მთელი სხეული ერთიანად უკანკალებდა და ცრემლებს ვერაფრით იკავებდა. ისიც არ ახსოვს კარგად, როგორ მოახერხა სახლიდან ყველაფრის შეუმჩნევლად გამოსვლა, მაგრამ მანქანაში ჩაჯდა თუ არა, მაშინვე ტირილი აუვარდა. რეზიც ვერაფრით ამშვიდებდა. არც ჰქონდა აზრი. სანამ არ მივიდოდა და ყველაფერს საკუთარი თვალით არ ნახავდა, თვითონ ქეითსაც რომ დაერეკა, მაინც არ დაიჯერებდა მის კარგად ყოფნას. გულზე რაღაც არაადამიაურად უჭერდა ხელს და სუნთქვაც კი უჭირდა იმის წარმოდგენისას, რომ შეიძლება დღეს ყველაფერი დამთავრებულიყო. ფიზიკურად გრძნობდა აუტანელ ტკივილს და საშინლად ეშინოდა. ეშინოდა, რომ დაკარგავდა, ამას კი, ნამდვილად ვერ გადაიტანდა...
მანქანა საავადმყოფოს წინ რომ გაჩერდა, რეზის არც დალოდებია ისევე გადახტა. არაფერზე ფიქრის თავი არ ჰქონდა ახლა და ვერც იაზრებდა, როგორ იქცეოდა.
-ნინა, მოიცადე!-ერთი კი დაუყვირა ბიჭმა, მაგრამ მაინც რომ არ გაჩერდა, გასაღები დაცვას ჩააბარა და თვითონაც მიჰყვა.-ნინ, დამელოდე!-გვერდით ამოუდგა ატირებულს.
-რამე რომ მოხდეს...-ამოისლუკუნა კიდევ ერთხელ და ხმა გაუწყდა, აცრემლებული მიეკრა გულზე.
-ქეითი რა გვარია?-ჰკითხა, მისი ადგილსამყოფელი რომ დაედგინათ და პასუხის მიღების შემდეგ მიმღებისაკენ გაემართა...
* * *
ფეხის ხმაზევე იცნო. რამდენი დადიოდა აქ მის გარდა, მაგრამ მაინც იცნო და იმ მომენტში ყველაფერს გაიღებდა, რომ გამქრალიყო. ყველაფერი ერჩივნა ახლა, ნინას მზერის დანახვას. მისი აცრემლებული თვალების დანახვას და სიტუაციის უფრო მძაფრად გაცნობიერებას. თავიდან ვერც ასწია თავი. მხოლოდ მოგვიანებით, ნაბიჯების ხმა რომ მიუახლოვდა. გვერდულად გახედა და ჯერ ნინა დაინახა, შემდეგ კი, კუნთები დაეჭიმა, დილანდელი სილუეტი რომ შენიშნა. რა ჯანდაბას აკეთებს ეს ბიჭი აქ?
-სად არის?-მიეჭრა აკანკალებული, ფერდაკარგული და თვითონაც, ინსტინქტურად წამოდგა ფეხზე. მასწავლებლის წინ დასასჯელად ატუზული ბავშვივით გრძნობდა თავს.
-საოპერაციოში...-ჩაიდუდღუნა და აშკარად შეამჩნია, როგორ შეირყა ნინა. ტუჩები კიდევ უფრო დაებრიცა, შემდეგ კი სახეზე ხელები აიფარა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა.
-ნინ, გთხოვ, ასე ნუ განიცდი...-და ეგონა დენმა დაარტყა, ქართულად წარმოთქმული სიტყვები რომ გაიგონა. იმისთვის აღარც შეუხედავს, როგორ ჩაჭიდა ბიჭმა ხელები, მხოლოდ განგაშის ზარები ურტყავდნენ თავში.
-მშობლებთან დაკავშირება მომთხოვეს, შეიძლება რამეზე ნებართვა დაგვჭირდესო...-წაილაპარაკა დაბნეულმა და გოგონამაც, ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს, თავი დაუქნია.
-მობილურით ვერ შევატყობინებ...-მიუბრუნდა უცნობს. ნიკას არსებობას არც კი იმჩნევდა, თითქოს, საერთოდ არ იყო იქ.
-კარგი, მაშინ წავიდეთ.
-არა, რეზი, სანამ არ გავიგებ, რომ კარგადაა, ვერ წამოვალ.
-მე შემიძლია...-სცადა ჩარეულიყო, თუმცა ისევ სრული უგულებელყოფა მიიღო პასუხად.
-მომეცი მისამართი, მივალ.-ოდნავ გაუღიმე ბიჭმა და შემდეგ სახეზე ხელები მოუსვა.-ოღონდ იმ პირობით, თუ აღარ იტირებ.
-გეხვეწები, მალე მოდი!-შემდეგ კი, მისამართი უკარნახა და ბიჭმა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა საავადმყოფო, რაც ნინას შუბლზე კოცნით დაემშვიდობა...
უნდოდა ადგილზევე მოეკლა. ვინ ჯანდაბაა ამისთანა? ამდენს როგორ ბედავს? და ნინაც რომ საერთოდ არ იმჩნევს? ზედაც კი არ უყურებს! ერთხელაც იქნება, ეს გოგო ნამდვილად ჭკუიდან გადაიყვანს!
-ნი...-წამოიწყო, მაგრამ ამჯერადაც გააწყვეტინა.
-გთხოვ... საერთოდ არაფერზე საუბრის თავი არ მაქვს ახლა.
-ჰო, მაგრამ...
