ჟურნალისტი ნიკა ჭავჭავაძე ერთი თვე ეთიოპიაში იმყოფებოდა. გაეცნო მათ კულტურას, ტრადიციებს, დაესწრო მათ რიტუალებს და ყველას გვირჩევს, ერთხელ მაინც ვესტუმროთ ამ ქვეყანას.
როგორია ნიკას ერთთვიანი აფრიკული თავგადასავალი, რა ადგილები მოვინახულოთ და როგორ ფასებში შეგვიძლია ვიმოგზაუროთ, ამ საკითხებზე ნიკამ დაწვრილებით გვიამბო და რეკომენდაციებიც მოგვცა.
ნიკა, როგორია შენი ეთიოპიაში მოგზაურობით მიღებული შთაბეჭდილებები?
- მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა თანამედროვე ცივილიზაციისაგან ძალიან შორს არის, თავისი ტრადიციებით, სხვადასხვა რიტუალითა და ცხოვრების სტილით, მაინც მგონია, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანი უნდა ჩავიდეს, ნახოს, გაეცნოს ყველაფერს - კულტურას, ხალხს, რადგან დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება, ქრება ტრადიციები, რიტუალები... უკვე იმოსებიან და ასე შემდეგ. ალბათ, დაახლოებით 10 წლის შემდეგ სანახავი და შოკისმომგვრელიც აღარაფერი იქნება... დაახლოებით ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მოგზაურობ შორეულ წარსულში.
რა უნდა გაითვალისწინონ პირველ რიგში ეთიოპიაში მოგზაურობის მსურველებმა?
- პირველ რიგში, იმ ინიექციების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ეთიოპიაში ვიზიტამდე. დაახლოებით 3-4 ინიექციაა, რომლებიც დაგიცავთ მალარიისაგან და სხვადასხვა ინფექციისაგან, რაც ასე თუ ისე მრავლად არის. იმის გათვალისწინებით, რომ ეთიოპიის ტური ძვირი ჯდება, გირჩევთ, ერთი ხანგრძლივი ვიზიტით შემოიაროთ ყველაფერი. სიძვირეს განაპირობებს ის, რომ მთელი ტურის განმავლობაში გყავთ მძღოლი, შიდა ორი გადაფრენა და სამხრეთ ეთიოპიაში გამაგრებენ ადგილობრივს, რომელიც არის შეიარაღებული და თქვენთან ერთად გადაადგილდება ყველგან, თქვენივე უსაფრთხოებისათვის. რაც შეეხება სასტუმროებს, გააჩნია, რომელ ქალაქში დაბინავდებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ უმეტესწილად, სუფთა და საჭირო ინვენტარებით აღჭურვილი ნომრები გვქონდა. რა თქმა უნდა, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს პოვნა გაგიჭირდებათ, მაგრამ სუფთა და ნორმალურ სასტუმროს ყველგან იპოვით.
როგორი იყო პირველი დღე აფრიკაში?
- პირველ დღეს ჩავფრინდით ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბაბაში. მაღალი შენობები, დიდი მარკეტები, ულამაზესი და ძვირად ღირებული სასტუმროები, ყველაფერი თანამედროვე ევროპული დონის ქალაქზე მიანიშნებს, მაგრამ საკმარისია გაიხედოთ შენობებს მიღმა და ხვდებით, რომ ეს აფრიკაა. დაუძლურებული ხალხი, დანაგვიანებული და გაუბედურებული ქუჩები... ადის-აბაბაში უნდა ეწვიოთ მუზეუმებს და გაეცნოთ ისტორიას. ასევე გირჩევთ, იპოვოთ კარგი რესტორანი და დააგემოვნოთ ტრადიციული კერძები, რაც აუცილებლად გამოიწვევს თქვენს გაოცებას. აქვე მინდა გირჩიოთ, თავი შეიკავოთ უმი ბოსტნეულის მირთმევისაგან, რადგან იქაური წყალი არ არის სასმელად ვარგისი. ჩრდილოეთ ეთიოპიაში დავყავით დაახლოებით ორი კვირა, ადის-აბაბადან მანქანით გადავაადგილდებოდით. ჯერ იყო ქალაქი ბაჰი-დარი, სადაც გვქონდა ნავით გასეირნება უზარმაზარ ტბაზე, სადაც შეხვდებით ბეჰემოტთა ოჯახებს და შესაძლოა, ნიანგებსაც გადააწყდეთ. მიდიხართ კუნძულზე, სადაც თუკი თავზე პატარა მაკაკები გადაგიქროლებენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. მთავარია, ნივთებთან იყავით ყურადღებით, რომ არ მოგპარონ. კუნძულზე არის უძველესი მართლმადიდებლური ტაძარი, რომლის მისტიკურობაც ნამდვილად გაგაოცებთ.
