ქორწილი თავისი სამზადისით საკმაოდ დიდხნიანი
და სასიამოვნოდ დამღლელი პროცესია, რომელშიც თითოეული დეტალი კარგად უნდა იყოს გათვლილი.
განსაკუთრებით დიდი ყურადღების ქვეშ პატარძალია, რომელიც თავისი ვიზუალური მხარის ზრუნვაზე დიდი ხნით ადრე იწყებს ფიქრს, ყველას უნდა ლამაზად ორგანიზებული ქორწილი, თავისი დეკორაციებით, საქორწილო თაიგულით, მაკიაჟით და ფოტოგრაფებით, რომლებიც წყვილის გამორჩეულად მნიშვნელოვან დღეს საუკეთესოდ აღბეჭდავენ ფირზე.
ვინაიდან ზაფხული ქორწილების საუკეთესო პერიოდია, „მარაოს“ რედაქციამ გადაწყვიტა გაგიზიაროთ მაკიაჟის გურუებისგან მოგროვებული რჩევები, რომელიც შეგიმსუბუქებთ საქორწილო მაკიაჟის იდეების ძიების პროცესს.
ყველაზე მომგებიანი ვარიანტი ქორწილისთვის
- ყველაზე მომგებიანი არის ის მაკიაჟი, რომელიც კონკრეტულ პატარძალს უხდება. ვიღაცისთვის ეს იდეალური ნუდია, ხოლო ვიღაცისთვის - ნათელი, კაშკაშა წითელი ტუჩსაცხი და „smoke eyes“-ებია. ამიტომ მნიშვნელოვანია იპოვოს პატარძალმა შესაფერისი ვიზაჟისტი: რომელიც შეისწავლის გოგონას სახის ნაკვთებს, მის სტილსა და მეტსაც, მის განწყობას.
რომელია მთავარი ტრენდი საქორწილო მაკიაჟში ამ სეზონზე?
- პოდიუმებზე მინიმალური მაკიაჟი წელს განსაკუთრებით აქტუალურია, საქართველოც აქტიურად აჰყვა ამ ტრენდს. ძალიან ხშირად პატარძლები ითხოვენ თვალების გამოკვეთას, იდეალური ტონებს, მსუბუქ რუჟს, კორექციას და მასიური წამწამების დაკრობას.
ნათელი ტუჩები ქორწილში: კი თუ არა?
- რატომაც არა! თუკი პატარძალს ზედმეტად ოფიციალური ქორწილი არ აქვს. თუკი პატარძალი კომფორტულად გრძნობს თავს მყვირალა ტუჩებით, არანაირი შეზღუდვა არ არის - მთავარია, მდგრადი ტუჩსაცხი შეირჩეს, რომელიც მაქსიმალურად მდგრადი იქნება მთელი დღის განმავლობაში. და კიდევ ერთი: ასეთ შემთხვევებში თქვენ დაგჭირდებათ კოსმეტიკური ჩანთის წაღება ქორწილში, რომ დროდადრო შეისწოროთ მაკიაჟი.
როგორ გავახანგრძლივოთ მაკიაჟის სიმდგრადე და არის თუ არა ტაბუ საქორწილო იმიჯში?
- მთავარია - კანის საფუძვლიანი მომზადება! ხოლო დანარჩენი ყველაფერი სპრეებისა და მდგრადი საშუალებების, ფიქსატორების მეშვეობით შესრულდება იდეალურად. დაიმახსოვრეთ: ჰაილათერი, რომელიც მშვენივრად გამოიყურება ყოველდღიურობაში, საქორწილო ვიდეოსა თუ ფოტოში შესაძლოა გამოიყურებოდეს დიდი მასიური ლაქასავით.