მაგრამ რა ხდება, როცა ვთვლით, რომ უკვე საკმარისად გავიზარდეთ? როცა გვინდა დამოუკიდებლად გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თუ საჭიროა, ჯანდაბას, ცხვირიც წავიტეხოთ და ცრემლებიც ვღვაროთ! კარგია, თუ სხვის შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ამის არ მჯერა.
მთავარია, ჩვენი გზის გაკვალვის დროს სხვები არ დავაზარალოთ და გული არ ვატკინოთ. მოვუსმინოთ მათ, ვინც ჩვენზე ზრუნავს. რაც უნდა სამწუხარო იყოს, მშობელი მუდამ შენ გვერდით ვერ იქნება, ეს ცხოვრების კანონია. ამიტომ, უნდა შეეჩვიოთ, რომ რაღაც დროის გასვლის შემდეგ ვეღარავინ წამოგვაყენებს წაქცეულს. მშობლების უმეტესობა ცხოვრობს შვილის ცხოვრებით და მას საიმედო „კონტეინერში“ კეტავს „ბაქტერიებისგან“ დასაცავად. კარგი მშობელი კი გაძლევს უფლებას, თავად გაიარო ის გზა, რომელიც მან უკვე განვლო. მშობლები ჩვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე გვაჩუქეს და უმთავრესია, არასდროს ავუწიოთ ხმას მათ წინაშე, ვინც ლაპარაკი გვასწავლა!
თითქოს, დროთა განმავლობაში ერთმანეთის ქცევები გვაღიზიანებს და სიყვარული შეჩვევაში გადადის, ბოლოს კი მოვალეობის გრძნობაში შვილების წინაშე. ბავშვი ოჯახის გარეშე ხომ არ გაიზრდება!
დარწმუნებული ვარ, ახლაც, როცა ამას კითხულობთ, თქვენი ერთი ნაწილი მეთანხმება, მეორე კი ჯიუტად აბაკუნებს ფეხებს და გაიძახის, რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს კვდება.
სიურპრიზი! სინამდვილეში, სწორედ მე და თქვენი ჯიუტი ნაწილი ვაზროვნებთ ერთნაირად და ძალიან გთხოვთ, არასდროს დაიჯეროთ ისეთი დიდი სისულელე, როგორც პირველ აბზაცში წერია! გრძნობები არ კვდებიან. მით უმეტეს კი, ისეთი აბსტრაქტული და ამოუხსნელი რაღაც, როგორიც სიყვარულია.
ან გიყვარს, ან არა. და თუ გიყვარს, გიყვარს უპირობოდ! ყველანაირი წესისა და დადგენილი ზღვრების დარღვევით. სიყვარული ხომ სიგიჟეა? სიგიჟეს კი საზღვრები არ გააჩნია. მით უმეტეს, არ გააჩნია „ვარგისიანობის ვადა“, რადგან ის სამუდამოდ გრძელდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ნამდვილია.
რაში უნდა შეგვიშალოს ხელი ქორწინებამ? ან რა უნდა შეცვალოს უბრალო, ფარატინა ქაღალდმა? შეიცვლება მხოლოდ ის, რომ ღვთით დაკავშირებულებს ადამიანი ვეღარ დააშორებს. ცოტა ხანში სხეულის ფორმებიც შეიცვლება. მუცელი ნელ-ნელა გაიბერება, ერთ სხეულში ორი გული დაიწყებს ფეთქვას და მომდევნო ცხრა თვე ყველაფრის გაკეთება ორის ნაცვლად მოგიწევს. მალე ისევ ჩაიფუშები და გაიგონებ ტირილის ხმას, რომელიც სამყაროს გადაატრიალებს და შენს გულს იქამდე გაზრდას აიძულებს, სანამ ყველას დატევას არ შეძლებს.
შეიცვლება შენი სტატუსიც. ძვირფას მეუღლესთან ერთად, დედაც დაგერქმევა და მოგიწევს იმ სიგიჟეებს დაემშვიდობო, რომელსაც შენს ცხოვრებაში ამ ოთხი ასოს გაჩენამდე აკეთებდი. სამაგიეროდ, სულ სხვა სამყაროს კარი გაგეხსნება და ენით აღუწერელ ბედნიერებასთან ერთად, უდიდეს პასუხისმგებლობასაც იგრძნობ.
გაივლის დრო. ათი, თხუთმეტი, ოცი წელი. შენ ისევ ბედნიერი იქნები. უკვე სამგზის დედა გერქმევა და იმ ადამიანის დანახვისას, რომელთანაც შვილებს იყოფ, კვლავ აგიჩქარდება გული. არ გექნება ისეთი ემოცია, როგორიც ადრე, რადგან ეს გრძნობა გაცილებით გაძლიერებული და გაზრდილი იქნება. ისევ იგრძნობ მუცელში მთელ ზოოპარკს, როდესაც სამსახურში წასვლამდე გაკოცებს და ისეთი მზერით შემოგხედავს, თავს სამყაროს ცენტრად რომ გაგრძნობინებს.
