ნინას დილა ქეითის სახლში დაიწყო. თვალები რომ გაახილა და თავისი ვარდისფერი კედლების ნაცვლად “Ramones”-ის, “Joy divission”-ისა და “bring me to horizon”-ის პლაკატები დაინახა, თავიდან ცოტა კი დაიბნა, მაგრამ შემდეგ გუშინდელი დღის კადრები ნაწყვეტებად ამოუტივტივდა გონებაში და საწოლში შეშინებული წამოჯდა. ქეითს ჯერ კიდევ ეძინა. ხელი თავის დათუნია პედროზე შემოეხვია და ისე მშვიდად ფშვინავდა, შეეცოდა გასაღვიძებლად. ფეხაკრეფით წამოდგა საწოლიდან და სააბაზანოში შევიდა. სარკეში თავის გამოსახულებას დაუწყო თვალიერება. ნახევრად მძინარე, ჩასიებული თვალებითა და გაწეწილი თმით. კიდევ კარგი გუშინ სახლში არ დარჩა, თორემ დღეს ნამდვილად ვერ გადაურჩებოდა კითხვისნიშნიან მზერებს. სახეზე წყალი შეისხა და ნიჟარას დაეყრდნო. კიდევ იმ უცნობზე ეფიქრებოდა. ნეტავ ვინ იყო ან რა უნდოდა? არა, რაც უნდოდა ეს გასაგებია, მაგრამ რატომ ნინა, როცა იქ მასზე გაცილებით მიმზიდველი გოგონები ცეკვავდნენ? თან ეს ქართული ”ჯანდაბა”... კვდებოდა ინტერესით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?
-ნინ, გაიღვიძე?-თვალების ფშვნეტით შეაკითხა ქეითმა.-ვერც გავიგე როგორ ადექი.
-ჩუმად ავდექი და იმიტომ!-გაუცინა მეგობარს.-შენ და პედროს აღარ შეგიშალეთ ხელი.
-მე და პედრო იმდენი წლის ცოლ-ქმარი ვართ, ხელს ვეღარ შეგვიშლი!-აჰყვა ქეითიც.-შენ როგორ ხარ? დაგიმშვიდდა გონება? რაღაცებს ბურტყუნებდი გუშინ, ხელი გამიშვიო, მერე არ წახვიდეო, ვეღარ გავარკვიე რა გინდოდა. მოხდა რამე?
ნინამ ერთი ღრმად ამოიოხრა და გადაწყვიტა ყველაფერი მოეყოლა. ამბის მოსმენისას კი ქეითის თვალები თანდათან ფართოვდებოდა და გაურკვევლობით ივსებოდა.
-სულ ეს იყო, შემდეგ უკვე თვალები გავახილე და თქვენ დაგინახეთ. წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო, მაგრამ ასი პროცენტიტ ვარ დარმწუნებული, რომ ის, ვინც ცეკვის დროს შემომეხვია და ის, ვინც წაქცევისგან გადამარჩინა, ერთი ადამიანია.
-და თან ქართველი! ნინა, ექსტაზის ბრალი ხომ არ არის?
-მოიცა, შენ რა, გგონია რომ მომეჩვენა?
-არა, არაფერი არ მგონა, უბრალოდ სხვა ახსნას ვერ ვუძებნი.
-ვერც მე... არადა ვკვდები ინტერესით...
-არის ერთი შანსი, რომ გავარკვიოთ!-მოულოდნელად წამოიძახა ქეითმა და თვალები გაუბრწყინდა.-ისევ წავიდეთ კლუბში. ხომ თქვი ბარმენს სახელით მიმართა და უთხრა შარში არ გაეხვათო? ანუ კარგად იცნობს, შესაბამისად იქ ხშირად დადის. ხომ შეიძლება დღესაც იყოს...
-ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ... მეშინია.
-რისი გეშინია? გუშინდელის განმეორების? შენ თუ არ გენდომება, თითსაც ვერ დაგაკარებს და თუ რამე მოხდება თქვენ შორის, მაგის გამოც ნუ მოიკლავ თავს. უკვე თექვსმეტი წლის ხარ, ნინა!
-რა მნიშვნელობა აქვს ამას? სულაც არ მინდა ეს პირველად რომელიმე კლუბის ტუალეტში მოხდეს. და შენც ნუ ამბობ ისეთ რამეს, რისი გამკეთებელიც არ ხარ.
-მე პედროს ცოლი ვარ!
