-ნინა, მამა, იცოდე თუ რამე დაგჭირდება ნებისმიერ დროს მირეკავ! ფრთხილად იარე, სოკოს არ გაეკარო...
-სანდრო, მხოლოდ ერთი ღამით მიდის!-თვალები აატრიალა ანიკამ, მაგრამ შვილის ზურგჩანთაში მაინც ჩატენა სპირტი და ბამბა.
-რატომ არ შეიძლება რომ მეც წავყვე?-წუწუნით იკითხა ლიზიკომ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრე იყო, მაინც არ დაეზარა საწუწუნოდ ადგომა. ისედაც მთელი კვირა ითხოვდა, მეც გამაყოლეთ ექსკურსიაზეო.
-მამიკო, ნინა შენი კლასის ექსკურსიებზე ხომ არ დადის?-მის წინ ჩაიმუხლა სანდრომ, პატარამ კი ტუჩები გაბუშტა.
-მაგრამ მე პატარა ვარ და მინდა!-ჩაუდუდღუნდა გაბუტულმა და ფეხებიც დააბაკუნა. ცოტაც და ცრემლებიც წასკდებოდა.
-ლიზ, ჩვენ არც კაკაო გვექნება და ვერც საჭორაოდ მოვიცლით, მთელი დღე ტყეში უნდა ვიაროთ!
-ჰო, მაგრამ მძინარე მზეთუნახავთან მიდიხართ!-წამოიძახა საბოლოოდ და რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ, სანდროს, ანიკასა და ნინას ერთდროულად აუტყდათ სიცილი.
-პატარავ, მძინარე მზეთუნახავთან კი არა, მძინარე მზეთუნახავის მთაზე მივდივართ, ჯორჯის ტბასთან!-ღიმილით აუხსნა ნინამ, სპორტული მოსაცმელის ელვა შეიკრა და ზურგჩანთაც მოიგდო. უკვე მზად იყო წასასვლელად...
სკოლამდე, რა თქმა უნდა, სანდრომ მიიყვანა. უყვარდა მასთან ერთად მგზავრობა, თავს რამდენადაც უსაფრთხოდ, იმდენად კომფორტულადაც გრძნობდა. თან, საკმაოდ ბევრი ფეხით სასიარულოს წინ, ნამდვილად არ ეხალისებოდა ავტობუსით მგზავრობა.
ლილიმ კი ყველას უთხრა, ექსკურსიაზე მივდივართო, მაგრამ საბოლოოდ ლაშქრობა აღმოჩნდა. ბოლო დღემდე არ ამხელდა, ხალხი რომ არ დაეკარგა. ეგ კი არა, ისეთ შეღავათებზე წავიდა, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა. ბავშვებს იმის უფლებაც კი დართო, მეგობრები წამოეყვანათ, ოღონდაც წამოსულიყვნენ.
სწორედ ეს ფაქტი იყო, ნინას მოსვენება რომ დაუკარგა. მას შემდეგ, რაც სკოლის ავტოსადგომზე, გოგონების გაფრთხილების მიუხედავად, მაინც გაიხედა უკან და ნიკოლოზზე მიკრული მეგანი დაინახა, ვერაფრით იშორება იმ აზრს თავიდან, რომ გოგონა აუცილებლად წამოიყვანდა „მეგობარს“. ერთი პერიოდი იმაზეც კი ფიქრობდა, რომ საერთოდ არ წასულიყო, მაგრამ ბოლოს მაინც გადაიფიქრა. მეგობარს ვერ დააღალატებდა, უფრო ზუსტად კი, ლილის კლანჭებში ჩავარდნას ნამდვილად ვერ გაუძლებდა.
-ღამით სანამ დაიძინებთ, დარწმუნდით, რომ კოცონი ჩამქვრალი იყოს...-კიდევ ერთხელ გაუმეორა სანდრომ, მანქანა სკოლის წინ რომ გააჩერა.
-კარგი, მამა.-გაუღიმა ნინამ.
-ეცადე სანამ მოახერხებ და მობილური გაგიძლებს, კავშირზე იყო.
-კარგი, მამა.
-და ფრთხილად იყავი!-ჩაეცინა ბოლოს, როცა მიხვდა, რომ ზედმეტი მოსდიოდა, შემდეგ კი შვილს შუბლზე აკოცა და ანიშნა, რომ უკვე შეეძლო წასულიყო...
