არის მომენტები, როდესაც საკუთარ თავში იმდენად ვერ ვერკვევით, თითქოს გაორებულნი ვართ. ერთი ნაწილი ფეხების ბაკუნით მოითხოვს ჩვენგან იმას, რასაც მეორე თითის ქნევით ეწინააღმდეგება, საბოლოოდ კი, აჭრილი მაწვნის მსგავს ფიქრებს ვიღებთ, გადაწყვეტილების ნაცვლად.
სწორედ ასე იყო ნინაც მას შემდეგ, რაც ლაშქრობიდან დაბრუნდნენ. უკვე კვირაზე მეტი გავიდა, ნიკასგან კი ყოველღამე იღებდა შეტყობინებებს, რომლებითაც მშვიდ ძილს და ლამაზ სიზმრებს უსურვებდა. ისე იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი ბიჭი. მაგრამ იყო ერთი დიდი „მაგრამ“, რომელსაც ნინა არაფრის დიდებით არ გადააბიჯებდა - შეყვარებული ჰყავდა, რომელსაც ასევე ყოველდღე აკითხავდა სკოლაში. მერე რა, რომ ხშირად გრძნობდა მის მზერას, როცა ავტოსადგომზე იყვნენ? ის მაინც მეგანთან იყო და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის უყურებდა სინამდვილეში...
თუ მართლა უნდა ნინასთან ურთიერთობა, რამეს გააკეთებდა, შეყვარებულს მაინც დაშორდებოდა, ის კი პირიქით, თითქოს უფრო დაუახლოვდა. სკოლის გვერდით მდებარე კაფეტერიაშიც კი, აქამდე რომ საერთოდ არ გამოჩენილა, ახლა ძალიან ხშირად იყო. ნინა უკვე ვეღარ ხვდებოდა, რა უნდოდა სინამდვილეში...
არც ერთ შეტყობინებაზე არ გაუცია პასუხი. არც მაშინ იმჩნევდა, თეთრ „ლექსუსს“ მათთან ზედმეტად ახლოს რომ აჩერებდა ხოლმე. ცდილობდა, როგორმე საკუთარ თავზე კონტროლი დაებრუნებინა და არ ებრძოლა იმის მისაღებად, რაც არ ეკუთვნოდა. არ სურდა ურთიერთობა, რომელიც დასაწყისიდანვე დაშორებისთვის იქნებოდა განწირული.
საკუთარი გადაწყვეტილების სიმტკიცეში ისევე იყო დარწმუნებული, როგორც პითაგორას თეორემის მართებულობაში, მაგრამ ყველაფერი ერთიანად ჩამოექცა თავზე, ლიზიკოს ბაღიდან გამოყვანისას, გზის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებულ „ლექსუსზე“ მიყუდებული ნიკოლოზი რომ დაინახა. ისე მეგობრულად აუწია ხელი, თითქოს ძველი ძმაკაცები ყოფილიყვნენ, შემდეგ კი მათკენ გაემართა.
- გამარჯობა! - გაუღიმა და უცერემონიოდ გადაკოცნა ნინა, შემდეგ კი ლიზისკენ დაიხარა. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, პატარა ქალბატონო. მე ნიკა მქვია! - და თვალი ჩაუკრა.
- ქართველია? - თვალები გაუფართოვდა ბავშვს და ნიკამ თავი რომ დაუქნია, რა მაგარიაო, აჭყლოპინდა და თვითონაც გაეცნო.
- როგორ ხარ? - მიუბრუნდა ნინას, რომელსაც ლამის იყო, ლოცვა დაეწყო აზროვნების უნარის შესანარჩუნებლად.
- კარგად. რა გინდა? - მოუჭრა მოკლედ. ზუსტად იცოდა, მის გარემოცვაში დიდხანს ვერ გაძლებდა.
- საოცრად უხასიათოა შენი და! - ისევ ლიზიკოს მიმართა და სიცილით გადაიქნია თავი.
- ჩემთან არ არის! მშვენივრად ვთამაშობთ ხოლმე „ბარბებით“! - ენა გამოუყო პატარამ და ნიკას ისე გულიანად გაეცინა, ნინამ გაბრაზებაც კი ვერ მოახერხა.
- სახლში თუ მიდიხართ, გავისეირნოთ, თან ამ პატარა ჭინკასაც გავიცნობ!