-პედრო კი არა, შენ და ჰარიმ რა ქენით გუშინ? რომ დაგირეკე თურმე საყიდლებზე იყავით და რომ მიპასუხა ქეითი კაბას იცვამსო, კინაღამ გული გამისკდა.
-რა სულელი ხარ!-სიცილი აუტყდა გოგონას.-ვისაუბრეთ უბრალოდ და პირობა დავდეთ, რომ ურთიერთობას აღარ ავურევთ.
-თქვენი ურთიერთობა ისედაც არეულია და მგონი მე უფრო მინდა, რომ მალე გაარკვიოთ ყველაფერი, ვიდრე თქვენ ორივეს ერთად.
ქეითს აღარაფერი უპასუხია, უბრალოდ გაუღიმა და მომზადება განაგრძო. სკოლაში უნდა წასულიყვნენ, მეორე დღესვე გაცდენა არ იქნებოდა კარგი საქციელი. სკოლის შემდეგ ნინას ბაბუასთანაც უნდა შეევლო. მისი და მისი პარტნიორი გურამის პროდუქტები ყოველწლიურ დეგუსტაცია-კონკურსზე გაქონდათ, ეს კი საკმაოდ გემრიელი და ლამაზი სანახაობა იყო. ყველა ცდილობდა საკვები მაქსიმალურად ორიგინალურად გაეფორმებინა, რადგან შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გემოსთან ერთად ვიზუალური მხარეც იყო. ნინა ყოველთვის ესწრებოდა ამ ღონისძიებას და არც დღეს აპირებდა გამოტოვებას.
-ქეით, შენი ტანსაცმელი უნდა მათხოვო! სახლში შევლას ვერ ვასწრებ...-ამოიკრუტუნა საწყლად, ქეითმა კი მის სიტყვებზე თვალები აატრიალა.
-რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, რომ თხოვნა არ გჭირდება? აიღე რაც გინდა! მაგრამ ბაბუასთან თუ მიდიხარ, კაბის ჩაცმა აჯობებს.
საბოლოოდ მაინც ჯინსი და გულამოჭრილი, ფისოებიანი სვიტრი ჩაიცვა. არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და კაბით წასვლას, მით უმეტეს სკოლაში, ნამდვილად არ აპირებდა. მალევე მოწესრიგდნენ და ავტობუსის გაჩერებისკენ აუჩქარებლად გაემართნენ. ახალი დღე კი, თავის მხრივ, ახალი და საკმაოდ საინტერესო თავგადასავლის დასაწყისს ნიშნავდა...
* * *
ანიკამ იმ დღეს სამსახურში დაიგვიანა. დილით ერთ-ერთი ძვიირადღირებული სასტუმროს პენტჰაუსში რომ გაიღვიძა და გვერდით ბალიშზე სანდროს წერილი დახვდა, გულიანად გაეცინა. ამხელა ხალხი იყვნენ და ისევ თინეიჯერებივით იქცეოდნენ. სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მათი გრძნობა არ გაცვეთილა და არ გახუნებულა...
სახლში სწრაფად შეირბინა, გამოიცვალა და შემდეგ სამსახურისკენ გაიქცა. უყვარდა თავისი საქმე და ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ფსიქოლოგიც იყო. ჰქონდა ვარიანტი, რომ სანდროსთან დაეწყო მუშაობა, მაგრამ მაინც საკუთარი კაბინეტის გახსნა არჩია. უკეთესიც იქნებოდა თჲ მცირე დროს მაინც გაატარებდნენ ცალ-ცალკე. თან ანიკა სამსახურში ისევე კარგად გრძნობდა თავს, როგორც სახლში და ნამდვილად არ აპირებდა მის გაცვლას სხვა რამეზე.
რომ მივიდა, ემა უკვე იქ დახვდა. პაციენტების პირად საქმეებს აწესრიგებდა და ანიკას დანახვისას, ეშმაკურად ჩაეღიმა.
-კაბინეტში სიურპრიზი გელოდება!-და მართლაც დახვდა სიურპრიზი, თანაც, ულამაზესი. ლარნაკში ფერადი გერბერების თაიგული იდო, თაიგულში კი_პატარა ბარათი.
ანიკამ გაღიმებულმა ამოიღო, მაგრამ როდესაც ინგლისურად დაწერილი ტექსტი და თან სანდროს კალიგრაფიისგან სრულიად განსხვავებული დაინახა, ცოტა არ იყოს, გაოცდა.
”მათი სილამაზე შენსას ვერც კი შეედრება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.”