-ნიკოლოზ, ლიზიკოს თავს გეფიცები, ძალიან ცუდად ვარ, ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ და გეხვეწები, თუ ოდნავ მაინც შეგიძლია ჩემს აზრს პატივი სცე, შენ ნუღარ დამიმატებ...-ამოთქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ცრემლებისგან დაგუდული ხმით და ამჯერად, სახეზე ხელების აფარების ნაცვლად, თვალებდახუჭული თავი კედელს მიადო...
* * *
კიდევ დიდხანს არ გამოჩენილა ექიმი. დაახლოებით ნახევარ საათში, დერეფანში ატირებული ქალი და ფერდაკარგული მამაკაცი რომ შევარდნენ, ნიკა მაშინვე მიხვდა, ქეითის მშობლები რომ იყვნენ და კიდევ უფრო დამნაშავედ იგრძნო თავი. ამ გოგოს რომ რამე მოუვიდეს, მართლა არ იცის, როგორ შეძლებს ასე დამძიმებული, ცხოვრების გაგრძელებას...
-რა მოხდა, ნინა? მე მეგონა, შენთან ერთად იყო, სად წავიდა?-ტირილით ჰკითხა ქალმა.
-გთხოვთ, დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება. ხომ იცით, ქეითი ძლიერი გოგოა.
-ნინა, ნუ დაგვიმალავ, სად იყო ჩვენი შვილი?-ამჯერად მამაკაცი ჩაერთო, ნინას კი კვლავ არ ჰქონდა პასუხი. ხომ არ ეტყოდა, უკანონო რბოლაზე მიუჯდა თითქმის უცნობ ბიჭს და იმასთან ერთად მოყვა ავარიაშიო?
-იცით, ქეითი...
-გზაზე გადასვლისას დაეჯახა მანქანა.-შეაწყვეტინა ნიკამ. ვერ აიტანდა, ნინას ამაზე ნერვიულობაც რომ დამატებოდა.-სუპერმარკეტიდან გამოვდიოდი რომ დავინახე, შემდეგ კი აქ წამოვიყვანე და მობილურში ბოლო ზარი ვისთანაც ჰქონდა, იქ დავრეკე.-დაახვავა სახელდახელო ტყუილები ერთმანეთს და სახე აუწვა იმ მადლიერმა მზერამ, რომელსაც ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა.
-სულ ვეჩხუბებოდი, რომ უყურადღებო იყო!-ცრემლების ახალი ნაკადი გადმოუშვა ნატალიმ, ნინა კი სასწრაფოდ წამოიჭრა ფეხზე.
-არის! ქეითი ახლაც არის! უყურადღებო...-დაამატა ხმააკანკალებულმა და შემდეგ, მეტი რომ ვეღარ მოითმინა, სასწრაფოდ გავარდა გარეთ. რეზიც მაშინვე მიჰყვა, თუმცა ამის დანახვას ხელი არ შეუშლია ნიკასთვის, რომ წამოსწეოდა და წინ გადასდგომოდა.
-შებრუნდი შიგნით!-ისეთი ტონით წარმოთქვა, უცნობმა გაკვირვებულმა გახედა.
-შენი ეჭვიანობის სცენების დრო ახლა ყველაზე ნაკლებადაა, გამატარე!-ხელი აუქნია და ეცადა გასულიყო, თუმცა, ისევ არ გამოუვიდა.
-ერთხელ უკვე გითხარი, შებრუნდი შიგნით, მე თვითონ მივხედავ!
-ვერ ხვდები რომ ახლა და აქ მაგაზე არ დაგელაპარაკები?-გაბრაზდა რეზიც. ისედაც უნდოდა ნიკას ნახვა, მაგრამ ახლა იცოდა, ვისაც სჭირდებოდა ყველაზე მეტად.
-მომისმინე...-მაისურის საყელოში წაავლო ხელი, თუმცა ბიჭმა მაშინვე მოაშორებინა.
-მე კი არა, შენ მომისმინე! არ ვიცი რა ჯანდაბა გინდა, მაგრამ დრო მოვა, შენი საქციელისთვის პასუხს აუცილებლად მოგთხოვ. ნინა ჩემი დაა და არ შეგარჩენ იმდენ ცრემლს, შენს გამო რომ დაღვარა ძალიან მოკლე დროში.
-ვინ არის?-ახლა მეტრეველს აეკრა გაკვირვებული იმიჯი. ამხელა მონოლოგიდან, მხოლოდ ის გაიგონა, რაც ყველაზე მეტად იყო მისთვის მნიშვნელოვანი.
-დედაჩემის ნათლულია!-თვალები აატრიალა.-ახლა შემიძლია, წავიდე?
-მოიცა, ანუ თქვენ...-ღმერთო, რა იდიოტია!
წინააღმდეგობაც აღარ გაუწევია, ბიჭმა დამცინავად რომ გაიქნია თავი და გვერდით ჩაუარა. არა, ასეთი დეგენერატი როგორ არის?! რატომ აქვს ასეთი ავადმყოფი გონება? ჯანდაბა! დედაჩემის ნათლულიაო... და თვითონ რა გააკეთა? ნამდვილი იდიოტი ხარ, ნიკოლოზ! გამწარებულმა დასცხო კედელს მუშტი, როდესაც გააცნობიერა, რომ ნინამდე მისასვლელი გზა, საკუთარი ხელითვე მოიჭრა და მერე რის გამო? უაზროდ ფიცხი ხასიათის გამო! არა, ხომ შეეძლო ჯერ გაეკრვია, სანამ გამოიქცეოდა? ლიამზეც ასე არ იეჭვიანა თავიდან? შემდეგ კი... იდიოტი! როდისღა უნდა დარწმუნდეს, რომ ეს გოგო მართლა სხვანაირია? თუმცა მაინც, ნებისმიერ ბიჭთან დანახვისას, ისეთი რეაქცია აქვს, თითქოს ფუტკრებით სავსე სკაში აყოფინებენ თავს... არადა, იცის, რომ ცდება... თუმცა, იმედია, ნინას მეტი ნათლია აღარ ჰყავს...