თქვენი სიყვარულის ისტორიას ბუხართან მოკალათებულნი მოუყვებით შვილებს და თან ერთმანეთისთვის ხელი გექნებათ ჩაკიდებული. გაგახსენდებათ წლების წინ მიცემული პირობა და გაგეღიმებათ, რადგან ის არ დაგირღვევიათ... კვლავაც გრძნობთ ერთმანეთის გულისცემას, როცა ხელი გაქვთ ჩაკიდებული და კვლავ გგონიათ, რომ ერთად ყოფნით სამყაროს შეცვლა თუ არა, ყველაფრის გადალახვა მაინც შეგიძლიათ.
არ არსებობს პრობლემა და დაბრკოლება, რაც ოდნავ მაინც მოგაყენებთ ზიანს. არ არსებობს რაღაც, რასაც ერთად ვერ გადალახავთ. ერთმანეთის თვალების დანახვისას ყოველთვის მოგემატებათ და იგრძნობთ ძალას, რომელიც მუდამ თქვენთან იქნება, რომელიც გაიძულებთ, კბილებით დაიცვათ თქვენთვის ძვირფასი და ყველაფერი გააკეთოთ მისთვის. მით უმეტეს, როდესაც საქმე შვილს ეხება. ყველა და ყველაფერი უკანა პლანზე გადადის. გავიწყდება წესები, დაუკითხავად ცდები დადგენილ საზღვრებს და სიცოცხლეც არ დაგენანება მისთვის.
მაგრამ როცა ის თავის საქმეში ზედმეტად გთვლის? როცა ფიქრობს, რომ შენი დახმარება აღარ სჭირდება? უნდა მისცე ცხვირის წამტვრევის საშუალება თუ მაქსიმალურად დაიცვა შენს მხარზე ტირილისგან? ვფიქრობ, უნდა აცადო ცხოვრება.
და თქვენი აზრით, როგორ მოიქცევიან ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის კარგად ნაცნობი, მაგრამ არა იდეალური პერსონაჟები? როგორ შეეგუებიან შვილის ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც ადრე თავად მიიღეს? ძნელი იქნება სარკეში ჩახედვა, მაგრამ არა შეუძლებელი. თუ მოინდომებ, არაფერია შეუძლებელი. . .
* * *
დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგბეზრდათ შეგონებითი სახის საუბრები და ერთი სული გაქვთ, როდის გადავალ მთავარზე. აღარც მე ვაპირებ თქვენ წვალებას და პირდაპირ სანდროსა და ანიკასთან გადავინაცვლებ.
ტყუილი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათი ცხოვრება უპრობლემოდ წავიდა, მაგრამ მთავარია, რომ გადალახვა ისწავლეს. სანდროსთან შერიგების მესამე დღეს ანიკას ოქროს დაბადების დღე ჰქონდა - თვრამეტი წელი შეუსრულდა. ბედნიერებისგან დაფრინავდა. ვერ წარმოედგინა, რას უნდა გადაეფარა ეს გრძნობა, სანამ ერთი წლის შემდეგ თეთრ კაბაში გამოწყობილი საკურთხეველთან არ აღმოჩნდა. თავი ზღაპარში ეგონა. თეთრი კაბა, დაუვიწყარი ქორწილი და რაც მთავარია, შენი საყვარელი ადამიანი გვერდით, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო და მუდამ გქონდეს მისი იმედი.
საქართველოში დიდხანს აღარ დარჩენილან. ანიკამ სკოლა დაამთავრა თუ არა, მაშინვე ნიუ–იორკში გადავიდნენ და იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. დაქორწინებაზე ცხრამეტ წლამდე სასტიკი უარი განაცხადა. ამიტომ სანდრომ დაბადების დღის მეორე დღესვე სთხოვა ხელი და ერთ თვეში დაქორწინდნენ კიდეც. ყველაფერი კარგად წავიდა. სანდრო დააწინაურეს და რაც შონი პენსიაზე გავიდა, მან დაიკავა დეპარტამენტის უფროსის სავარძელი. ანიკა მთლიანად გადაერთო სწავლაზე, სტიპენდიაც დაიმსახურა და უკვე მესამე კურსს ამთავრებდა, მის სხეულში ცვლილებები რომ შენიშნა. თავიდან არ აქცევდა ყურადღებას შოკოლადის გაძლიერებულ სურვილს და უხასიათობას, მაგრამ შემდეგ თავბრუსხვევები და დილაობით პირზეხელაფარებული სირბილი არამარტო მისთვის, სანდროსთვისაც აშკარად შესამჩნევი გახდა. ეს იყო ყველაზე განსხვავებული და ძლიერი ემოცია. ანიკას უნდოდა, სიურპრიზი მოემზადებინა და სანდროსთვის ეს ამბავი საგანგებოდ ეხარებინა, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაეყარა, როდესაც ექიმისგან დაბრუნებულს მეუღლე სახლში, ხოლო ვახშამი უკვე გაშლილი დახვდა.
- შენზე ადრე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. თან ვიცოდი, დღეს ექიმთან რომ მიდიოდი და გავუსწარი მოვლენებს... - დამნაშავის ღიმილით გაუღიმა და აცრემლებული მეუღლე გულში ჩაიკრა.
- მინდოდა მე მეთქვა! - ჩაიბურტყუნა ანიკამ და თვალები ხელით ამოიწმინდა. – და ამ ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება, მომაბეზრებელი გავხდები! - დაამატა სიცილით.