გამომგზავნის ვინაობა არ ეწერა, ანიკა კი ამ სიტყვებმა უარესად დააბნია. სანდრო ყოველთვის სისხლისფერ, ან თეთრ ვარდებს უგზავნიდა, თანაც ისეთი ბარათებით, წაკითხვისას რომ ერთიანად წითლდებოდა. ეს კი აშკარად ვიღაც სხვის ნახელავი იყო.
”ეს მხოლოდ დასაწყისია”-ანიკა ყველაზე მეტად ამ სიტყვებმა ააღელვა. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს...
-ანიკა, მისტერ კუპერი მოვიდა, შემოვიყვანო?-კაბინეტის კარი შემოაღო ემამ და დროებით ფიქრებს მოსწყვიტა. გოგონას თავი დაუქნია, ბარათი თაიგულშივე ჩააბრუნა და პაციენტის შესახვედრად მოემზადა.
* * *
ქეითი და ნინა სკოლაშჳ რომ მივიდნენ, მეგანი თავის სიმპატიურ შეყვარებულთან ერთად ისევ გარეთ იდგა. მათი შემხედვარე, ნამდვილად ვერ იფიქრებდით, რომ მოსწავლეები იყვნენ. ან, იყო კი ეს ბიჭი მოსწავლე? შედარებით დიდს ჰგავდა...
-მეგანის შეყვარებული მოგეწონა?-უჩურჩულა ქეითმა და მხარი გაჰკრა.
-საიდან მოიტანე?-თვალები ჭყიტა ნინამ და სასწრაფოდ მოაშორა მზერა მოალერსე წყვილს.
-ორი დღეა მიშტერებული უყურებ! ხომ იცი, რომ კარგი დღე არ დაგადგება თუ ჩაერევი?
-ქეით, არაფერი არ ხდება, საერთოდ! ნუ იგონებ რაღაცებს!-ხელი აიქნია ნინამ და შენობაში შევიდა.
მაგრამ ხომ ყოველთვის არის პატარა ინტერესი ”არაფერი ხდება”-ს უკან? ამ შემთხვევაშიც ასე იყო. თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ უცნაური გრძნობა უჩნდებოდა. თავს დაძაბულადაც კი გრძნობდა გვერდით რომ ჩაიარა. სხვათაშორის, მისი მზერაც დაიჭირა. არა, ნამდვილად არ მოჩვენებია! აშკარად დააფიქსირა როგორ გამოხედა და შემდეგ უცნაურად ჩაეღიმა. რაშია საქმე?
მთელი დღე ვერ მოუყარა ფიქრებს თავი. ხან მეგანის ბიჭზე ეფიქრებოდა, ხან კლუბის უნცობზე. ერთ დღეში ორი ბიჭი მეტისმეტია! მით უმეტეს მაშინ, როდესაც აქამდე ამ მხრივ მის ცხოვრებაში სრული სიმშვიდე იყო. როგორმე უნდა მოეხერხებინა კონცენტრაცია, მაგრამ ვერაფერი გააწყო. გაკვეთილები ისე დაუმთავრდა, ვერც გაიგო. სკოლის შემდეგ მეგობრებს დაემშვიდობა, ტაქსი გააჩერა და იმ საგამოფენო ცენტრისკენ გაემართა, სადაც ბაბუას უნდა შეხვედროდა. კი იცოდა თავს უხერხულად რომ იგრძნობდა ელეგანტურად გამოწყობილი ქალბატონების გვერდით, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. სახლში რომ შეევლო, გამოეცვალა და ისე წასულიყო, დაიგვიანებდა. დაე იყოს ჯინსსა და სვიტერში! ბაბუას ასეთიც მოეწონება.
-გოგონა, გზა გადაკეტილია, შემოვლითით რომ წავიდეთ ნახევარი საათი მაინც დაგვჭირდება, გაწყობთ?-ფიქრებიდან მძღოლის სიტყვებმა გამოიყვანა და ახლაღა გაიხედა ფანჯრიდან. ნიუ-იორკში საცობები არასდროს ყოფილა გასაოცარი მოვლენა, მაგრამ ახლა მაინც განსაკუთრებით მოეშალა ნერვები. აქ ჩამოვალო უთხრა, მგზავრობის თანხა გადაიხადა და თბილი მანქანიდან გაყინულ ქუჩაში გააბიჯა.
