სალიმ მალევე აუღო სამსახურს ალღო. მართლა ნიჭიერი მოსწავლე გამოდგა, რამდენიმე დღეში აითვისა ორი პროგრამა და ერთი კვირის შემდეგ პირველი გაკვეთილიც ჩაატარა.
ორი გოგონა მიაბარეს, მეცხრეკლასელები. მეცადინეობა ერთ საათს გრძელდებოდა. პირველ დღეს ცოტა დაძაბული იყო, ეშინოდა, რამე არ შეშლოდა. მერე და მერე მიეჩვია და უფრო გაბედული გახდა. დილით დროზე ცხადდებოდა სამსახურში. შუადღემდე თვითონ მეცადინეობდა, მერე კი მოსწავლეებს უტარებდა გაკვეთილს. ავთანდილი მაინცდამაინც არ აწუხებდა, ზრდილობიანად მიესალმებოდა, ყურადღებით გამოჰკითხავდა რაღაც-რაღაცებს და თავის კაბინეტში შეაბიჯებდა ხოლმე საქმიანი იერით, თითქოს დიდი თანამდებობის პირი ყოფილიყო. თუმცა მის ხარბ მზერას გამუდმებით გრძნობდა სალი.
ნინიკო ნელ-ნელა დაუახლოვდა, დაუდაქალდა კიდეც. მერე გულიც გადაუშალა, თავის სასიყვარულო ისტორიებს მოუყვა. სალი მაინც ფრთხილად იყო, არ უნდოდა, ორი დღის გაცნობილისთვის თავისი გულისნადები გაემხილა. ეს ნინიკოს არ გამოჰპარვია.
- სალი, მე ყველაფერს გიყვები ჩემ შესახებ, შენ რატომ არაფერს მეუბნები? - ჰკითხა ერთხელაც.
- რა ვიცი, რა უნდა გითხრა, ნინი, მე ხომ ქმარი მყავს, - გაწითლდა სალი.
- ქმარი არა ის, კარგი ერთი, რას მატყუებ. გიგიმ მიამბო შენი ისტორიები, მაგრად შემეცოდე. არა უშავს, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ასეთი რამეებისთვის მზად უნდა იყო. ჩვენ, ქალები, კაცებზე უფრო ძლიერები ვართ, - სოლიდარობა გამოუცხადა თანამშრომელმა.
სალი გაფითრდა. როგორ თუ გიგიმ უამბო, რაში დასჭირდა ყველაფრის თქმა? რა უფლებით? ვინ ეკითხებოდა? თითქოს თავში ჩაქუჩი ჩაარტყესო, ისე იმოქმედა მასზე ნინოს ნათქვამმა. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა გიგის, რომ "შუაზე გაეგლიჯა".
გიგიმ რამდენჯერმე შემოიარა მის ახალ სამსახურში. რა თქმა უნდა, ორი დღის შემდეგ შეპირებული კომპიუტერები მოუტანა დავიდოვიჩს, სალიც მოიკითხა და ქალებსაც ძღვენი მიართვა - შამპანური და "დანიური სახლის" შოკოლადები. მათაც მეტი რა უნდოდათ, გამხიარულდნენ ასეთი სიურპრიზის მიღებით. ნინიკოს, სხვებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული საჩუქარი ერგო - ფრანგული სუნამო...
საღამო ხანს, როცა სამუშაო საათები დამთავრდა და სალი შინ წასასვლელად გაემზადა, კარი გაიღო და გიგი გამოჩნდა. მის დანახვას სალი არ ელოდა. გულმა ძაგძაგი დაუწყო, ლამის იყო, მივარდნოდა და ყველას თვალწინ გამოელანძღა "არამკითხე მოამბე", ასე ულმობლად რომ "ჩაუშვა" უცხო ადამიანთან, მაგრამ მაქსიმალურად შეიკავა თავი. როცა მომენტი ჩაუვარდება ხელში, მაშინ ეტყვის, სად გაექცევა?
- უკვე მიდიხარ? - გიგიმ გადაკოცნა ქალი და სიყვარულით სავსე მზერა მიანათა.
- ჰო, - ცივად თქვა სალიმ და თვალი აარიდა მამაკაცს.