- შენ მანამდეც მტირალა იყავი! - დასცინა სანდრომ, ლოყაზე უჩქმიტა და სკამი გამოუწია, რომ მოკალათებულიყო.
- ცილისწამებას არ ვართ! ჩემი გაბრაზება არ შეიძლება!
- შენი გაბრაზება ჩემს მტერს! მაგას როგორ ვიკადრებ?!
- სან, რა დავარქვათ? - მოულოდნელად იკითხა ანიკამ და ადგილზე აცქმუტდა.
- ლავრენტი!
- სანდრო! თუ გოგოა?
- პრებედინა!
- იცოდე, ამ ღამეს დივანზე მოგიწევს დაძინება! - გაბრაზებით დააკვესა თვალები და კარაქის დანა მოუქნია.
- მომიტევეთ, ასეთ მკაცრ სასჯელს ვერ გავუძლებ!
- მაშინ ბავშვის სახელი შევარჩიოთ!
- ანიკა, მთელი ცხრა თვეა წინ, რა დროს მაგაზე ფიქრია?!
- სანდრო, ხომ უნდა ველაპარაკოთ? სახელი თუ არ ექნება, რას დავუძახებთ?
- ბავშვს, რა უნდა დავუძახოთ?! – გაიკრიჭა თავის დაძვრენის მიზნით, მაგრამ მაინც არაფერმა უშველა. სანამ სახელი არ მოიფიქრეს, ანიკამ დასაძინებლადაც კი არ გაუშვა.
- ნინა? - წამოიძახა მოულოდნელად გოგონამ.
- ანდრია! - დამაჯერებელი იყო სანდროს ხმაც.
- გოგო იქნება!
- მაგასაც ვნახავთ!
- დავნაძლევდეთ!
- კარგი! თუ გოგო იქნება, სახელს შენ დაარქმევ, თუ ბიჭი - მე.
- ანუ მე ვარქმევ! - თავდაჯერებულად წარმოთქვა ანიკამ და ამ თავდაჯერებულობამ მთელი ცხრა თვე გასტანა. ექიმს სპეციალურად არ ეკითხებოდა სქესს. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ გოგოს გააჩენდა.
საკმაოდ ჭირვეული ორსულობა ჰქონდა. სანდროს ხან რის საყიდლად დაარბენინებდა, ხან რის. ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ ძლივს ნაშოვნი, ნანატრი პროდუქტი აღარ უნდოდა და ახლა სხვა აკვიატება ეწყებოდა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სანდროს აწამებდა. და ეს უკანასკნელი უკვე დარწმუნებული იყო თავის წაგებაში, რადგან ფიქრობდა, რომ მისი ბიჭი მამიკოს ასე არ გააწვალებდა.
ოცდაორი წლის ასაკში ანიკა პირველად გახდა დედა და ამ დღეს სანდროს პირველად წაუვიდა გული. უკვე ზამთარი იყო, თექვსმეტი დეკემბერი თენდებოდა, ანიკას კი საზამთროს მანიაკალურმა სურვილმა შემოუტია და სანამ სანდრო გამთენიის ხუთ საათზე სახლიდან არ გაისტუმრა, ვერაფრით მოისვენა. წარმოდგენა არ ჰქონდა, სად უნდა ეშოვა ამ დროს საზამთრო, მაგრამ გაბერილი მეუღლის კაპრიზების ასრულება ბოლო დროს უკვე ჩვევად ექცა.
საკმაოდ ხანგრძლივი სიარულის შემდეგ მისი მობილური ანიკამ აამღერა და უპასუხა თუ არა, მაშინვე შეშინებული ხმით ჩასძახა:
- სან, ნინა მოდის! - ეს სიტყვები იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, საერთოდ ვერ გაიაზრა, რა ხდებოდა და მშვიდი ხმით უპასუხა:
- რა დროს ეგ არის, საზამთროს ვერ ვშოულობ. მომიკითხე და მეც მალე მოვალ! - მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა, რაც ხდებოდა და მანქანა ისე მოწყვიტა ადგილს, გამოცდილ მრბოლელსაც შეშურდებოდა.
ნაძლევი წააგო, მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელი სამყარო მას ეკუთვნოდა. თავისივე სურვილით მშობიარობაზე დასწრება გადაწყვიტა. წესით, ანიკა უნდა გაემხნევებინა და დაემშვიდებინა, მაგრამ ბავშვი რომ დაინახა, ისეთი ზღართანი მოადინა, აქეთ გახდა მოსაბრუნებელი. გამოფხიზლების შემდეგ პირველი, რაც დაინახა, ეს იყო ანიკას ცრემლისგან გაბრწყინებული და პატარა არსების სასაცილოდ დაჭყეტილი თვალები. იმ წუთიდან მისთვის სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა და ასეთივე შეგრძნება ჰქონდა კიდევ ორჯერ, სამი წლის შემდეგ ანდრიასა და კიდევ რვა წლის შემდეგ ლიზას დანახვისას.
მართლა სამაგალითო მამა იყო. ზედმეტადაც კი. ანიკას ვერ წარმოედგინა სანდრო ასეთი მამის როლში. ისეთი ბედნიერი იყო, ეგონა, მალე გული გაუსკდებოდა. და რაც მთავარია, მათი გრძნობა არ გახუნებულა. პირიქით, უფრო გაძლიერდა და განმტკიცდა და ახლაც, როდესაც ნინას მეთექვსმეტე დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, ერთმანეთს ისეთივე თვალებით უყურებდნენ, როგორც საკურთხეველთან, საქორწინო ფიცის დადების დროს. ნამდვილი სიყვარული არ კვდება!
