შუადღეს სამსახურში მისულს ,,საჩუქარი" დამახვედრეს, ლეას ჩეკის ამოღება მაინცდამაინც უცხო მომხმარებელთან დაავიწყდა და გვარიანი ჯარიმა დაეწერათ, გავცოფდი, ლეა კაბინეტში გავიყვანე.
-რა მოგიხერხო? -ტიროდა და ამის გამო ბრაზის გადმონთხევა ბოლომდე მიჭირდა, ვცდილობდი მშვიდი ვყოფილიყავი.
-თავზე ათი კაცი მედგა, რიგი იყო, მხოლოდ სიგარეტი იყიდა...
-სლუკუნებდა და თვალს მარიდებდა.
-რას ცვლის რა იყიდა, საღეჭი რეზინაც რომ ყოფილიყო...
-ხელფასიდან გადავიხდი ნაწილ-ნაწილ.
-რამდენი წელი აპირებ აქ მოლარედ მუშაობას? და რამდენ ეგეთ შეცდომას დაუშვებ ეს წლები, რომ ვფიქრობ მგონი არ ღირს...-ვცდილობ რაღაცნაირად შევინარჩუნო წონასწორობა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ თვალს მარიდებს ანუ სახე ალეწილი მაქვს და საუბრის მიუხედავად არ გამომდის.
-პენსიამდე დაგტოვო?
-წავალ მაშინ.
-თვის ბოლოდან წადი... -მოკლედ ვუჭრი და ზურგით ვდგები, რომ გავიდეს და აღარ დამენახოს, უსამართლოდ რომ არ მოვქცევივარ ვიცი, მაგრამ ასეთ მომენტებში საკუთარი თავი რატომ მეზიზღება მაინც ვერ ვხსნი. ნია ექსკურსიაზეა წასული თანამშრომლებთან ერთად, ახლა მიწერმოწერა ამ ხასიათით ნაღდად არ მეხალისება, მაგრამ მთელი დღე მწერს, ვუხსნი რომ სამსახურში პრობლემა მაქვს, ყურადღებით ეკიდება ჩემს გასაჭირს, მგონი ფიქრობს რომ გულს ვაყოლებ მასთან წერას, სინამდვილეში დღეს არავის და არაფრის გაგონება არ მინდა, ხომ უნდა ჰქონდეს სასრული ამ სრულიად უაზრო, უმიზნო და გაუთვალისწინებელ ხარჯებს. ღამე რესტორანში ავდივარ ბიჭებთან ერთად, ვფიქრობ რომ დღის ბოლოს ნამდვილად მჭირდება განტვირთვა, ის ისაა პირველ ჭიქა ტვიშს ვსვამ რომ ისევ ტექსტური შეტყობინება მომდის. შეგნებულად არ ვხსნი, ვფიქრობ ხასიათზე მოვალ და ცოტა მოგვიანებით ვუპასუხებ, თან სუფრასთან ვერ ვიმესიჯებ, 20 წლის ხომ არ ვარ. მოსაწევად დაახლოებით ერთი საათის მერე გამოვდივარ, დათა მომყვება უკან მაგრამ ტელეფონში მაინც ვამოწმებ შეტყობინებებს, რაც მხვდება
ერთიანად მაფხიზლებს და მთლიანად აორთქლებს იმ რამდენიმე ჭიქა ღვინოს რომლის დალევაც მის წაკითხვამდე მოვასწარი.
,,მგონი მიყვარხარ"
-ჯანდაბა... -დათას იქ ყოფნის მიუხედავად ვერ ვახერხებ თავს მოვერიო და აშკარად ხმამაღლა მცდება სიტყვა პირიდან.
-ნაშობა და რამე? -მეკითხება დამცინავად და კევს აღლაჭუნებს აუტანლად.
