ყოველთვის ყველაზე მეტად არამკითხე მოამბეებს ვერ ვიტან და ისეთ ხალხს, მიზნებისა და სურვილებისკენ მიმავალ გზაზე რომ მეღობება. ისეთი მემართება, საერთოდ გადავდივარ ჭკუიდან. არც ის მახსენდება, ჩემზე ადრე რომ მოუნდათ სასურველზე მუშაობა და ვერც იმას ვიხსენებ, დამასწრეს სურვილის ჩაფიქრება თუ არა.
ახლაც ანა ისეთი სახით მედგა წინ, თითქოს, რამე დავაშავე და გამომიჭირა. ზოგადად, ამ ქალის მიმართ ყოველთვის ისეთი დამოკიდებულება მქონდა, იყო თუ არ იყო, უფროსად აღვიქვამდი. მაშინაც კი, როცა რანგით ჩვენი თანასწორი იყო, თუმცა ახლა, თავი სუსტად და დაუცველად რომ ვიგრძენი, ირაკლის გავხედე და არც ის გამოიყურებოდა ფაფარაშლილი ლომივით.
– გიმეორებთ, აქ რას აკეთებთ? – წარბებაწეულმა მოგვატარა ორივეს მზერა და ისევე ვერ ამოეხსნა, რატომ ვიყავით იქ, როგორც მე მიკვირდა, რატომ ეღვიძა გამთენიის ხუთზე.
– ჩამოვედით, რა! – უსერიოზულესი პასუხი გასცა ირაკლიმ. ეტყობა, იმდენ ხანს ვარჯიშობდა, ბოლოს მიხვდა, აზრი რომ არ ჰქონდა და მაინც ეს ამჯობინა.
– არა, თქვენი ვერაფერი გამიგია! აქ იყავით და წასვლას თხოულობდით, წახვედით და უკან ბრუნდებით. ჩვევაში გაქვთ, რომ ჩემი საწინააღმდეგო უნდა აკეთოთ თუ რაშია საქმე?! – ანა კი, სულაც არ ჩანდა ხუმრობის ხასიათზე. ნუ, მართალია, მეეჭვება, დილის ხუთზე ვინმეს ხუმრობის ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ...
– კარგი, რა, ანა, რატომ ბრაზობ? – ჩავერთე მეც. – ხო არაფერი დაგვიშავებია? უბრალოდ...
– უბრალოდ, შუაღამისას შემოხვედით ბანაკის ტერიტორიაზე და თქვენი სახეებით თუ ვიმსჯელებთ, რაღაც ისეთს აპირებდით, რომ დამეცადა, დააშავებდით! – გამკიცხავად გადაგვიქნია თავი და პასუხი რომ ვერსად იპოვა, გადაწყვიტა, დროებით შეგვშვებოდა. თან, ალბათ თვითონაც ძალიან ეძინებოდა, თორემ ანა და ასე ადვილად დანებებული, მე არ მახსოვს. თუმცა, ის კი დასაფასებელია, ერთხელაც რომ არ დაუფასებია სერიოზულ მომენტში და სიტუაცია არ ჩაუშლია. აბა, მე ყბა მომძვრეს ლამის...
– ახლა დავურეკავ ორივეს და სათითაოდ გავლანძღავ! – ავბურდღუნდი მაშინვე, როგორც კი მარტონი დავრჩით და ირაკლისაც გაეცინა. ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად ზედ ეწერა, ჩემით რომ ერთობოდა. ჰმ, მასხარას ვგავარ?! არა, იქნებ ვგავარ და მე არ ვიცი?! მითხარით!
– არა, რა, ეგენი დაგეგმვაში არიან ნული! ამხელა გზაზე ჩამოგვიყვანეს და ის ვერ გაითვალისწინეს, ანას რომ არ გამოვეჭირეთ!
– ოხ! – ისე შევიცხადე, თითქოს რამე ახალი გამეგო. მართალია, მეც იმავეს ვფიქრობდი, მაგრამ მე მგონი, სისხლში გამიჯდა, რომ უნდა შევწინააღმდეგებოდი. – გვაპატიეთ, ყველა თქვენსავით ჭკვიანი ვერ იქნება!
– კარგი. – მხრები აიჩეჩა და ისეთი ღიმილი მაჩუქა, თითქოს, მადლიერება უნდა გამომეხატა სანაცვლოდ.
– რა კარგი?
– გაპატიებ! – თვალი ჩამიკრა და სანამ გადაიხარხარებდა, მისთვის საბედნიეროდ და ჩემთვის საუბედუროდ, დღევანდელი დღის მთავარი გმირებიც გამოჩნდნენ და შურისძიება აღარ დამცალდა!
– ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლიერები ვართ თქვენი! – აღმოხდა გიორგის გულწრფელად და შემდეგ, ნუციმ რომ გვითხრა, ჩემს ოთახში ავიდეთ, თათას მეტი მაინც არავინაა და მისგან არაფერი გავაო, საერთოდ გადავირიე. რა უბედურებაა ამდენი ინტრიგა?!
