ქართველი დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მან საკუთარი ბრენდი - PATUNA მსოფლიოს გააცნო და ისეთი ცნობილი ბრენდების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიცაა: CRISTIAN DIOR-ი, VERSACE, CHANEL-ი. ფატუნამ „მარაოსთან“თავისი ბრენდის წარმატებების შესახებ ისაუბრა.
როგორ დაიბადა ბრენდი PATUNA და როგორია პირველი კოლექცია?
- პირველი კოლექცია შევქმენი საქართველოს მოდის კვირეულზე, ქართულ დეტალებზე, რომელიც წარმოადგენდა სამცხე-ჯავახეთს, გურიას, სამეგრელოს. ყველა დეტალი მქონდა ამოღებული ძველი ტრადიციული სამოსიდან, შემდეგ გავათანამედროვე და გადავიტანე პოდიუმზე. რა თქმა უნდა, ბრენდს დავარქვი PATUNA. ყველა ჩემი შემოქმედება ჩემი აზრები, განწყობა და ფიქრებია.
ვინ არის თქვენი ინსპირაცია და როგორი გრძნობაა, როდესაც თქვენს „გოგონებს“ (კაბებს) ქმნით?
- ინსპირაციას ვიღებ ყოველი მხრიდან. შეიძლება გავისეირნო, ავიხედო მაღლა, დავინახო ღრუბლის ფორმა და კაბაში გადმოვიტანო. მხატვარი, პოეტი, მუსიკა შეიძლება გახდეს ჩემი ინსპირაციის წყარო. ქსოვილის ფერი, სტრუქტურა, ისტორიული რომანი და ასე შემდეგ. დიახ, ჩემს კაბებს ვეძახი "გოგონებს", იმიტომ, რომ ისინი საუბრობენ ჩემზე, რა ემოციასაც მე მათში ვდებ, ისინი ამ ემოციას უგზავნიან ჩემს მაყურებელს და მაყურებელი შემდეგ აფასებს მას. ვცდილობ, სწორად დაინახონ და ამოიკითხონ ადამიანებმა ის, რასაც ვქმნი.
პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინეთ სამოსი, რომელიც განასახიერებდა სტიქიებს: მიწას, ცეცხლს, წყალს და ჰაერს. როგორ დაიბადა ეს იდეა?
- რაც შეეხება პარიზის მოდის კვირეულზე წარდგენილ კოლექციას, რომელიც ეძღვნებოდა მთლიანად დედამიწას: ცეცხლს, მიწას, წყალს და ჰაერს, ანუ ოთხ სტიქიას, ეს იდეა დაიბადა, როდესაც წავიკითხე ერთ-ერთი ფანტასტიკური და საოცარი ქართული პოემა - გენიოსი პოეტის, მუსიკოსის, მწერლის შემოქმედება და ეს იყო ჩემი ინსპირაციის წყარო.
პარიზი, ნიუ-იორკი, მაიამის მოდის კვირეულებზე ბრენდი PATUNA - ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენება შენს ცხოვრებაში და ბრენდ PATUNA-ს ცხოვრებაში?
- პარიზი, ნიუ-იორკი, მაიამი, ლოს-ანჯელესი, მონაკო, ნიცა, ბრიტანეთი, იტალია, პორტუგალია, ინდოეთი, ტაილანდი, ბულგარეთი, ბუდაპეშტი და სხვა უამრავ ქვეყანაში მქონია ჩვენება, სანამ ჩაიკეტებოდა სამყარო ამ საშინელი ვირუსისაგან და რა თქმა უნდა, ყველაზე საოცარი და საამაყო განცდა არის ის, რომ მე ვარ ქართველი. ყოველთვის ეს მაძლევს ძალიან დიდ სტიმულს, წარვადგინო ჩემი სამოსი, როგორც ქართველის შემოქმედება. ბრენდი PATUNA-ც ნიშნავს, რომ მე პატარა საქართველოდან შევქმენი ისეთი სახელი, რომ თუნდაც ინტერნეტსივრცეში მარტივად მოიძებნება. ბევრ საინტერესო გლამურულ ჟურნალეში დაინახონ ჩემი შემოქმედება, ინტერვიუები, ჩანაწერები მოისმინონ. ამასთანავე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ჩემი ბრენდი, რომ არ გავუცრუო იმედები ჩემივე საკუთარ თავს, რომ ვიყო სულ ახლის ძიებაში და საინტერესო იყოს ასევე მსოფლიო საზოგადოებისთვისაც, ვისაც აინტერესებს, რასაც ვქმნი.
