სასურველი წონის მისაღწევად არაერთ დათმობაზე მივდივართ.

საყვარელ საჭმელზე უარს ვამბობთ, ტკბილეულის დახლს შორიდან ვუვლით, რომ სულმა არ წაგვძლიოს, ნებისყოფის არაადამიანურ უნარს ვავლენთ, მაგრამ... ხშირად ეს დათმობები არასწორი და უადგილოც კია. წონაში ვერ ვიკლებთ და ზოგჯერ ვიმატებთ კიდეც.
წარმოგიდგენთ ხუთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომლებსაც თვითნებურად შერჩეული დიეტის დაცვის დროს ვუშვებთ.
ზეთში შემწვარი კარტოფილი, კვერცხი თუ სხვა პროდუქტი, რა თქმა უნდა, მავნეა ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ არსებობს სასარგებლო ცხიმებიც, რომელთა მიღებაც დიეტის დროს აუცილებელიც კია. მათ გარეშე იმ ვიტამინებს დავკარგავთ, რომლებიც ორგანიზმში მხოლოდ ცხიმის დახმარებით შეიწოვება. ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით შეზავებული სალათა ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.
ამიტომ, ექიმები გვირჩევენ, არ ამოვიღოთ რაციონიდან ცხიმები. მთავარია, მათი სწორი გამოყენება ვისწავლოთ.
მითია, რომ წყლის დიდი რაოდენობით მიღება ზედმეტი კილოგრამებისგან გაგვათავისუფლებს. ექიმები დღის განმავლობაში 1-დან 2 ლიტრამდე წყლის მიღებას გვირჩევენ, თუმცა ეს მაინც ასაკზე, ორგანიზმის მდგომარეობაზე, ფიზიკურ დატვირთვასა და რაც მთავარია, სურვილზეა დამოკიდებული. წყლის ჭარბი რაოდენობით მიღება მაშინ, როდესაც წყურვილს არ ვგრძნობთ, უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ბევრს ჰგონია, რომ ჭარბი წონის მთავარი მიზეზი ნახშირწყლებით გაჯერებული საკვების მიღებაა. ამის გამო წონაში დაკლების მიზნით ტკბილეულზე უარს ვამბობთ, მაგრამ ექიმების თქმით, კვების რაციონიდან ტკბილეულის მთლიანად ამოღება არ შეიძლება.
ნატურალური ხილის წვენი, შავი შოკოლადი, ჩირი, თაფლი ორგანიზმისთვის აუცილებელია, ამიტომ მათი დოზირებული მიღება დიეტის დროსაც მიზანშეწონილია.
პურის ჭამა არც წონაში მატების მიზეზი არ არის და არც მისი ამოღებაა ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლების გარანტი. ასე რომ, დღის რაციონიდან პურის სრულად ამოღება არ არის სასურვილი. მეტიც, დაბალანსებული კვების დროს პური მნიშვნელოვანია, დღეში 2-3 ნაჭერი კი - სავსებით დამაკმაყოფილებელი.
დიეტის დროს შეგიძლიათ ქატოს პური მიირთვათ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წონაში არ მოიმატებთ.
ასე რომ, როცა დიეტის დაცვას გადაწყვეტთ, კარგად დაგეგმეთ თქვენი დღის რაციონი და არ დაგავიწყდეთ, რომ ორგანიზმისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.
მარიამ ტურძილაძე