სამსახურის საქმეზე ქალაქიდან დაახლოებით 150 კილომეტრ სავალ გზაზე მომიწია წასვლა. რაღაც ახალი პროდუქტის პრეზენტაცია იყო, მთელ კუთხეს მთხოვდნენ ჰიპერმარკეტში, თან საკმაოდ საინტერესო პირობებს მთავაზობდნენ. საერთოდ, ყველანაირი სიახლის მომხრე ვარ, სატესტო რეჟიმში ცდად ღირს. ზოგჯერ წინასწარ თვლი და ფიქრობ, რომ რაღაც ვერ გაამართლებს, ლოკაციიდან და არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, მაგრამ მერე პირიქით ხდება.
საქმიანი ნაწილის დასრულების შემდეგ შვედურ მაგიდასთან მიგვიწვიეს ყველა. სამი ქალი იყო და ოცდაათამდე კაცი. ვერაფრით გავერთე, ღამე გვიან წამოვედი და შუა გზაზე კოკისპირულად გაწვიმდა,. მანქანა გავაჩერე სავალი გზიდან მოშორებით. სადღაც ათი წუთი ვფიქრობდი, კიდევ ღირდა, შევხმიანებოდი თუ არა. უფრო სწორად, ვფიქრობდი, რომ არ ღირდა, მაგრამ ბოლოს მაინც მივწერე უსტანდარტულესი ტექსტი:
,,რას შვრები?"
პასუხი დაახლოებით ნახევარ წუთში დამიბრუნა. ,,მეგონა, შევთანხმდით და აღარ მომწერდი, დაჩი". ეს სახელის დამატება ყველა მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე მაგარი იცის.
რანაირად უნდოდა გაჩერება, თუ ყველაფერზე ბოლოს მაინც მპასუხობდა, სრულიად არადამაჯერებელი იყო, ქცევა არანაირად არ მეტყველებდა იმაზე, რომ უნდოდა გავჩერებულიყავი.
,,არ მახსოვს, რამეზე დაგთანხმდი? :) როგორი ამინდია მანდ?"
,,წვიმს, სად ხარ?"
აჰა... - სად ხარ? და თან ეს ბლა-ბლა ტექსტები... - დაჩი აღარ მომწერო, დაჩი, მეგონა შევთანხმდით... მეცინება... სულ მეცინება, როცა რაიმე შეხება მაქვს ამ გოგოსთან.
,,საშინლად წვიმს, ორჯერ გავაჩერე მანქანა და მგონი, მესამედაც მომიწევს". ,,მომწერე, რომ ჩამოხვალ, კაი?"
მზრუნველობით სავსე გამოხტომა... მერე იტყვის, რომ არ უნდა ურთიერთობა და ეს ჩემი შეხებაც რაღაც არ სიამოვნებს... მატყუარა... დიდი ბავშვი...
ოდნავ რომ გამოიამინდა, გზა განვაგრძე. ზედმეტად მოქმედებდა ჩემს განწყობაზე. ეჭვი არ მეპარებოდა, ურჩობის მოკლე სერია დაასრულა და დამყოლ გოგოდ იქცა. მუსიკას ბოლომდე ავუწიე, სიგარეტს ვეწეოდი და მისი შემჩნევიდან დღემდე ყველაფერს კადრებად ამეორებდა ჩემი გონება.
მთელი გზა მწერდა. ქალაქში რომ შევედი, ვიფიქრე, სახლთან გავივლიდი. ჯერ ერთი, ხომ უნდა მცოდნოდა, სად ცხოვრობდა; მეორე - კიდევ ერთხელ შევხედავდი, და მესამე, შუაღამის ოთხზე რომ კაცი შენს სახლთან მოდის, რომ უბრალოდ დაგინახოს, მგონი, ქალისთვის რომანტიკულად უნდა გამოიყურებოდეს. უარი მითხრა... სამაგიეროდ, დამპირდა, რომ კიდევ მნახავდა. არ ჩავძიებივარ, რის გამო, ბოლოს და ბოლოს, თავისუფალი ქალი ხომ არ არის, არაფერი დამიძალებია, არ მინდოდა რამე ოდნავ მაინც გამეფუჭებინა.
სახლში მივედი. დაქანცული მივეგდე საწოლზე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, დილამდე რომ გამეგრძელებინა მიმოწერა. ბოლო ღერი რომ მოვწიე ფანჯარასთან და გავიხედე, გარიჟრაჟი იყო დაწყებული, დამათენდა. გულწრფელად ვამბობ, რომ 36 წლის მანძილზე არცერთხელ არ გამითენებია ვიღაცასთან მიწერ-მოწერის გამო. საერთოდ, იმდენად კარგად ვგრძნობ თავს ახლა, არაფერ ზედმეტზე ფიქრი არ მინდა, თორემ ამხელა კაცი რომ დილამდე ქალის გამო ტელეფონს არ გააგდებ ხელიდან, კარგზე არაფერზე უნდა მეტყველებდეს. უბრალოდ ქალის კი არა, გათხოვილი ქალის.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>