- არ არის საჭირო, სულ ათი წუთის გზაზეა ჩვენი სახლი და თან ლიზიკოს სამეცადინო აქვს.
- აუ, ნინა, გავისეირნოთ, რა... - ისევ აჭყიპინდა პატარა ზარმაცი.
- ნაყინი ვჭამოთ... - და ნიკაც ადვილად მიხვდა, თუ ლიზიკოს დაითანხმებდა, ნინა წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ შეძლებდა.
- შენი აზრით, თებერვალში ბავშვს ნაყინს ვაჭმევ?
- ლიზ, შოკოლადის გინდა თუ ვანილის?
- შოკოლადის, ქოქოსის ფანტელებით! - თვალები აუციმციმდა და ნინამ გაპროტესტებაც ვერ მოასწრო, ისე სწრაფად ჩაკიდა ბიჭს ხელი. - გთხოვ!
- იცოდე, დღეს ზღაპრის გარეშე მოგიწევს დაძინება! - ბოლო იმედს ჩაებღაუჭა ნინა, თუმცა არც ამან გაამართლა.
- მამიკო წამიკითხავს! - თვალი ჩაუკრა ლიზიმ და ხელზე მოქაჩა, წამოდიო.
მანქანაში რომ მოკალათდნენ, ნინა ისეთი სახით იჯდა, თითქოს ძალდატანებით ჩასვეს, არადა, სინამდვილეში, ძლივს ახერხებდა გულის ფარფატის დაოკებას. რატომ მოქმედებს ეს ბიჭი ასე ძალიან? და თან როგორი მზრუნველი და საყვარელია?! ჯანდაბა!
- რატომ არ მიმჩნევ ლაშქრობის შემდეგ? - წამოიწყო ისევ ნიკამ, გოგონამ კი კვლავ ფანჯარაში გაიხედა. - ნინა, ნუ იქცევი პატარა ბავშვივით!
- და რა გინდა, რომ გავაკეთო?
- მინდა, რომ კითხვაზე პასუხი გამცე. რატომ იქცევი ისე, თითქოს არ ვარსებობ?
- იმიტომ, რომ შენ ჩემს კი არა, სხვა გოგოს ცხოვრებაში არსებობ! - თვალები დააკვესა გაბრაზებულმა და ამასობაში, ლიზიკომაც წამოყო უკანა სავარძლიდან თავი.
- შეყვარებულები იყავით? - იკითხა გულუბრყვილოდ, რაზეც ნიკამ ჩაიფხუკუნა, ნინამ კი სასწრაფოდ უპასუხა, რა სისულელეაო.
- არც ერთ შეტყობინებაზე არ გიპასუხია.
- და მაინც ვერ მიხვდი, რომ მოწერა შეგეწყვიტა? ანგარიშს მაინც რატომ არ უფრთხილდები?
- ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა თამაშობენ და შენ ახლა ზუსტად ასე იქცევი!
- ამ სანაყინესთან რომ გავაჩეროთ? - კვლავ ჩაერია ბავშვი, შუქნიშანზე რომ გაჩერდნენ, თუმცა მისი ხმა ჩხუბში ჩაიკარგა.
- როგორ ბედავ და მე მადანაშაულებ თამაშში? - წამოენთო ნინა. - საერთოდ არ გრცხვენია, ამას რომ ამბობ?
- მე? მე რატომ?
- შეყვარებული გყავს, მაგრამ ახლა შენს მანქანაში მე ვარ, აი, რატომ!
- ღმერთო, რატომ ქმნი ამისგან ამხელა პრობლემას? არ შეიძლება უბრალოდ გავისეირნოთ? თუ მაინცდამაინც რამე სტატუსი გჭირდება იმისთვის, თავი კარგად რომ იგრძნო?
- შენ გვერდით თავს კარგად კი არა, დაძაბულად ვგრძნობ! და სულაც არ მომწონს ეს! - დაუყვირა ნინამ და მანქანიდან აპირებდა გადასვლას, უკანა სავარძლისკენ რომ გაიხედა და... ადგილზევე გაიყინა. ლიზიკო იქ აღარ იჯდა...
- ბავშვი სად წავიდა? - მიუბრუნდა ისევ ნიკას, რომელმაც წარბებაწეულმა გახედა, ახლა რაღა მოიფიქრაო.
- ხუმრობ? სად უნდა წასულიყო?
