სილამაზე მუდმივ მოვლასა და ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი, თვალები, ვინაიდან დაღლილობასა და უძილობას, პირველ რიგში, თვალები გასცემს. როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ადრე დაძინება ვერ მოვახერხეთ და მეორე სამსახურში გვიწევს წასვლა? იცოდით, რომ ერთ-ერთი ფაქტორი ჩვენს ყოველდღიურ რაციონში შემავალი პროდუქტებია?
„მარაოს“ რედაქცია გიზიარებთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც თვალის შეშუპებას იწვევს და მათი შემცირება მოკლე დროში მოგცემთ შედეგს.
მარილი და ალკოჰოლი
- თუ მათ საღამოს მიიღებთ, თვალის ქუთუთოების შეშუპება გარანტირებული გექნებათ. ჭიქა ღვინოზე მეგობარს ან საყვარელ ადამიანს უარს ვერ ეუბნებით? მაშინ აუცილებლად დააბალანსეთ წყლით. დამწნილებული პროდუქტისა და ჩიფსების გარდა, ღამის საათებში შეზღუდეთ პური და კარტოფილი. კერძის მომზადებისას კი გამოიყენეთ როზმარინი, კოჭა, ნიორი, ილი. ეს პროდუქტები შეამცირებს თვალების შეშუპებასა და მის გარშემო სიწითლის გაჩენის რისკს.
პომიდორი და ბადრიჯანი
- მოერიდეთ პომიდორსა და ბადრიჯანს. მეცნიერულად ეს ფაქტი დამტკიცებული არ არის, მაგრამ ამაზე მუდმივად საუბრობენ სუპერმოდელები, რომლებიც დიდი ყურადღებით ეკიდებიან საკუთარ სხეულსა და კანს. ეცადეთ, 3 კვირა რაციონიდან გამორიცხოთ ეს ინგრედიენტები. მაშინ თქვენი კანისა და ძილის ხარისხის რადიკალურ ცვლილებებს შენიშნავთ. ნიუიორკელი კვების გავლენიანი ექსპერტი ბრიჯიტ ზეიტლინი რეკომენდაციას გვაძლევს, ვახშმის დროს ეს დასახელებული პროდუქტები მოსანელებლად მსუბუქი ბოსტნეულით - არტიშოკით, ისპანახით, რუკოლათი, კიტრით, სატაცურით, ავოკადოთი და ბატატით ჩავანაცვლოთ.
რძე და რძის პროდუქტები
- ღამით ჭიქა თბილი რძე, შესაძლოა, მართლა ამშვიდებს ნერვულ სისტემას და უდარდელი ბავშვობის ასოციაციას იწვევს, მაგრამ თვალებს ეს ნამდვილად ვერ ამშვიდებს. რძე, ყველი, იოგურტი და კეფირიც კი, შესაძლოა, თვალის ზედა ქუთუთოს შეშუპების მიზეზი გახდეს. სწორი კვების ოქროს წესია - რაციონში დაიტოვოთ 5-10% აკრძალული სიამოვნება: ნაყინი, მიწის თხილის კარაქი, შოკოლადიანი ორცხობილა ან ფუნთუშა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზედმეტად რთული და მოსაწყენი იქნება. მთავარია ზომიერების დაცვა: დესერტი არაუმეტეს 200 გრ-სა და არაუგვიანეს 16:00 სთ-სა. ნებისმიერი მსგავსი, ცხიმებითა და შაქრით გაჯერებული პროდუქტი ხელს გიშლით დაძინებაში და აისახება გარეგნობაზეც.
შოკოლადი
- გავრცელებული აზრია, რომ შოკოლადი განწყობას ამაღლებს, თუმცა ღამის საათებში პირიქით - იწვევს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გამოყოფას, რომელიც ხელს უშლის დაბერების საწინააღმდეგო კოლაგენის წარმოებას. ალტერნატივა - ნახევარი ბანანი ან 1/2 ჭიქა ალუბლის ჩირი, რაც მელატონინის დონეს ზრდის.