდე გზა გავიარეთ. მთელი გზა დაძაბული ვიყავი. ვცდილობდი, მინიმალურად მეხმაურა და ფანარსაც მინიმალურად ვიყენებდი. ბელორუსში ობიექტების დაცვა ბევრად უფრო კარგი იყო, ვიდრე უკრაინაში. კანონმდებლობაც გაცილებით მკაცრი იყო.
ბირთვული ნაკეთობების ბუნკერის შესასვლელი
ღამის ტყეში ნებისმიერ ხმაზე გული გვიჩერდებოდა, ვინაიდან ტერიტორია არის ნაწილობრივ დაცული. სამხედრო ნაწილი არის შემოღობილი მავთულხლართებით და შიგნითაც არის სექტორებად დაყოფილი და ასევე შემოღობილი. გომელ-30 წარმოადგენდა სპეციალურ კომპლექსს, რომელიც იყო ე.წ. ვარშავის ხელშეკრულების ობიექტი. აქ ინახებოდა, მოწმდებოდა, იშლებოდა და ეწყობოდა ბირთვული იარაღი. ეს ობიექტი უმაღლესი საიდუმლოების ფარგლებში აშენდა 50-იან წლებში და 90-იანების დასაწყისამდე იყო ექსპლუატაციაში. კომპლექსი იკავებს 6,5 კვადრატულ კილომეტრს. მის ტერიტორიაზე არის განთავსებული 6 ბუნკერი-საცავი, რომლებიც 800 მეტრით არის დაშორებული ერთმანეთისგან. ასევე ტერიტორიაზე არის დამცავი დოტები, ქვესადგურები, წყლის გამაგრილებელი სისტემები, ყაზარმა, ყარაულის შენობა და სხვა ობიექტები, რომლებიც არის ხოლმე ყველა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. მათი დათვალიერება ჩემთვის არ იყო საინტერესო, ვინაიდან სწორედ ბუნკერების სანახავად ვიყავი იქ მისული. ბუნკერების ნაწილი არის კარტოფილის საცავად ქცეული და იქ არის დამონტაჟებული სიგნალიზაცია. დღესდღეობით ექვსიდან მხოლოდ ორი ბუნკერის ნახვა არის შესაძლებელი. ყველა ბუნკერთან მოდის რკინიგზა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ბირთვული ნაკეთობების იქ შეტანა და გატანა. ყველა ბუნკერს ჰქონდა ორი შესასვლელი. და ეს ყველაფერი ტყით შენიღბული იყო.
ბუნკერების შესასვლელი იყო პატარა რკინის კონსტრუქციით შენიღბული და გარედან მართლაც სასოფლო-სამეურნეო ობიექტს ჰგავდა და სანამ მას მივუახლოვდებოდით, კარებზე სიგნალიზაციის არარსებობაში დავრწმუნდით. კედელში არსებული ხვრელიდან შევიხედეთ და დავრწმუნდით, რომ კარებზე განთავსებული სენსორიც გათიშული იყო. კარები მხოლოდ ამის შემდეგ გავაღეთ.
ბირთვული ნაკეთობების ბუნკერის შესასვლელი. შენიღბული ანგარი
ამ კონსტრუქციის მიღმა იყო ამწეკრანი და სქელი ბეტონის კედელი, რომელშიც იყო შესასვლელი უშუალოდ საცავში. ბუნკერების ერთმანეთისგან დაშორება და სქელი კედლები იყო საჭირო იმისათვის, რომ ერთ ბუნკერში არასაშტატო სიტუაციის შემთხვევაში სხვა ბუნკერი არ დაზიანებულიყო და გარემო არ დაბინძურებულიყო ბირთვული მასალით.
ბუნკერის პორტალი, რომელშიც 3 ჰერმეტული კარია განთავსებული
ჰერმეტული კარები
კედლების სისქე 2,5 მეტრს აღწევდა, ხოლო შესასვლელში იყო სამი ჰერმეტული კარი, რომლების სისქე დაახლოებით 2 მეტრს აღწევდა. ხუთი ბუნკერი იყო ერთდონიანი, ხოლო ერთი - სამდონიანი. სწორედ ამის ნახვა დავაპირე იქ ყოფნის დროს. გარკვეული დრო დამჭირდა, სანამ იქ შესასვლელს ვიპოვიდი. ყველა ჰერმეტული კარი იყო დაკეტილი და მომიწია იმპროვიზაცია.
კარების სამართავი ბლოკი
ჩვენ ჯერ ცენტრალური, ხოლო მერე სათადარიგო შესასვლელიდან ვცადეთ შესვლა. სათადარიგო შესასვლელის მხრიდან ჰერმეტული კარების გვერდით იყო პატარა პორტალი, რომელშიც წარმატებით გავეტიეთ. ჩვენ აღმოვჩნდით ამ კარების სამართავ ბლოკში, საიდანაც გრძელი დერეფნის საშუალებით აღმოვჩნდით ცენტრალურ დარბაზში.