და ნინაც წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეშინოდა იმ სიურპრიზის, რომელიც ზუსტად იცოდა, რომ დახვდებოდა...
* * *
-მაინც ვერ გამიგია, რატომ აიჩემე ეს ლაშქრობა!-თავი გადაიქნია ტაილერმა, რომელიც ნიკას მანქანის საჭეს მისჯდომოდა და ძალიან უკმაყოფილო სახით უახლოვდებოდა სკოლას.
-დამპატიჟეს და რატომ მეთქვა უარი?!-ჩაეცინა და სიგარეტს ძლიერად მოქაჩა.-შენ თუ იმით ხარ უკმაყოფილო, ადრე რომ მოგიწია გაღვიძება, პირდაპირ თქვი!
-იმ გოგოს გამო მიდიხარ, არა?
-მეგანი ჩემი შეყვარებულია, რატომ არ გავაბედნიერო, თუკი ეს შემიძლია?
-მეგანზე კი არა, ნინაზე გეუბნები!-გაეცინა ტაილერს.-შენს ჰომოსექსუალობას უფრო ადვილად დავიჯერებ, ვიდრე იმას, რომ მეგანი მართლა გიყვარს!
-არცაა საჭირო, მიყვარდეს!-თვალი ჩაუკრა ნიკამ.
-ვერაფერი გამიგია. იმ სკოლის საუკეთესო გოგო შენი შეყვარებულია და მაინც ვიღაც ბავშვს დასდევ!
-არავისაც არ დავსდევ, ნუ აჭარბებ.
-ჰო არა? და არც გაინტერესებს?-გაეცინა ბიჭს.-აბა ჯერემის სიტყვებზე შენი რეაქცია რა იყო?
-გეხვეწები, ბებიაჩემივით ნუ ჩამაცივდი!-თვალები აატრიალა ნიკამ.
-ფრთხილად იყავი, საკუთარ დაგებულ მახეში შენ თვითონვე არ გაება!-თვალი ჩაუკრა ტაილერმა და თეთრი „ლექსუსი“ სკოლის წინ გააჩერა.
-მე კი არა, შენ იყავი ფრთხილად და იცოდე, მანქანას გაუფრთხილდი, თორემ ფეხებით დაგკიდებ!-შემდეგ კი უკანა სავარძლიდან ზურგჩანთა გადმოათრია და ეზოში შეკრებილი ბავშვებისკენ გაემართა...
* * *
-ზუსტად ამის გამო არ მინდოდა წამოსვლა!-ჩაიბურდღუნა ნინამ, ავტობუსში რომ მოთავსდნენ.
-ნინა, უკვე ნერვებს მიშლი!-თვალები დაქაჩა მიამ.-მეგანის გამო როგორ უნდა თქვა რამეზე უარი?
-მეგანი არაფერ შუაშია. ვღიზიანდები იმ ვაჟბატონს აქ რომ ვხედავ. რა ჯანდაბის გამო წამოვიდა ჩვენი კლასის ექსკურსიაზე? მეტი საქმე არ აქვს?
-რაში გაინტერესებს?-უკანა სავარძლიდან თავი გადმოყო ლილიმ.-შენ ის გოგო არ ხარ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებაო?
-არც ჯდება, უბრალოდ არ მომწონს ჩვენს ექსკურსიაზე სხვებიც რომ არიან!-მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა და გოგონების სიცილიც დაიმსახურა. საბოლოოდ, როცა მიხვდა როგორი სისულელე თქვა, რადგან ისედაც უამრავი უცხო ხალხი იყო, თვითონაც გაეცინა, მაგრამ ხასიათი მაინც არ გამოუსწორდა.
-მე იმაზე ვნერვიულობ, ჰარიმ მაშინდელი საბილიარდოს ამბის გამო არაფერი გააკეთოს...-ამოთქვა ქეითმაც და ნინამაც თვალები ჭყიტა.
-მაგაზე სულ არ მიფიქრია!-შეჭმუხნა წარბები და უკანა სავარძლისკენ გაიხედა, სადაც ბიჭები მოკალათებულიყვნენ. ნიკა და მეგანი კი მათ წინ ისხდნენ და საერთოდ არ ეცალათ არავისთვის.-ღმერთო, არ ჯობდა აქ წამოსვლას სასტუმროში წასულიყვნენ?
-ნინა, შეეშვი ეჭვიანობას!-გაეცინა მიას და გოგონამაც მაშინვე თვალების ბრიალით ააფარა პირზე ხელი...
