უცნაურ ქორწინებაზე როცა ლაპარაკობენ, მეცინება ხოლმე. ისეთ ამბებს ჰყვებიან, ჩემს თავგადასავალთან ახლოსაც რომ ვერ მოვა.
მაშინ მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტიდან ექსკურსიაზე წავედით. შუადღისას გავშალეთ ტყის პირას პურმარილი და დავსხედით საქეიფოდ. ცოტა ხანში ტუალეტში მომინდა. ტელეფონი ჩემს მეგობარს ჩავაბარე, - თუ ვინმე დარეკავს, უპასუხე-მეთქი და მე ცოტა მოშორებით, მდინარის ნაპირისკენ გავემართე. ულამაზესი ყვავილები დავინახე ცოტა მოშორებით. საცალფეხო ხიდზე გადავედი და ყვავილების კრეფას შევყევი. ისე შეუმჩნევლად დავცილდი იქაურობას, რომ კარგა დიდი თაიგული რომ შევკარი, მაშინღა მივიხედ-მოვიხედე და მივხვდი, რომ წარმოდგენა არ მქონდა, საიდან მოვხვდი აქ და როგორ უნდა დავბრუნებულიყავი უკან.
კარგა ხანს ვიბორიალე, მაგრამ ვერა და ვერ დავადექი სწორ გზას. მივხვდი, რომ ალბათ უკვე მეძებდნენ კიდეც და ძალიან ვნერვიულობდი. ვინანე, რომ ტელეფონი თან არ მქონდა, მაგრამ რა უნდა მექნა? პანიკაში არ ჩავვარდნილვარ, მხოლოდ იმას ვნერვიულობდი, რომ ხმას ვერ ვაწვდენდი მეგობრებს. თურმე იმათ პატრულიც კი გამოუძახებიათ და უკვე იმედიც აღარ ჰქონდათ, რომ ცოცხალს მიპოვიდნენ. მე მოშორებით სოფელი შევნიშნე და გადავწყვიტე, იქით წავსულიყავი, რომ რაიმე კომუნიკაციის საშუალება მაინც მქონოდა და შეშფოთებული მეგობრები დამემშვიდებინა.
უკვე ბნელდებოდა და ფეხს ავუჩქარე. სოფელი თითქოს ახლოს ჩანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კარგა შორი მანძილი მქონია გასავლელი. სოფლამდე რომ მივაღწიე, უკვე ბნელოდა. ჩამოვიარე ჩამწკრივებულ სახლებთან და ვერ გადამეწყვიტა, რომელთან შევჩერებულიყავი. ერთ ეზოში შუახნის ქალი შევნიშნე და გაუბედავად დავუძახე. ქალი ჭიშკართან მოვიდა და კარგად დამაკვირდა. - ვისი ხარო? - მკითხა. ვუთხარი, ვინც ვიყავი და რაც მინდოდა. მაშინვე დაფაცურდა, ჭიშკარი გააღო და შინ შემიყვანა... გაგრძელება