იტალიაში მყოფი ქართველი სტუდენტი თაკო ილურიძე, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში ბლოგს აქვეყნებს, სადაც დაინფიცირების, მკურნალობისა და გამოჯანმრთელების დეტალებს იხსენებს:
"მე ქართველი სტუდენტი ვარ, რომელსაც ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობი COVID-19-ის გადატანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოუწია.
დიდი ხნის განმავლობაში ვემალებოდი ჟურნალისტებს, რადგან სტრესის შემდეგ, უბრალოდ, არ მინდოდა გამოჩენა და თითქოს ვერც ვწერდი ვერაფერს, მაგრამ ვფიქრობ, კორონას დამარცხების წარმატებული მაგალითი ყველა ადამიანს სიმშვიდეს მოუტანს და მე თუ შემიძლია ამაში წვლილი შევიტანო, მზად ვარ!
რა მოხდა?
მოგეხსენებათ, რომ მაგისტრატურის სტუდენტი ვარ იტალიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც ჩემი მიმართულების დაუფლებასთან ერთად, აქტიურად ვსწავლობდი იტალიურ ენას სხვადასხვა ეროვნების სტუდენტებთან ერთად. იმ დროს, როდესაც მთლიანი ჩრდილოეთი იტალია პანდემიის საფრთხის წინაშე იდგა, მთავრობამ რატომღაც არ გააუქმა კარნავალი ვენეციაში და ჩემი კურსელებიც გართობის მიზნით არ შეუშინდნენ წასვლას, შემდეგ დაბრუნდნენ და ეს ავადსახსენებელი ვირუსიც ერთ-ერთმა საჩუქრად ჩამომიტანა.
როგორ დაიწყო?
ამ დღიდან 4 დღის შემდეგ ვიგრძენი იმდენად სუსტი ყელის ტკივილი, რომ მეგონა, ფსიქოლოგიური მომენტი მქონდა ამდენი შიშისგან, თუმცა ინტუიციით მაინც გავიზომე სიცხე და 37.1 აღმომაჩნდა. რა თქმა უნდა, პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, თუმცა ყველანაირი უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით დავიწყე პირბადით მოძრაობა და ჩავიკეტე ოთახში, რომ სხვებს მოვრიდებოდი. ორი დღე გაგრძელდა დაბალი სიცხეებითა და ყელის ტკივილით, მესამე დღეს დაემატა მსუბუქი ხველა და საღამოს უკვე სიცხე 38.7, რის შემდეგაც საქართველოს საელჩოს დახმარებით იტალიაში მოვითხოვეთ ჩემი გადაყვანა საავადმყოფოში.
მკურნალობა ჩემს შემთხვევაში მაღალი სიცხე მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა, ხოლო დაბალი სიცხე კიდევ დაახლოებით ერთი კვირა, ასევე ხველა მთელი ამ დროის განმავლობაში. არ მქონია პრობლემები სუნთქვასთან დაკავშირებით და ღმერთის წყალობით, არც პნევმონიამდე გართულდა საქმე. შესაბამისად, მკურნალობა ვერ შემოიფარგლებოდა მედიკამენტებით და საკვების დახმარებით ცდილობდნენ ორგანიზმისთვის მრავალი საჭირო ვიტამინის მიწოდებასა და ხელის შეწყობას, რომ თავად ორგანიზმს შესძლებოდა დაემარცხებინა ვირუსი. თუმცა, მკურნალობის დროს ხდება მუდმივი კონტროლი სხვადასხვა ანალიზის საშუალებით, მათ შორის, ყოველდღიური სისხლის აღება მაჯის არტერიიდან, რაც დამიჯერეთ, სიტყვით რთულად ასახსნელი და უმტკივნეულესი პროცესია და საერთოც არაფერი აქვს უბრალო ვენის ნემსის შეხებასთან.
რამდენი დღე გაგრძელდა?
საავადმყოფოში 10 დღე დავყავი, რამდენიმე დღის წინ კი მიიღეს გადაწყვეტილება ჩემი გაწერის თაობაზე, მას შემდეგ, რაც ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ახლა გავდივარ სავალდებულო საკარანტინო პერიოდს, რის შემდეგაც შევძლებ დავბრუნდე სამშობლოში. გაგრძელება