* * *
მგზავრობა ისეთი ჩუმი გამოდგა, ვერც იფიქრებდით, ეს ბავშვები წლების განმავლობაში თუ იცნობდნენ ერთმანეთს. ლაშქრობა, მითუმეტეს ღამისთევით, ნამდვილად კარგი შანსი იქნებოდა მათ დასაახლოვებლად. ახლა ყველა თავისთვის იყო, მეგობრების რამდენიმეკაციან ჯგუფთან ერთად. სულაც არ ეხალისებოდათ არც კლდეებზე ცოცვა და არც ტბის დათვალიერება.
-ყოველ უიქენდზე უნდა მოვაწყო ასეთი რამ, თორემ ჭკუიდან გადამიყვანთ!-ემოციებს ვერ ფარავდა ლილი, ადამი კი სიცილით ამოუდგა გვერდით და ხელი მოხვია.
-ნუ ხარ ასეთი მკაცრი, პატარავ!-თვალი ჩაუკრა და ცხვირზე აკოცა, გოგონამ კი გაბრაზებულმა გადააქნია თავი.
-ასეთი უინტერესო როგორ უნდა იყოს ადამიანი, არ მესმის...-ჩაიბურტყუნა, ავტობუსის საბარგულიდან საკუთარი ზურგჩანთა აიღო და სხვებსაც ანიშნა, რომ მომზადებულიყვნენ. წინ მართლაც გრძელი გზა ელოდათ.
ნინა მაქსიმალურად ცდილობდა, საერთოდ არ მიექცია ყურადღება იმ ადამიანისთვის, რომლის იქ ყოფნაც საშინლად ძაბავდა. ვერაფერი გაეგო, ვერც ნიკასთვის და უფრო მეტად, ვერც საკუთარი თავისთვის. ჯერ იყო და ლამის სექსუალური ძალადობისთვის ეჩივლა, შემდეგ კი ხასიათი უფუჭდებოდა იმის გამო, რომ მეგანთან ერთად ხედავდა. მეგანთან, რომელიც რეალურად მისი შეყვარებული იყო...
-ჰეი, ნუ ჩამოგტირის სახე!-გვერდით ამოუდგა ქეითი.-ყველა ამჩნევს, რომ რაღაც გჭირს!
-კარგი, რა!-ჩაეცინა.-ვინ ყველა? ჰარი და ადამი?
-თუნდაც! შენ გგონია ვინმეს მისცემენ უფლებას, ხასიათი რომ გაგიფუჭოს?
-ვიცი, რომ არ მისცემენ, მაგრამ მართლა არ შემიძლია არ შევიმჩნიო.
-ასე მოკლე დროში ასე ძალიან როგორ დაგახვია თავბრუ?
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი. რაც გამოჩნდა იმის შემდეგ მოსვენება დავკარგე. ან მის საქციელზე ვფიქრობ, ან უსაქციელობაზე!-თვითონვე გაეცინა საკუთარ ნათქვამზე და როდესაც შეატყო, რომ ზემოთ ასვლა უკვე უძნელდებოდა, იქვე დაგდებულ ჯოხს დაავლო ხელი.
-გოგონებო, დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ოუ, სად არიან თქვენი ბიჭები?-სიცილით იკითხა მეგანმა, რომელსაც ნიკოლოზისთვის ჩაეკიდა ხელი და უბრალო ბორცვზე ასასვლელად ისე იკლაკნებოდა, როგორც მარილმოყრილი ჭიაყელა.
-შენ ასფლატზეც ხელმოკიდებული დადიხარ?-არსაიდან გაჩნდა ლილიც.
-თუ ჩემს ბიჭთან ერთად ვარ, რა თქმა უნდა!
-როგორ შევცდი უცხოებს წამოსვლის უფლება რომ მივეცი!-თავი გადაიქნია გოგონამ და შეუმჩნევლად ნინას შეუღიტინა, თუმცა ამ უკანასკნელმა მხოლოდ ჩაიფხუკუნა და თვალების ბრიალით უთხრა, მეორედ ხელს მოგაძრობ, ხომ იცი როგორი ისტერიკა მემართება ღიტინზეო...
* * *
-ვერ ვხვდები, ეს ადგილი აქამდე რატომ არ მქონდა ნანახი!-ბალახზე დაფენილ პლედზე ზურგით გადაწვა ჰარი, ქეითმა კი, რომელსაც მის მუცელზე ჰქონდა თავი დადებული, წარბებაწეულმა გახედა.