მსოფლიოში გავრცელებულია პანდემია COVID 19, რა გავლენა მოახდინა მსოფლიო მოდაზე ვირუსმა? როგორ გაგყავს თვითიზოლაციაში დრო?
- მინდა მოგიყვე ძალიან საინტერესო ისტორია, მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიასთან დაკავშირებით. დაახლოებით ორი წლის უკან მქონდა ჩვენება, სადაც მოდელებს რაღაც ინტუიციურად და ინსტინქტურად დავუხატე მაკიაჟით ნიღბები, გრიმი სხვადასხვა ფერით. ეს იყო: ოქროსფერი, მეტალისფერი, ვერცხლისფერი და ჩემთვის ამას ჰქონდა დატვირთვა, რომ ეს იყო სიყვარულის დეკლარაცია. რაც შეეხება თვითიზოლაციას სახლში, ძირითადად, ჩემს პატარა შვილს ვამეცადინებ. ჩემს უფროს ქალიშვილთან მაქვს ლიტერატურული საღამოები, მხატვრული საღამოები. განვიხილავთ მსოფლიო მხატვრობას, ერთმანეთს ვუცვლით აზრებს. მზად ვარ, კელის ყველა კითხვას გავცე პასუხი და ასევე ანდრიანას კითხვებს, თუმცა ანდრიანას კითხვები ხშირად არის დამაბნეველი. ვხატავ და ძირითადად, გამოგონებასა და შექმნაში გამყავს დრო.
თუ იხილავს ქართული საზოგადოება და შენი თაყვანისმცემლები საქართველოში PATUNA-ს შოუს?
- აუცილებლად იქნება ჩვენება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ულამაზეს საქართველოს მიეძღვნება, თუმცა ყველგან, რომელ ქვეყანაშიც უნდა მქონდეს ჩვენება, ეს საქართველოს სახელია და მე ჩემი საქართველო ჩემთან ერთად დამაქვს.
წლების განმავლობაში იკავებთ ადგილს ისეთი ბრენდების გვერდით, როგორებიცაა: Cristian Dior-ი, versace, chanel-ი, azzaro და სხვა მსოფლიო ბრენდები. თქვენი ნამუშევრები ხვდება vogue-ისა და L'OFFICIEL-ის ჟურნალებში, როგორ ახერხებს ამას PATUNA?
- ძალიან მიჭირს ჩემს თავზე საუბარი, თუმცა ამ საოცარი დიზაინერების გვერდით ჩემი სახელის დანახვა ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ნერვიულობა და სიამოვნებაა. თუმცა მე ჩემი მაქსიმუმისთვის არ მაქვს მიღწეული. ძალიან მიხარია, თუ მე დავიმსახურე ამხელა ბრენდების გვერდით დგომა, თუმცა ეს მე არ გადამიწყვეტავს. მოდის ფედერაციამ, მსოფლიო პრესამ შექმნა ასეთი კალენდარი და ღირსეულ და მაღალი მოდის ბრენდად აღიარეს ჩემი ბრენდი.
როგორი განწყობა უნდა გქონდეთ გარშემო, რომ სამოსი შექმნათ და რომელი კოლექცია აღწერს თქვენს ხასიათს ყველაზე კარგად?
- მუსიკა უნდა იყოს ჩართული, ინსტრუმენტალური ჯაზი ან სულაც კლასიკა, რომელზედაც დედამ გამზარდა. დედა არის მუსიკოსი და მაზიარა მუსიკის სამყაროს, ძალიან ბევრი კომპოზიტორის ისტორია გამაცნო და შემაყვარა. ნებისმიერი სამოსი, რაც კი აქამდე შემიქმნია, ყველას ჩემი ხასიათი აქვს. თუმცა სხვადასხვა ემოციის ფონზე იცვლება მათი სილუეტი.
რა გეგმა აქვს PATUNA-ს და თუ ემზადებით რაიმე ჩვენებისათვის ამ ეტაპზე?
- ახლა რაღაც დრო მინდა ბავშვებს დავუთმო, მინდა ბავშვების კაბების ექსკლუზიური ნაკრები გავაკეთო, რომელიც მაღაზიაში დაიმკვიდრებს თავს, მნახველი დაათვალიერებს და მსურველი შეიძენს. ბავშვების კოლექციასთან ერთად მექნება საღამოს კაბები, ყოველდღიური და გამოსასვლელი სამოსი. ასევე იქნება ექსკლუზიური თითო-თითო შემოქმედებითი კაბა.
ავტორი ნეტო ბენდელიანი