ქართველი მსახიობი ელენე სხირტლაძე ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავია. ის ცნობილია ფსევდონიმით ელენა სატინი. ელენას აქვს გამორჩეული მუსიკალური და ვოკალური მონაცემები. ის ასევე ხშირად ჩნდება ეროტიკულ სცენებში. აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი მსოფლიოში.
დაიბადა თბილისში. მოგვიანებით სოჭში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაამთავრა საშუალო და მუსიკალური სკოლები.
საკონცერტო კარიერა 6 წლისამ დაიწყო. ამავე ასაკში მოხვდა მაშინდელ პოპულარულ საბავშვო რუსულ პროექტში „უტრენნაია ზვეზდა“. 11 წლის უკვე აქტიურად დადიოდა გასტროლებზე, როგორც მოცეკვავე. 9 წლიდან კი კინოშიც თამაშობს. ამ ასაკში ის საერთაშორისო ფილმების ფესტივალ „კინოტავრის“ ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეც იყო.
მოგვიანებით დედასთან – მწერალ მარინა სილაგაძესთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და დაამთავრა პროფესიონალური სამსახიობო სკოლა., ასევე გაიარა სამსახიობო კურსები დიდ ბრიტანეთსა და მოსკოვში.
ლოს-ანჯელესში 2003 წელს ითამაშა პირველ სერიალში „დეტექტივი რაში“. ის რუსი ემიგრანტი მომღერლის როლს ასრულებდა. დღემდე შვიდ კინოფილმში, ასევე, რამდენიმე სერიალსა და თეატრალურ დადგმაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ შორის არის მიუზიკლი „ჩიკაგო“, სადაც მისი მუსიკალური მონაცემები შესანიშნავად გამოჩნდა.
2013 წელს ქართველი ვარსკვლავი ამერიკელ მომღერალზე, ტაისონ რიტერზე დაინიშნა.
როგორც რიტერმა "ტვიტერში" თავის გვერდზე დაწერა, საყვარელ ქალს ცოლობა რომანტიკულად სთხოვა: "სახურავზე ვიდექით, ოღონდ არავინ ჩამოვარდნილა. ის ტიროდა და მე მას ხელი ვთხოვე. როგორც იქნა, ჩემი პატარძალი ვიპოვე. ყველა ჩემს მეგობარსა და თაყვანისმცემელს ვუძღვნი მადლობას მოლოცვისთვის. სამყარო ძალიან კეთილია".
სატინი 2 წლის განმავლობაში იყო “ჯადოსნური ქალაქის” ქასთის წევრი. ის 2013 წელს წლის 100 ულამაზეს ქალს შორის მოხვდა საერთაშორისო აღიარებით. 2014 წელს ის გამოჩნდა “შილდის აგენტების“ ეპიზოდში, ლორელის როლში. ის დამტკიცდა ლუი ელისის როლზე ტელესერიალში “შურისძიება“. 2017 წელს ტელევარსკვლავს ვხვდებით “twin peaks”-ის ორ ეპიზოდსა და “ნიჭიერების“ სერიებში. 2019 წლის აგვისტოში სატინი გახდა ნეტფლიქსის ლაივ-სერიალის, “cowboy bebop”-ის ქასთის წევრი.