-კლუბების დალაშქვრით იყავი დაკავებული აქამდე და იმიტომ!
-თქვენ გირჩევნიათ ამის შეწვაში დამეხმაროთ!-გასძახა ჯოშუამ, რომელიც კოცონთან ჩამუხლულიყო და წვრილ ჯოხზე წამოცმულ სოსისებს ატრიალებდა.
-შეჭმაში დაგეხმარებით, არ იდარდო!-საიდანღაც თავი წამოყო მაიკლმაც.
-არაფერსაც არ გაჭმევთ, იყავით მასე წამოწოლილები!-აბურტყუნდა სინდი.
-სიამოვნებისგან ლამისაა ვიკრუტუნო, დღე რომ ასე დამთავრდა!-წამოიძახა ლილიმ და თვითონაც კოცონთან შეკრებილ ბავშვებს მიუახლოვდა.
მართლაც, ყველაფერი ისე წავიდა, როგორც არავინ ელოდებოდა და წარმოიდგენდა. მწვერვალზე ასვლაშიც დაეხმარნენ ბავშვები ერთმანეთს, საკმაოდ სახიფათო დაღმართზეც ჩაიყვანეს ბიჭებმა გოგონები, ხმელი ტოტებიც ერთად შეაგროვეს, კარვებიც ერთად გაშალეს და კოცონის დანთებაშიც ყველამ მიიღო მონაწილეობა. საქმე გადაინაწილეს და ყველაფერს ისე მარტივად გაართვეს თავი, რამდენიმე კვირით აქ რომ ჩარჩენილიყვნენ, გადარჩენა ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ.
მხოლოდ ერთი წყვილი იყო დასაწყისიდანვე უსაქმოდ. დასაბანაკებელი ადგილი აირჩიეს თუ არა, მაშინვე ერთი ხის ძირში დასხდნენ და ისე ჭუკჭუკებდნენ, ნინას ლამის იყო თმით ეთრია ის ალქაჯი, რომელიც სინამდვილეში არაფერში იყო დამნაშავე, რადგან საკუთარ შეყვარებულთან ერთობოდა. ამას ნამდვილად ვერავინ აუკრძალავდა.
-მობილური დამიჯდა!-აწუწუნდა ნინა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეს-ესაა სასმელი წყალი გამოლეოდათ ხანგრძლივ ექსპედიციაში მიმავლებს.
-ოუ, როგორღა დაურეკავ მამიკოს? გინდა გათხოვო?-ცალყბად ჩაეცინა ნიკას და ეს იყო მათი პირველი კონტაქტი არამარტო დღეს, არამედ მთელი კვირის განმავლობაში.
ისეთი სახით იყურებოდა, აშარა იყო, სიტუაციით კარგად ერთობოდა, უფრო მეტად კი, ნინას სახით, რომელსაც გაგონილმა თვალები დააჭყეტინა. პირიც კი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ როგორც ჩანს, გადაიფიქრა, რადგან უსიტყვოდ გაბრუნდა, მიას რაღაც გადაულაპარაკა და გაურკვეველი მიმართლებით გაემართა. მარტო.
-ახლავე დავბრუნდები...-რამდენიმე წამში გადაულაპარაკა მეგანს ნიკამ და სანამ გოგონა გაპროტესტებას მოასწრებდა, მანამდე გაუჩინარდა.
* * *
ნინა გაბრაზებული მიაბიჯებდა, თვითონაც არ იცოდა საით და თან გულში ლოცულობდა, რომ მიმართულება არ არეოდა. ისეთი ნათელი ღამე იყო, ამის არ ეშინოდა, მით უმეტეს, პატარა, ჯიბის ფარანიც ჰქონდა, მაგრამ ტყის ბინადრებს ვერსად წაუვიდოდა, არასწორ ადგილას რომ გადაეხვია და ეს აშინებდა ყველაზე მეტად. უბრალოდ იქ დარჩენა აღარ შეეძლო. ისედაც საკმარისად ითმინა მთელი დღე ყველაფერი. არა, როგორი უნამუსოა?! ჯერ ცდილობს ნინას აკოცოს და შემდეგ... მის თვალწინვე კოცნის სხვას. ამაზრზენია! ნამდვილი მაჩოა, უტვინო, უგულო, ჰორმონებს აყოლილი მაჩო!