ისე ციოდა, ლამის უკან შებრუნდა. სასტუმრომდე გასავლელი გზა გაორმაგებულად მოეჩვენა, თან ყურსასმენებიც ჩანთის სიღრმეში ეგდო და სანამ ამოიღებდა, აბურდულს გახსნიდა, მუსიკას შეარჩევდა და მოირგებდა, მივიდოდა კიდეც. ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო და სწრაფად გაემართა ცათამბრჯენისკენ. შესასვლელთან ფოტოგრაფებსა და ჟურნალისტებს მოეყარათ თავი. ისეთი ამბავი იყო, იფიქრებდით რომელიმე ცნობილი დაჯილდოების ცერემონიალზე მოვხვდიო. ნინამ თვალები აატრიალა და უკანა კარისკენ გაემართა, რომლითაც კონკურსის მონაწილეები და სასტუმროს პერსონალი სარგებლობდა.
კინაღამ მეტყველების უნარი დაკარგა, როდესაც ავტოსადგომზე ახლახანს გაჩერებული თეთრი ”ლექსუსი” და მისი მძღოლი დაინახა. სწრაფადვე იცნო მეგანის ბიჭი. ამას აქ რა უნდა? ნინას დაყვება? არა, სისულელეა! თავს ძალა დაატანა რომ თვალი მოეწყვიტა. კარი გამოაღო და ის იყო შიგნით უნდა შესულიყო, რომ ახლადგამოჩენილმა სტუმარმა მხარი გაჰკრა და ისე შეაბიჯა, გოგონამ პირი დააღო. გააზრებაც ვერ მოასწრო ისე წამოიძახა ქართულად:
-უზრდელი!-თვალებს მულტფილმის გმირივით აკვასკვასებდა და ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა, პასუხის გასაცემად შემობრუნებულ ბიჭს გაბრაზებული მზერა ჩუმი ჩაცინებით შეეცვალა.
-უკაცრავად?!-უპასუხა ასევე ქართულად და ნინამ იგრძნო მცირე მიწისძვრა, რომელიც მხოლოდ იმ წერტილში მოხდა, სადაც თვითონ იდგა.
-უზრდელი ხარ! და არ იცი რომ გოგოს ადგილი უნდა დაუთმო!-თვითონაც გაუკვირდა ისე თამამად უპასუხა, შემდეგ კი თავაწეულმა შეაბიჯა შენობაში. მაგრამ ზურგსუკან გაგონილმა სიცილმა ერთიანად ჩამოშალა მისი თავდაჯერებულობა.
-რატომ თვლი რომ ჯერ შენ უნდა შეგატარო? ესე იგი, აღიარებ რომ მამაკაცი ქალზე ერთი საფეხურით მაღლა დგას?-ხმის ტონის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, წარბის აწევაღა აკლდა სრული ეფექტის მოსახდენად. ქართულად მოლაპარაკე ბიჭის აღმოჩენით ისედაც გაოცებული ნინა კი საერთოდ დააბნია მისმა სიტყვებმა.
-მე ეგ არ მიგულისხმია!-უპასუხა ისე, რომ არც შებრუნებულა.-უბრალოდ ზრდილობის საკითხია!-შემდეგ კი კონსიერჟს თავისი მოსაწვევი აჩვენა და ლიფტისკენ გაემართა.
ის იყო გული უნდა დასწყვეტოდა, რა სულელურად გაიმართა ჩვენი პირველი დიალოგიო, რომ კვლავ მოესმა ფეხის ხმა.
-რატომ გარბიხარ არ იცი რომ მოსაუბრის ასე მიტოვებაც უზრდელობაა?-არ ეშვებოდა ბიჭი.
-შენ რატომ მომყვები?-მიაძახა გაბრაზებულმა და მშველელად მოვლენილ ლიფტს შეაფარა თავი. მაგრამ ის იყო კარი უნდა დაკეტილიყო, რომ ბიჭმა ფეხით დაიჭირა, შიგნით შეძვრა და უამრავი ადამიანის ყოფნის მიუხედავად, მაინც ნინას ამოუდგა გვერდით.
-შენ ვინ მოგყვება!-თვალი ჩაუკრა და ისეთი თვითკმაყოფილი სახით გაიხედა წინ, ნინამ გაბრაზებისგან კინაღამ ყურებიდან ბოლი გაუშვა.
მეჩვიდმეტე სართულზე ადიოდა, ლიფტი კი ლოკოკინას სისწრაფით მიიწევდა წინ.
