შევედი... გაოცებისგან შევკივლე... მთელ ოთახში მაგნოლიის ყვავილის ფურცლები იყო მიმობნეული - იატაკზე, საწოლზე... ლოგინის გადასაფარებელი მთლიანად ყვავილის ფურცლებით იყო გადაპენტილი.
ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი იმ ღამეს დამთავრდა. მას შემდეგ საბა არ გამოჩენილა ჰორიზონტზე, ერთხელაც არ დაინტერესებულა ჩემით. როგორც გავიგე, ორ დღეში კვლავ პარიზში დაბრუნებულა. დღეები გადიოდა, თვეებიც... მისგან არაფერი ისმოდა. გია იყო ერთხელ მოსული, ბოდიში მომიხადა, დაბადების დღეს გული გატკინე, ცუდად მოგექეცი, საბა თურმე ცოლს დაშორებული ყოფილა, არ ვიცოდიო. ამას უკვე აზრი აღარ ჰქონდა. გიაზე ნაწყენი არც ვყოფილვარ. მის ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა.
უღიმღამოდ გადიოდა დრო - ზამთარი... გაზაფხული... არაფერი შეცვლილა, არც რამე მნიშვნელოვანი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გია და მაია შეუღლდნენ. ჯვრისწერა და ქორწილი აპრილში გადაიხადეს, მე მაიას მეჯვარე ვიყავი. საბა არც მათ ქორწილს დასწრებია, თუმცა დიდი იმედი მქონდა, რომ გამოჩნდებოდა. არ გამიმართლა.
ამასობაში მაისი დადგა. ეს სწორედ ის თვე იყო, როცა პირველად შევხვდი საბას, მაგნოლიების აყვავების პერიოდი. რა დამავიწყებს იმ დღეს, როცა იგი პირველად ვნახე, ან იმ ფრაზებს, მაშინ რომ მითხრა. ნეტავ თვითონ თუ ახსოვს? ვინ ვიყავი საერთოდ მისთვის? მორიგი გართობა თუ მართლა სერიოზული სიყვარული? ალბათ გართობა, თორემ სიყვარული რომ ყოფილიყო, ასე ადვილად არ გამიმეტებდა. ისე გაქრა, არც უკითხავს, რაში იყო საქმე, რას წარმოადგენდა ლუკა ჩემთვის და რა ადგილი ეკავა მას ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ თუ გართობა იყო, რატომ ბოლომდე არ მიიყვანა საქმე? ხომ იცოდა, რომ მე მასთან დაწოლაზე უარს არ ვიტყოდი? რა მოხდა? რატომ მოიქცა ასე, რატომ? დამტანჯა ფიქრებმა, ცხოვრება ამერია. არაფერი ამქვეყნად არ მაინტერესებდა. ერთადერთი, რასაც გვერდიდან არ ვიშორებდი, "თეთრი მთვარე" იყო, ყოველ დილით დავიპკურებდი და მთელი დღე მისი სურნელით ვარსებობდი.
ის დღეც გათენდა, საბამ მაგნოლია რომ მომიწყვიტა. უცნაურ ხასიათზე გამეღვიძა, თითქოს გული რაღაცას მიგრძნობდა. ამეკვიატა, აუცილებლად გავსულიყავი აღმაშენებელზე, კიდევ ერთხელ გამევლო მაგნოლიების ხეივნის ქვეშ. იქნებ მომხდარიყო სასწაული და საბა იქ დამხვედროდა? საოცრება არ იქნება, ასე რომ მოხდეს? დავუშვათ და, მოხდა, რა იქნება მერე?
ექვსი თვის განმავლობაში პირველად, საგანგებოდ გამოვიპრანჭე, ჩვეული, ყველასათვის კარგად ნაცნობი მაგდა "გამოვძერწე" სასოწარკვეთილი ქალისგან და პირველი ფურორი სამსახურში მოვახდინე. ყველას გაუკვირდა ჩემი "სახეცვლილება". პირდაპირ არავის უკითხავს, ასეთი ბედნიერი რამ გაგხადაო, მაგრამ მათ გამომეტყველებაში ეს კარგად იგრძნობოდა.
