Netflix-ს კინომოყვარულებისთვის სასიამოვნო სიახლეები აქვს. როგორც ცნობილია, თებერვალი საკმაოდ ნაყოფიერი და მრავალფეროვანი თვე იქნება როგორც მოზარდებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის.
ერთად ვნახოთ, რომელ ფილმებს შემოგვთავაზებს Netflix-ი ამ თვეში:
„მალქოლმი და მერი“ / Malcolm & Marie
ზენდეიას ფილმ „მალქოლმი და მერის“ საზოგადოება დიდი ხანია ელის და კინოპროექტს უკვე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. კრიტიკოსებმა, რომლებმაც ფილმი იხილეს, ის „შედევრად“ აღიარეს.
„ეს არ არის სიყვარულის ისტორია“ – ვკითხულობთ ფილმის თრეილერში. როგორც ცნობილია, პარასკევს, 5 თებერვალს, ფილმის დიდი პრემიერა შედგება.
„ყველა ბიჭს: ყოველთვის და სამუდამოდ“ / To All the Boys: Always and Forever
ეს Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფილმია, რომელიც თინეიჯერებისთვის არის განკუთვნილი.
სცენარის მიხედვით, ლარა ფილმის მესამე ნაწილში კორეაში იმოგზაურებს, ნიუ-იორკში უნივერსიტეტს ესტუმრება და ახალ მეგობრებს გაიჩენს. ლარა და პიტერი ნიუ-იორკში ერთად ცხოვრებას გეგმავენ, თუმცა ბედისწერას სხვა გეგმები აქვს. როგორც ცნობილია, ფილმის პრემიერა 12 თებერვალს იგეგმება.
Space Sweepers
Netflix-ი ამჯერად კორეულ ფანტასტიკას გვთავაზობს. ფილმის თრეილერმა შესაძლოა, ცნობილი სერიალი „100“ გაგახსენოთ. კინომოყვარულებში კორეული ფილმები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ცნობილია, კინოპროექტის პრემიერა 5 თებერვალს შედგება.
„ჯინი და ჯორჯია“ / Ginny & Georgia
ეს ფილმიც თინეიჯერებზეა და ახალგაზრდა დედისა და თინეიჯერი შვილის ისტორიას მოგვითხრობს. ჯინი და ჯორჯია ახალი ცხოვრების დასაწყებად პატარა ქალაქში დასახლდებიან, თუმცა ყველაფერი ისე მარტივად არ მოხდება, როგორც თვითონ წარმოუდგენიათ.
„წითელი წერტილი“ / Red Dot
დაბოლოს, Netflix-ის ძალიან ემოციური შვედური ფილმი წყვილზე მოგვითხრობს, რომელიც თავის გადასარჩენად იბრძვის. კინოპროექტის პრემიერა 11 თებერვალს არის დაგეგმილი.