ამდენი ხალხი იყო, რაღა ნინას მიუდგა გვერდით? ისედაც ერთმანეთზე აწეპებულები იდგნენ. თან რა საოცარი სურნელი ჰქონდა?! “BVLGARI AQUA”-სა და სიგარეტის ერთმანეთში შერეული სუნი... მაქსიმალურად ცდილობდა თვალი არ გაეპარებინა, მაგრამ მალევე აუწვა სახე მისმა მზერამ. ბიჭი ისე ურცხვად უყურებდა, ნინას გული უჩქარდებოდა. საბოლოო ეფექტი მაინც საფუძვლიანი დაკვირვების შემდეგ ნათქვამმა სიტყვებმა მოახდინეს:
-იმ შავ კაბაში გააცილებით სექსუალურად გამოიყურებოდი, მაგრამ ახლაც არაგიშავს!-ჩურჩულით უთხრა და ნინა ადგილზე გაიყინა. ანუ, კლუბში ეს იყო? შეუძლებელია! შეშინებული თვალებით გახედა და კედელს აეკრა, პასუხად კი მხოლოდ ჩაფხუკუნება მიიღო.
კარი გაიღო თუ არა, ისე გავარდა, არც დაკვირვებია რომ ორი სართულით ქვემოთ იყო. საბედნიეროდ, უცნაური უცნობი აღარ გაჰყოლია. გული ისე სწრაფად უცემდა, კიბის მოაჯირს დაეყრდნო რომ სული მოეთქვა. ანუ, რა გამოდის? მეგანის ბიჭი, კლუბის ბიჭი და მისი გადამრჩენელი ერთი და იმავე ადამიანია, თანაც ქართველი... ამხელა ქალაქში რომ ასეთ დამთხვევას წააწყდები, უცნაურთან ერთად, ცოტათი საშიშიც კია. მუხლებიც კი უკანკალებდა. რა სასაცილოა, რისი შეეშინდა? იმდენი ხალხის თანდასწრებით მაინც ვერაფერს უზამდა. ან კი რა უნდა ექნა? ჩამორჩი, ნინა, დროა გამოიღვიძო!
თავი ხელში აიყვანა და კიბეს აუყვა. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სწორედ მაშინ, როდესაც ნინამ მეჩვიდმეტე სართულზე ააბიჯა, ლიფტის კარი გაიღო და იქიდან სიმპატიური ლურჯთვალება გამოვიდა.
-კიდევ იტყვი, რომ არ დამდევ?-წამოიძახა აღშფოთებულმა, ბიჭმა კი უბრალოდ სახეზე ხელი ჩამოისვა და თვალები აატრიალა.
-მაქვს რამე მიზეზი, რომ დაგდევდე?-ამოიოხრა და ნინასთან ერთად გაუყვა დერეფანს.-ერთი მაინც მითხარი!
-აბა, გუშინ კლუბში რა იყო?-ამ კითხვის პასუხად ისეთი მზერა მიიღო, შერცხვ კიდეც.
-არაფერიც არ იყო. რატომ ანიჭებ შენს თავს ამხელა მნიშნველობას? შეიძლებოდა ნებისმიერი ყოფილიყო იქ.
-ანუ...
ანუ ნუ გგონია, რომ დედამიწა შენ გარშემო ტრიალებს!-და ამის შემდეგ ბიჭმა სწორედ იმ დარბაზის კარი შეაღო, სადაც ნინა აპირებდა შესვლას.
სანამ ერთად არ აღმოჩნდნენ ბაბუამისისა და მისი მეგობარი გურამის წინ, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ესეც დაემთხვათ. ნუთუ ეს შესაძლებელია?
-ნიკოლოზ?-წარბები აზიდა ჭაღარა კაცმა.-როგორ გამახარე, ბაბუ! გია, გაიცანი, ეს ნიკაა, ჩემი ლაშას ბიჭი!
-ვაჰ, რას ამბობ?! რამხელა კაცია!-გაიღიმა გიამ.-მაგრამ რა მიკვირს, სადაცაა ჩემი ნინაც უნდა გავათხოვო.-ეს სიტყვები აკლდა სრული ბედნიერებისათვის. ნიკად წოდებულმა თავი ვერ შეიკავა და ჩუმად ჩაიფხუკუნა.
-ბაბუ, კარგი რა...-ამოიბუზღუნა ორი წლის ბავშვივით და წარბები შეკა, რაზეც კაცმა გულიანად გადაიხარხარა.
-ნუ იბუტები, ნინა! ხომ იცი, რომ ვხუმრობ. ახლა კი მე და გურამმა უნდა დაგტოვოთ.