-ნინა!-კინაღამ ფეხი გადაუბრუნდა და ძირს გაიშხლართა ნაცნობით ხმით დაძახებული საკუთარი სახელი რომ გაიგონა.-სად გარბიხარ?-უფრო და უფრო უახლოვდებოდა ხმა.
-წადი და შენს შეყვარებულს მიხედე, მე ნუ მომყვები!-დაუყვირა ისე, რომ უკანაც არ გაუხედავს, პასუხად კი მხოლოდ გულიანი სიცილი მიიღო.
-დაიკარგები და იცოდე, მე არ დაგეხმარები!
-არც მჭირდება შენი დახმარება. საერთოდ არ მჭირდები, რატომ მომყვები?
-ვინ გითხრა რომ შენ მოგყვები?
-აბა რამ გაიძულა შენს ძვირფას შეყვარებულს მოშორებოდი?
-ეჭვიანობ, ნინა?-ამასობაში მიუახლოვდა და გვერდითაც ამოუდგა კმაყოფილი ღიმილით სახედამშვენებული ნიკოლოზი.
-კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ!-თვალები დააკვესა გოგონამ და უშნოდ ჩამოშვერილ ტოტებს ქვემოთ მოხერხებულად გაძვრა.
-უბრალოდ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოვედი, არ შეიძლება?-გაეღრიჭა ბიჭი და ნინამ გაოგნებულ-განცვიფრებული სახით რომ გახედა, სიცილი აუტყდა.-ნუ მიდიხარ მაგ მხარეს!
-შენი საქმე არაა მე სად წავალ!
-ნინა, გირჩევნია დამიჯერო!
-რატომ? შენ რატომ უნდა დაგიჯერო?-თვალი თვალში გაუყარა და უკუსვლით გააგრძელა სიარული.
-თუნდაც იმიტომ, რომ ჩემზე ჭკუას კარგავ!-ვითომც არაფერიაო, ისე აიჩეჩა მხრები.
-ვერ ვხვდები საიდან გაქვს ამხელა ფანტაზია!
-ერთხელ უკვე გითხარი, ნინა, შენ წარმოდგენაც არ გაქვს მე როგორი ფანტაზიის უნარი გამაჩნია!
-ჰოდა გირჩევნია ეგ შენი ფანტაზია იმაზე დახარჯო, რომ როგორმე მეგანის არარსებული, საინტერესო მხარე გამოიგონო!-შეუღრინა გაბუტული, პატარა ბავშვივით და ის იყო კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა უკან, რომ საიდანღაც საშინელი ყეფა მოესმა.
-გეუბნებოდი?!-გაეცინა ნიკას და თავი გადაიქნია, გოგონა კი შიშისგან ადგილს მიეყინა. ბავშვობიდან ეშინოდა ძაღლების.
-თუ შემჭამენ შენი ბრალი იქნება!-აღმოხდა სასოწარკვეთილს და უკან მიხედვისას ორი, მისკენ მორბენალი გერმანული ნაგაზი რომ დაინახა, ტუჩები აუკანკალდა.
-მოდი ჩემთან და არ შეგჭამენ!
-კიდევ რა გინდა?
-ნინა, დამიჯერე!-თვალები აატრიალა ბიჭმა.
-მირჩევნია ამათ ყბაში აღმოვჩნდე ვიდრე შენს ხელებში!-ამოისლუკუნა და ნიკამ მისკენ ნაბიჯი რომ გადადგა, ინსტუქტურად დაიხია უკან. ვერც კი გაიაზრა ისე მიუახლოვდა ძაღლებს.
-მძულს შენი სიჯიუტე!-წარმოთქვა სერიოზული ხმით.-არ შეგიძლია ერთხელ მაინც დამიჯერო?
-არა!-დაუყვირა გაბრაზებულმა და სულ რამდენიმე სანტიმეტრიღა აშორებდა აყეფებული ნაგაზებისგან, ბიჭმა მკლავში რომ ჩაავლო ხელი და თავისკენ გაათრია. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, გააზრებაც კი ვერ მოასწრო, როგორ გაჩუმდნენ ძაღლები.
-აქედან რამდენიმე მეტრში მეტყევეების სახლია და ესენიც საკუთარ ტერიტორიას დარაჯობენ, რომელზეც დაუკითხავად გადააბიჯე!