მუშაობას რომ მოვრჩი, გეზი პირდაპირ მაგნოლიებისკენ ავიღე. "მაგთის" ოფისთან ჩამოვედი ტაქსიდან და ფეხით დავუყევი ტროტუარს. დაძაბული მხოლოდ წინ ვიყურებოდი. ასე მეგონა, სადღაც იქვე საბა იყო ჩასაფრებული და ჩემს მომლოდინე მზერას უთვალთვალებდა.
მაგნოლია უკვე აყვავებულიყო. ლამაზი თეთრი ყვავილები ისე მიცინოდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს. ღიმილით ჩავიარე ის მონაკვეთი... სასწაული არ მოხდა. უკან მოვბრუნდი. ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხესთან დავდექი და ავხედე. ყვავილები ძალიან მაღლა ესხა, ხელით კი არა, ორმეტრიანი ჯოხითაც ვერ მივწვდებოდი. კარგა ხანს ვიდექი ასე, გაშტერებული და შევყურებდი თეთრ, სავსე მთვარესავით გადაშლილ ყვავილებს.
- ხომ არ გინდა, მოგიწყვიტო? - მომესმა მოულოდნელად ხმა... ძალიან ნაცნობი, ძალიან ახლობელი.
მკვეთრად მოვტრიალდი... ჩემ წინ საბა იდგა... საბა - შავგვრემანი და ლურჯთვალება, უფრო სასურველი, ვიდრე ოდესმე. ოდნავ შეცვლილი, ოდნავ გამხდარი, მაგრამ თვალები ისევ ისეთი ჰქონდა, როგორც ყოველთვის - უძირო და მომნუსხველი, ბევრისმთქმელი და მომაჯადოებელი... ვიგრძენი, როგორ მიმდიოდა გული, გონება დამებინდა, ცოტაც და, მიწაზე მოვადენდი ზღართანს. წავბარბაცდი. საბამ ხელი შემაშველა და მის მკლავზე მივესვენე.
- ცუდად ხარ? - შიშნარევი ხმით მკითხა.
- არა, არა, ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ. შენ აქ საიდან გაჩნდი? - ნელ-ნელა დამიბრუნდა ფერი.
- იქიდან, - ზემოთ აიხედა საბამ, - კოსმოსიდან გადევნებდი თვალს. ვნახე, როგორ მიყურებდი და ეგრევე ჩამოვფრინდი. მითხარი, გაგიხარდა?
- სიზმარში მგონია თავი, არ გელოდი.
- არ მელოდი? მატყუებ. აბა, აქ რა გინდოდა, თუ არ მელოდი? რატომ მატყუებ?
- ვიფიქრე... გავივლი-მეთქი... ის დღე გამახსენდა.
- მეც გამახსენდა, ამიტომაც ვარ აქ.
- როდის ჩამოხვედი?
- გუშინ.
- მერე? რატომ...
- იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, - შემომღიმა და წელზე მომხვია ხელი, - გუშინ გია და მაია ვინახულე, დავთვერი.
- ღმერთო, არ მჯერა, - ამოვიკვნესე და თავი მკერდზე მივაბჯინე.
- სამაგიეროდ, მე მჯერა. იცი? რაღაც მინდა გაჩვენო. წამომყვები?
- სად?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- არანაირი. მინდა წამიყვანო... სადაც გინდა, ოღონდ წამიყვანე.
- მაშინ წავედით, - საბამ ხელკავი გამიყარა და იქვე მდგარი მანქანისკენ გამიძღვა.
...წერეთელზე გავედით. მივხვდი, მის ბინაში მივდიოდით. გული საგულეში აღარ ჩერდებოდა, ბაგაბუგი აუტეხა ბუდეს. უხმოდ მივდიოდით, ლაპარაკის თავი არც ერთს არ გვქონდა.
- მოვედით, - თქვა საბამ და მანქანა კორპუსთან მიაყენა, - ეს ჩემი სახლია, - ღიმილით გამომხედა.
- ვიცი, ერთხელ უკვე ვიყავი აქ, - მეც გავიღიმე სახეალეწილმა.
- ჰო, მახსოვს.