* * *
-ვერ ვიტან ასეთი სახეებით რომ სხედან და ასე მარტივად შეუძლიათ თქვან „იყო“... კი არ იყო, ახლაც არის...-ლუღლუღებდა ტირილისგან ხმაჩახლეჩილი. ტროტუარზე ჩამომჯდარიყო, თავი კი მუხლებზე შემოხვეულ ხელებში ჰქონდა ჩარგული.
-ნინა, კარგი, რა. მათი შვილია, ნერვიულობენ!
-საერთოდ არ აქვთ იმედი!
-შენ ვისზე რას ამბობ? ცალი თვალით მაინც დაგანახა რა სახე გაქვს...
-ჩემთვის შეიძლება, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ისინი მშობლები არიან, არ უნდა დანებდნენ!
-ნუ ბოდიალობ,-ჩაეღიმა და თავზე აკოცა.-შენი ვაჟკაცი რომ ამესვეტა, იცი?
-არ მინდა მაგ თემაზე საუბარი.
-ნამდვილი იდიოტია, შენი შეყვარებული ვეგონე.-ჩაეცინა. უნდოდა, როგორმე სხვა თემაზე გადაეტანინებინა ყურადღება.
-რეზი, არ მაინტერესებს! მოიცა, რა?-წამოსწია უცბად თავი, ნათქვამი რომ გაიაზრა.
-ჰო, რომ ვუთხარი ვინც ვარ, თვალები დააჭყიტა და ისე დაიბნა, ვეღარაფერი მიპასუხა.
-მაინც დეგენერატია.-მხრები აიჩეჩა და შენიშნა, როგორ გამოვიდა „დეგენერატი“ გარეთ.
-ფეხი არ მოიცვალო...-კბილებს შორის გამოსცრა, როდესაც რეზის განზრახვას მიუხვდა, თუმცა, უკვე გვიანი იყო.
-ჭკუით იყავი.-თვალი ჩაუკრა ბიჭმა, თუმცა ნიკას მაინც გაბრაზებული მზერა სტყორცნა და შიგნით შევიდა...
ადგილიდანაც არ შერხეულა, ნაცნობი ფიგურა გვერდით რომ მიუჯდა. სიმართლე ითქვას, ახლა ამ ურთიერთობის გარკვევის თავი ნაკლებად ჰქონდა. ქეითზე ისე ნერვიულობდა, ალბათ, ნიკას რომ ეთქვა, მეგანს შევურიგდიო, იმაზეც არ ექნებოდა რეაქცია. მხოლოდ მეგობრის სიცოცხლე იყო ახლა მნიშვნელოვანი.
მეტრეველმა სიგარეტი ამოიღო და ისე მოუკიდა, ნინასკენ არც გაუხედავს. უმიზნოდ იყურებოდა წინ, თუმცა აშკარა იყო, საუბრის დასაწყებად ემზადებოდა.
-ნინა...
-გთხოვ...
-მე...
-გმადლობ.-და მოულოდნელად, თავი ასწია და ისეთი მზერა მიაპყრო, აიძულა, თვითონაც შეეხედა.
-რა?
-გმადლობ, რომ მოიყვანე.
-ეგ მეორედ აღარ თქვა.-გაუმკაცრდა ხმა და ყბებიც დაეჭიმა.-ახლა აქ ჩემ გამოა და აღარ გაბედო მეორედ, ამის გამო მადლობის გადახდა.
-შენ არაფერ შუაში ხარ.
-ვარ, ნინა! იდიოტი ვარ, უნდა მომესმინა შენთვის!
-ჰო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი საქმით იყავი დაკავებული.-მხრები აიჩეჩა. მაინც ვერ შეიკავა თავი, რომ არ „ეკბინა“, შემდეგ კი, ფეხზე წამოდგა. არ შეეძლო. სული ეხუთებოდა მის გარემოცვაში.
-მოიცა!-მიჰყვა თვითონაც და თითქმის შესული, ერთი ხელის დაქაჩვით გამოატრიალა უკან.
-ახლა მართლა არ შემიძლია საუბარი...
-ნი...
-შეიძლება ვერ გადარჩეს...-მაინც ვერ შეიკავა თავი და ისეთი ხმით ამოთქვა, ნიკა ადგილზევე გაყინა ჯერ ამის მოსმენამ, შემდეგ კი ცრემლებმა.
-გეხვეწები, ნუ ტირი...-არც დაფიქრებულა, ისევე მოისროლა სიგარეტი და გულზე მიიკრა.-კარგად იქნება, ნინა. არაფერი არ სჭირს განსაკუთრებული, ძალიან მძიმედ არც მაშინ ყოფილა აქ რომ მოვიყვანე.
-მატყუებ...-ამოისლუკუნა და ტყავის ქურთუკზე ისე ჩაებღაუჭა, თითქოს ეს იყო მისი გადარჩენის ბოლო გზა.-ვიცი, რომ მატყუებ.
-არ გატყუებ, მართლა კარგად იქნება.
