მე მიკო მქვია. თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ვიცი, რომ შეიძლება ბევრმა გამკიცხოს, ბავშვები როგორ მიატოვეო, თუმცა, თუ ბოლომდე წაიკითხავთ წერილს, ვფიქრობ, აზრს შეიცვლით.
ლამაზი გოგო ვიყავი, ბევრი თაყვანისმცემელიც მყავდა. გართობა და დროსტარება მიყვარდა. არასდროს არაფერზე სერიოზულად არ მიფიქრია. სწავლა არ მიყვარდა. ამიტომ, როდესაც სამედიცინოზე ჩავაბარე, გაცდენების გამო გამომრიცხეს. მამაჩემს ჩემთვის არასდროს ეცალა, ოჯახის მთელი ტვირთი ზურგზე დედას აწვა. მას კი არ ვემორჩილებოდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას უპრობლემოდ შევძლებდი.
ოცდაათი წლის ვიყავი, როცა დედაჩემის აზრი გავითვალისწინე. ეტყობა, არასერიოზული და ხანმოკლე ურთიერთობებით მეც დავიღალე და როცა ჩემი მომავალი ქმრის კანდიდატურად თავისი თანამშრომლის შვილი შეარჩია, უარი არ მითქვამს. დედებმა ერთმანეთი გაგვაცნეს. ირაკლი კარგ ადგილზე მუშაობდა და ოჯახის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობდა. ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით, თითქოს მომეწონა კიდეც. ასე იყო თუ ისე, მალე ქორწილი გადავიხადეთ.
ირაკლის ოჯახში ცხოვრება გამიჭირდა. დედამთილსა და მულთან საერთო ცოტა მქონდა. ჩემი მეუღლე სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში დაიბადა და გაიზარდა. თბილისში საცხოვრებლად მხოლოდ მას შემდეგ გადმოვიდნენ, რაც ირაკლიმ უმაღლესში ჩააბარა.
ამგვარად, მის ოჯახში ჩემი ოჯახისგან განსხვავებული წეს-ჩვეულებები იყო. ჩემი მულის მიხვეულ-მოხვეული ლაპარაკი მაღიზიანებდა.
დედამთილიც პირდაპირ უკმაყოფილებას არ გამოხატავდა, ხუმრობა-ხუმრობაში გველივით იგესლებოდა, ან უარესი, თავისივე შეთხზული ამბები ჩემს ქმართან მიჰქონდა და მერე ჩვენ შორის კონფლიქტი გარდაუვალი იყო.
ღმერთმა უწყის, რამდენჯერ გავიქეცი განაწყენებული დედაჩემთან, მაგრამ მალევე უკან დავბრუნდი.
ამასობაში ორი გოგო შემეძინა. ირაკლი კარგი მამა იყო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ჩემდამი ინტერესი უქრებოდა, მე ბავშვებზე ვზრუნავდი, ქმარს თავს ვევლებოდი, უამრავ საქმეს ვაკეთებდი და ერთ დღესაც სარკეში რომ ჩავიხედე, იქიდან უცხო გოგომ შემომხედა. ეს მე ნამდვილად არ ვიყავი. ქმრის სიყვარულით არც მე ვიწვოდი, მეტადრე, რომ მის გულგრილობას ყოველდღე ვეჯახებოდი.
ერთხელ მეგობარი მეწვია, ოთახში შევიკეტეთ და საუბრით გული ვიჯერეთ. პირდაპირ მითხრა, რას დაემსგავსეო. ეტყობა, მასთან საუბარმა მიბიძგა, რომ მეორე დღეს ბავშვებისთვის ხელი მომეკიდა და დედაჩემთან წავსულიყავი.
ირაკლის შერიგება არც უცდია. რამდენჯერმე დამირეკა, ბავშვები მოიკითხა, ეგ იყო და ეგ. მე კი ჩემს თავს შევპირდი, რომ ძველ მომხიბვლელობას და განწყობას დავიბრუნებდი, რომ ისევ ისეთი მხიარული გავხდებოდი, როგორც რამდენიმე წლის უკან ვიყავი, რომ თავს მოვუვლიდი და იმაზე აღარ ვინერვიულებდი, რას ეტყოდა ჩემი დედამთილი ირაკლის, რომ ჩვენ შორის შუღლი ჩამოეგდო.
და სწორედ ამ დროს მოულოდნელად დედა ავად გახდა. ავადმყოფს და უსუსურს რომ ვუყურებდი, მაშინღა მივხვდი, რამდენი დრო დავკარგე, რამდენჯერ ვატკინე გული, ის კი მაინც სულ გვერდით მედგა. რამდენიმე თვე იავადმყოფა, ვერაფერი შევძელი, ვერც მე და ვერც ექიმებმა.
დედა რომ გარდაიცვალა, ირაკლი გვერდში დამიდგა, მანუგეშებდა და მეხმარებოდა. შევრიგდით, მაგრამ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ის, ძირითადად, სამსახურში იყო, უქმეებზეც კი. მალე ამბავი მომიტანეს, საყვარელი ჰყავსო. მეც ბავშვებს ხელი მოვკიდე და დედის ბინაში გადავბარგდი. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ უკან აღარასოდეს დავბრუნდებოდი.
გამიჭირდა, გოგოები ჯერ პატარები იყვნენ, მათთვის უნდა მიმეხედა, რის გამოც მუშაობას ვერ ვიწყებდი და ძალიან მიჭირდა. ირაკლი ცოტ-ცოტას გვეხმარებოდა. სანამ პატარები ბაღში იყვნენ, მე ბინებს ვალაგებდი და ამით ორ კაპიკს ვშოულობდი, მაგრამ არ გვყოფნიდა. გაგრძელება