ლიფტში შევედით. კარი ხმაურით დაიხურა. საბამ თითი მეთხუთმეტე სართულის ღილაკს მიაჭირა.
- ასე მაღლა ცხოვრობ? - გავიკვირვე.
- მიყვარს სიმაღლე, შენც მიყვარხარ, - დააყოლა უცებ, წელზე ხელი მომხვია, თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამაცხრა.
კარი რომ გაიღო, მხოლოდ მაშინ გამოვერკვიეთ. დაბნეული გამოვედი სადარბაზოში. საბამ გასაღები მოარგო რკინის თეთრ კარს და გადაატრიალა. მუხლები მეკვეთებოდა ბედნიერებისგან გაბრუებულს.
- კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში, - ხაზგასმით თქვა მამაკაცმა.
კითხვით სავსე მზერა მივაპყარი. მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა.
- ოთახში შედი, იქ სიურპრიზი გელოდება, - ჩურჩულით მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
შევედი... გაოცებისგან შევკივლე... მთელ ოთახში მაგნოლიის ყვავილის ფურცლები იყო მიმობნეული - იატაკზე, საწოლზე... ლოგინის გადასაფარებელი მთლიანად ყვავილის ფურცლებით იყო გადაპენტილი.
- საბა... - აღმომხდა.
სიტყვის გაგრძელება არ დამაცადა, მოწყურებულივით მეძგერა და კვლავ ტუჩებზე დამაკვდა... არ მახსოვს, როგორ განმძარცვა სამოსისგან, როგორ გადამაწვინა მაგნოლიის ყვავილებზე, როგორ შეერთდა ორი სხეული... მხოლოდ სიტყვები მახსოვს, გამალებით რომ იმეორებდა:
- მაგდა... მაგდა... ჩემი ოცნებების ლედი... ჩემი ბედნიერების გასაღები... მიყვარხარ, მიყვარხარ... მიყვარხარ...
ბედნიერების წამები წუთებად გადაიქცნენ, წუთები - საათებად... ამასობაში მოსაღამოვდა. არაფერი გვახსოვდა, ერთმანეთის გარდა...
- მე ყველაფერი გავიგე, მაიამ მითხრა ერთი თვის წინ, როცა მოსალოცად დავურეკე, - ჩურჩულით თქვა საბამ მორიგი "შესვენების" შემდეგ და ყურის ბიბილოზე მიკბინა, - მე მეგონა, მაშინ შენს ცხოვრებაში პარალელურად სხვა მამაკაციც არსებობდა. ეს ვერ ავიტანე. შევცდი, რომ ყველაფრის გარკვევა არ ვცადე. იმედია, მაპატიებ. გვიან გავიგე სიმართლე. ძალიან მიჭირდა უშენოდ, ვერ გავძელი, ვერც ამბავი ვიკითხე, იქნებ უკვე გათხოვდა და ეს არ მახარონ-მეთქი. შემეშინდა. ახლა მშვიდად ვარ. ახლა ჩემთან ხარ და ეს არის ყველაზე მთავარი. აღარსად გაგიშვებ. შენ ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი. ხომ გითხარი, ყოველთვის მეყვარები და ეს არ დაგავიწყდეს-მეთქი. ხომ არ დაგავიწყდა? ხომ გჯეროდა ჩემი?
- არ ვიცი, თავიდან მჯეროდა, მაგრამ მერე მეც შემეშინდა... ძალიან გაიწელა პაუზა...
- სამაგიეროდ, აწი ავინაზღაურებთ. მგონი, შევძლებ შენს დარწყულებას, სიბერემდე დიდი დროა, რას იტყვი? - ვნებიანად მიჩურჩულა და კვლავ მიმიზიდა...
ხელი მოვხვიე და ვაკოცე, არაფერი მითქვამს. არც იყო საჭირო. მერე ავდექი, ნებიერად გავიზმორე და სრულიად შიშველი ფანჯარას მივუახლოვდი.
სავსე მთვარის შუქი მხრებსა და მკერდზე ვერცხლისფრად მომელამუნა.
გავხედე მთვარეს...
იქიდან ფორტუნამ გამიღიმა...
ეშმაკურად...
დასასრული