-რამე რომ მოუვიდეს...-აღრიალდა ხმამაღლა. აღარ შეეძლო ემოციების შეკავება, ვეღარ იტევდა. ეგონა გული გაუსკდებოდა. ამის გაფიქრებისასაც კი ისე უჭერდა რაღაც, სუნთქვა ეკვროდა. ზურგიდან მოაშორა ხელები და სახეზე აიფარა, თუმცა ისევ ნიკას მკლავეში იყო მოქცეული.
-ნინა, მაპატიე, რა...
-შენი ბრალი არ არის. მართლა.
-ყველაფერი.
-რა?
-მაპატიე.-ხმაზევე ეტყობოდა, როგორ უჭირდა ამის თქმა, მაგრამ არა იმიტომ, რომ პატიების თხოვნა იყო რთული. პირიქით, ძალიან ბევრი შეცდომა დაუგროვდა ამ მოკლე დროში და ეს ემძიმებოდა ზუსტად. ყელში უჭერდა ხელს ნინასთან ჩადენილი ცოდვები და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
მობილურის ზარმა ორივე შეაკრთო, მაგრამ ეს მხოლოდ მცირედი იყო იმ რეაქციასთან, რაც გოგონას კონტაქტის დანახვისას ჰქონდა. ისედაც გაფითრებულ სახეზე საერთოდ დაკარგა ფერი, შემდეგ კი ნიკას ტუჩებზე თითის მიდებით ანიშნა, ხმა არ ამოიღოო და მხოლოდ მას შემდეგ უპასუხა.
-მამა...
-სად ხარ, ნინა?
-მა...-დააპირა თქმა და ისევ ვერ დაიმორჩილა ხმა. არ შეეძლო. არ შეეძლო ეთქვა, რომ საავადმყოფოში იყო, რადგან ქეითი ახლა სიკვდილს ებრძოდა!
-ნინა, ნუ გადამიყვანე ჭკუიდან!
-ქეითი ცუდადაა... საავადმყოფოში ვართ...
-რა? რა მოხდა? რომელში ხართ, დამიმესიჯე მისამართი. დედაშენმა იცის?
-არა, მე და რეზი წამოვედით, ავარიაში მოყვა. და მა, რაღაც მინდა რომ გთხოვო.
-მანქანის ნომერი გამომიგზავნე.
-რა? არა, ეგ არა!-მაინც ჩაეცინა, როდესაც სანდროს ფიქრები ამოიცნო.-ვიცი, რომ ვერ იტან ასეთ რაღაცებს, მაგრა...
-მამა, გთხოვ, უცხოსავით ნუ მელაპარაკები.
-ჰარი ციხეშია...
-ჰარი? შენი მეგობარი? რაში გაეხვიეთ, ნინა?
-შეგიძლია, რომ...
-არა! მოვალ და ადგილზე ამიხსნი ყველაფერს, ახლა უნდა გავთიშო, მისამართი დამიმესიჯე.-შემდეგ კი, პასუხს არც დალოდებია, ისევე გაუთიშა და ნინაც, მისი ხმის მოსმენისას, მიხვდა წინ როგორ მძიმე საუბარი ელოდა...
* * *
ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ აქამდე ნანატრი ექიმის დანახვა, ახლა ამხელა შიშს მოჰგვრიდა. წამიერად, სუნთქვაც კი შეეკრა და როდესაც ყველანი მისცვივდნენ, თვითონ გვიან გაიაზრა, რომ წამომდგარიყო. ეშინოდა, რომ პასუხი საშინელი იქნებოდა. ეშინოდა, რომ არაადამიანურ ტირილს მოისმენდა. და ეშინოდა, რომ საშინელი ცოდვით დაუმძიმდებოდა სული. არც გაუგია წესიერად თეთრხალათიანის სიტყვები. მხოლოდ ნინას სიხარულით გაბრწყინებული თვალები დაინახა და შემდეგ... გააცნობიერა, რომ გადარჩა. გადარჩნენ.
თითქმის არაფერი განუცდია ასე. ხომ არ იცნობდა ამ გოგოს წესიერად, მაგრამ ჭკუიდან გადაჰყავდა იმაზე ფიქრს, რომ შეეძლო დახმარება და არაფერი გააკეთა. ახლა კი, თითქოს ერთიანად მოეხსნა მხრებიდან ტვირთი. შვებით ამოისუნთქა და მოწყვეტით დაენარცხა სკამზე, შემდეგ კი თვალები დახუჭა და სახეზე ხელები მოისვა. მთავარია, რომ გადარჩა...
ზუსტად იცოდა, ახლა რაც უნდა გაეკეთებინა. იმ მომენტიდანვე იცოდა, ქეითი რომ მიტოვებულ მანქანაში იპოვა, მაგრამ ფეხსაც ვერ იცვლიდა ადგილიდან, სანამ არ დარწმუნდებოდა საფრთხის გადავლაში. ახლა კი, ისევ ხელახალი ძალით მიაწვა სიბრაზე ტვინში და მომენტალურად წამოიჭრა ფეხზე.
-ნინა...-მზერით ანიშნა, რომ გამოსულიყო.
-რა ხდება?
-მე უნდა წავიდე. აუცილებელი საქმე მაქვს. თუ რამე მოხდება, დამირეკე, კარგი?
-კარგი. მოხდა რამე? მშვიდობაა?
-კი, არ ინერვიულო,-გაუღიმა და ის იყო უნდა გადაეკოცნა, გოგონას შეცვლილი მზერა რომ შენიშნა.
-შენი წასვლის დროა, მეგობარო!-მხარზე ხელი დაკრა რეზიმ, შემდეგ კი მზერით გვერდითა გასასვლელისკენ ანიშნა და მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, მაინც დაემორჩილა და მოგვიანებით, ისიც გაახსენდა, მამამ რომ დაურეკა ნინას... ჰმ, თურმე რაში ყოფილა საქმე!