-ნაშობა არა ის... -ტელეფონის ეკრანს ვბლოკავ რომ შემთხვევით თვალი არ მოკრას, ველოდები შევიდეს დარბაზში რომ პასუხი დავუბრუნო. თავი მებერება და ვგრძნობ სადაცაა გამისკდება, რა სიყვარული...ხომ არ გაგიჟდა, საერთოდ რაზე ფიქრობს? რომელ სიყვარულზე მელაპარაკება ჩვენს სრულიად მოკლე ვადებზე გათვლილ ურთიერთობაში, ხომ არ ფიქრობს რომ ამის ქმარს შევებმები და სახლში წამოვიყვან თავისი შვილებიანად, ბარემ საწვალებელი აღარაფერი მექნება, ეგრევე დედაჩემი მახსენდება და ვფიქრობ როგორ მომენტალურად დაარტყავს ინსულტი ეს ამბავი რომ გაიგოს, ისედაც რამდენჯერმე მაკიაჟი მომეცხო თეთრ მაისურზე და ხაზგასმით მომახალა დალაქულია მაისურები და საღებავები ვერ ამოყავს სარეცხ მანქანასო, ანუ მაგრძნობინა ვხვდები რომ ისევ არ ფიქრობ სერიოზულად ვინმეზე და ვიცი რომ დაგულაობო.
სიმართლე რომ ვთქვა იმდენად ცუდად ვიგრძენი თავი ნიას ვუთხარი რომ მნახულობ მაკიაჟს ნუ იკეთებ მეთქი, რის გამოც გამებუტა და სამი დღე პრინციპულად აღარ მწერდა.
ისევ მის შეტყობინებას ვუბრუნდები და კიდევ ერთხელ ვკითხულობ... სანამ ვფიქრობ რა ვუპასუხო რომ კორექტულად ვაგრძნობინო ჩვენს ურთიერთობაში გრძნობები სრულიად ზედმეტია, მეორე შეტყობინება მომდის, მეუბნება რომ ქმარს გაშორებულია ორი წელია.
ბოლო დარტყმაა, კიბისკენ ვინაცვლებ და ვჯდები, გეგმები აქვს, ჯანდაბა...
აღარაფერი მინდა, ისიც კი რომ პასუხი მივწერო. რის თქმას ცდილობს ახლა რომ თავისუფალია და ხნაგრძლივი და სერიოზული ურთიერთობისათვის მამზადებს?!
არც განვიხილავ, ეს ურთიერთობა იმას ემსახურება რომ რაღაც პერიოდი ერთმანეთს სითბო და ბედნიერება ვაჩუქოთ და მერე უპირობოდ დავიშალოთ, როგორ დავიჯერო რომ მის ასაკში ეს ძალიან რთულად მისახვედრია.
ტექსტს ვწერ, ვცდილობ ირიბად მივანიშნო რომ ახლა მისი სიყვარულისთვის არ მცხელა, ყველაფერს ის ართულებს, რომ ნასვამია და არაფრის გაგონება არ უნდა, მლანძღავს და ტელეფონს თიშავს, ბოლო შეტყობინება აღარ მიდის, ზოგადქალური პარანოია, რადგან კაცს შენთან დაწოლა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემოდნები უნდა ჩააბარგო და სახლში გადახვიდე მასთან. რატომ ვერ მიჯნავენ სერიოზულ ურთიერთობებს უბრალოდ სექსისგან?!
მეორე დღეს ბრუნდება, შეხვედრა მძაბავს ამიტომ ვეუბნები, რომ სამსახურს ვერ დავტოვებ, არ აპროტესტებს, მგონი ხვდება რომ წინა ღამეს ,,გადაამლაშა", აღარც არაფერს მეკითხება...
ორი დღის შემდეგ თავის არიდება აღარ გამომდის, ჩემს მოკლე და უკმეხ პასუხებს არ იმჩნევს და თითქოს ჯიბრზე მექცევა თბილად, ამიტომ თუ იმის გამოც, რომ მგონი ნახვა თვითონაც მინდა, შუადღისას ვხვდები, უხასიათობის დამალვა არც ისე კარგად გამომდის, ჩვენი შეხვედრის ადგილთან მელოდება, მისი მანქანის სავარძელთან ვჯდები ნაპირას და თავს მუხლებზე ვადებ, თავზე მეფერება და თვითონაც ხმას არ იღებს, ვფიქრობ იქნებ სიმთვრალის ბრალია ყველაფერი და აღარც აპირებს ამ თემის ჩემთან განხილვას.
