ქორწილებში ხშირად ხდება საინტერესო ამბები. ალბათ, ბევრი თქვენგანი ყოფილა კიდეც მომსწრე, მაგრამ მე რომ ვნახე, იმისთანა, ალბათ, იშვიათად თუ მომხდარა...
მოკლედ, ქართლში მყავს ბებია - დედის დედა, რომელთანაც ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი. აბსოლუტურად ყველას ვიცნობ იმ სოფელში და ბევრი მეგობარიც მყავს. რამდენიმე წლის წინ ქორწილში დამპატიჟეს და მეც დიდი ამბით ჩავედი. თან, თამადობისთვის ვემზადებოდი. მე პატარძლის მხრიდან ვიყავი დაპატიჟებული და მერე თბილისში, მაყარშიც ვაპირებდი წასვლას.
მოკლედ, მოვიდა სიძე ბატონი, როგორც იქნა. მშვენიერი ბიჭი აღმოჩნდა - მაღალ-მაღალი, სიმპათიური, კარგი მანერებით. დავსხედით სუფრასთან და როგორც წესია, დავლოცეთ ნეფე-დედოფალი, მათი ნათესავები და გზაც დავულოცეთ, რა თქმა უნდა. ჩვენ (გოგოს ნათესავები) კაი ხანს არ ავიშლებოდით, მაგრამ სიძის მხარემ აღარ გაგვაჩერა, - გვეჩქარება, გველოდებიან, წავიდეთო. ავიშალეთ, რაღას ვიზამდით?
ჟრიამულით ჩავსხედით მანქანებში და სიძისკენ დავიძარით. გზაში მთლად ერთ კორტეჟად ვერ ვიარეთ, დავიფანტეთ და ბოლოს, როგორც იქნა, სიძის სახლთან შევიკრიბეთ. დახვდა პატარძალს სადედამთილო, თეფში დაუდო გასატეხად, პირში თაფლიანი კოვზი გამოუსვა - ასე ტკბილად შეაბერდით ერთმანეთსო!.. რამდენიმე სადღეგრძელო იქაც შევსვით და რესტორნისკენ გავწიეთ. სიძე-პატარძალმა ძალიან დააგვიანა. ყველანი იქ ვიყავით, სუფრასთან დასხდომას ველოდით, ისინი კი არ ჩანდნენ. ვინც სიძეს კარგად იცნობდა, ურეკავდა, მაგრამ ხმა გავრცელდა, ტელეფონი გამორთული აქვსო. ასევე პატარძალიც მიუწვდომელი გახლდათ. შეშფოთდა ყველა, - ხიფათი ხომ არ შეემთხვათო? ცოტა ხანში თქვეს, კარგად არიან და მალე მოვლენო. გაგრძელება