* * *
ნინას მეთექვსმეტე დაბადების დღე, ჩვეულებისამებრ, გიას რესტორანში აღნიშნეს. ნინა გიჟდებოდა ბაბუაზე. აზრადაც არ გაუვლია წვეულების სხვაგან მოწყობა. კლუბები და ბარები მისი სტილი არ იყო. არ უყვარდა ასეთი გართობა. პარასკევ საღამოს მეგობრებთან ერთად პიჟამა-ფართის მოწყობა ერჩივნა თავაშვებულ ცეკვას და დალევას. რადიკალურად განსხვავდებოდა მისი ასაკის გოგონებისგან. შეყვარებული არასდროს ჰყოლია, არასდროს უკოცნია ბიჭისთვის, არასდროს დაულევია ბევრი, არასდროს დაურღვევია სკოლის წესები, არასდროს მოუპარავს, არასდროს შეწინააღმდეგებია მშობლებს და არასდროს აუწევია ხმისთვის. სამაგალითო შვილი იყო. კეთილი, თბილი, ბეჯითი, ყველას საიამაყე. კარგად სწავლობდა, არასდროს აცდენდა და ყველა კონკურსში მონაწილეობდა. გიჟდებოდა თავის და-ძმაზე, ლიზა ბაღიდანაც თვითონ გამოჰყავდა. არც მათთან ერთად თამაში ეზარებოდა და არც სადმე წაყვანა.
ახლაც, დაბადების დღე განსხვავებულად აღნიშნა. სულ რამდენიმე მეგობარი დაპატიჟა: ქეითი, მია, ლილი, ჰარი, ადამი და ლიამი. ლიამი მისი ნათლია დენიელისა და ლუსის შვილი იყო, ნინაზე სამი წლით უფროსი. ფაქტობრივად, ერთად იყვნენ გაზრდილები. არ არსებობდა მათ შორის საიდუმლო, ნინა ყველაზე მეტად მას ენდობოდა. დანარჩენები მისი კლასელები იყვნენ და ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ხასიათებით განსხვავდებოდნენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, ნინა კმაყოფილი და ბედნიერიც კი იყო თავისი ცხოვრებით ისევე, როგორც სანდრო და ანიკა.
სანდრო FBI-ს დეპარტამენტის უფროსი გახდა, ანიკას საკუთარი ფსიქოლოგიური კაბინეტი ჰქონდა. ანდრია ჯერ ისევ საშუალო სკოლაში დადიოდა, ასევე ფეხბურთზეც; ხუთი წლის ლიზა კი საბავშვო ბაღის პრინცესა იყო. შეიძლება ითქვას, არ ჰქონდათ რაიმე ისეთი პრობლემა, რაც მათ შეხმატკბილებულ ცხოვრებას არევდა, მაგრამ ხომ გახსოვთ, რომ როცა ყველაფერი კარგად მიდის, მოულოდნელად გრანდიოზულ კედელს ვასკდებით? კედლის ნგრევა კი საკმაოდ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია...
* * *
ნინა ერთ საკითხში მაინც ჰგავდა თავის კლასელებს და ზამთრის არდადეგების შემდეგ სკოლაში მისვლა საშინლად ეზარებოდა. ზლაზვნით წამოდგა თბილი საწოლიდან და ნახევრად მძინარემ დაიწყო ტანსაცმლის შერჩევა. არასდროს იცვამდა იმას, რაც ხელში მოხვდებოდა. მისი სამოსი ყოველთვის მოწესრიგებული და სუფთა იყო. ახლაც, ვიწრო ჯინსი და ტანზე მომდგარი ნაცრისფერი სვიტერი ჩაიცვა, თმა თევზის კუდად ჩაიწნა, ზამთრის ყინვაში გასასვლელად ჩაიფუთნა და ქვემოთ ჩავიდა. ანიკა ლიზას და ანდრიას ასაუზმებდა, სანდრო კი ფეხზე მდგარი სვამდა ყავას.
- დილა მშვიდობისა! - ღიმილით წარმოთქვა ნინამ, მამას ფინჯანი გამოართვა და ორი ყლუპი მოსვა, პასუხად კი ლოყაზე ჩქმეტა მიიღო.
- წაგიყვანო? - გაუცინა სანდრომ და თვალი ჩაუკრა.
- თუ წამიყვან, კარგი ბიჭი იქნები! - აჰყვა ნინაც.
- დედიკო, არ შეჭამ რამეს? - თბილად ჰკითხა ანიკამ და ლიზას ჯემწასმული პური მიაწოდა.
- არა, დე, არ მინდა. ლანჩზე ვიყიდი რამეს. მა, წავედით? - სანდრომ თავი დაუქნია, შემდეგ ოჯახის წევრებს კოცნით დაემშვიდობნენ და სახლიდან გავიდნენ.