- ორი წუთი დამელოდე და გაგიყვან, - უჩურჩულა გიგიმ და ნინიკოსკენ დაიძრა.
სალის ამჯერად უარი არ უთქვამს, ამაზე უკეთეს მომენტს როდის გამონახავდა საჩხუბრად.
გარეთ გავიდა და ყოფილ უფროსს ეზოში დაელოდა. ისიც მალე გამოვიდა. სალიმ შენობას ახედა და ნინიკოს გამჭოლ მზერას მოჰკრა თვალი. ქალი თითქოს მტრულად, ბოროტად უღიმოდა. არ მოეწონა ეს ღიმილი, კარგი არაფერი იმალებოდა მის უკან.
მანქანაში ჩასხდნენ.
- თუ არ გეჩქარება, დამდე პატივი და სადმე ვივახშმოთ, - სთხოვა გიგიმ.
- არა, მაგის ხასიათზე არ ვარ, მირჩევნია, შინ წამიყვანო, - უკმეხად უპასუხა ქალმა.
- რა იყო, მოხდა რამე? ვინმემ ხომ არ გაწყენინა?
- ჰო.
- ვინ? - გიგიმ სვლა შეანელა.
- შენ.
- მე-ე? - გიგის სახე მოებრიცა გაკვირვებისგან, - რა ჩავიდინე ასეთი?
- რა უთხარი ნინოს ჩემზე, რა მოუყევი?
- რა მოვუყევი? ისეთი არაფერი... - გიგი ოდნავ დააბნია სალის შეკითხვამ.
- არაფერი? თუ ყველაფერი? რაში გჭირდებოდა, ჩემი პირადი ცხოვრების დეტალები რომ ჩაუკაკლე? რატომ უნდა იცოდეს ვიღაცამ, ქმარს გაცილებული ვარ თუ ათი საყვარელი მყავს? ვისი რა საქმეა? - გაწიწმატებული სალი თავს ვერ ერეოდა.
- რა მოხდა მერე, რა არის აქ დასამალი. მკითხა ადამიანმა და მეც ვუპასუხე. რა დავაშავე ამით?
- არ მიყვარს, როცა ვიღაც ჩემი ცხოვრებით ინტერესდება. ეგ მხოლოდ მე მეხება და სხვას არავის, - არ ცხრებოდა ქალი.
- კარგი ბატონო, შენი იყოს შენი ცხოვრება, არავინ გართმევს. თუ გეწყინა, ბოდიშს გიხდი, მაპატიე. არ მეგონა, ასე თუ გაბრაზდებოდი.
- გიგი, ის ხალხი ჩემთვის უცხოა. შეიძლება ძალიან დიდხანს მომიწიოს მათ გვერდით მუშაობა, მაგრამ მაინც ვერ შევეჩვევი. პირველივე დღიდან არასასიამოვნო აურა დამხვდა იქ. არც ის ნინიკო მომწონს, რომ იცოდე და ამას არც ვმალავ. კი მედაქალება, მაგრამ გულზე არ მეხატება. ამიტომაც არ მინდა, ჩემ შესახებ იმაზე მეტი იცოდეს, რაც საჭიროა.
- არ მეგონა, ამ ამბავს ასე თუ მალავდი. გაგეფრთხილებინე მაინც, - თავი დამნაშავედ იგრნო გიგიმ, - ნინიკოს დიდი ხანია ვიცნობ, "დუშკა" გოგოა, ჭორიკანა ნამდვილად არ არის.
- არ მაინტერესებს. მარტო ის არ არის პრობლემა, რომ განათხოვარი ვარ და ეს გაიგო. ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ თქვენგან რატომ წამოვედი, იმის მოყოლა რა აუცილებელი იყო?
- რა მნიშვნელობა აქვს, სალი, მაინც გაიგებდა, ჩვენს ბიჭებს ყველას იცნობს. ერთხელაც გნახავდნენ და კაცმა არ იცის, რას იტყოდნენ, როგორ შეატრიალებდნენ მაშინ მომხდარს. მე კი ისე მოვუყევი ყველაფერი, როგორც საჭირო იყო, რომ შენს პრესტიჟს ჩრდილი არ მისდგომოდა.
