ფსიქოლოგებმა წყვილების ურთიერთობები დააჯგუფეს და 6 ძირითადი ტიპი მიიღეს.
პარტნიორები კონკურენტები არიან
წყვილს საერთო ინტერესი აქვს, აგრეთვე, მეგობართა წრე. კამათობენ და ჩხუბობენ უმნიშვნელო მიზეზის გამოც კი. შენ ინდოეთში გინდა, მე - პარიზში, შენ ცენტრში გინდა ცხოვრება, მე - ქალაქგარეთ. და ასე დაუსრულებლად, არც ერთს არ სურს დათმობა.
რატომ ხდება ასე
საკუთარის გატანით პარტნიორი სიტუაციის კონტროლს ახდენს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე თავს სუსტად, არაკომპეტენტურად და წაგებულად იგრძნობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამარჯვებაზეა დამოკიდებული თვითშეფასება. ურთიერთობა ბრძოლის ველს ემსგავსება. ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილებას მაინც იღებენ, მაგრამ სკანდალის შემდეგ.
რისი გაკეთება შეიძლება
ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რისთვის ვკამათობთ?" რა შეიცვლება თუ კომპრომისზე წავალ ან დავუთმობ? ჩაეძიეთ პარტნიორსაც და თავადაც არგუმენტირებლად დააფიქსირეთ თქვენი პრინციპიალურობა.
ქმარი მამაა, ცოლი გოგონა
წყვილში მშობელ-შვილის ურთიერთობაა (ასაკობრივ სხვაობაზე საუბარი არაა). მამაკაცი ლიდერია, ქალი ემორჩილება. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი: ფულის შოვნა, საყიდლები, ურთიერთობის წრე, ხანდახან ის საკითხიც კი, რა უნდა ჩაიცვას ცოლმა, მამაკაცის გადასაწყვეტ-მოსაგვარებელია. ქალი თავს, ბავშვებს, ოჯახს უვლის. ხანდახან მუშაობს, თუ ქმარი გაუხსნის ფირმას ან დაასაქმებს.
რატომ ხდება ასე
თუ ქალი ფსიქოლოგიურად გაზრდილი არაა, მას ძლიერი მამაკაცი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გადარჩება. ორივეს აწყობს ასეთი სიტუაცია. თუმცა, რაღაც დროის გასვლის შემდეგ ქალს შეიძლება მობეზრდეს ქმრის უფროსობა, ხოლო მამაკაცს სურვილი გაუჩნდება, ქალი "გაიზარდოს". ერთიც და მეორეც ღალატისკენ მიმავალ გზაზე დადგება.
რისი გაკეთება შეიძლება
გაიზარდეთ. მამა-ქმარი არ გჭირდებათ. ჰარმონიულ წყვილში უნდა იყოს "ჩვენ" და არა "მე" და "შენ". აუხსენით ქმარს, რომ საკუთარი რესურსი (განათლება, კომპეტენცია, ნაცნობობა) გჭირდებათ.
ცოლი დედაა, ქმარი შვილი
ეს ვარიანტიც ბავშვურ-მშობლურია (და არც აქაა ასაკობრივ სხვაობაზე საუბარი). მაგრამ ამ შემთხვევაში ლიდერი ცოლია. მან უნდა გადაწყვიტოს: რაზე დაიხარჯოს ოჯახის ფული, სად ისწავლიან ბავშვები, რა უნდა ჭამოთ, ჩაიცვათ, ვისთან იმეგობროთ და ა.შ. ქმარი თამაშობს დამჯერის როლს და ცოტა ხანში რამეზე დამოკიდებული ხდება. მაგალითად ალკოჰოლზე (თუ სუსტი ბუნებისაა) ან სამსახურზე - გვიანობამდე რჩება სამსახურში, რათა მაქსიმალურად ცოტა დრო გაატაროს იმ სახლში, სადაც მისი აზრი მაინც არავის აინტერესებს.
რატომ ხდება ასე
"მე" ქალი ამ შემთხვევაში მჭიდრო კავშირშია ოჯახთან. მას ჰგონია, რომ უკეთ იცის რა სჭირდება მის ქმარ-შვილს. თავად კი ვერ გაურკვევია რა თვითონ სურს: "მე არაფერი მინდა. მთავარია, ჩემი ქმარ-შვილი იყოს ბედნიერად".
