მოდით, არ მოგიყვებით, როგორ დავიღალეთ თბილისიდან ანაკლიამდე შვიდსაათიანი მგზავრობისას ყველანი, როგორ შეუდგა ირაკლი თავისი ჩვეული საქმიანობის განხორციელებას და ნუცას „შებმას“, როგორ უფახულებდა მთელი გზის განმავლობაში ქეთი თვალებს დათოს და როგორ ვლანძღავდი ასევე მთელი გზის განმავლობაში მე ირაკლის თათასთან. ეს ყველაფერი იმდენ დროს წაიღებს და იმდენი უცენზურო სიტყვის გამოყენება მომიწევს ბოლო მონაკვეთის აღსაწერად, რომ ჯობია უბრალოდ დიდი „ცენზურა“ დავწეროთ და მოვლენებს გადავახტეთ, ანუ გავჩერდეთ იქ, სადაც გაჩერდა ჩვენი ავტობუსი.
არა, შეცდით, ეს არ მომხდარა ფერადი ბანაკის მწვანე ეზოში. „სასიამოვნო სიურპრიზით“ დაწყებული დღე ხომ ბოლომდე უნდა დაგვირგვინებულიყო. ამიტომაც, ჩვენი საყვარელი, ბორბლებზე შემდგარი მოძრავი ტრანსპორტი ჯიუტად გაჩერდა ბანაკიდან რამდენიმე (რამდენიმე ასეული) მეტრით დაშორებით.
- მე ამხელა ტბორში ვერ გავივლი! - აწუწუნდა სოფი, ჩვენი გუნდის ყველაზე „ნაზი“ ლიდერი, რომელმაც ჩვენთვის (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის და თათასთვის) გაურკვეველი მიზნით გადმოგზავნა განცხადება ლიდერის თანამდებობაზე.
- არავინ არ აპირებს აქ გასვლას, გოგონა! - პალმებიან შორტებსა და მოკლემკლავიან, ვარდისფერ პერანგში გამოწყობილი მძღოლი, უკან შეტრიალებული კეპით თავზე და ღია სანდლებით ფეხზე, ღიპის თანთალით ჩამოვიდა ავტობუსიდან და ეცადა, ალტერნატიული გზა მოეძებნა იმისათვის, რომ ჩვენ როგორმე გადაგვეღწია ბანაკამდე. რადგან... ჰმ, არავის გაგიკვირდებათ ეს სიახლე, დღე ხომ ისედაც გადასარევად წარიმართა. ჰოდა, ახლა, ჩვენ ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ქალაქიდან ბანაკში მისასვლელი ხიდიც ჩანგრეულა და რამდენიმე (რამდენიმე ასეული) მეტრი ისე დატბორილა, რომ ავტობუსი ვერ გადადიოდა. ჩვენ ჩასვლამდე კი ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოესწროთ.
- ახლავე დავრეკავ სამაშველოში! - ბოლოს გამოსავალი ისევ ანამ იპოვა და ბანაკში ჩვენამდე ჩასულ სამაშველო სამსახურის უფროსს გადაურეკა, რომელმაც სულ რაღაც ხუთ წუთში ექვსი პიკაპი გამოუშვა ჩვენი მიმართულებით - სამი ბარგის გადასატანად და სამიც ჩვენ გადასატ... ფუჰ, გადასაყვანად!
- თავი ბლოკბასტერში მგონია! - ჩემთან და თათასთან მოვიდა ნია, მეხუთე გუნდის ლიდერი, რომელიც ყველასთან კარგი ურთიერთობით გამოირჩეოდა.
- რას წარმოვიდგენდი, თუ პირველივე დღეს ასეთ გამოცდას მოგვიწყობდნენ! - აჰყვა თათაც. როგორც ჩანს, ყველა სიცილის ხასიათზე იყო, ჩემ გარდა...