ნინას უყვარდა მამასთან ერთად მგზავრობა და საერთოდაც, მამასთან ერთად ყველაფერს დიდი სიამოვნებით აკეთებდა. გრძნობდა, რომ სანდრო ყოველთვის მზად იყო მის კბილებით დასაცავად და შეეძლო სრულიად მშვიდად ეგრძნო თავი. მამა-შვილს განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდა, თბილი და ნდობით სავსე. ნინას არ სჭირდებოდა ტყუილების მოფიქრება, ყოველთვის ყველაფერს ისე ჰყვებოდა, როგორც სინამდვილეში იყო.
- ახლა წვეულებას არ აპირებთ, მამი? - ჰკითხა სანდრომ და მანქანა სკოლის ავტოსადგომზე შეასრიალა.
- მგონი, აპირებენ, მაგრამ სადღაც ღამის კლუბში... - უხალისოდ ჩაიბურტყუნა ნინამ და უკანა სავარძლიდან ზურგჩანთა გადმოაძვრინა.
- გინდა წასვლა?
- არ ვიცი, არა მგონია. ჯერ არ ვიცი, ქეითი, მია და ლილი რას აპირებენ.
- მამა, შენ თუ გინდა წასვლა, მე გაგიშვებ! - ნინამ ზუსტად იცოდა, რომ ეს წინადადება სინამდვილეში ასე ჟღერდა: ”მე გავიგებ, რომელ კლუბში მიდიხართ, გადავამოწმებ, დავეკონტაქტები დირექტორს, დაცვის უფროსს, გავაძლიერებინებ დაცვას, შემდეგ ლიამიც ”სრულიად შემთხვევით” იმ კლუბში მოხვდება, მაგრამ მთავარია, რომ გაგიშვებ!” სანდრო ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდა, პირიქით, თავის მოვალეობადაც კი თვლიდა ”პირველი ბარტყის” დაცვას. მართალია, ეს დაცვა ხანდახან ზედმეტი იყო, მაგრამ ნინას მისი ესმოდა და არც იმჩნევდა, რომ ამჩნევდა.
- არ ვიცი, მა. მივალ, გავარკვევ ყველაფერს და საღამოს შენ და დედას გეტყვით.
- კარგი, პატარავ. ახლა კი გაცუნცულდი! - სანდრომ თვალი ჩაუკრა და ნინაც მშვიდად ჩამოხტა მანქანიდან. გაკვეთილების დაწყებამდე ჯერ კიდეც ნახევარი საათი იყო დარჩენილი, არსად ეჩქარებოდა. შეეძლო აუღელვებლად დამჯდარიყო კლასში და ნასწავლი მასალა გადაემეორებინა, სანამ მისი მეგობრებიც მოვიდოდნენ.
ზამთრის სიცივისგან დასამალად ქურთუკის სახელოები ისე ჩამოიქაჩა, რომ თითებიც შეემალა, ცხვირი კი თბილ კაშნეში ჩარგო. სკოლის ეზოში მხოლოდ ფეხბურთის და მხარდამჭერთა გუნდების წევრები იყვნენ. ნინა გიჟდებოდა ფეხბურთზე, თამაშებსაც ესწრებოდა, მაგრამ პირადად არც ერთს არ იცნობდა, მეგობრობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არც მხარდამჭერები სწყალობდნენ დიდად. შეიძლება ითქვას, რომ მათთან ნეიტრალურზე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, გუნდის ლიდერ მეგანთან კი - ყველაზე უარესი. ნინა ჟურნალისტიკის კლუბს ხელმძღვანელობდა, სკოლის ტელევიზიასაც, მეგს კი უარი უთხრა, რომ პროგრამაში ჩაესვათ გადაცემა სკოლის ყველაზე ცხელი ჭორების შესახებ. ამით, შეიძლება ითქვას, დაუძინებელი მტერი შეიძინა. მაგრამ ეს ამბავი არც აღელვებდა. ყოველთვის თვლიდა, რომ თუ ადამიანი არ გაინტერესებს, არც მის აზრს აქცევ ყურადღებას და მეგანის შემთხვევაშიც ასე იყო. ძალიან ეცადა, მასთან შეჯგუფებული გოგონების გვერდით ურეაქციოდ ჩაევლო, მაგრამ მის ყურამდე მაინც მიაღწია ფრაზამ, რომელმაც ტვინი გადაუბრუნა.
- ცუდია, სკოლაში ”ყველაზე პატიოსნების” კლუბი რომ არ გვაქვს. ზოგიერთს ისე უყვარს კლუბების ხელმძღვანელობა, სიამოვნებით ჩაუდგებოდა სათავეში. თან სახელსაც ზუსტად გაამართლებდა! - გადაიკისკისა მეგანმა და მეგობრებიც აჰყვნენ. ნინა ისე საოცრად აივსო სიბრაზით, მოუნდა, იმ ლამაზ სახეში სილა გაეწნა, მაგრამ როგორღაც მოახერხა თავის შეკავება. სკანდალები და თმით თრევა მისი სტილი არ იყო.
ახლაც, გვერდით ისე ურეაქციოდ ჩაუარა, თითქოს ვერაფერი გაიგონა. პრინციპში, რაც მოისმინა, იმას არ თვლიდა საკუთარი თავის შესაფერისად და ტყუილად რატომ აეტეხა ჩხუბი? არ ღირდა...
- საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეუძლია! - ამ სიცილმა უკვე ყურები ატკინა.