- აქ არ ზის! - იყვირა კიდევ ერთხელ და დაუფიქრებლად გადახტა მანქანიდან. - ლიზი! - თუმცა პასუხი ვერ მიიღო...
- ვერ ხედავ? - გადმოჰყვა შეშფოთებული ნიკაც და ოდნავადაც არ შეიმჩნია, შუქნიშანზე მწვანე რომ აინთო და მის უკან მდგარი მანქანებიდან გამწარებულები უსიგნალებდნენ.
- შენი ბრალია ყველაფერი! - შეშინებულმა აიფარა ნინამ პირზე ხელი და ქუჩა ისე გადაჭრა, არაფრისთვის მიუქცევია ყურადღება. ყველა სანაყინეს დაივლიდა, მაგრამ ლიზიკოს აუცილებლად იპოვიდა!
- ნინა, დამელოდე! - დაუყვირა ნიკამ, მაგრამ აღარაფრისთვის მიუქცევია ყურადღება. ნამდვილად ვერ დაელოდებოდა, როდის გადააყენებდა მანქანას, რომ გაჰყოლოდა.
პირველივე სანაყინის კარი შეაღო და შეშლილივით შევარდა, თუმცა ლიზიკო ვერსად შენიშნა.
- გამარჯობა, უკაცრავად, ხუთიოდე წლის, წაბლისფერთმიანი გოგონა ხომ არ შემოსულა მარტო, ვარდისფერი ქურთუკით? - აქოშინებული მივარდა გამყიდველს, რომელმაც, ცოტა არ იყოს, საეჭვოდ გახედა, შემდეგ კი, უგულოდ გაიქნია თავი, არაო და ისევ კლიენტებს მიუბრუნდა.
- ჯანდაბა! - ჩაიბურტყუნა ქართულად, გარეთ რომ გამოვიდა და ამასობაში ნიკაც მიუახლოვდა.
- მობილური არ აქვს?
- ხუთი წლის ბავშვს? დამცინი? - შეუღრინა ისედაც განერვიულებულმა და კიდევ ერთხელ მოატარა ქუჩას თვალები, თუმცა მისი არანორმალური და მაინც არსად ჩანდა.
- ნინა, ნუ აჰყვები პანიკას, აუცილებლად ვიპოვით! - სახე დაუჭირა ბიჭმა და ეს სიტყვები ისე წარმოთქვა, წამითაც არ მოუშორებია მზერა მისი თვალებისთვის. - ხომ გჯერა ჩემი?
- სანამ არ ვიპოვი, არაფრის არ მჯერა! - ამოიკნავლა სასოწარკვეთილმა, ხელიდან გაუსხლტა და ისევ ქუჩას დაუყვა...
ასე არასდროს შეშინებია. სწორედ ახლა მიხვდა, რას ნიშნავდა სინამდვილეში პანიკა. გული საშინლად ჰქონდა აჩქარებული, შუბლი დაეცვარა, აკანკალებდა და თავს ძლივს იკავებდა, ხმამაღლა რომ არ ატირებულიყო. იმ ქუჩაზე მდებარე ყველა შენობის კარი შეაღეს, მაგრამ ბავშვის კვალს ვერსად მიაგნეს. ნიკასაც კი ატყობდა, როგორ უდგებოდა თვალებში შიში.
მეორე ქუჩაზე რომ გადაუხვია და რამდენიმე მეტრის მოშორებით ერთ ჯგუფად შეყრილი ხალხი დაინახა, იქვე მდგარ სასწრაფოს მანქანასთან ერთად, თუ ადგილზევე არ მოკვდებოდა, არ ეგონა. ადრენალინი ერთიანად მიაწვა საფეთქლებში და მიუხედავად იმისა, რომ მუხლებში სისუსტე იგრძნო, მაინც არანორმალური სიჩქარით მიირბინა. გზადაგზა ხალხს ხელებით სწევდა და რომ უახლოვდებოდა, გრძნობდა, როგორ აღწევდა პულსაცია შესაძლო მაქსიმუმს, საბოლოოდ კი, უცნობი მამაკაცის ზურგს რომ შეასკდა და ისიც გასწია ასფალტზე დაწოლილი ადამიანის დასანახად, თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღალი ტირილი აუვარდა. პირზე ხელებაფარებული გამოვიდა უკან და იქვე მდგარ ნიკას ისე ჩაეხუტა, ბიჭს არაფრის გააზრება არ დააცადა. კისერზე შემოხვია ხელები და სულ არ ადარდებდა, ცრემლებით მაისურს რომ უსველებდა.