ცოტახანს ექსკურსიის ამბებს მიყვება და დამშვიდობებისას საჩუქარს მატანს, ძვირადღირებულ სუნამოს... რაც კიდევ ერთხელ მაფიქრებს რომ მომავალი ჩემს გარეშე და ჩემთან ერთად დაგეგმა. ვართმევ... მეტი გზა არ მაქვს, სანამ ფეხზე წამოვდგები მეკითხება - თუ მიყვარს... ანუ ისევ იმ აზრზეა, ისევ ფიქრობს რომ ზუსტად იმ ურთიერთობაშია სადაც სიყვარულს ადგილი უნდა ჰქონდეს, სულ ერთი წამი თავში ვივლებ - ახლა რომ ვუთხრა არაფერს ვგრძნობ - ზედმეტად თავმოყვარეა და წავა, არადა დრო მჭირდება რამდენიმე დღე მაინც, რომ ავწონ დავწონო ყველაფერი და გავარკვიო არის თუ არა ახლა მისი წასვლისთვის შესაფერისი მომენტი. ამიტომ ვთანხმდები, უხალისოდ ვეუბნები რომ მიყვარს.
ჯერ ეს საგადასახადოს ჯარიმა რომელიც უტვინო ბავშის გამო შემომეტენა, წინა კვირაში გადარიცხული თანხები, რისთვის რომ ვიღაც ,,სირები ზონაზე ვინახო", და ახლა ნია თავისი გრძნობებით, ჰიპერმარკეტი რომ გავყიდო და აქედან დავახვიო მგონი ზუსტად ის დროა.
იმ საღამოს ბიჭებს ვხვდები და ვეუბნები რომ გაყიდვას ვფიქრობ და თუ ვინმე ისეთი იციან ვინც სერიოზულად დაინტერესდება უკვე ,,გაქაჩული" ბიზნესით დამიკავშირდეს.
საერთოდაც პირველად არ მომდის აქედან გადახვეწის იდეა, არც ნიას მიზეზით და არც სხვა რომელიმე ერთი კონკრეტული ,,თავშისახლელის" გამო არ ხდება, მაგრამ ზოგჯერ სულ უმნიშვნელო წვრილმანი პრობლემის დამატება მჭირდება, რომ მოთმინების ფიალა გადამევსოს და ხელახლა დავიწყო ფიქრი გაქცევაზე.
დაწოლამდე ისევ ჩაის ვსვამ დედაჩემის ხათრით, მატყობს რა ხასიათზეც ვარ და კითხვებს მაყრის, თითქოს ჯინაზე ისევ მახსენებს რომ ცოლს თუ არ მოვიყვან შვილიშვილებს ვერ მოესწრებიან ის და მამაჩემი. მამაჩემს სულ ფეხებზე ჰკიდია, ალკოჰოლით გაბუჟებულს დივანზე პირღიას სძინავს და მისი ხვრინვა საბოლოოდ მამწარებს, ჩაის ჭიქა საძინებელში შემაქვს და სიგარეტს ვუკიდებ, ტელეფონისკენ თვალი აღარ გამირბის, არც გული... ის დროა სადმე წავიდე და ცოტახანს მაინც დავისვენო, მაგრამ ვის გინდა ჰიპერმარკეტი ჩააბარო, ვის ხელში დავტოვო, მეგობარიც კი არ მყავს ისეთი ვის იმედზეც ყოფნას შევძლებ, ყველაფერში რომ ერთბაშად ,,მექაქება" ამას შევეჩვიე, მაგრამ უკვე მომბეზრდა. ისევ თინანოს
პროფილზე გადავდივარ, მაზოხისტი ვარ, იქნებ დაძინებამდე ბარემ ბოლომდე მოვისპო გუნება განწყობა...
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>