თუმცა ახლა, მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა და საერთოდ ვერავინ შეძლებდა მის შეჩერებას...
საავადმყოფოდან გავიდა თუ არა, ცალი ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაძვრინა, მეორედან მობილური და სანამ მოუკიდებდა, ნაცნობი ნომერიც მარტივად მოძებნა...
-ჯეიმი, უნდა გნახო!
* * *
ჭკუიდან კინაღამ გადავიდა სანდრო. მაქსიმალურად შერბილებულად მოუყვა ნინამ ყველაფერი, ქეითზე სიტყვაც არ დასცდენია, თუთიყუშივით იგივე ვერსია გაიმეორა, რაც ნიკამ თქვა, მაგრამ კაცმა ერთი ამოიოხრა და თავი გადაიქნია.
-მა, გეხვეწები...
-ნინა, გაჩერდი!
-ხომ იცი, რომ ჰარი...
-გა-ჩერ-დი!-ისეთი ხმით წარმოთქვა, გოგონამ შეწინააღმდეგებაც ვეღარ გაბედა, სანდრო კი ისევ თავის ქნევით გავიდა გარეთ.
ყველაზე მეტად ამას ვერ იტანდა. როცა ბოროტად უხდებოდა სამსახურის გამოყენება. თავიდანვე ასე იყო, ერთი იმას გადაურჩა, ნათესავები რომ არ აწუხებდნენ, იქნებ ჩემი ბიჭისთვისაც მოიძებნოს რამე ადგილიო. ხშირად არც უხდებოდა, „საჭირო ზარების“ განხორციელება, მაგრამ მაინც საშინლად სძულდა ასეთი რაღაცები. თავს დამნაშავედ გრძნობდა. თუმცა ახლა, იცოდა, რომ სხვა გზა არ იყო. ჰარისაც კარგად იცნობდა და ისიც ესმოდა, ნინა მოკვდებოდა, მაგრამ არაფერს სთხოვდა, სამსახურთან დაკავშირებულს, თუ მართლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყო. ერთი მძიმედ ამოიოხრა და საბოლოოდ, მაინც მოძებნა კონტაქტებში ნაცნობი ნომერი...
ოც წუთში ჰარი უკვე ქეითის პალატის წინ იდგა თავჩახრილი და ვერც სანდროსთვის ბედავდა თვალის გასწორებას და მით უმეტეს, ვერც ნატალისა და გრეგისთვის. ნინას გადაეხვია მხოლოდ, შენ გარეშე რა მეშველებოდა, არ ვიციო და რომ გაიგო, სინამდვილეში რა და როგორ მოხდა, თვალები დააჭყიტა.
-შეიძლება, შევიდე?-დაგუდული ხმით იკითხა ქეითის მშობლების მიმართულებით, რომელთაც ვერაფრით გაეგოთ, რატომ იდანაშაულებდა ეს ბიჭი ასე ძალიან თავს.
-რა თქმა უნდა, ჰარი და გთხოვ, ნუ ხარ მასეთი სახით. ყველაფრისგან ვერ დაიცავ, შეიძლება ნებისმიერს დამართნოდა, ეს ხალხი ისე მართავს მანქანებს...-თავი გადაიქნია გრეგმა, ბიჭმა კი, უბრალოდ გაუღიმა და შემდეგ პალატის კარი შეაღო...
* * *
ერთი კვირის შემდეგ გამოწერეს ქეითი. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. სიკვდილს კი არა, მხოლოდ კისერზე დაადეს ფიქსატორი და მარჯვენა ხელზე_თაბაშირი. მიუხედავად იმ მძიმე მდგომარეობისა, რომლიდანაც ძლივს გამოაძვრინეს, მოტეხილობები თითქმის არ ჰქონდა. იცინოდა კიდეც, კიდევ კარგი მარცხენა არ მოვიტეხე, ან ცაცია არ ვარ, ახლა შემიძლია სინდისის შეწუხების გარეშე დავისვენო დავალებების წერისგანო. ისე უდარდელად იყო, თაბაშირზე ლიზიკოს ყვავილებიც კი დაახატინა, მოსანახულებლად რომ მივიდა. საერთოდ ხმას არ იღებდა მომხდარზე. ჰარისთან კი გადმოყარა ცრემლები, ნამდვილი სულელი ვარ და გთხოვ მაპატიეო, მაგრამ ბიჭმა რომ თვალები დაუბრიალა, ნუ ახსენებ ამ თემასო, მას შემდეგ თვითონაც ტაბუ დაადო. კარგად არც ახსოვდა ავარიის მომენტი, არც სურდა გახსენება. ნინასგან გაიგო, მეტრეველმა რომ გადაარჩინა და წარბები ასწია, უყურე შენ, უკვე ცდილობს შენამდე მოსასვლელად შენი მეგობრების გულები მოიგოსო. აქეთ ამშვიდებდა ყველას, დიდი ამბავი, ვინ არ მოყოლილა ავარიაშიო. ვერაფერი გაუგეს. ლილიმ ისიც კი ჰკითხა, შემთხვევით ტვინიც ხომ არ შეგერყაო.
