85-60-90 - ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა შეთავსებული დედის ამპლუა. 90-65-95 - ეს ახლა, როცა უკვე სამი შვილის დედაა. ნინო ცქიტიშვილი მაშინ სუხიშვილების სახელობის სტუდიაში ცეკვავდა.
ერთი წუთითაც არ უფიქრია, სცენიდან პოდიუმზე გასულიყო, მით უმეტეს - გადაენაცვლებინა.
ნატა სამადალაშვილმა შეამჩნია მაღალი, ლამაზი და დახვეწილი გოგონა, ”აღმოაჩინა” და თხოვნა-მოლაპარაკების შედეგად, პოდიუმზე ”გაამწესა”. ერთი წუთითაც არ უნანია ნინოს, რომ ეს ნაბიჯი გადადგა.
პირველი ჩვენებები და პირველი წარმატებები მოდის სამყაროში. ყველაფერი ისევე დინამიკურად, რიტმულად და თავდაჯერებულად ვითარდებდა, როგორი ნაბიჯებითაც დააბიჯებდა პოდიუმზე.
თუმცა, ის ”ერთი” გამოჩნდა და ნაბიჯები გრძელ პოდიუმზე ჯერ შენელდა, მერე კი შეჩერდა - მაგრამ დროებით.
ნიკა ცქიტიშვილი, ნინოს ძმა, მაშინ დამწყები კალათბურთელი იყო.
გოგონა ხშირად ესწრებოდა ძმასთან ერთად თამაშებს, სპორტი ძალიან უყვარს და აინტერესებს, თუმც თვითონ ჰაეროვანი და არასპორტულია.
ნიკა განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა მაყურებელთა რიგებიდან თვალყურს ვატო ნაცვლიშვილს - უკვე ცნობილსა და წარმატებულ კალათბურთელს. გულშემატკივრობდა სპორტსმენს, მოსწონდა, მისი ფანიც კი იყო.
ვატოს თურმე არ დარჩენია შეუმჩნეველი მისი თაყვანისმცემელი დამწყები კალათბურთელის და - ნინოს სილამაზემ ვატომდე სათამაშო მოედანზეც კი მიაღწია.
ვატოს ინტერესი ნინოს მიმართ გასცდა სპორტულ დარბაზს - თვეების განმავლობაში ფიქრობდა და დაეძებდა მას.
იპოვა! თანაც სრულიად შემთხვევით - შუა ქუჩაში. ჰოი, საოცრებავ თუ ბედნიერებავ, ნინო ვატოს მეგობარს ახლდა თან. ხელსაყრელია!
სახლამდე წაყვანა შესთავაზა გოგონებს. მანქანაში ჩაისვა და... ხმა არ ამოუღია, ისე მიაცილა ისინი დანიშნულების ადგილამდე. მოულოდნელმა შეხვედრამ დააბნია ალბათ. მიდი და, ნუ დაიბნევი, როცა ამდენი ხნის ნანატრ გოგონას უეცრად გადაეყრები!
მერე ყველაფრი ისევე დინამიკურად, რიტმულად და ლამაზად განვითარდა, როგორც პოდიუმზე დააბიჯებდა ნინო.
ურთიერთობა იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ გადაწყვეტილება მიიღო - ვატო!
არასდროს დაუყენებია კალათბურთელს მოდელი ცოლი არჩევანის წინაშე, უბრალოდ, ნინო აღმოჩნდა ფაქტის პირისპირ. ქმრის კარიერა გამუდმებულ მოგზაურობას, აბარგება-გადაბარგებას მოითხოვდა, დიდი სიყვარული კი შვილის გაჩენის სურვილს.
პირველი შვილი და... ჯერ კიდევ გაუაზრებელი განცდა დედობის.
მეორე შვილი... მე დედა ვარ!
მესამე შვილი... უკვე გავიზარდე!
მართლაც, შვილებთან ერთად იზრდებოდა, სწავლობდა... ოჯახზე სრულიად მარტო ზრუნავდა, თანაც - არაჩვეულებრივად. ქვეყანას, ახლობლებს, ოჯახის წევრებს მოწყვეტილი ვატო და ნინო მთელი ათი თვე ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ იმ განცდით, რომ აქ, საქართველოში, თავისუფალი ორი თვე გაეტარებინათ, 10 ”გაძლების” თვე ორი ბედნიერი თვის მოლოდინში...
ახლა თორმეტწლიანი ევროპული ვოიაჟი დასრულებულია - ვატო და ნინო თბილისში საბოლოოდ დაფუძნდნენ.
ორივე დაკავებულია - ვატო ნაცვლიშვილი საკრებულოს წევრი და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია, ნინო კი, მიუხედავად იმისა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, კვლავ მოდის სფეროს დაუბრუნდა - ამჯერად საქართველოს მოდის კვირეულის კასტინგის მენეჯერია.
პროფესია? შეიძლება დადგეს დრო, როცა იგრძნობს, რომ ის სფეროც აინტერესებს... თუმცა, საკუთარი კანდიდატურა რომელიმე დიდი და პრესტიჟული კომპანიის პიარმენეჯერის თანამდებობაზე წარმოუდგენია.
ახლა კი...
პოდიუმზე კვლავ გადის. იმ ნინოსგან, რომელიც ერთ დროს პარამეტრებით - 85-60-90 დააბიჯებდა, ახლა ძალიან განსხვავდება.
ნინო, პარამეტრებით 90-65-95, სრულიად სხვა შეგრძნებით დააბიჯებს პოდიუმზე. დღეს ის ქალია, სიყვარულითა და ბედნიერებით სავსე ქალი...
ჟურნალი ”ბომონდი”
სალომე ლილუაშვილი