- ან უბრალოდ შენ მასთან ლაპარაკის ღირსად არ გთვლის! - ნინა ერთიანად მოეშვა მეგობრის ხმის გაგონებისას. ქეითი იყო ის, ვის გვერდითაც თავს ყოველთვის მშვიდად და დაცულად გრძნობდა.
- როგორმე სხვისი დაცვის გარეშეც შეძლებს ”მის პატიოსნება” პასუხის გაცემას, თუ ჩემმა ნათქვამმა გააღიზიანა.
- პირველი: ეს სხვა მისი მეგობარია. და მეორე: ”მის პატიოსნების” ტიტული ჯობია ”მის ძუკნას” ტიტულს! - თვალი ჩაუკრა ქეითმა, შემდეგ კი მეგობარს ხელი მოჰკიდა და შენობაში შევიდა.
- გმადლობ... - ამოიჩურჩულა ნინამ.
- გმადლობ კი არა, როდის უნდა ისწავლო ხმის ამოღება? - ახლა მას წამოენთო. - რატომ არ შეგიძლია, რომ ამ კნუტის მზერის ნაცვლად ერთი გემრიელად სწვდე თმაში?
- და რატომ მოვექცე ასე? ის ჩემთვის არაფერს წარმოადგენს, სულ არ მაინტერესებს მისი აზრი.
- შენ არ გაინტერესებს და არ უსმენ, სხვა მოუსმენს. ყველა არ გიცნობს, როგორი ხარ სინამდვილეში. რატომ უნდა შეექმნათ შენზე ცუდი წარმოდგენა?
- ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორიც ვარ სინამდვილეში.
- ვინც არ გიცნობს? ხალხი ადვილად იჯერებს იმას, რაც ესმის. მართალია, ასეთი ხალხი ისედაც არაფერში გჭირდება, მაგრამ ხასიათსა და ფსიქიკაზე სერიოზულად მოქმედებს, როცა შენს თავზე ცუდი ამბები გესმის.
- ქეით, ხომ იცი, რომ არ მიყვარს ჩხუბი და სკანდალი? მირჩევნია, ჩემთვის მშვიდად ვიყო.
- და ხალხმა შენზე იჭორაოს!
- რაზე საუბრობთ, ბარტყებო? - კლასში ხვეულთმიანი, მწვანეთვალება ბიჭი შემოვიდა და მეგობრებს თბილი ჩახუტებით მიესალმა.
- ჰარი, როგორ ხარ? - მოიკითხა ნინამ და ქეითისკენ ჩუმად გააპარა თვალი. მისი მეგობარი აშკარად არ გრძნობდა თავს კარგად.
- მე კარგად, თქვენ კი აშკარად ჭორაობის ხასიათზე ხართ! - გაეცინა ბიჭს და ქეითს ხელი გადახვია. - რაო, ფისო, მოიწყინე?
- ახლავე მოვალ... - გოგონა უხერხულად შეიშმუშნა და სწრაფად დაუსხლტა ხელიდან. ნინას უნდოდა გაჰყოლოდა, მაგრამ ზედმეტი ეჭვების გაჩენისგან თავი შეიკავა. ჰარი კი მისი საქციელის გამო ადგილზე გაიყინა. ვერ ეგუებოდა ერთ-ერთ საუკეთესო მეგობართან ბოლო დროს არეულ ურთიერთობას.
- აღარ შემიძლია ასე! - ამოიოხრა და სკამზე დაეხეთქა.
- არ გინდა ვილაპარაკოთ ამაზე? - გაუღიმა ნინამ და კულულებზე გაეთამაშა.
- არაფერი მაქვს სათქმელი! - სასწრაფოდ იუარა ბიჭმა.
- რაღაც ეჭვი მეპარება... მაგრამ არ დაგაძალებ. იცოდე, რომ როცა ვინმეს მოსმენა და ვინმესთვის გულის გადაშლა მოგინდება, მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები. უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემ: ძალიან არ დაიგვიანო. ხომ იცი, თუ დიდხანს და დაკვირვებით უყურებ საყვარელ ქალს, შესაძლოა დაინახო, როგორ თხოვდება ის. - თვალი ჩაუკრა მეგობარს, რომელსაც გასაპროტესტებლად დაღებული პირი ზარის ხმამ დაახურინა და შემდეგ თავის მერხს მიუჯდა.
პირველი დღე ზამთრის არდადეგების შემდეგ ზუსტად ისეთივე იყო, როგორც მანამდე გატარებული სხვა დღეები. ნინა ისევ ყურადღებით უსმენდა მასწავლებლებს, ქეითი და ჰარი ისევ აპარებდნენ ერთმანეთისკენ ფარულ მზერებს, ლილის და ადამს კვლავ უბრწყინავდათ თვალები. მათ წრეში მხოლოდ მია და ნინა იყვნენ ჯერ კიდევ მარტონი, მაგრამ ამ უკანასკნელს ეს სულაც არ აწუხებდა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მის პირად ცხოვრებაში ისეთივე სიმშვიდე იყო, როგორიც მორგში. აი, მია კი ყურებამდე იყო შეყვარებული სკოლის საფეხბურთო გუნდის კაპიტანზე, რომელსაც, თავის მხრივ, მეგანი უყვარდა და ეს ყველამ იცოდა. ყველაფერი ძალიან ჩახლართული და არეული იყო, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იქნებოდა? უბრალოდ წინასწარ შემზადება იმისთვის, რაც მომავალში დატრიალდებოდა. გადაიტანდა სანდრო ასეთ დარტყმას კიდევ ერთხელ? წლების წინ ხომ უკვე გამოსცადა, რას ნიშნავს, როდესაც იძულებულს გხდიან, საყვარელი ადამიანი უარყო.