რისი გაკეთება შეიძლება
ეცადეთ, გაერკვეთ, რა გსურთ თქვენთვის. გამიჯნეთ თქვენი ცხოვრება პარტნიორის ცხოვრებისგან. ისწავლეთ პარტნიორის ნდობა და გარკვეული პასუხისმგებლობა მასაც დააკისრეთ. მის მაგივრად თქვენ ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას.
პარალელური სამყარო
ასეთ ურთიერთობაში ორივე მეუღლე თავისთვის ცხოვრობს. სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვთ. ერთი სამსახურის შემდეგ მეგობრებს კაფეში ხვდება, მეორე სახლშია ან პირიქით. ერთი "სამეფო ტახტის ბრძოლებს" უყურებს, მეორე "შავ სარკეს", ერთი დასასვენებლად ბალიზე მიდის, მეორე - სათევზაოდ.
რატომ ხდება ასე
შეიძლება ძალიან პატარები დაქორწინდით (ვნების ან ფეხმძიმობის გამო). გაიზარდეთ და მიხვდით, რომ ერთმანეთთან საერთო არაფერი გაქვთ. ან მსგავსმა ტრაგედიამ (ორივე ქვრივები ხართ) დაგაკავშირათ. სიტუაცია რთულდება, როცა ორივე გაურბით კონფლიქტს, რათა ხვდებით, რომ კავშირი შეიძლება გაწყდეს. მარტოობაში კი რუტინისა და მოწყენილობის მეტს ვერაფერს ხედავთ.
რისი გაკეთება შეიძლება
პარტნიორთან ერთად განიხილეთ ცხოვრებისეული მიზნები, ინტერესები. გამონახეთ საერთო სფერო, რომელშიც ერთად განვითარდებით. ნუ გეშინიათ კონფლიქტების. გაარკვიეთ რა გაწუხებთ, რა გსურთ ორივეს და ერთად ეძებეთ გამოსავალი.
პარტნიორი, როგორც ღირსების სიგელი
ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული ურთიერთობის ტიპი. წყვილში ერთი მეუღლე მეორეს სავიზიტო ბარათია. მამაკაცი არის წარმატებული, ცნობილი, წარმოსადეგი. ან პირიქით, ცოლი არის ლამაზი, წარმატებული, პოპულარული.
რატომ ხდება ასე
ასეთი კავშირი საკუთარი თავისთვის კი არა სოციუმისთვის იქმნება. "ვგრძნობ, რომ საკმარისად დაფასებული არ ვარ საზოგადოებაში (სინამდვილეში, საკუთარ თავში) და ჩემი პარტნიორი შემივსებს ამ დეფიციტს" - დაახლოებით ასეთი ახსნა აქვს ამ სიტუაციას. ამ წყვილში ურთიერთობა "პარალელური სამყაროს" წყვილის ურთიერთობას ემსგავსება: გაუცხოება, სიცივე, არასასურველობის შეგრძნება.
რისი გაკეთება შეიძლება
გაბედეთ და მოიხსენით ნიღაბი. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ჩემი თავისთვის რამდენად ღირებული ვარ? ეცადეთ კონტაქტი დაამყაროთ ნამდვილ პარტნიორთან და არა მის ნიღაბთან. ამის შემდეგ თქვენი კავშირი უფრო ღრმა და ემოციურად დატვირთული გახდება.
ნდობა, ერთმანეთის ცხოვრებაში მონაწილეობა და ერთმანეთის მოსმენა
ჰარმონიული კავშირი იშვიათად იქნება, მაგრამ ყველა უნდა მიისწრაფოდეს მისკენ. ორი ადამიანი იდეალურად იგრძნობს თავს ერთმანეთის გვერდით თუ ყურადღებით და მზრუნველობით არიან ერთმანეთთან, ეხმარებიან ერთმანეთს წარმატების მიღწევაში და უხარიათ ერთმანეთის გამარჯვება. საერთო მიზნები, ღირებულებები, ინტერესები აერთიანებთ, თუ გადაწყვეტილებას შეთანხმებულად იღებენ. რა თქმა უნდა, ეტალონიურ კავშირებშიც ხდება კამათი, მაგრამ ისინი წყენას არ ყლაპავენ, მშვიდად და გასაგები ენით ხსნიან კონფლიქტის მიზეზს. ყველა პარტნიორი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მას ენდობიან და მოუსმენენ.
წყარო