თანამედროვე კლასიკოსი მწერლის, გურამ გეგეშიძის, 6-ტომეულის პირველი ტომი მკითხველთან შესახვედრად მზად არის. უკვე დღეიდან, მის შეძენას ჟურნალ „გზასთან“ ერთად შეძლებთ. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.
გურამ გეგეშიძის 6-ტომეულში ცნობილი მწერლის ძვირფასი შემოქმედება ერთიანდება. აღსანიშნავია, რომ 6-ტომეულს გამომცემლობა „პალიტრა L“ უკვე მეორედ გამოსცემს და მკითხველს საშუალებას აძლევს, ჟურნალთან ერთად, განსაკუთრებული აქციით, შეიძინოს თანამედროვე კლასიკოსი მწერლის წიგნები. ყოველი ტომი 2 კვირაში ერთხელ ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვა.
პირველ ტომში შესულია გურამ გეგეშიძის ორი რომანი - ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წიგნი „ცოდვილი“ და მის შემოქმედებაში გამორჩეული ლიტერატურული ქმნილება „სტუმარი“. მეორე ტომი ნოველებსა და მოთხრობებს ეთმობა, შემდეგ ტომებში კი გურამ გეგეშიძის უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პანო - ტეტრალოგია „ქართლის ჭირი“ შევიდა. ამ ქუდქვეშ გაერთიანებული ოთხი რომანი - „ხმა მღაღადებლისა“, „სისხლის წვიმები“, „ნაცრის კოშკი“ და „ცეცხლისქრობა“ – XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX-ის მიწურულამდე საქართველოს ისტორიის ამსახველი, უმნიშვნელოვანესი მხატვრული მატიანეა.
როგორც აღვნიშნეთ, პირველ ტომში მწერლის ორი რომანი ერთიანდება: „ცოდვილი“ და „სტუმარი“. რომანთა მთავარი თემისა და მნიშვნელობის შესახებ წიგნის რედაქტორი მანანა ჯანელიძე გვესაუბრა: „ცოდვილის“ მთავარ პერსონაჟს, ვამეხ გურამიშვილს, ბედისწერამ თუ შემთხვევითობამ ძმის უნებლიე მკვლელის ტრაგიკული ბედი არგუნა. ამის შემდეგ იწყება ვამეხის ცხოვრებაში საკუთარი თავის შეცნობის, ცხოვრების საზრისისა და დანაშაულის გამოსყიდვის საშუალების ძიება. რომანის ეთიკურ-ფსიქოლოგიური და მხატვრულ-ფილოსოფიური მოტივების ნაწილი სწორედ ამ ბიბლიური ცოდვის გარშემო ტრიალებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა გურამ გეგეშიძის მეორე რომანი - „სტუმარი“. აქ მწერალმა კიდევ ერთხელ დააფიქრა მკითხველი ცხოვრების საზრისზე, ადამიანურ ფასეულობებსა და ღირებულებებზე. სტუმარი თავად რომანის მთავარი გმირი თარხუჯია, რომელიც ამქვეყნად თავს უცხოდ, სტუმრად გრძნობს; მისთვის რთული აღმოჩნდა ცხოვრების ის სტილი, რომელიც მისი ნაცნობ-მეგობრებისთვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. რადგან თარხუჯი ვერ ეგუება სინამდვილეს და საკუთარ თავს ვერ პოულობს, დედაქალაქს ტოვებს...“ – აღნიშნავს მანანა ჯანელიძე.
ამდენად, მკითხველის წინაშეა თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, რომლის შემოქმედებას ყველა ქართველი უნდა იცნობდეს.
შეგახსენებთ, გურამ გეგეშიძის 6-ტომეულის პირველი ტომი დღეს ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 10 ლარი, ჟურნალთან ერთად - 12 ლარი.
იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.