ახლაც ზუსტად ახსოვს ის ემოცია, რაც კარის გაღების და მის მიღმა გაღიმებული ნინისა და ნიკის დანახვისას დაეუფლა. ჯერ ეგონა, ესიზმრებოდა, მაგრამ როდესაც გვერდით ანიკა ამოუდგა ჩვილი ნინათი ხელში, მიხვდა, რომ ეს რეალობა იყო, ისევე, როგორც თავისი დის სიტყვები:
- სან, არ ვიცი, როგორ უნდა გითხრა, მაგრამ... ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ვიცი, რომ ამ ამბავს ასე არ უნდა იგებდე, უბრალოდ... შემეშინდა თქვენი რეაქციის. მამამ ჯერ კიდევ არ იცის. შეგიძლია დამეხმარო? - ნინი ისეთი თვალებით უყურებდა, სანდროს ბოლო ძალების მოკრება დასჭირდა იმის სათქმელად, რითაც წამში გაანადგურა ყველაფერი.
- ანიკა, მე ამ ხალხს არ ვიცნობ, შენთან არიან? - მიუბრუნდა არანაკლებ შოკირებულ მეუღლეს, შემდეგ კი ბავშვი გამოართვა და მეორე სართულის კიბეებს ურეაქციოდ აუყვა. ესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ნინი და ანიკა, თავისი დის ტირილიც ესმოდა და ისიც, როგორ ამშვიდებდა ნიკოლასი, მაგრამ უბრალოდ არ შეეძლო სხვანაირად მოქცევა. ყველაზე მეტად იმედგაცრუებას გრძნობდა და ეს იმდენად დიდი იყო, გაბრაზებასაც კი ფარავდა.
ამ ამბიდან სამი წელი ნინისთვის ხმა არ გაუცია. შეხვედრასაც გაურბოდა, მაგრამ როდესაც ეს გარდაუვალი იყო, უბრალოდ არ იმჩნევდა მის არსებობას. ხან გია ეცადა მასთან ლაპარაკს, ხან მარიკა და ხანაც ანიკა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ბოლომდე შეუვალი იყო, სანამ ერთ დღესაც დის შესაძლო დაკარგვით გამოწვეული შიში არ იგრძნო. ნინის მშობიარობა გაურთულდა და დევიდი მას ვერასდროს დაუძახებდა დედას, ექიმებს რომ არ ეყოჩაღათ და სანდროს სისხლი არ გადაესხა. სწორედ მაშინ დაინგრა მისი ყინულის ციხესიმაგრე. ყველაფერს გადააბიჯა და ყველაფერი დაივიწყა, რადგან უკვე ზუსტად იცოდა - ნინის დაკარგვას ვერ გაუძლებდა.
მაგრამ შესაძლებელია იმის მეორედ გადალახვა, რაც ერთხელ უკვე გადაიტანე? შესაძლებელია ისევ დახუჭო თვალი ყველაფერზე და აპატიო ის, რაც ერთი შეხედვით სულაც არ არის საპატიებელი? როგორც ერთხელ მის სიძედ წოდებულმა თქვა, შეცდომებს ყველა უშვებს, მთავარია, მათი აღიარება შევძლოთ... და თუ არც ერთი მხარე არ თვლის თავს დამნაშავედ? მაშინ საქმე რთულდება...
დაიბენით, არა? ვიცი, ზედმეტად გავუსწარი მოვლენებს და ეს სწორად ამის ბრალია! არ ღირს მომავალზე წინასწარ დარდი, მით უმეტეს, რომ ეს ისედაც გარდაუვალია! მაგრამ ჯობია ახლა დროებით მოვრჩე მინიშნებების გაკეთებას და პირდაპირ ნინას სკოლაში გადავინაცვლო, სადაც გაკვეთილების დამამთავრებელი ზარი უკვე დარეკეს და ბავშვებიც ეზოში გამოეფინნენ.
ნინას სამეგობრო იმაზე კამათობდა, წასულიყვნენ ამ საღამოს წვეულებაზე თუ, როგორც ყოველთვის, საბილიარდოში განმარტოება ერჩიათ. თავად ნინას კი მზერა უცნობი ბიჭისკენ გაექცა, რომელიც თეთრ „ლექსუსზე“ მიყუდებული, ჯიბეებშიხელებჩაწყობილი იდგა და ვიღაცას ელოდა. თან დროს არ კარგავდა და მოსწავლე გოგონების თვალიერებით ირთობდა თავს. მუქი წაბლისფერი, მოგრძო თმა ქურთუკის კაპიუშონიდან ურჩად გამოქცეოდა და დროდადრო ქვედა ტუჩს ენით ისველებდა და მსუბუქად კბენდა. აშკარა იყო, აქ არ სწავლობდა. საერთოდაც, გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე სკოლის მოსწავლე... საინტერესოა, ვის მოაკითხა? ჰმ, წესით, სულაც არ იყო რთული მისახვედრი, მაგრამ ნინას, როგორც ”მის პატიოსნებას” და ყველაზე გულუბრყვილოს, ვარიანტები მანამდე არ ჰქონდა, სანამ უცნობს მეგანი არ მიუახლოვდა და ყველას თვალწინ ვნებიანად არ აკოცა!