კიდევ რომელ ქალაქებში იმოგზაურე?
- Gondar, Debark, Axum, Hawzien, Mekelle, Lalibela… სტუმრობ უძველეს ტაძრებს, ხვდები ადგილობრივებს... თუმცა ჩემი ფავორიტი მაინც ,,ლალიბელა“ არის. თავისი მისტიკური ისტორიებით. ლალიბელა სინამდვილეში მეფის სახელია, რომელმაც ეს ქალაქი გააშენა. სიტყვა-სიტყვით „ლალიბელა“ თაფლივით ტკბილს ნიშნავს. თურმე, როდესაც მეფე დაიბადა, ისეთი ლამაზი ბავშვი იყო, რომ დედას ამოხდა სიტყვები „თაფლივით ტკბილო“ და ამის შემდეგ დაერქვა მომავალ მეფეს ლალიბელა. ის ცნობილია იმ ტაძრებით, რომლებიც მისი მეფობის დროს აიგო, თუმცა სიტყვა აიგო არ შეეფერება ტაძრების მშენებლობის ტექნიკას. კლდეში, 20 მეტრის სიღრმეში, ქვებში ამოჭრილი ტაძრები, ეს წარმოუდგენელია, ვინ ან როგორ შეძლო, მაგრამ ნანახი ნამდვილად გაგაოცებთ. ლალიბელას შემდეგ უკვე ემზადებით სამხრეთ ეთიოპიაში გადასაფრენად, სადაც რადიკალურად განსხვავებულია ყველაფერი, მათ შორის - კლიმატიც, ორჯერ უფრო ცხელი და მწველი მზე...
როგორია ცხოვრების სტილი და რეალობა იმისა, რაც იქ დაგხვდა?
- რაც შეეხება ცხოვრების სტილს და იმ რეალობას, რაც იქ დამხვდა, ეს იყო სრული შოკი. ტომებად ღია ცის ქვეშ მცხოვრები ადამიანები, ტანზე შეუმოსავები, მოხატულები... თუმცა ეს ჯერ ყველაფერი არ არის, აუცილებლად უნდა დაგეგმოთ და დაესწროთ მათ რიტუალებს. ერთ-ერთი მათგანია ,,ბულ-ჯამფინგი“, ქართულად ხარებზე გადახტომა. ანუ 18 წელს მიღწეული ვაჟი, რომელიც ხდება ზრდასრული და გადაწყვეტს ქალის შერთვას, ვალდებულია, ჩააბაროს ეს გამოცდა, რაც ითვალისწინებს 10 ხარზე ერთად გადახტომას. თუ ვაჟი ამას შეძლებს, ის თვითონ ირჩევს ქალს; თუ არადა, ტომი შეარჩევს მისთვის საცოლეს, რომელიც შესაძლოა, სულაც სიკვდილის პირას მყოფი მოხუცი აღმოჩნდეს... თუმცა ამ სანახაობას წინ უსწრებს მოსამზადებელი რიტუალი, ვაჟი ხელში იღებს სპეციალური ხისგან დამზადებულ ,,წკეპლას", რომელიც დანასავის ბასრია. მის ირგვლივ ფეხზე ჟღარუნებშებმული, წრეზე მოცეკვავე ქალები დიდი მონდომებით ელიან, როდის გამოიხმობს ვაჟი და წკეპლით გაამათრახებს... ეს ჩემთვის იყო სრული შოკი, უფრო ძალადობა და კრიმინალი, ვიდრე ტრადიცია ან რიტუალი... მოცეკვავე ქალებს მთელი ზურგი დასისხლიანებული აქვთ, ღრმა ჭრილობები მთლიან ტანზე. ზოგი ვერც უძლებს, ცუდად ხდება... სისხლისაგან იცლება, მაგრამ დანარჩენები ისევ აგრძელებენ ცეკვას მანამ, სანამ ყველაზე მომთმენი და ამტანი ქალი არ გამოვლინდება... ამის შემდეგ ტარდება უკვე ხარებზე გადახტომის რიტუალი... თუ ვაჟი შეძლებს გადახტომას, მის მიერ გამოვლენილ ძლიერ ქალს შეირთავს; თუ არადა, ტომის მიერ შერჩეულს... ამ ტომთან ახლომახლოს მდინარეს მოვკარი თვალი, საშინლად ჭუჭყიანი, აგურისფერი, ტალახიანი წყალი... თურმე ადგილობრივები ამ წყალს სვამენ, სხვა ალტერნატივაც არ არსებობს. ალბათ, ეს ახსნის იმ ფაქტს თუ რატომ არის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი ასეთი დაბალი, მაქსიმუმ 50 წელი...