ნინა კი, ორად იყო გაჭრილი. ისედაც ძალიან იშვიათად თუ ნახულობს ხოლმე რეზის, ახლა კი, ბიჭს თითქმის მთელი უიქენდი საავადმყოფოში გაატარებინა. ისე უხერხულად იყო, რამდენჯერაც ბოდიშის მოხდა დააპირა, იმდენჯერ „შენ გიჟი ხომ არ ხარ“ მიიღო პასუხად, თუმცა, დანაშაულის გრძნობას მაინც ვერაფერს უხერხებდა. ნიკაც მიდიოდა ხოლმე საავადმყოფოში. ყოველ დღე არა, მაგრამ რამდენჯერმე ინახულა. პირველად ჰარიმ ისე გახედა, უნდოდა ადგილზევე მოეკლა, წამოიჭიმა კიდეც, პალატის კარი რომ შეაღო, მაგრამ მაშინაც რეზი ჩაერია. როცა არ იცი რა და როგორ იყო, ჯერ გაარკვიე და მუშტები მერე შეკარიო. ნინას კინაღამ სიცილი აუტყდა, როცა დაინახა როგორ დაიცვა მეტრეველი. სუპერ არაორდინალური ბიჭი იყო რეზი და... ჰარიმაც კი მოიხადა მოგვიანებით ბოდიში.
მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ისე წავიდა, აუცილებლად რომ უნდა გაფუჭებულიყო. და, რა თქმა უნდა, არც ამ მომენტს დაუგვიანია დიდხანს...
* * *
გქონიათ ისეთი მომენტი, რომ იღვიძებთ და მაინც საშინლად დაღლილი ხართ? თითქოს, არც გიძინიათ საერთოდ და თქვენს თავზე იმ ხროვამ გადაირბინა, სიმბას მამა, მუფასა რომ მოკლა... დაახლოებით მასე გაიღვიძა ნინამაც. არც ნაბახუსევი ჰქონდა და არც არავის უცემია, მაგრამ სიმპტომები ზუსტად ემთხვეოდა ორივეს. კიდევ კარგი შაბათი იყო და შეეძლო მთელი დღე სახლში მჯდარიყო, პლედში გახვეული და ოთხად მოკეცილი. დედაც რომ მაინც და მაინც ახლა წავიდა? ლიზიკოს კლასი ექსკურსიაზე მიდიოდა და ამის მარტო გაშვება არ იქნებაო, გაჰყვა თვითონაც. ანდრია კიდევ, გუშინ გაემგზავრა ბანაკში. ორ კვირაში ძალიან სერიოზული მატჩი ჰქონდათ და ტრენერმა გადაწყვიტა, ამათ ახლა მხოლოდ დაღლამდე ვარჯიში და სუფთა ჰაერი სჭირდებათო. სანდროც სამსახურში იყო, ახალი საქმე აიღეს და ანიკა იცინოდა, კიდევ კარგი ბავშვებმა იციან, მამამისი რომ ხარ, თორემ სახეზეც ვეღარ გიცნობდნენ ისე იშვიათად გხედავენო.
„ლუის ცხოვრებას“ უყურებდა, კიდევ ერთხელ რომ იგრძნო მუცელში წიხლის ჩარტყმა და ისეც პირზეხელაფარებული გაიქცა საპირფარეშოსკენ. მხოლოდ ნინას შესწევს იმის უნარი, მთელმა ოჯახმა ერთი საკვები მიირთვას და არავინ მოიწამლოს მის გარდა. ანიკა კი, მაინც ჯიუტად რჩება ხოლმე თავის აზრზე და ყველაფერს სკოლის კაფეტერიას აბრალებს...
შეწუხებული გალასლასდა საძინებელში. მუცელში მთელს რკინიგზას ერთად გრძნობდა და აშკარად, სიცხემაც აუწია. საკუთარი თავი თვითონვე ეცოდებოდა, ისეთ დღეში იყო და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც საშინლად შიოდა... ხომ მხოლოდ ერთი დღით წავიდა ანიკა, მაგრამ მაინც სამნაირი კერძი დატოვა, ნინამ კი, ყველა დაიწუნა. ისეთებიც კი, მართლა ძალიან რომ უყვარდა. თან ლილის ემესიჯებოდა სასოწარკვეთილი და ის კიდევ ცალკე უმატებდა, რამეს ხომ არ მიმალავ, აღიარე, მიქარე და ორსულად ხარო? ამაზე ცალკე გიჟდებოდა. არა, რა, თვითონვე ვერ იტანდა სიცხიან ნინას!
ბოლოს მაინც ვერ მოითმინა, ცალთვალგახელილმა აიღო მობილური და როცა ეგონა, რომ საჭირო კონტაქტს მიაგნო, არც დაფიქრებულა, ისე დარეკა.
-მამა, ვკვდები!-ამოიკვნესა სასოწარკვეთილმა.-სიცხე მაქვს, მშია, მალე მოდი, რა... ხომ იცი, მხოლოდ დონატები და „ორეო“ თუ მიშველის ახლა...-წაიწკმუტუნა კიდევ ერთხელ და პასუხად, სანდროსთვის შეუფერებელი ხმით ჩაფხუკუნება რომ მიიღო, შეშინებულმა დააჭყიტა თვალები და მაშინვე ეკრანს დახედა, რომელზეც „მამას“ ნაცვლად, „Daddy ;) “ ეწერა. ჯანდაბა, ნიკოლოზ!
-დამშვიდდი, მამა, მალე მოვალ!-გაეცინა კიდევ ერთხელ და მანამდევე გაუთიშა, სანამ ნინა რამის თქმას მოასწრებდა.
არა, რამდენ ხანს აპირებდა კონტაქტისთვის სახელის გადარქმევას, მაინც და მაინც ეს უნდა დამართნოდა? მოინდომა გოგომ დონატები! რა სირცხვილია, ღმერთო! მობილური საერთოდ გათიშა და საბანი თავზე წაიფარა, თითქოს ამით რამეს შეცვლიდა, დაახლოებით ოც წუთში კი, კარზე კაკუნი რომ გაიგონა, უნდოდა საერთოდ გამქრალიყო. რომ არ გაუღოს? ჰმ, აივნიდან ამოვა! ჭკუა დაუშლის თუ გონება? არანორმალური!
