იმ დღესაც სათვალთვალოდ ავედი. პირველად მოხდა მთელი ამ ხნის მანძილზე, რომ მთელი დღით დაიკარგა. მიწერა არ მინდოდა. ვერ ვეგუებოდი, რომ რამდენჯერმე მე მომიწია მოკითხვა. უბრალოდ მიჩვეული არ ვიყავი. მერჩივნა, ავსულიყავი, სადღაც სიბნელეში მიმემალა მანქანა და მეთვალთვალა. გავაჩერე თუ არა და გადმოვედი, ტელეფონმა დარეკა. ძლივს ვიპოვე, სადღაც სიდენიებს შუა იყო გაჭედილი. ნომერი არ მეცნო და იმ იმედით ვუპასუხე, რომ დაჩი იქნებოდა.
- ნია, ახლა რაღაცას გეტყვი და არ შეგეშინდეს, კაი?
- რომელი ხარ?
- ხმაზეც ვეღარ მცნობ, რისთვის მიყვარდი ამდენი წელი?!
- ნიკა… - ცოტა გაოგნებულმა ამოვთქვი.
- მესამე საავადმყოფოში ვარ. ახლა დაივიწყე რომ ქალი ხარ, კაცურად მართე მანქანა, ანუ თან სწრაფად და თან ჭკვიანად...
- ქალი რომ ვარ... რა შუაშია... რააა???
- მოდი, გოგო, დროზე, თორე წასულია ჩემი საქმე.
- აქ რა გინდა? როდის ჩამოხვედი? მარტო ხარ? - ვეღარ გამეგო, რა უნდა მეკითხა.
- ყველაფერს გეტყვი, მოხვალ?
მაშინვე დავჯექი და საავადმყოფოში წავედი. გავაჩერე თუ არა მანქანა, უკან შავი RX8 მომადგა. სარკეში გავხედე. კარი ფრთხილად გაიხსნა და აშკარად არ მეშლებოდა, ის იყო...
- რისთვის ჩამომიყვანე?
- სად იყავი, რომ ათ წუთში მოქანდი? თუ გიჟივით იარე?
- მეხუმრები? საღადაოდ მომიყვანე? გული გამისკდა...
- რომ მეთქვა, კაფეში ყავაზე დავსხდეთ-მეთქი, გამოხვიდოდი? არადა, გუშინ უნაკლო კაპუჩინო დავლიე. ნუ მიყურებ ეგეთი სახით, ხომ უნდა მცოდნოდა, კიდევ გედარდებოდა თუ არა, როგორ და სად ვიქნებოდი.
ხმამაღლა გადავიხარხარე. ნერვებმა სინამდვილეში დაჩის გამო მიმტყუნა და საუკეთესო შანსი მომეცა, სახლში ასვლამდე დავცლილიყავი.
- შენ ის ხარ, რომელმაც ჩემთვის ყველაზე საჭირო დროს დამტოვა, ნიკა. შენ ის ხარ, ვინც სიყვარულზე წარმოდგენა პირველმა შემირყია. ის ხარ, ვის გამოც დებილივით ვიჩქარე გათხოვება, იმიტომ, რომ შენი ქცევების ფონზე დიტოს საქციელი გმირობად მომეჩვენა. დიტოსთან ყოველი ჩხუბის დროს მახსენდებოდი. წლები ვიტანჯებოდი იმაზე ფიქრით, შენთან როგორი ვიქნებოდი... რა გგონია, როცა გინდა, გამოჩნდები, მოხვალ, ხელში ამიყვან და მერე რაღაც ,,სირობების“ კეთებას დამავალებ? ასე ფიქრობ? გგონია, რომ ყველაფერი დავივიწყე?