- ვის უყურებ? - სიცილით ჰკითხა ქეითმა და მის მზერას თვალი გააყოლა, ნინა კი ერთიანად აწითლდა და სწრაფად ჩახარა თავი.
- არავის! - ამოიბურტყუნა ჩუმად, მაგრამ კარგად იცოდა, რომ დაკითხვას ვერ ასცდებოდა.
- გოგონებო, ხომ მოდიხართ? - ახლა მათ მიუბრუნდა ადამი. ისე აქტიურად ცდილობდა ბავშვების წვეულებაზე წათრევას, იფიქრებდით, რომ თვითონ იყო ორგანიზატორი.
- არ ვიცი. ხომ იცით, მე არ მიყვარს ასეთი შეკრებები...
- ნინა! - თვალები დაუბრიალა ლილიმ. - ნუ იკეტები საკუთარ ნაჭუჭში.
- შესაფერისი ტანსაცმელიც არ მაქვს!
- ახლა გაჩუმდი! - შეტევაზე გადავიდა მიაც. - ეგ მიზეზი არ გამართლებს. სულ რომ ერთი კაბაც არ გქონდეს, დედაშენის გარდერობში აუცილებლად იპოვი რაიმე შესაფერისს!
- გინდა წასვლა? - ყურში უჩურჩულა ჰარიმ ქეითს, ამ უკანასკნელის გული კი წამიერად გაჩერდა.
- შენ?
- მე მინდა! მუსიკა, სასმელი, გართობა, გოგონები! - ისე დაუფიქრებლად წამოაყრანტალა, უხერხულობის გადასაფარად სწრაფადვე გაიცინა, მაგრამ მისი სიტყვები ქეითმა მაინც კარგად გაიგო.
- მოკლედ, არანაირი წუწუნი! ყველანი მივდივართ დღეს კლუბში და ეს თემა აღარ განიხილება. ვის გამოგიაროთ მე და ლილიმ? - საქმიანად ალაპარაკდა ადამი და ისეთი სახე მიიღო, თითქოს წარმოსახვით სიას ავსებდა.
- მე წამოგყვებით, მიყვარს შენი მანქანა! - წამოიძახა მიამ, ნინამ და ქეითმა კი ერთმანეთს გადახედეს პასუხის საპოვნელად, მაგრამ ჰარიმ ორივეს დაასწრო.
- ამათ მე წამოვიყვან! ახლა კი დაგტოვებთ, გოგონებმა უნდა იშოპინგონ და ამ რთულ მისიას მე ავიღებ საკუთარ თავზე! საღამომდე! - შემდეგ კი ორივეს ხელი გადახვია და მანქანისკენ წაიყვანა.
ნინას ისევ გაექცა მზერა უცნობისკენ, უფრო სწორად, აიძულეს, გაქცეოდა. ჰარის მანქანა თეთრი „ლექსუსის“ გვერდით იყო. შესაბამისად, მათთან უნდა ჩაევლოთ, მეგანმა კი, რა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და მის გასაგონად გადაულაპარაკა თავის პარტნიორს:
- ამაზე გეუბნებოდი, ნამდვილი ლუზერია! სკოლის “Miss Virginity”! - იმდენად ამაზრზენად გაიცინა, ნინამ ძლივს მოახერხა ცრემლების შეკავება. წამიერად შეავლო მზერა ორივეს და დაინახა, რომ უცნობიც იცინოდა, მაგრამ მისი სიცილი შემბრალებლური უფრო იყო, ვიდრე დამცინავი.
- ხმა ამოიღე, თორემ მოგკლავ! - გადაუჩურჩულა ქეითმა, მაგრამ უშედეგოდ. უბრალოდ თავი სწრაფად გაიქნია და ჰარის ისეთი სახით შეხედა, უსიტყვოდ სთხოვდა მანქანის კარის გაღებას.
- რატომ არასდროს არ სცემ პასუხს? - ახლა კულულებიანი მეგობარი ჩააცივდა და ქეითს სწრაფად წაავლო ხელი მკლავში, რადგან დაინახა, როგორი გაცოფებული მიდიოდა მეგანისკენ.
- უბრალოდ მანქანის კარი გააღე, გთხოვ! - ამოიკნავლა ნინამ. უკვე ნიკაპი უკანკალებდა და ნამდვილად არ უნდოდა ყველას თვალწინ ეტირა, მით უმეტეს, რომ უცნობის მზერა ისედაც ზურგს უწვავდა.
- ნამდვილი ბოზი ხარ! - ხმამაღლა დაიყვირა ქეითმა მეგანის მიმართულებით და შემდეგ მეგობართან ერთად მანქანაში შეძვრა.
სკოლის პირველი დღე ზედმეტად უიღბლოდ დამთავრდა, მაგრამ საღამოს წვეულება ჯერ წინ იყო და დამერწმუნეთ, ყველაფერი ისე დაგვირგვინდებოდა, მთელი დღის ფაქტებს ერთიანად გადასწონიდა...
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი
რომანი დაიდება ყოველდღე