15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაერთი პოსტი დაიწერა, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა.
მწერალმა გიორგი კეკელიძემ ისაუბრა, თუ რა გადახდა ბავშვობაში და მკითხველს მიანიშნა ისიც, რომ პატარა ბავშვებს ცხოვრება უნდა უხაროდეთ, რაშიც ხელი თავად უნდა შევუწყოთ.
მეგობრებო, არამეგობრებო, მოკეთეებო და მტრებო:
მეხუთე კლასში ვიყავი, როცა სკოლიდან დაბრუნებულს, სადილად მსხდარმა ოჯახის წევრებმა მითხრეს - წადი, ბაბუას დაუძახე, შემოგვიერთდესო.
ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო; ბაბუაჩემი, ჩემი გმირი და მეზღაპრე, თხილის ბაღში მუშაობდა ხოლმე და მე ვეძახდი სადილად.
მაშინაც მივირბინე და შაქროს ყველაზე მაღალი თხილის ხე შეერჩია, თოკი მიება და ირწეოდა. ბაბუამ თავი ჩამოიხრჩო. მას მერე, დიდხანს, დიდხანს ვფიქრობდი ამაზე და ეს საშინელი საქმე მიმზიდველად მეჩვენებოდა.
ერთხელ საძროხეში თოკი მივიტანე, ჩამოვკიდე, ვუყურე, ვუყურე, შემეშინდა და გამოვიქეცი.
არის ასაკი, როცა ყველაფერი გადამდებია და მით უფრო, ისეთი რამ, რაც ირიბ, უცნაურ და გამომწვევ საქმედ მოჩანს.
დღეს ქუთაისში, პატარა ბარბარეს, რომელსაც facebook-ის სურათზე ,,ამ ცხოვრების დედაც" უწერია, წიგნები ჩავუტანე და ვუთხარი, რომ სიცოცხლე არის მშვენიერი. და სადაც შეამჩნევს, რომ ის საშინელი ხდება, უნდა იბრძოლოს, ოღონდ ჩემთან და სხვებთან ერთად უნდა იბრძოლოს.
მესმის ყველას განცდის და მეც მონაწილე ვარ თქვენი სასოწარკვეთის და გაბრაზების -
მაგრამ ამ ცხოვრების არა, იმ ცხოვრების ,,დედაც", სადაც ჩვენ - მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, მშობლები, მასწავლებლები, პოლიციელ-გამომძიებლები ბავშვებს ვხოცავთ! და მოდი, მოვინდომოთ და ეს ცხოვრება ვაქციოთ უკეთესად, ნუღარ მოვფენთ ამ სლოგანებს საშიშ ნაღმებად. და ეს, უპირველეს ყოვლისა, ლუკასთვის გავაკეთოთ და სხვა დანარჩენი ლუკას ტოლების გადასარჩენად!
თქვენი
გიორგი კეკელიძე"
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მწერალმა ბავშვებთან დანიშნული შეხვედრა არ გადადო, რადგან მიიჩნევს, რომ თუ საჭიროა, ღიმილიც უნდა გამოიგონო მაშინ, თუ ეს ბავშვებს სჭირდებათ.
"ლუკას შემდეგ იოლი ვერ არის, დაგეგმილ საქმეს შეუერთდე, მაგრამ ამ პატარებს დიდი ხანია დავპირდი და სიტყვას ვერ გავტეხდი. მეტიც - ცოტა ფეხათრევით წასული, პირველივე ბავშვის დანახვისთანავე მივხვდი, რომ ახლა სწორედ ბრძოლის დროა - მათთვის, ამ ცოცხალი ანგელოზებისთვის. და თუ საჭიროა, ღიმილიც უნდა გამოიგონო და დაანახო - ისინი არიან სამყაროს ცენტრები".