- დიდი მადლობა, გადასარევად გამოგივიდა ყველაფერი, - უხეშად მოუჭრა სალიმ და დარდიანად ამოიკვნესა.
გიგის სახე მოექუფრა. არ ელოდა, თუ მისი საქციელი სალის ასე გააღიზიანებდა. დამნაშავედ იგრძნო თავი. მთელი გზა ბოდიშს უხდიდა და პატიებას სთხოვდა. ბოლოს იმდენი ქნა, განრისხებული ქალი მაინც შემოირიგა. დამშვიდობების წინ, შერიგების ნიშნად, აკოცნინა კიდეც...
***
სალის ცხოვრება ჩვეული რიტმით გრძელდებოდა. მისი ერთადერთი სადარდებელი ახლა მხოლოდ დუდუ იყო. გიგიმ უთხრა, უკრაინაში გაემგზავრა თავის საყვარელთან და არ არის გამორიცხული, აქეთ ჩამოიყვანოსო. ამ ცნობამ ქალი დაანაღვლიანა. ვაითუ მართლა ჩამოიყვანოს, რა ეშველება? მისი ყველა მცდელობა წყალში ჩაიყრება, სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს მაშინ საყვარელ მამაკაცს. ახლა უფრო მოუხშირა მესიჯების გაგზავნას, რომ მამაკაცს ფარული თაყვანისმცემელი არ დავიწყებოდა. ისეთ რომანტიკულ წერილებს სწერდა, ნებისმიერ კაცს რომ ჩააგდებდა საგონებელში.
ამასობაში ავთანდილიც გაუშინაურდა, ცოტა ხანში გაუთამამდა კიდეც. უჩუმრად მიუახლოვდებოდა ხოლმე კომპიუტერთან მჯდომს, ზურგზე საჩვენებელ თითს აუსვამდა და ვნებიანი ჩურჩულით ჰკითხავდა - "როგორ ხარ, ჩიტუნიავ?" ეს ამაზრზენი სიტყვები სალის გულს ურევდა, მამაკაცის ქონიანი სახე და სქელი ტუჩები კი ზიზღს ჰგვრიდა. მაშინვე წამოხტებოდა, მხრებს აიწურავდა და ისე აიტუზებოდა ამ ქონდრისკაცის წინაშე. რა ექნა, თავს ზევით ძალა არ ჰქონდა, თორემ მისი ნება რომ ყოფილიყო, ერთს გემრიელად უთავაზებდა სახეში. რამდენჯერმე ისიც შეამჩნია, როგორ ეჩურჩულებოდა ნინიკო, თან მისკენ გამოახედებდა ხოლმე. რას ეუბნებოდა, სალის არ ესმოდა, მაგრამ ინტრიგის ხლართები რომ იქსოვებოდა მის ირგვლივ, ამას კარგად ხვდებოდა.
ერთ საღამოს იამ გამოუარა სახლში და მისგან ბევრი ახალი ამბავი შეიტყო. თურმე იაც იცნობდა ავთოს და მის თანამშრომლებს, განსაკუთრებით, ნინიკოზე ჰქონდა ბევრი ჭორი გაგონილი. სამჯერ ყოფილა განათხოვარი, ვერც ერთმა ქმარმა ვერ გაუძლო თურმე მის პატივმოყვარე ხასიათს და ავხორცობას, გამუდმებით სხვა კაცებისკენ გაურბოდა თვალი. ახლა გიგიზე ყოფილა შეყვარებული, მის "დათრევას" ცდილობსო, უთხრა იამ. ქეთის სიცოცხლეს უმწარებს, ურეკავს და გიგიზე ათას სიბინძურეს ეუბნება, რომ როგორმე შუღლი ჩამოაგდოს ცოლ-ქმარს შორის და ამ მეთოდით მაინც მოიპოვოს გიგი, სხვანაირად არაფერი გამოუვიდაო. თან ქეთის ისე ურეკავს, ვითომ უცნობი კეთილისმსურველია, რომელსაც იგი ეცოდება ასეთი ორგული ქმრის ხელშიო.
- მერე გიგიმ არ იცის ეს ამბავი?
