შეთანხმდნენ - თაია სახლში წავიდოდა, თავს მოიწესრიგებდა, გაგა კი ექვს საათზე გამოუვლიდა და სადარბაზოსთან დაელოდებოდა.
მას ნასადილევს კიდევ ორ პრეტენდენტთან ჰქონდა შეხვედრა დანიშნული, მაგრამ ეს უკვე არაფერს წყვეტდა, მაგრამ რადგან დაიბარა, უნდა გასაუბრებოდა. უბრალო ფორმალობა იყო და მეტი არაფერი. მან უკვე გადაწყვიტა: მისი მომავალი შვილის დედა მხოლოდ და მხოლოდ ტაისია იქნება. ბოლოს და ბოლოს, გოგოც რომ გაჩნდეს, სხვა თუ არაფერი, ლამაზი და მოხდენილი ქალიშვილი მაინც ეყოლება. ასეთი დედის შვილი არ შეიძლება შეუხედავი იყოს.
მილიონერი ბიზნესმენი თავისი დამაბრმავებლად მბრწყინავი მანქანით ექვსს რომ ექვსი წუთი აკლდა, უკვე თაიას კორპუსთან იდგა და მის ჩამოსვლას ელოდებოდა, რადგან გოგონამ სთხოვა, მაღლა არ ამოხვიდეო.
თაია უკვე ელოდა მას, თუმცა ჯერ ექვსი წუთი კიდევ დარჩენილიყო დათქმულ დრომდე, მაგრამ გულმა არ მოუთმინა, მზად იყო, კისრისტეხით ჩაერბინა კიბე და მამაკაცის მანქანაში ჩამხტარიყო.
არც ჭოხონელიძე იყო უკეთეს დღეში. თავის სიცოცხლეში არასდროს უგრძნია თავდაუჯერებლობა პოტენციალურ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ყოველთვის ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მას ვერაფერი შეაცბუნებდა. ახლა რა ემართებოდა? რატომ ღელავდა ასე?
გაგა მანქანანიდან გადმოვიდა, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და შეეცადა, რაც შეიძლება უდარდელი პოზა მიეღო, სანამ მისი ტაისია ჩამოვიდოდა.
აი, ისიც - სადარბაზოს კარი გაიღო და გამოვიდა. მხარზე თავისი განუყრელი დიდი ჩანთა გადაუკიდებია. როგორც ჩანს, მისთვის ეს ჩანთა ძალზე მოსახერხებელია, რადგან სულ ამით დადის.
ამჯერად გოგონას კრემისფერი კაბა ეცვა, რაც ძალიან უხდებოდა. ურჩი ცეცხლისფერი თმა კი აეწია და ზედ კინკრიხოზე ჰქონდა დახვეული, თუმცა რამდენიმე სპირალივით კულული მაინც ჩამოშლოდა და მის მაღალ ყელს ელამუნებოდა.
თაიამ შეხედა მამაკაცს და გაუღიმა. ამ მსუბუქმა ღიმილმა ისარივით გაიარა გაგას გულში. თვითონაც ნახევარი ღიმილით უპასუხა, შემდეგ კი თავაზიანად გამოუღო წინა სალონის კარი.
- გმადლობთ, - თქვა გოგონამ და ჩაჯდა. გაგამ კარი მიუხურა, მანქანას წინიდან შემოუარა, საჭეს მიუჯდა და დაქოქა.
- წავედით? - მიუბრუნდა თაიას.
- წავედით, - დაეთანხმა ისიც.
- მიხარია თქვენი კვლავ ხილვა. თავს როგორ გრძნობთ? - ალაპარაკდა გზაში ჭოხონელიძე.
თაიამ თავი ნელა მოაბრუნა და შეხედა.
- მე კარგად ვარ. თქვენ?
- მეც მშვენივრად, - ამჯერად ფართოდ გაიღიმა მამაკაცმა. - ხომ არ გადაიფიქრეთ? - გაგამ გადაწყვიტა, მაშინვე საქმეზე გადასულიყო.