გაჩუმდა. მგონი, დავაბნიე უცაბედი გამოსვლით. უდროო დროს გამახსენდა ნანუ. ახლა მეტყოდა, რომ ცუდ სიტყვებს ხშირად ვამბობ. ნიკა ხმას აღარ იღებდა... ემოციებმა მიმტყუნა, ავტირდი. რის გამო ვტიროდი? ყველაფრის ერთად... ყველაფერში დომხალი მქონდა, ვერსად ვერაფერს ვერ ვაგვარებდი ბოლომდე, წერტილს ვერცერთ ურთიერთობაში ვერ ვსვამდი, საკუთარ შვილთან საერთო ენას ვერ ვნახულობდი... კაცი, რომელიც შეხვედრას მემუდარებოდა და ფეხზე მეკიდა - ახლა შუაღამემდე ვუთვალთვალებდი, უფროსის სექსუალური ხასიათის ხუმრობებს და მყრალი ,,პოსლე ბრიწიას“ სუნს ყოველდღე იძულებით ვსუნთქავდი... მაგრამ ამ ყველაფრის ატანა ხომ ისედაც მუდმივად მიწევდა და არასდროს ვაპროტესტებდი დიდად, პირიქით, რაღაცნაირად მიყვარდა ეს რუტინა. დაჩი იყო მიზეზი, რის გამოც გული მისკდებოდა. შტორმის დაწყებამდე აღარაფერი იყო დარჩენილი, ვგრძნობდი. აი, ეს მატირებდა. როგორც ყველაფერ დანარჩენს, ამასაც შესანიშნავად ვგრძნობდი.
ტირილი რომ შევწყვიტე, მომიახლოვდა. ზემოდან დამყურებდა. სადღაც ჩემს თმასთან შეაჩერა მზერა. ვიგრძენი, სიტყვებს ზომავდა, პირველად მთელი ამდენი წლის ნაცნობობის მანძილზე.
- დღეს მივხვდი, რომ ერთ შანსს კიდევ მომცემ... - თქვა და ნიკაპი ხელით ამაწევინა, რომ თვალებში ჩაეხედა. სიცილი წამსკდა. ჩავცურდი მანქანასთან და ჯერ გიჟივით ვიცინე და მერე ტირილში გადამეზარდა ისევ. ვტიროდი და უკვე მეორედ მეკიდა ფეხებზე სულ, სულ ყველაფერი, გამვლელი, გამომვლელი, ნაცნობი... სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ ისევ მიყვარდა და ამის გამო მოვთქვამდი. მერე წამომაყენა და მკერდზე ამიწება.
- რა დაგემართა? - ცრემლებში ჩაწებებული თმები სახიდან მომაცილა.
ცრემლები შევიმშრალე, მერე შორს გავიწიე და ნიკა თავიდან ფეხებამდე შევათვალიერე.
- რა მოიფიქრე, ნიკა? ქმარს დავშორდი და ულიმიტო ჟიმაობის აბონემენტს გაჩუქებდი პირველი სიყვარულის ხათრით? - სახე შეეცვალა. შეეცვალა კი არა, გადაფითრდა.
- რა სისულელეს მეუბნები? გაგიჟდი?
- და რა იქნება, ერთი კვირა ყოველდღე მომწერ ყოველ წამს და რამდენიმე სექსუალური წარმოდგენის მერე ნელ-ნელა და უმტკივნეულოდ გაქრები?
- შენთან ეგ შანსი ძალიან ბევრჯერ მქონდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი წლის წინ, როცა ჩემზე გაგიჟებული დადიოდი. შენც ხომ იცი, თითი არ დაგაკარე... უსამართლო ხარ, ამას რომ მეუბნები. - აღარც თვითონ აპირებდა ჩემ დანდობას.
- რა გინდა, მაგის გამო მადლობა გითხრა? ხელი იმიტომ არ დამაკარე, რომ პატარა ვიყავი და კიდევ იმიტომ, რომ შეგეშინდა...
- რისი შემეშინდა, შენი აზრით?
- რა ვიცი... რომ ,,არ გაგეფუჭებინე“, ან იქნებ იმისი, რომ მერე ცოლად აგეკიდებოდი. მაშინ 17-18 წლის ვიყავი, ახლა 29 ვარ, ნიკა. რატომ გაქვს ამბიცია, რომ 11 წლის და უამრავი რამის გადატანის მერე კიდევ უნდა მცნობდე, ან ისეთი უნდა ვიყო, მაშინ რომ ვიყავი.
- ხომ კარგად იცი, რომ უბრალოდ გასართობად ვინმეს პოვნა არ გამიჭირდება, შენთან ამის გამო არც მოვსულვარ არასდროს და არც მოვალ, კიდევ 11 წელი რომ გავიდეს...