- როგორ არ იცის, სკოლკა რაზ სკაზალა ანა, დარწმუნებული ვარ, ნინო მირეკავსო, მაგრამ ვერ დააჯერა, ნინიკო ამის გამკეთებელი არ არისო. სტრაშნაია ბაბა, ფრთხილად იყავი, ძალიან საშიში ვინმეა, - გააფრთხილა იამ მეგობარი.
ამ ამბავმა სალიზე ძალიან იმოქმედა. ცოტათი შეშინდა კიდეც, მეც არ მომიწყოს რამე და იმაზე უარესი არ დამემართოს, რაც დუდუსთან შემემთხვაო. გადაწყვიტა, გიგისგან შორს დაეჭირა თავი, რომ ნინიკოს ეჭვი არ აეღო და არ მიმხვდარიყო, რა გრძნობა გააჩნდა მამაკაცს მის მიმართ. თუმცა ნინიკოს ასეთი რამ ალბათ არ გამოეპარებოდა. სალის არასდროს დაავიწყდება ის ღიმილი, ერთხელ რომ დააფიქსირა ფანჯრიდან, როცა გიგისთან ერთად ჯდებოდა მანქანაში. კი გადაწყვიტა, მაგრამ გიგისთან კავშირის გაწყვეტა არც ისე ადვილი იყო. მამაკაცი აჩრდილივით გვერდიდან არ შორდებოდა, დღეში რამდენჯერმე ურეკავდა, საღამოობით კი გამოუვლიდა ხოლმე, რომ სახლში წაეყვანა. სალი ხვდებოდა, რომ გიგის ასეთი საქციელით ნინიკოსთან ურთიერთობა ეძაბებოდა. დაკვირვებული თვალი ამას ადვილად შეამჩნევდა, მიუხედავად იმისა, რომ ნინიკო კარგი დაქალის როლს დიდი მონდომებით თამაშობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ სალი იძულებული გახდა, გიგისთვის სამსახურში მოსვლა აეკრძალა, მით უმეტეს, იმ საბაბით, რომ სალი გაეცილებინა. აუხსნა კიდეც რატომ, თანამშრომლებმა არ მინდა იფიქრონ, რომ ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვაქვსო.
- რატომ უნდა იფიქრონ ასე, ცუდს რას ვაკეთებთ? ყველამ იცის, რომ ჩვენ ახლობლები ვართ.
- მაგრამ როგორი ახლობლები ვართ, ხომ არ იციან? მით უმეტეს, ჩემი "დუგიდან" წამოსვლის მიზეზი ნინიკომ უკვე გაიგო შენი წყალობით, ამას კი რა კუდს გამოაბამს, არავინ უწყის.
- რა სისულელეა, სალი, შენ არ იცი, ნინიკო როგორი გულისხმიერია, ალალი და მეგობრული. ჩემი გულისთვის თავს დადებს.
- შენი გულისთვის შეიძლება ყველაფერზე წავიდეს, მაგრამ მხოლოდ შენი გულისთვის. მე კი მას მტრად მივაჩნივარ, იცი? ხვდება, რომ შენ გულგრილი არა ხარ ჩემ მიმართ.
- მოიცა რა, ვერაფერსაც ვერ ხვდება.
- ეს შენ გგონია ასე, ახლა იმას ჰკითხე? იცი, როგორ მიყურებ ხოლმე, როცა მოდიხარ? ბრმა კი არ არის.
- მართლა? ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ ამას თუ ხვდება, იმასაც მიხვდებოდა, შენ რომ წიხლზე მიკიდებ და ზედაც არ მიყურებ, - მწარედ ჩაიცინა გიგიმ.
- ამას არ დაიჯერებს, რადგან თვითონ შესანიშნავი მოთამაშეა, კარგად გამოსდის კეთილი მეგობრის როლი. ალბათ, ჰგონია, რომ მეც ვთამაშობ, სინამდვილეში კი დარწმუნებულია, რომ მეც მიყვარხარ და ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით. ამიტომ გთხოვ, როცა იქ ვარ, არც მოხვიდე და არც დამირეკო, გაიგე?
- გავიგე, - ყრუდ ჩაილაპარაკა გიგიმ და ჩაფიქრდა...
სვეტა კვარაცხელია