თაია ამ შეკითხვას არ ელოდა. მის გვერდით ძალზე საინტერესო მამაკაცი იჯდა, რომელმაც შვილის ყოლა გადაწყვიტა, თანაც ცოლის გარეშე, რაშიც სუროგატი დედა უნდა დახმარებოდა. მიხვდა, რომ ამ მილიონერს, როგორც მის იურისტსა და ექიმებს, კვლავ და კვლავ ის აინტერესებდათ, რამ მიიყვანა თაია ამ გადაწყვეტილებამდე.
მაგრამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს შეკითხვის არსს ვერ მიუხვდა და თქვა:
- რომ გადამეფიქრებინა, არ ჩამოვიდოდი. დაგირეკავდით და შეხვედრას გავაუქმებდი.
- მაგაზე არ გეკითხებით. სადილად რომ მომყვებით, ეს უკვე გასაგებია. მე სხვა რამ ვიგულისხმე.
- ააა, მივხვდი. არა, არ გადამიფიქრებია, თუ თქვენი სურვილიც იქნება, მე თანახმა ვარ, ბავშვი გავაჩინო… თქვენთვის. - ბოლო სიტყვების წარმოთქმისას სახე წამოუხურდა და ფანჯარაში გაიხედა, რათა მამაკაცს მისი გაწითლება არ შეემჩნია.
გაგას კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.
შუადღეს, შეხვედრიდან დაბრუნებული თაია ეგრევე ტელეფონს ეცა და ნეირასთან დარეკა, რომ გასაუბრების შესახებ მოეთხრო. მერე გაგაზეც გამოჰკითხა, რამე ხომ არ იცი მის შესახებ, როგორი ადამიანია, რა ცხოვრებით ცხოვრობს, რა ახირებები აქვს და ასე შემდეგ. ნეირა მაშინვე დაფაცურდა, ახლავე დავურეკავ ბუკას და ყველაფერს გაგიგებო. როგორც გაირკვა, ბუკა ნორას შვილი იყო და ნეირას თანამშრომელი. მთლად დაქალები არ იყვნენ, მაგრამ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
მართლაც, ნეირამ რამდენიმე წუთში კვლავ დაურეკა თაიას და ყველაფერი უამბო, რაც ნათიასგან შეიტყო:
- იცი, თურმე რა მაგარი ადამიანია? ჯერ ერთი, უწესიერესი. დედამისი და გაგას დედა განუყრელი მეგობრები ყოფილან. ამიტომაც მუშაობს თურმე მასთან. რთული ბავშვობა ჰქონია, უმამოდ გაზრდილა. ამიტომაც გასაგებია, რატომ უნდა ასე მოწადინებულად შვილი.
- მერე? ორი ცოლი გამოიცვალა და ბავშვი ვერ გააჩენინა? - გაიოცა თაიამ.
- ეგ კიდევ სხვა ისტორიაა. არც ერთი ცოლი არ გამოადგა. როგორც ნათიამ მითხრა, ერთმა უღალატა თურმე, მეორეს კი ბავშვის გაგონებაც არ სურდა, მარტო ჩაცმა-დახურვაზე ფიქრობდაო.
- აჰა. მაინც უცნაურად მეჩვენება მისი გადაწყვეტილება. სუროგატი დედა რაში სჭირდება? ხომ შეუძლია, ისე დაიქირაოს ვინმე და ხელოვნური ჩასახვის გარეშე დააორსულოს?
- ვააა, მე რას მეკითხები მაგას? წადი და იმას ჰკითხე. რა ვიცი, აბა. შეიძლება ბევრი არ წამოვიდეს ამაზე. მაგალითად, შენ დათანხმდებოდი, სექსი რომ შემოეთავაზებინა?
თაია შეცბა. ამაზე არ უფიქრია, თუმცა ამწუთას უკვე არ იყო დარწმუნებული, რომ არ დათანხმდებოდა, იმდენად მოხიბლული დარჩა გაგას გაცნობით, მაგრამ მეგობარს ამას ვერ ეტყოდა.