- ის არ იყო... - ამოისლუკუნა გულამომჯდარმა. - ლიზიკო არ იყო, ვიღაც მოხუცი ქალი იყო... - დაამატა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ნიკამ ცალი ხელი წელზე რომ შემოხვია, მეორეთი კი თმაზე მოეფერა დასამშვიდებლად, ტირილს კიდევ უფრო უმატა.
ნიკა კი, თავს ისე გრძნობდა, თითქოს დიდი ურო ჩაარტყეს. საკუთარ თავსაც კი ვერ პოულობდა, იმდენად იყო დაკარგული ამ გოგოს მიერ შექმნილ არეულობაში. ვერ ერკვეოდა, რა უნდოდა, რატომ არ ასვენებდა არც მას და არც საკუთარ თავს. ახლა კი, როდესაც იგრძნო, როგორ სჭირდებოდა ნინას, რომ ამ მომენტში თვითონ იყო მისთვის ერთადერთი დასაყრდენი, ძალას მატებდა, მიხვდა, რომ შესაძლოა პირიქითაც ყოფილიყო სინამდვილეში და სწორედ ამიტომაც ვერ ანებებდა თავს. თვალები დახუჭა და კიდევ ერთხელ შეიგრძნო მისი სურნელი, შემდეგ კი, გოგონას ცხვირი კისერში რომ შეეხო და გამოფხიზლდა, დაინახა, როგორ არხეინად მოსეირნობდა ვარდისფერ ქურთუკში გამოწყობილი ლიზიკო, ხელში სამი ნაყინით. თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გასცინებოდა, შემდეგ კი, არც მოშორებია, ისევე უჩურჩულა ნინას:
- დავინახე, ოღონდ თავი ხელში აიყვანე და ძალიან არ გაუბრაზდე, ცოდოა! - და ამის გაგონებისას, გოგონა ისე გველნაკბენივით მოშორდა, ცოტათი ინანა კიდეც, ეს მომენტი რომ არ გააჭიანურა.
- იცოდე, არ გამაჩერო! - თვალებიდან ცეცხლებს აფრქვევდა, ეს რომ უთხრა, შემდეგ კი სწრაფად გაემართა „უძღები ძისკენ“.
- ნაყინები გიყიდეთ! შენ ბანანის და შოკოლადის, შენ კი, არ ვიცოდი, რისი გიყვარდა, ამიტომ „ორეოსი“ წამოგიღე! - გაიკრიჭა უდანაშაულოსავით და პაწაწინა ხელში მოთავსებული ნაყინები გაუწოდა. ისე საყვარლად გამოიყურებოდა და თვალები ისე ეშმაკურად უელავდა, ნინას გაბრაზებას წამებშივე გადაესხა ცივი წყალი, განსაკუთრებით კი, მაშინ, ნიკას რომ სიცილი აუტყდა, დაიხარა და ბავშვს ჩაეხუტა.
- მეორედ ასე აღარ მოიქცე, კარგი? შენს დაიკოს ძალიან შეეშინდა...
- ლიზი, როგორ გაბედე?! - მაქსიმალურად ცდილობდა გაბრაზებული ტონის შენარჩუნებას ნინა. - რამე რომ მოგსვლოდა? რომ ვერ გვეპოვე?
- მოპირდაპირე ქუჩაზე ვიყავი, რა უნდა მომსვლოდა! გითხარით კიდეც, მაგრამ ისე იყავით ჩხუბში გართულები, ვერც გაიგონეთ! - კიდევ აქეთ დაადანაშაულა და ისევ გაუწოდა ნაყინი. - გამომართვი და შევრიგდეთ! - და ნინამაც ვეღარ მოახერხა წინააღმდეგობის გაწევა...
- ისე, ფული საიდან გქონდა? - კვლავ უფროსი დის როლი მოირგო, მანქანაში რომ მოკალათდნენ და ნიკამაც უკანა ხედვის სარკის საშუალებით გახედა პატარა ქალბატონს. ძალიან ართობდა ამ ორის „კამათი“.