- აბა, კიდევ დიდხანს გელოდოთ? - სიცილით მოგვიახლოვდა დათო. - კარგი, ბიჭებმა თქვენი ყველა ჩემოდანი მანქანებში გადავანაწილეთ და არ მოგვხმარებიხართ, მაგრამ ახლაც ასე აპირებთ დგომას? მანქანებშიც ჩვენ უნდა აგაბრძანოთ?
- აგვაბრძანოთ თუ ჩაგვაბრძანოთ? - გაეცინა თათას და დათოს გაჰყვა.
- ჰმ, მოინდომა გოგომ. „პიკაპით“ გადადიხართ, ძვირფასო, რაც იმას ნიშნავს, რომ მანქანაში უნდა ახტე და კარგად ჩაეჭიდო მანამ, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მიგვიყვანს.
- მგონი, უკვე ვნანობ აქ ჩამოსვლას! - ისევ სოფი, ჰმ, სადაცაა იტირებს.
- აბა, დაგეხმარო, ძვირფასო? - ისევ ეს ხმა. რატომ შეიძლება, რომ თორმეტი ბიჭიდან მაინცდამაინც ირაკლის გაუჩნდეს ჩემი დახმარების სურვილი?
- ირაკლი, ისიც მეყო, რომ თორმეტი წელი გიტანდი. რატომ არ გინდა, რომ თავი დამანებო? - ვეღარ მოვითმინე და მობეზრებული სახით შევუბრუნდი. - რა გინდა ჩემგან?
- შენგან რა უნდა მინდოდეს? - სიცილი, რომელიც ჭკუიდან მშლის. როგორ მინდა, თმაში ხელი წავავლო, მივათრიო ამ ტბორთან და შიგნით ჩავახრჩო.
- ჰოდა, დამანებე თავი! ნახე, რამდენი გოგოა, ათი! ჩვენც ათი დღე გვაქვს, ანუ ყოველი დღე მრავალფეროვანი გექნება, მეტი რაღა გინდა!
- შენ და თათა არ ითვლებით, პატარავ?
- ადი მანქანაში, სანამ მოთმინებას ვინარჩუნებ! - ჩემი სიტყვები ჩემზე ერთი თავით მაღალი და დაკუნთული სხეულის მქონე ირაკლის წინააღმდეგ ისე ჟღერდა, როგორც ფისოს გაბრაზებული კნავილი.
- ფისუნია გაბრაზდა! - ესღა მაკლდა, ჩემი და ირაკლის აზრები ერთმანეთს ემთხვევა? ღმერთო, აქვე მომკალი! გადავიფიქრე სიკვდილამდე ლოს-ანჯელესში გამგზავრება!
- თათა, მკვლელობაზე რამდენი წელია სასჯელი? - გავხედე ჩემ გვერდით მდგარ თათას, რომელიც სულაც არ აღმოჩნდა ჩემ გვერდით და უკვე მანქანაში ასკუპებულა მიშოს დახმარებით. აი, ბედის ირონიაც ამას ჰქვია! ყველანი მანქანებში არიან გადანაწილებულნი, ჩემი და ირაკლის გარდა! თათამაც კი მიმატოვა!
- მეგობარმაც კი მიგატოვა! მხოლოდ მე დაგრჩი ერთადერთ იმედად! - ისევ ეს სიცილი. - მაგრამ მე ხომ ცუდი ბიჭი ვარ, რომელიც თორმეტი წლის განმავლობაში სისხლს გიშრობდა და გამწარებდა. შესაბამისად, არც ახლა დაგეხმარები! - აი, ამას კი ნამდვილად არ ველოდი! ირაკლი ცალი ხელით მანქანის სახურავს დაეყრდნო და შიგნით ისე ახტა, არც კი დამხმარებია! უკვე ვთქვი, რომ ვერ ვიტან? აბა, რას ელოდი, გვანცი? ისეთი ვირისგან, როგორიც ირაკლი ქავთარაძეა, როგორ შეიძლება ადამიანი დახმარებას ელოდებოდეს?
