ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1919-1920 წლები მსოფლიოშიც და საქართველოში დიდი ეპიდემიების ხანა იყო. ყველაზე მეტად ეს ქვეყნის დედაქალაქ ტფილისში იგრძნობოდა, რომელიც სასიკვდილო დაავადებების გავრცელების ბუდეს წარმოადგენდა. ანტისანიტარიის, მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის, მედიკამენტების დეფიციტის, მოუწესრიგებელი საყოფაცხოვრებო პირობებისა და დევნილთა უწყვეტი ნაკადის გამო, ტფილისი მუდმივად ეპიდემიის საფრთხეს განიცდიდა. 1919 წლის ზამთარში, დედაქალაქში ტიფმა იფეთქა, რომელიც ორი თვის განმავლობაში მძვინვარებდა. დაიღუპა რამდენიმე ასეული ადამიანი. აპრილისთვის პარტახტიანი ტიფის ეპიდემია ჩაცხრა, მაგრამ იგი მაშინვე
მეორე სასიკვდილო სენმა ჩაანაცვლა - საქართველოს ქოლერის ეპიდემია დაატყდა თავს. ამას თან დაერთო შავი ჭირიც ანუ, როგორც მოსახლეობაში ეძახდნენ - შავი სახადი.
ქოლერის პირველი ნიშნები ტფილისში 1919 წლის იანვარში დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ ავადმყოფობა მასშტაბური არ იყო და მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა აღინიშნა. ამავე პერიოდში გამოვლინდა შავი ჭირის დაავადებაც. შავი ჭირით სნეულ ადამიანებს არამიანცის საავადმყოფოში მკურნალობდნენ, მაგრამ ელემენტარული პირობების არ არსებობის გამო, ავადმყოფობა ხშირად მედპერსონალზეც გადადიოდა.
გაზეთი "ერთობა", 1919 წლის 25 იანვარი:
"ავად გახდნენ საავადმყოფოს ექიმები: უფროსი ორდინატორი ექიმი ციციშვილი, ექიმი სლუცკაია და კიდევ რამდენიმე მოსამსახურე. ტფილისში ხოლერა გაჩნდა. რას აკეთებს ქალაქის სანიტარული ორგანიზაცია ამ საშინელი ეპიდემიის ხანაში? კანონის ძალით, ავადმყოფი იმ წამსვე უნდა იქნას წაყვანილი საავადმყოფოში, როგორც კი აცნობებენ ქალაქის სანიტარულ ორგანიზაციას. ნამდვილად კი 4-5 დღე გადის შეტყობინების შემდეგ ავადმყოფის წაყვანამდის, რაც ხელს უწყობს სენის გავრცელებას.
თუ კერძო ეტლით მიიყვანეთ სახადიანი საავადმყოფოში, ამ ეტლს დეზინფექციას არ უშვებიან და სენი გადადის მათზეც, ვინც ეტლში ჯდება.
იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ახალი საბჭო დღიდან თავისი არსებობისა დიდ ყურადღებას მიაქცევს დანგრეული და მივიწყებული სანიტარული ორგანიზაციის შექმნას. მაგრამ საბჭო მომავლის საკითხია. დაყოვნება კი შეუძლებელია, როდესაც საშინელი სენი მუსრს ავლებს ხალხს. ამიტომ, თუ ქალაქის გამგეობა უძლურია რაიმე გააკეთოს, მთავრობა უნდა ჩაერიოს ამ საქმეში".
რამდენიმე დღეში, იგივე გაზეთი კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს ქოლერის შესახებ, საიდანაც ვიგებთ, რომ მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა და სასიკვდილო დაავადება მოსახლეობას უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნის. წერილში გადმოცემულია, რომ ქალაქის თვითმმართველობა უძლურია სენის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომები მიიღოს და თუ მდგომარეობა კვლავ თვითდინებაზე იქნება მიშვებული, ტფილისში ქოლერის მასშტაბური ეპიდემია დაიწყება. პრობლემები კვლავ უცვლელი იყო - გადატვირთული ქალაქი და საშინელი ანტისანიტარია. გაგრძელება