- მამიკომ მომცა კაფეტერიისთვის. მე კიდევ არ მეხარჯება, იმიტომ, რომ ლუკს მოვწონვარ და სულ ის მპატიჟებს! - უდარდელად ჩაარაკრაკა და ცოტა არ იყოს, გაკვირვებული სახე გაუხდა, მის სიტყვებზე ისევ რომ გაეცინათ. ვერ ხვდებოდა, გამუდმებით რატომ დასცინოდნენ.
- შენთვის უთქვამთ, რომ ძალიან საყვარელი პატარა ქალბატონი ხარ?
- ნიკოლოზ, კომპლიმენტები არასდროსაა ბევრი! - თვალი ჩაუკრა ახალ მეგობარს.
- ხედავ? შენზე პატარაა და უფრო ადეკვატურად მპასუხობს!
- ორივე ერთი ჭკუის ხართ და იმიტომ! - გაეცინა ნინასაც. მიუხედავად საშინლად დაძაბული დღისა, ამ მომენტში თავს მაინც მშვიდად და მხიარულად გრძნობდა.
თეთრი „ლექსუსი“ ჯაფარიძეების სახლის წინ რომ გაჩერდა და ნიკამ გოგონებს კარები გაუღო, ლიზიკომ სასხვათაშორისოდ წაილაპარაკა, უკვე მისამართიც გცოდნიაო და სანამ რამეს უპასუხებდნენ, ბიჭს ლოყაზე აკოცა და შიგნით შეირბინა. ჰმ, უფროსი დისგან განსხვავებით, ყოველთვის შესანიშნავად გამოსდიოდა ახალი კონტაქტების დამყარება.
- არაჩვეულებრივი ბავშვია! - კიდევ ერთხელ გაეცინა ნიკას. პირველად იგრძნო, რომ საუბრის წამოწყება უჭირდა.
- მართლა ძალიან საყვარელია... - ჩაეღიმა ნინასაც. საშინლად არ უნდოდა სახლში შესვლა, მაგრამ დარჩენის მიზეზსაც ვერ პოულობდა.
- ყავაზე არ დამპატიჟებ?
- ამმ, იცი, შენთვისვე აჯობებს, თუ არ დაგპატიჟებ... - გაეცინა გოგონას და ნიკაც მიუხვდა სათქმელს. სიცილით დაუქნია თავი, გასაგებიაო.
- გმადლობ, რომ დღეს ჩემ გვერდით იყავი... - მაინც გადააბიჯა საკუთარ თავს ნინამ და უთხრა ის, რაც არ უნდა ეთქვა, თუმცა ძალიან უნდოდა. და ბიჭსაც კმაყოფილმა ღიმილმა გაუწელა ტუჩები. ისეთი საყვარელი იყო ამ დროს და ამავდროულად, ისეთი თვითკმაყოფილი, არც კი უფიქრია, რომ უარს მიიღებდა, ისე გადაიწია ნინასკენ. და ეს უკანასკნელიც, გულაჩქარებული რომ ელოდა იმას, რისთვისაც წინააღმდეგობის გაწევის არც თავი ექნებოდა და არც სურვილი, ბიჭი უცბად გაჩერდა. თითქოს ადგილზე გაიყინაო და მზერაც შეეცვალა...
- სწრაფად შებრუნდი... - უჩურჩულა ნინას და გოგონასაც, სანამ შეტრიალდებოდა, ყველაზე საშინელმა ფიქრმა გაუელვა თავში. ღმერთო, ოღონდ სანდრო არ იყოს...
- ანდრია! - წამოიძახა შვებით, თუმცა ბიჭმა ისეთი სახით აუწია ცალი წარბი, იმ მომენტში მამამისისგან არაფრით განსხვავდებოდა.
- ხელი ხომ არ შეგიშალეთ? - წარმოთქვა ხელოვნური უფროსობით და ახლა ნინას წარბის აწევის ჯერი დადგა.
- ძვირფასო, შედი სახლში და მეც ახლავე შემოვალ! - გაუღიმა, სინამდვილეში კი თვალები დაუბრიალა, მაგრამ ბიჭი არც კი განძრეულა.
- აუცილებლად დაგიბრუნებ შენს პირველ კოცნას, ნინა... - და ამასობაში, უჩურჩულა ნიკამაც, ძალიან ფრთხილად შეეხო ტუჩებით კისერზე, შემდეგ კი გოგონამ გაიგო, როგორ ამუშავდა მანქანის ძრავა...
ნათია ჯაგოდნიშვილი