ფასები როგორია მოგზაურობის მსურველთათვის?
- რაც შეეხება ფასებს, ყველაფერი ძალიან იაფია. ფაქტობრივად, 5 ევროდ შეგიძლიათ ივახშმოთ. არც სასტუმროებია ძვირი... 1-თვიანი ტური, სადაც შედიოდა პირადი მძღოლი, საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი შეიარაღებული რეინჯერი თანამგზავრად და ჩვენზე მორგებული განრიგი, დაჯდა 3 ათასი ევრო. ფასში შედიოდა მხოლოდ შიდა ფრენები. იმის გათვალისწინებით, რომ მე ტური ნიდერლანდებში შევიძინე, არ ვიცი, რა მდგომარეობაა ქართულ ტურისტულებში და რა ტურებს სთავაზობენ ადამიანებს. თუმცა, როდესაც მე ვნახე, ძალიან არ მომეწონა ქართული ტურისტულების შედგენილი განრიგები და ტური. ყველას ვურჩევ, რომ სანამ მივლენ ტურისტულში, ჩამოწერონ, რომელ ქალაქში რისი ნახვა სურთ და მათ მიერ შედგენილ ცხრილზე ააწყობინონ ტური. თუკი ვინმეს დასჭირდება, შემიძლია დავეხმარო და გავუგზავნო ჩემი ტურის განრიგი და ცხრილი, რომელიც ნიდერლანდურმა ტურისტულმა შეგვიდგინა და დეტალურად არის აღწერილი, რომელ ქალაქს უნდა ესტუმროთ და რა ნახოთ, ან რომელ სასტუმროში დარჩეთ.
ამბობენ, სასტუმროს ნომერში შეიძლება ქვეწარმავლები გესტუმრონო...
- ამასთან დაკავშირებით, ისეთი თავგადასავალი გადამხდა და ისეთი ამბავი ავტეხე, მთელი აფრიკა ჩემს ნომერში იყო შუბებით. შუადღით დაღლილი დავბრუნდი სასტუმროში, ოთახის კარი გავაღე და რას ვხედავ, ხვლიკმა ნარნარით შემასწრო შიგნით შესვლა... ზუსტად ერთ წამში მილიონი რამ ვიფიქრე, პატარაა და რას მიზამს, თან ხვლიკით მკვდარი ჯერ არ გამიგია-მეთქი. მერე გამახსენდა, აფრიკაში ვარ, აქ ხვლიკი და უვნებელი არ ვიცი-მეთქი და გავქანდი მიმღებისკენ, თან გზაში ვიხსენებ, ხვლიკი ინგლისურად როგორ არის და ვერაფრით გავიხსენე. უცებ მომაგონდა, რომ ხვლიკი ნიანგის პატარა ვერსიაა ვიზუალურად. ამასობაში მიმღებთანაც მივსულვარ. ჰოდა, შევყვირე ბოლო ხმაზე ,,კროკოდაილია" ოთახში-მეთქი. არ ვიცი, რა სახე მქონდა ან რამდენად დამაჯერებლად ვყვიროდი, მაგრამ ფაქტია, ტიპმა დასახმარებლად გვერდითა სოფლიდან მოიყვანა შეიარაღებული ხალხი ნიანგთან საბრძოლველად. ესე 20-მდე შეიარაღებულ აფრიკელთან ერთად შევედი ოთახში და შეიპყრეს ხვლიკი, ბევრიც იცინეს და წავიდნენ სახლებში. მადლობა აფრიკელებს.
რამდენად საფრთხის შემცველია ეთიოპიაში მოგზაურობა?
- მთელი მოგზაურობის მანძილზე, არსად მიგრძვნია საფრთხე ადგილობრივებისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ველური ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ერთადერთი, რაც შეიძლება გთხოვონ, ეს არის წყალი. როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, გირჩევთ, არ გადადოთ ეთიოპიაში ვიზიტი შორეული მომავლისათვის, რადგან დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება, ქრება ტრადიციები, რიტუალები... იმოსებიან, განათლებას იღებენ... სანამ არის დრო და შანსი იმისა, რომ იხილოთ რადიკალურად სხვა სამყარო, სხვა რეალობა, ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან.
P.S. ერთ ინტერვიუში შეუძლებელია ყველაფრის მოყოლა. ეს, რაც ახლა მოგიყევით, არის ზღვაში წვეთი იმ რეალობასთან, რაც იქ დაგხვდებათ.
ხათუნა კორთხონჯია