სიმართლე გითხრათ, სადღაც, გულის სიღრმეში, თითქოს მეწყინა კიდეც, ირაკლი რომ არაფერ შუაში იყო. რატომღაც, მთელი გზა ვფიქრობდი, რომ მასთან შეთანხმებით დაგეგმეს ეს სპექტაკლი, რადგან ამხელა გზაზე ჩავეტყუებინე. ისეთი კმაყოფილი იყო ჩემი ეგო. თავი ინგლისის დედოფალი თუ არა, მისი გულის დედოფალი ნამდვილად მეგონა და ეტყობა, სანამ საბოლოოდ ამივარდებოდა თავში და პატივმოყვარეობისგან გავსკდებოდი, დროზე დამანარცხეს მიწაზე.
თათას ისეთი სახე ჰქონდა ჩვენი დანახვისას, ლამის ინსულტი მიიღო. სასაცილოდ აღებდა პირს და შემდეგ, სათქმელს რომ ვერ პოულობდა, ისევ ხურავდა. თვით თათაც კი ვერ პოულობდა სათქმელს, ისე დაამუნჯა სიტუაციამ! ღმერთო, რა გავჩნდი ამისთანა, ყველაფერში მე რომ ვეხვევი?!
– შენ ნორმალური თუ ხარ?! – აღმოხდა ბოლოს. – ლამისაა შავლენტიანი გვირგვინის გამოგზავნას ვაპირებდი, წარწერით „მეგობრებისგან" და ამ დროს... – ისე მომაყარა, არც კი უცდია გაეთვალისწინებინა, ირაკლი რომ მედგა გვერდით. ყოჩაღ, თათა, მიდი, მასე გააგრძელე! აბა, ახლა მიზეზიც თქვი და ეგაა!
– მეც გამიხარდა შენი ნახვა! – გავუცინე და რომ ჩავეხუტე, ისე ვუბწკინე გვერდზე, ლამის ამოიღმუვლა. – მოგკლავ, იცოდე, რამე რომ შეიმჩნიო. – შემდეგ კი, მხოლოდ მის გასაგონად გადავუჩურჩულე და მეგობარიც, თვალებდაწვრილებული რომ მომშორდა და თავი გვერდზე გადახარა, კარგად რომ დამკვირვებოდა, ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა, ლამის საერთოდ დამავიწყდა, რის გამო ვიყავით აქ.
– დაიწყეთ ახლა, სანამ გაუღვიძიათ ბავშვებს! – შეაგულიანა ირაკლიმ, როცა შეატყო, თქმას რომ კიდევ არ აპირებდნენ. არა, რა, გიორგისგან კი არ მიკვირდა, მაგრამ ნუცის პირველად ვხედავდი ასეთ დაბნეულს და ჩუმს.
– უნდა დაგვეხმაროთ! – აღმოხდა ჩემს მეწყვილეს.
– ე ბიჭო, გავიგეთ! – ირაკლის კი, მოთმინების ფიალა აშკარად აევსო და უკვე გადმოსვლასაც იწყებდა. – გავიგეთ, რომ უნდა დაგეხმაროთ, ავდექით და ჩამოვედით. თქვით ახლა, რაში უნდა დაგეხმაროთ!
– ახლა გადავირევი! – თათამ დაასწრო ორივეს და პირზე აიფარა ხელები. ოჰო! იქნებ რაღაცას მიხვდა?! – ეს ისაა, რაც მე მგონია?! – შემდეგ კი, ისეთი სახით გადახედა ნუცის, სრული ეფექტისათვის ამ სცენას მხოლოდ მუსიკის დადება აკლდა.
– ღმერთო, ახლა მგონია, საიდანმე მარიო ჩიმარო გამოვა და გვკითხავს, ჩემს რანჩოში რას აკეთებთო. – ამოიგმინა ქავთარაძემ. ჰმ, სერიალებსაც ვუყურებთ?! – რა ჩახლართეთ და გაასერიოზულეთ ყველაფერი? ახლა ავდგები და არც მოგისმენთ, ისე წავალ, იცოდე!
– ნუ ჯიჯღინებ! – აღარ დავაცადე გაგრძელება. – ისედაც ნერვიულობენ, ვერ ხედავ?
– რომ ვხედავ, მაგიტომ ვჯიჯღინებ!
– ისე, მე ხო არ დაგტოვოთ?! – ისეთი კითხვა დასვა თათამ, ძლივს რომ ამოაღებინა იმ ორს ხმა.
– არა, არა, ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდი და...
– ნუცი, შენ მაინც რა გჭირს? – ემოციებს ვეღარ ფარავდა ირაკლი. – რა დაგემართათ, ხალხო, ნუ გადამრიეთ, მოკვდა ვინმე? უნდა მოკვდეს? თუ ახლა კვდება?!
– აი, უჟმური რომ იქნება ადამიანი, როგორ ეტყობა...
– დანელია, შენი ხმა ნუ მესმის! – მაინც მოიცალა ჩემთვის საპასუხოდ, თუმცა, ნუციმ რომ ამოიოხრა, მაშინვე გავჩუმდით.
– მოკლედ, თქვენ უნდა შეგვცვალოთ...
– წესიერად თქვი!
– მე და გიორგიმ დაქორწინება გადავწყვიტეთ და ბანაკიდან მივდივართ. ამიტომ, უნდა შეგვცვალოთ... – ერთი სიტყვასავით ამოთქვა და წამებში გაგვაჩუმა ყველა. აი, ამას კი ნამდვილად არც ველოდი და ალბათ, ძალიან დიდხანსაც რომ მეფიქრა, მაინც ვერასდროს წარმოვიდგენდი...
ნათია ჯაგოდნიშვილი
გაგრძელება იქნება