ჩემი აზრით, ურთიერთობა ნამდვილი და გულწრფელი მაშინ არის, როცა ცოტა ან ცოტაზე მეტად ბავშვურია, ბავშვურად სუფთა, ქვიშიანი ფრჩხილებით საკუთარ თავთან გვალაპარაკებს, სახლობანას გვათამაშებს და ყველაზე თამამ ოცნებებს გვაოცნებებს.
ყველაზე ბავშვური თუ ზრდასრული და მეტად გააზრებული ურთიერთობის დროსაც კი ყველაზე ტკბილი მაინც დასაწყისია - დასაწყისი არ იცი რისი და არც ის იცი, თუ რა გაგრძელება ექნება და ექნება თუ არა ბედნიერი დასასრული. დასაწყისი მაინც გულწრფელია. ალბათ, ყველაფერი მაინც პირველი და–ნახვით იწყება...
დანახვა და გულის აფრიალება, საფეთქელთან არითმიის შეგძნებით; მერე მცდელობა დაახლოების, მისი ცოტა გამოგონებით, სანამ ყველაფერს ბანალური კალაპოტი მიეცემა; ღამის შუამდე გატეხვით, მერე ისევ ნახვით...
ნახვამდე მოლოდინის და ბოლო 10 წამის მუხლებში შეგრძნებით, როცა მის მოახლოებას დანახვამდე გრძნობ. ოღონდ მართლა გრძნობ, თუ გული საერთოდ რამეს გრძნობს... გადაკოცნი და მის ტუჩებს ჰაერში იგრძნობ, შენსას ლოყაზე მიწებებულს და წამის მეასიათასედში ცდილობ მის ჩასუნთქვას. მასზე ყველა ინფორმაციის მის სურნელებაში გაგებას... და გგონია, რომ ეს იმდენხანს იწელება, უკვე დაღამდა...
დაღამდა კაფის შუშის ვიტრინასთან მცდელობით, ბევრჯერ მოგეყოლა შენი ცხოვრების "ბესტები", თუმცა სანამ ის არ გამოგიგონებს, მანამდე ყველაფერი სულერთია მისთვის. ვნება სახანძრო მანქანის ჭავლზე ძლიერად გასხამს ტვინში და ცდილობ მასთან " სულიერ" საუბრებში გადაზარდო.
უკვე სახლიდან ურეკავენ, ან შენ გატყუებს ასე. მერე ანგარიშს ხურავ და ცდილობ, წასვლამდე ცოტათი მაინც იზრუნო მასზე. მისივე ქურთუკის აღებას თუ დაგასწრებს მაინც. ანგარიშს ხურავ და ხვდები, რომ იწყება რაღაცის დასასრული, რაც აღარ განმეორდება. მერე კარებისკენ გარბიხარ, იქნებ გაღება მოასწრო და თურმე გარეთ იღება. ის კი შენს ხელთან კიდებს სახელურს ხელს და გარეთ აღებს. მაგრამ შენ ხომ ეცადე... ესეც გაბედნიერებს და...
გადიხართ იქ, სადაც მხოლოდ შენზეა ყველაფერი სივრცეში... ცოტას გაივლი და ისევ ურეკავენ, იქნებ ისევ სახლიდან... ქუჩის ბოლოს საუბარს ამოკლებ და ცდილობ, მისი ხელი შენს ჯიბეში გაათბო. თუ ნება მოგცა... ყველაფრი იწყება თავიდან. ისევ ისე გიფრიალებს გული...
ქუჩაც ილევა და დრო დასასრულის...
მერე შენ მთელი შენი სხეულით გამთბარ ხელებს აფარებ ყურებთან, მის უკვე გაყინულ ცხვირს ცოტა ძალადობით ათბობ კისერში და კოცნი ღიმილის კუთხეში. ღიმილის კუთხე ყველაზე ტკბილი კოცნაა კოცნათა შორის, როცა მის ტუჩის ერთ მეოთხედს მოიპარავ. მერე შემხვედრ ტაქსის გააჩერებ და გაამგზავრებ, რა მნიშვნელობა აქვს, სად.
შენ უკვე ბედნიერი ხარ... ფიქრობ, რომ ეს დასაწყისზე მეტია. მისი ტუჩის ნახევარი შენთვის ყველაფერია. მიდიხარ სახლში. ჭერს მიაპყრობ თვალებს და იოცნებებ მისი ტუჩის დანარჩენ მეასადებზე. მერე ბალიშის ქვეშ ხელებს ამოდებ ოცნებით დაღლილი და მთელი გულით უსურვებ:
ძილი ნებისა, ქალბატონო...
ჟურნალი ”და ქალი”
(აპრილის ნომერი)