სიგარეტი ამოვიღე. იმდენად წაშლილი იყო სახიდან, რომ მივხვდი, ზედმეტი მომივიდა. ვიცოდი, თვითონ არ ეწეოდა და ვერ იტანდა საერთოდაც. მაინც გავუწოდე. არ გამომართვა. ნახევრამდე მოვწიე. ჩუმად ვიდექით ორივე. მერე ისევ მე დავარღვიე სიჩუმე.
- ხომ იმიტომ მომძებნე, რომ გაიგე, ქმართან აღარ ვიყავი?
- ნია...შენ რაღაცებს ურევ, ძალიან...
- მაგალითად?
- კაცი, რომელიც გაფასებს, ვისთვისაც ღირებული ხარ და პატივს გცემს, ოჯახს არ დაგინგრევს, რაც უნდა ძალიან უნდოდეს შენთან ყოფნა, შენი ჩახუტება, მოფერება; როგორც უნდა ენატრებოდე... ზოგჯერ უბრალოდ მოკითხვა მინდოდა და ვფიქრობდი, რომ ოჯახი გქონდა და არ შეიძლებოდა. ამაზე დაფიქრდი, ამ კუთხიდან შეხედე. რატომ აყენებ შენს თავს შეურაცხყოფას, რატომ გგონია, რომ ჟიმაობისთვის მოგძებნე, და რა სიტყვაა ეს საერთოდ, საიდან მოიტანე? რანაირად იქცევი და ლაპარაკობ, რა ჯანდაბა დაგემართა? ერთი წარსული გვაქვს და უამრავი საერთო...
- შენ მაშინ წახვედი ზუსტად, როცა გიო დავკარგე. დანაკუწებულს კიდევ ზემოდან გადამიარე, შანსი არ დამიტოვე, მეცხოვრა...
- ჰო, ვიცი... ნუღარ იხსენებ ათასჯერ... მოხდა და ვინანე ძალიან ბევრჯერ. და ახლაც თუ გგონია, რომ სექსის გამო გაბამ, წავალ აქედან და აღარასდროს აღარ დაგენახვები.
- აბა, ცოლად მოყვანას მიპირებ? - სიგარეტის ნამწვი ფეხით დავასრისე ქუჩას და მის მკლავს დავაშტერდი, იმ ლურჯ უცნაურ ისრებს. ისე შემომხედა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უზომოდ შევეცოდე. მგონი, ფიქრობდა, რომ გავრეკე და ასეც იყო ალბათ.
- ყოჩაღ, ჯერ თავზე დამაჯვი და ახლა ირონიაც დაუმატე. 11 კი არა, 31 წელი რომ გავიდეს, ასე რადიკალურად არ შევიცვლები... ასე მგონია, სხვა ხარ.
- შენ რომ დამამთავრებელი კლასის ლაღი და თავისუფალი გოგო გიყვარდა, თუ არც გიყვარდა, არ ვიცი... ის თავის ძმასთან ერთად მოკვდა. მერე იმიტომ გათხოვდა, რომ ყველა კაცი შენნაირი ეგონა და იფიქრა, ის ერთადერთი გამონაკლისი აღმოაჩინა, ვისაც ცოლად უნდა გაჰყოლოდა. შვილები გააჩინა, მერე დაშორდა თუ ვერც დაშორდა, ათასი რამე გადაიტანა და წინ კიდევ ასიათასი აქვს გადასატანი. რა გეგონა, ყველა ქალს მოიბეზრებდი და ბოლოს ისევ მომადგებოდი? თუ რა იფიქრე? ბარემ მომისურვილებდი.
- გაგირეკია, გეფიცები... - მითხრა და ჩემს მანქანას მოშორდა. მერე ელვის სისწრაფით ჩამიქროლა, სანამ თვალი გავაწვდინე, ალბათ 130 მაინც აკრიფა მისმა RX8-მ. ესღა მაკლდა. გული მერეოდა, ისე ცუდად ვიყავი. ვგრძნობდი, ავდრისწინა ამინდი რომ იდგა და თავს ვეღარ ვერეოდი.
შესვენებაზე დედამ გამომიარა სამსახურში. მითხრა, პროდუქტებს ვიყიდი, რომ შენ და გოგოებს რაღაცები გაგიმზადოთო. საღამოს ლია დაეპატიჟა თან სახლში. ასეთი აუტანლად ცივილური ოჯახი დავანგრიე...
გაგრძელება იქნება