- გოგონა, მოსაწვევი გჭირდებათ? - ამ პალმებიან მძღოლს, მგონი, მობეზრდა სიცოცხლე, თუ რამე მეშლება? იქნებ მე ავდექი დღეს მარცხენა ფეხზე ან ეს ყველაფერი სიზმარია, გავიღვიძებ და უკვე ანაკლიაში ვიქნები, სადაც არც ირაკლი იქნება და არც უზრდელი მძღოლი? არა? კარგი...
მთელი ჩემი ფიზიკური მომზადება, ფსიქოლოგიური ძალისხმევა და ირაკლისადმი სიძულვილი მოვიხმე და ვეცადე იმავე ტრიუკის განმეორებას, როგორითაც რამდენიმე წუთის წინ ვირად წოდებული არსება მანქანაში შეხტა. გამომივიდა! და თან ისე „კარგად“ გამომივიდა, კინაღამ ირაკლის ჩავუხტი კალთაში.
- არა, რა, ხომ ხედავ, მაგნიტივით გიზიდავ! - გაეცინა ჩემ გვერდით მჯდარ თვითკმაყოფილ იდიოტს, მანქანის ორფრთიანი კარი ძლიერად დახურა, ჩაკეტა, შეამოწმა და მძღოლს გასძახა, რომ ყველაფერი მზად იყო და შეგვეძლო წავსულიყავით.
სწორედ მაშინ, როდესაც მეგონა, რომ ეს ჯოჯოხეთი დამთავრდა და მანქანაში „მოკალათებული“ მშვიდად მივაღწევდი დანიშნულების ადგილამდე, ჩვენმა ოთხბორბლიანმა ტრანსპორტმა ისეთი „ხტუნვა“ დაიწყო, როგორც ცეკვავდა ბაბა-იაგას სახლი „აბა, დამაცადეს!“ მულტფილმში. არ გახსოვთ? მმ, მაშინ დისკოთეკაზე მოხტუნავე თინეიჯერი წარმოიდგინეთ და არაფერი შეცვალოთ!
ძლიერად ჩავეჭიდე მანქანის კარს და ვეცადე, რომ იატაკზე არ აღმოვჩენილიყავი, მაგრამ უნდა ვაღიარო, ეს უკანასკნელი არ ამცდებოდა, რომ არა ირაკლის ძლიერი ხელი ჩემს წელზე. და მე სულ არ ვიყავი წინააღმდეგი ამისა! ნუ გიკვირთ, შიში ოხერი რამეა!..
- ეს იმისთვის, რომ ერთხელ ქიმიის საკონტროლო გადამაწერინე! - მიჩურჩულა ირაკლიმ ისე, რომ ვერავის გაეგო და მისმა სიტყვებმა ცხოვრებაში პირველად მომგვარა გულწრფელი ღიმილი.
- ანუ შენთან ვალში არ ვიქნები, ძალიან კარგი! - ღვთაებრივი ღიმილით დავაჯილდოვე ჩემი ღამის კოშმარი და ამჟამად გადამრჩენელი და როდესაც წამიერად ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ჩვენი ურთიერთობა არც ისეთი საშინელი იყო, როგორიც მეჩვენებოდა, მანქანამ ძლიერად დაამუხრუჭა და... ჩემი საჯდომი მაინც მიესალმა მანქანის იატაკს...
- საკონტროლოს ყველა საკითხი რომ ბოლომდე გადაგეწერინებინა, მეც ბოლომდე დაგეხმარებოდი, მაგრამ შენ ხომ არ გინდოდა ჩემთან ვალში ყოფნა! - ესეც ასე, შემდეგში ძლიერად შემომარტყით, თუ კიდევ გავიფიქრებ, რომ ირაკლი არც ისეთი საზიზღარია, როგორიც სინამდვილეში ჩანს. მაგრამ, ერთი მხრივ, მართალიცაა. ის იმაზე გაცილებით უარესია, ვიდრე სხვები ამჩნევენ! და კიდევ ერთხელ, ვერ ვიტან!!!
გაგრძელება იქნება
ნათია ჯაგოდნიშვილი