-და არ შეგეძლო ეგ თავის დროზე გეთქვა?-კიდევ უფრო აუწია ხმას ნინამ. შიშისგან ვეღარც კი აცნობიერებდა, როგორ იქცეოდა.
-და ჩემი ნათქვამი რამე გესმის?!-წარბები ასწია ნიკამ.
-მატყუარა ხარ და იმიტომ არ მესმის! საშინელი, ბოროტი მატყუარა! სულ ფეხებზე გკიდია ისე თამაშობ ადამიანებით! მთელი დღე ჩემს არსებობას არც კი იმჩნევდი, ახლა კი საკუთარი გოგო მიატოვე და მე გამომეკიდე! ზუსტად ვიცი, ამის შემდეგ მინიმუმ ერთი კვირა ისევ გაუჩინარდები და საერთოდ არ გაგახსენდება, რომ შეიძლება ეს ვიღაცას ადარდებდეს!-ყვირილზე გადავიდა ნინა, ბიჭი კი ისეთი სერიოზული სახით მიშტერებოდა, წარბსაც არ ხრიდა.-ვერ გიტან, მძულხარ, რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში? საერთოდაც, იცი რას გეტყვი?-თვალებიდან უკვე ნაპერწკლებს ყრიდა. ასეთი გაბრაზებული არასდროს ყოფილა.
-ვერაფერსაც ვერ მეტყვი!-გაბრაზებულმა, გადაჭრით წარმოთქვა ნიკამ და ტუჩებზე დააცხრა.
ნინა ალბათ ადგილზევე ჩაიკეცებოდა, ბიჭს ასე ძლიერად რომ არ ჰყოლოდა სხეულზე მიკრული. წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა, როგორ მოქცეულიყო, თვალები დააჭყიტა მხოლოდ და ეცადა აჩქარებული პულსაცია როგორმე დაემშვიდებინა, თუმცა ვერაფრით მოახერხა. რამდენიმე წამში თვალებიც კი მიეხუჭა და ერთიანად მოეშვა, აჰყვა და ისიც იგრძნო, როგორ მიიკრეს მკერდზე წელზე შემოხვეულმა ხელებმა. მუხლებში სისუსტეც კი იგრძნო და როდესაც დაცემის თავიდან ასარიდებლად ნიკას კისერზე ხელების შემოხვევას აპირებდა, კოცნა უცბად შეწყდა. ბიჭი თვითონვე მოშორდა და ნინაც გამოერკვა ტრანსიდან. თვალები ბრაზით აენთო ყველაფრის გააზრებისას და სანამ დაფიქრებას მოასწრებდა, მანამ გააწნა მარჯვენათი სილა.
-როგორ გაბედე? ვინ მოგცა უფლება?!-დაუყვირა აჭარხლებულმა.
-სხვანაირად შენი გაჩუმება ვერ მოვახერხე!-ცალყბად ჩაიცინა ბიჭმა.
თითქოს ყველაფერი თავზე ჩამოექცა. მხოლოდ ამიტომ? მხოლოდ ამის გამო აკოცა? რომ გაეჩუმებინა? თუმცა აბა სხვა რა ეგონა? კიდევ ერთხელ აუკანკალდა ნიკაპი, თუმცა ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები სწრაფადვე შეიმშრალა.
-შენ მე ჩემი პირველი კოცნა წამართვი!-თვალი არ მოუშორებია, ისე ძლივს წარმოთქვა ხმააკანკალებულმა, შემდეგ კი შებრუნდა და მაშინვე გაეცალა იქაურობას.
ნიკა კი, იდგა გაშტერებული, მომხდარით გაოგნებული, მოსმენილით შოკირებული და გრძნობებარეული. ვერაფრით ხსნიდა საკუთარ საქციელს და სურვილს, გაჰყოლოდა და ბოდიში მოეხადა. არა იმისთვის, რომ აკოცა, არამედ იმის გამო, კოცნის შემდეგ რომ მოატყუა და გული ატკინა. რომ ატკინა, ეს დანამდვილებით იცოდა. მის თვალებში დაინახა და გაბზარული ხმის გაგონებისას მიხვდა. სწორედ მაშინ, როდესაც თავი უკანასკნელ ნაძირალად იგრძნო და საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ამ გოგოსთან უბრალოდ ვერ შეძლებდა ისევე მოქცეულიყო, როგორც სხვებთან. არც შეეძლო და უკვე, აღარც სურვილი ჰქონდა ამის...
ნათია ჯაგოდნიშვილი