პლედმოხვეული ჩაფრატუნდა პირველ სართულზე და კარი ისეთი შეწუხებული სახით გააღო, ნიკას ღიმილი სახეზე შეახმა.
-მართლა ცუდად ხარ?-შემოვიდა შეშფოთებული, პარკები იატაკზევე დადო და ხელი შუბლზე ააწება.-წამლები დალიე?
-მოვიწამლე...-ამოიწკმუტუნა და ტუჩები აატრიალა, თუმცა თვალი მაინც „დანკინ დონატსის“ ლოგოიან ცელოფანზე გაექცა.
-და მაგიტომ დამირეკე მე, რომ იცოდი, მამაშენი მოწამლულზე ამეებს არ მოგიტანდა, ხო?-გაეცინა ბოლოს, ნინა კი სასაცილოდ დაეჯღანა.
-იმიტომ დაგირეკე შენ, რომ თავის დროზე სულელურად ჩამიწერე შენი ნომერი!
-რა გინდა, სექსუალურად ჟღერს!-თვალი ჩაუკრა და შემდეგ სახლს მზერა მოატარა.-მარტო ხარ?
-გახლავარ! გშია?
-ოუ, რომანტიკულ ვახშამს მთავაზობ?
-ნწ, რომანტიკულ დონატებს!-გაეცინა, მაგრამ მუცელში კიდევ ერთხელ ჩაარტყეს არარსებული წიხლი და სახეც მაშინვე დაემანჭა.
-არანაირი დონატები, ახვალ ახლა საძინებელში, გაეხვევი საბანში და დალევ ჩაის. დროზე!
-უხდება ჩაის დონატები... „ორეოც“.
-ნინა!-თვალები დაუბრიალა, თუმცა გოგონა მაინც არ ნებდებოდა.
-მეტი არაფერი მომივა და რომ არ ვჭამო, მუცლის ტკივილს, გულის ტკივილიც დაემატება.
-ღმერთო, რა აბეზარი ბავშვი ხარ!-თვალები აატრიალა ბოლოს, პარკებს ხელი დაავლო და თავით ანიშნა, ადი და ამოგიტანო...
საღამომდე იქ დარჩა ნიკა. რამდენჯერაც ანიკამ ან სანდრომ დაურეკეს და ნინამაც ურცხვად იცრუა, მარტო ვარო, იმდენჯერ გამკიცხავად გადაიქნია თავი, სულ გაფუჭდიო. სამაგიეროდ, მხარზე ჩქმეტაც მიიღო. ისე არხეინად იყო წამოკოტრიალებული საწოლზე, დარდიც არ ჰქონდა, რომ კარს ვინმე შემოაღებდა. სიმართლე ითქვას და, წინა სტუმრობის ექსტრემალურობა ნამდვილად ხიბლავდა, თუმცა ახლა მაინც უფრო მშვიდად სუნთქავდა...
-ამან კიდევ არ გაგიარა...-შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა ნინამ და წარბზე ხელი მოუსვა. თითქმის კვალიც აღარ ეტყობოდა არაფრის, თუმცა მაინც ნერვიულობდა.-რატომ ეჩხუბე?
-ნი, რამდენჯერ გითხარი, არ გვინდა ამ თემაზე-მეთქი?-ამოიოხრა, ისევ წრეზე რომ წავიდნენ.
-შენ ყველაფერზე მასე ამბობ. ახლა კიდევ აღარ გეტყობა, შენ იმ დილით უნდა გენახა რას გავდი, საავდმყოფოში რომ დაბრუნდი!
-გმადლობ, მაგარი კომპლიმენტია!-ჩაეცინა, სიტუაცია რომ გაენეიტრალებინა. ვერაფრით დაუმალა მაშინ ნინას რაც მოხდა. წარბგახეთქილი რომ დაინახა, ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა, თითქოს კვდებოდა. არადა, უბრალოდ მუშტი მოხვდა, რომელიც არც კი უგრძვნია წესიერად, ისე იყო გაბრაზებული. სხვანაირად, ჯეიმისთან „საუბარი“, ვერც წარმოედგინა...
-მე მართლა ვინერვიულე...-ტუჩები გაბუსხა სასაცილოდ.
-პატარა მშიშარა!-ჩაეცინა და ცხვირზე აკოცა, ნინას გაკვირვებული თვალების დანახვისას კი, ღიმილი კიდევ უფრო გაუფართოვდა.-ინერვიულა, გოგომ!-ჩურჩულზე გადავიდა და ახლა ლოყაზე შეახო ტუჩები. საოცრად ართობდა მისი რეაქციების ყურება. ისეთი გამოუცდელი იყო და ისეთი მიმნდობი, შეეძლო ყველაფერზე წაყოლოდა. გრძნობდა ამას და კიდევ უფრო უჭირდა თავის კონტროლი, საკუთარ დაწესებულ ზღვარს რომ არ გადასულიყო...
ბოლოს მაინც ამოეწურა მოთმინება და ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება. ისე დააცხრა ტუჩებზე, გოგონა თავიდან დაიბნა, თუმცა მალევე აჰყვა. ისე მარტივად აღმოჩნდა მეტრეველის კალთაში, ვერც გაიაზრა, მაგრამ, წინააღმდეგობის სურვილი, არც კი გასჩენია. ჟრუანტელმა დაუარა, თბილი ხელები პიჟამას მაისურის შიგნით რომ შეუძვრნენ და თვალები მიეხუჭა, ნიკას ტუჩებმა კისერში რომ გადაინაცვლეს.
