უკრაინული ზღაპრები სლავური მითოლოგიის საფუძველს ატარებს. ყველა ხალხს თავისი მითოლოგია აქვს, თუმცა, სლავური მითოლოგიური ტექსტები დრომ ვერ შემოინახა. სამაგიეროდ, შემოინახა ზღაპრები, რომლებიც მითების გაგრძელება იყო.
ნელ-ნელა მითები რიტუალურ სიმღერებად და ზღაპრებად გადაიქცა.
უკრაინულ მსოფლმხედველობას თავისი განსაკუთრებულობები აქვს. უკრაინულ ზღაპრებში ძალიან ბევრი ტრადიციული წარმოდგენა და სარწმუნოებაა თავმოყრილი. მათში არქაული წარმოდგენები და სამყაროს მიმართ შეხედულებებია არეკლილი. ასევე, ადამიანის ბუნება და ხასიათი. უკრაინელების წარმოდგენების მიხედვით, ზღაპრებში რამდენიმე გამორჩეული პერსონაჟი შეიქმნა. ესენი უწმინდური ძალები არიან, რომლებიც ადამიანების თვისებებს ფლობენ: ეშმაკი, წყლის სული, ქალთევზა, სახლის სული და სხვ.
მნიშვნელოვან როლს ასევე იკავებს ცრურწმენები, ჯადოქრობა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი უკრაინულ ფოლკლორში - ალქაჯია.
უკრაინული ზღაპრები უჩვეულო სამყაროს გვიხსნის, სადაც უკრაინელების ყოფა, ცხოველები, ფრინველები, მაგიური ძალები, გმირები, სიკეთე და ბოროტებაა ასახული. ამ ყველაფერს ჩვენ წარმართული პერიოდის ზღაპრებში ვხედავთ.
„სამართლიანობა“ - მთავარი ფასეულობაა სლავურ კულტურაში და მათ შორის, უკრაინულშიც. უკრაინული ზღაპრები ძალიან ახლოსაა რეალურ ცხოვრებასთან. ისინი შედარებით რეალისტურებია. ზღაპრებში გმირებს ნაკურთხი წყლით აცოცხლებენ. უკრაინულმა მითოლოგიურმა კულტურამ ნაკურთხ წყალს საკრალური თვისებები მიანიჭა. „ნაკურთხი წყალი იგივე უკვდავების სასმელია. ვინც დალევს, მაშინვე წარმოუდგენელ ძალას მიიღებს“.
თუ ჯადოსნურ ზღაპარში მოქმედება ფანტასტიკურ გარემოში ვითარდება და გმირი ზღაპრული არსებების და საგნების დახმარებით იმარჯვებს, ყოფით ზღაპრებში სიკეთის და ბოროტების ბრძოლა რეალური ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს. აქ რეალურ ადამიანურ პრობლემებს შეხვდებით.
ხშირად უკრაინული ზღაპრის სიუჟეტის ცენტრში ღატაკი გმირი და ძველი სახლია, რომელიც სავსეა ბავშვებით. მთელი ქონება - ოჯახი და შრომაა. ბევრი წვალების შემდეგ ღარიბი გმირი ძუნწებს და სხვისი ცხოვრების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების მქონე პერსონაჟებს საკუთარ ღირსებებს უმტკიცებს.
უკრაინულ ზღაპრებში არსებობს კიდევ ერთი სასწაულებრივი ძალა - ეს ცეცხლია! ის ისეთივე წმინდაა, როგორც ნაკურთხი წყალი. „ცოცხალი ცეცხლი“ ასევე მკვდრეთით აღადგენს ადამიანებს და სამართლიანობას ამყარებს. ვინც არ ცხოვრობს პატიოსნად, ღვთიური ცეცხლი მას დაწვავს.
უკრაინულ ზღაპრებში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ზღაპრებში, ცხოველები ადამიანებივით იქცევიან. უკრაინული ზღაპრები უკრაინელების კულტურული მემკვიდრეობაა. ბევრი პოეტი და მწერალი იღებდა შთაგონებას უკრაინული მითებიდან.
ქალის მთავარი თვისებები უკრაინულ ზღაპრებში არის ერთგულება საყვარელი ქმრისადმი, შვილებისთვის თავგანწირვა, შრომისმოყვარეობა.
ყველა ზემოთ თქმული განსაკუთრებულობების დამსახურებით, უკრაინული ხალხური ზღაპარი ძალიან კოლორიტული, საინტერესო, ადვილად აღსაქმელი და მკითხველისთვის კარგად დასამახსოვრებელია. ამიტომაც ის სამუდამოდ იარსებებს, გვაჩუქებს სიხარულს დიდებსაც და პატარებსაც.