-ნიკოლოზ, ჩაკიდე ამ ანგელოზივით გოგოს ხელი და დაათვალიერეთ აქაურობა. კონკურსი რომ დასრულდება, გიას რესტორანში მივდივართ!-გამოაცხადა ბავშვების დამეგობრების და კიდევ უფრო შორს წასვლის იდეით შეპყრობილმა კაცმა და შემდეგ მეგობართან ერთად გადაინაცვლა იმ ადგილისკენ, სადაც სხვა კონკურსანტები უკვე შეკრებილიყვნენ.
-წინასწარ გაფრთხილებ, არანაირი ფლირტი და ერთმანეთის უკეთ გაცნობის მცდელობა! დროს ტყუილად დაკარგავ!-როგორც იქნა მოიკრიბა ნინამ ძალა და ეს სიტყვები ისეთი ტონით წარმოთქვა, თითის დაქნევაღა აკლდა სრულყოფილი ეფექტისთვის. შედეგი? ნიკამ წარბები აზიდა, ზემოდან გაკვირვებული მზერით დახედა, შემდეგ გაიცინა, ხელი ჩაიქნია და სადეგუსტაციო მაგიდისკენ გაემართა. ნინას თავდაჯერებულობა საბოლოოდ იქცა ნამსხვრევებად...
* * *
დიდხანს იარა სანამ სწორ შესახვევს იპოვიდა. აქაურობის შესახებაც ძლივს შეიტყო. ღელავდა... უნდოდა ყველაფერი ისე გამოსვლოდა, როგორც დაგეგმა. უკვე დრო იყო შეეცვალა რაღაც, რადგან მის გარეშე ვეღარ ძლებდა. არა, ეს არ იყო აუცილებელი, მაგრამ თვითონ თვლიდა, რომ სჭირდებოდა. ჰოდა გარისკავს! რას წააგებს? იმედია არაფერს...
როგორც იქნა მიაღწია შეხვედრის ადგილამდე. ყოველთვის წარმოედგინა, რომ ეს სადმე მიყრუებულ ადგილას, მიტოვებული შენობის სიახლოვეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ერთ-ერთი ჩვეულებრივი ბარის წინ იდგა, რომლის თავზეც წითლად ანათებდა წარწერა: ”ადრენალინი”.
-პუნქტუალური ხარ, ეს გამოგადგება!-მოესმა ზურგსუკან ხმა და მისკენ შებრუნდა. ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, საშუალოზე დაბალი და ტატუირებული კაცი ცალყბად უღიმოდა.-დარწმუნებული ხარ?
-რომ არ ვიყო, აქ არ ვიდგებოდი!-შინაგანი ღელვის მიუხედავად, მაინც მოახერხა და ისე მტკიცედ წარმოთქვა, ვერავინ შეიტანდა მის ნათქვამში ეჭვს.
-ჩემი მოვალეობაა გაგაფრთხილო, რომ ეს უკანონოა. ამ საქმეში არანაირი გეგმა და გარანტია არ არსებობს. ყველა საკუთარი თავის პატრონია. არ გქონდეს იმედი, რომ მეგობრებს შეიძენ. ისიც შესაძლებელია, რომ ”ძაღლები” ნებისმიერ წუთს დაგვადგნენ.
-ეს ყველაფერი უკვე ვიცი, მაგრამ, როორც ხედავ, აქ ვარ. როდის და სად ვიწყებთ?
-დღეს, ღამის თზე. აქ მოხვალ ცხრისთვის და მე წაგიყვან, შემდეგ კი შენითაც მოაგნებ ხოლმე. ხომ იცი რაც არის ყველაზე მთავარი?
-არ ჩავრთო ზედმეტი ხალხი ამ ამბავში.
-მართალია. რაც ნაკლები იცი, უკეთესად გძინავს!-თვალი ჩაუკრა კაცმა, ხელი ჩამოართვა და შემდეგ ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა.
დღეს ახალი და საინტერესო ეტაპი დაიწყებოდა მის ცხოვრებაში და ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ეს, თავისმხრივ, სახიფათოსაც არ ნიშნავდა. თუმცა, ამისთვისაც მზად იყო. მან ხომ ძალიან დიდხანს იფიქრა სანამ ამ არჩევანს გააკეთებდა... იმის შესატყობად კი, კარგია თუ ცუდი ეს არჩევანი, თქვენც ხანგრძლივი ლოდინი დაგჭირდებათ...
ნათია ჯაგოდნიშვილი