-არასწორად ვიქცევით...-ამოილუღლუღა მოვალეობის მოხდის მიზნით.
-ვიცი...-და ასეთივე ხმით ჩაილაპარაკა ნიკამაც, თუმცა, მაინც მოშორდა. ყბები ისე ჰქონდა დაჭიმული, აშკარად, ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა ეს, მაგრამ, მართლა არ შეეძლო სხვანაირად, მით უმეტეს, ნინას სახლში...
-ნიკა...-დაიწყო შემპარავად. ვერ გადაეწყვიტა, უნდოდა თუ არა ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა, მაგრამ უკვე მეტის მოთმენაც აღარ შეეძლო.
-გისმენ,-გაუღიმა და კიდევ ერთხელ, მოწყვეტით აკოცა.
-ახლა ჩვენს ურთიერთობას რა ჰქვია?-გაბედა მაინც და შუბლით შუბლზე მიეყრდნო. გული ისე უფრთხიალებდა და ისე ნერვიულობდა, სუნთქვაც კი შეეკრა წამიერად.
და არც მეტრეველი იყო უკეთეს დღეში... გოგონამ ხმამაღლა გაუჟღერა ის შეკითხვა, რასაც საკუთარ თავს უსვამდა ამდენ ხანს და პასუხი, ეგონა, რომ არ ჰქონდა. ახლაც, თვალები დახუჭა და ისე ამოიოხრა. რატომ უყვართ ქალებს ყველაფრის გართულება?
-მოწამლულის მკურნალობა?-ეცადა, მხიარულად გამოსვლოდა, თუმცა, ნინა გველნაკბენივით მოშორდა და წამებში შეეცვალა სახე. თვალებში წყენა ჩაუდგა, ნიკაპი კი, ტრადიციისამებრ, აუკანკალდა. სწრაფადვე გადაძვრა მისი კალთიდან და ზურგიც შეაქცია, ნიკამ კი, საკუთარ თავს, ერთი გემრიელად შეუკურთხა გულში, ასეთი ნაძირალა რომ იყო.
ზურგზე აეკრა და წელზე მოხვია ხელი, გოგონა კი, მაშინვე ჩააფრინდა, რომ მოეშორებინა, თუმცა, ამაოდ...
-ან, იქნებ... ბევრი კოცნა, ჩახუტება, მოფერება, ცოტათი მონატრებაც...
-ნუ მეხუტები!-ამოიბურტყუნა მაინც გაბრაზებულმა, თუმცა მოსაშორებლად აღარ ეჯაჯგურებოდა.
-ნინა, კარგი რა!-ჩაეცინა და მხარზე აკოცა.
-და ნუ მკოცნი!-დაამატა კატეგორიულად, თუმცა, კიდევ ერთი ჩაფხუკუნება მიიღო პასუხად.
-იცოდე, ნუ ხარ ასეთი საყვარელი, თორემ შემიყვარდები!-წაილაპარაკა ღიმილით, მაგრამ...
-შენ თუ არ ხარ, იმიტომ ვერ შემიყვარდი?-სრულიად მოულოდნელად, ამოისლუკუნა და, ეგონა გული გაუჩერდებოდა. სუნთქვა შეეკვრა, სისხლი მთელი ძალით მიაწვა საფეთქლებში და ნინას წელზე შემოხვეული ხელით, კიდევ უფრო ახლოს მიიკრა გოგონა.
-რა თქვი?-ჰკითხა ჩურჩულით. ვერც კი იჯერებდა, წუთის წინ გაგონილს.
-არაფერი! დამანებე თავი!
-ნინა, მითხარი რა თქვი!-სწრაფადვე გადაძვრა მეორე მხარეს და ნინას დაჭერაც მოასწრო, გადატრიალებას რომ აპირებდა. ცრემლები ღაპა-ღუპით სდიოდა და ტუჩებიც უკანკალებდა. ძალიან, ძალიან საყვარელი იყო.
-არაფერი!
-ნინა!
-რა, აქამდე არ იცოდი?
-ვიცოდი. მაგრამ მინდა, რომ შენ მითხრა.
-ნიკა, გთხოვ, დამანებე თავი. არაფერი არ მითქვამს, საერთოდ არაფერი, მოგეჩვენა!-ტირილს უმატა და კიდევ უფრო გაღიზიანდა, ბიჭის ღიმილი რომ შენიშნა.-და ნუ მიჭერ!
-არ მოგეშვები, სანამ არ მეტყვი.
-წახვალ.
-რა? საიდან მოიტანე?
-რომ გეტყვი, წახვალ.
-ნინა, მითხარი!
-მიყვარხარ!-გაბრაზებულმა დაუყვირა და ხელახლა აუვარდა ტირილი, მეტრეველმა კი ისე მიიკრა გულზე, ძალა რომ ვერ მოეზომა, ალბათ, გაჭყლეტდა კიდეც. სისხლი ისეთი ტემპით დაურბოდა ძარღვებში, ეგონა, მალე ამდენს ვეღარ დაიტევდა და საბოლოოდ, გული გაუსკდებოდა.
-ახლა წადი...
-ჩშშ...
-მაინც წახვალ...
-დაიძინე ნინა, სიცხემ აგიწია...-და შემდეგ, ტუჩებით შუბლზე რომ მიეწება, მიხვდა, რომ იმ მომენტში, მეტი არც არაფერი უნდოდა და სჭირდებოდა ამქვეყნად...
ნათია ჯაგოდნიშვილი