- ხომ არ გაგიჟდი! არ იცი, რომ მაგას არ ვიზამდი?
- ჰოდა, გამარჯობა შენი! თვითონაც ასე იფიქრა ალბათ და უფრო იოლი გზა გამონახა.
- სხვათა შორის, კარგი მამა იქნება, რომ იცოდე.
- ეჭვიც არ მეპარება. ბავშვთა სახლებს სულ ეხმარება თურმე.
- ჰო, მეც გამახსენდა. ერთხელ რეპორტაჟი იყო რომელიღაც არხზე, ბავშვთა სახლში საჩუქრების დარიგების შემდეგ როგორ თამაშობდა ფეხბურთს მათთან ერთად. ცოტა დავწყნარდი, იცი? ვფიქრობ, რაღაც გამომივა. ისე მომექცა, მგონი, მე ამიყვანს. რატომღაც, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ჩემ მიმართ.
- შენ მიმართ ვინ არ გამოიჩენს, გენაცვალე, განსაკუთრებულ ყურადღებას? ისეთი ხარ, მზეს ეუბნები, შენ ჩადი, მე უნდა ამოვიდეო, - აკისკისდა ტელეფონში ნეირა.
- ნუ მაშაყირებ, გოგოოო! - გამხიარულდა თაიაც, - რა მზე, რის მზე!
- სულაც არ გაშაყირებ, ფაქტი სახეზეა. თვითონ ხარ შეხვედრით კმაყოფილი.
- იცი, კიდევ რა მომენტია? დღეს საღამოს რესტორანში დამპატიჟა, ალბათ უნდა, რომ უფრო ახლოს გამიცნოს. არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ რაღაცნაირად მიყურებდა და მიღიმოდა. აი, ვიღაცისგან მოწონებას რომ გრძნობ, ისე.
- ვააა, მართლა? სუპერ! ხედავ? ყველაფერი კარგად მიდის. ეჭვიც არ მეპარება, რომ მილიონიდან ერთ შანსს გამოიყენებ. შენ თავისუფლად შეგიძლია მისი მოჩანგვლა.
- ნუ ამბობ ეგეთ რაღაცებს. ხომ იცი, არ მიყვარს ასეთი გამოთქმები, - იწყინა თაიამ.
- კარგი, ხო, მეტჯერ აღარ ვიტყვი. როდის ხვდები?
- ექვს საათზე.
- ჰოდა, მიდი, გამოიპრანჭე და თვალები დაუყენე. ახლა შენი ბედი მხოლოდ შენს ხელშია. მერე დამირეკე და მომიყევი, როგორ ჩაივლის თქვენი ლანჩ-სადილი. გკოცნი.
- დაგირეკავ, ნეირა, აბა, რას ვიზამ. - თაიამ მობილური გათიშა და თავისი ბინის ფანჯარას იმედიანად შეჰღიმა…
მალევე მივიდნენ რესტორანთან, რომელსაც "ეპიკურე" ერქვა. შენობა და მისი შემოგარენი უკვე გაჩახჩახებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ შებინდებულიყო. უფასო სადგომზე უამრავი მანქანა ეყენა. თაიამ პირი დააღო. ბევრი სმენოდა ამ რესტორნის შესახებ, სადაც მხოლოდ თბილისის ელიტა და უცხოელები დადიოდნენ. მისნაირი შეძლების ადამიანებს ხელი არ მიუწვდებოდათ აქ საქეიფოდ. თუ იოცნებებდა მხოლოდ. ახლა კი ნახეთ, რა ეღირსა! არა, ეს სიამოვნება სხვა სამყაროს ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი და არა მისთვის. გადმოსვლისთანავე თვალში მოხვდა რესტორნისკენ კიბეზე ამავალი ბრწყინვალედ ჩაცმული ქალები. მას თუ ეღირსება ოდესმე ასეთი თვალისმომჭრელი კაბების ჩაცმა?
ამ დროს ხელზე მსუბუქი შეხება იგრძნო. მოიხედა. გაგამ მისი თითები მუჭში მოიმწყვდია და ხმადაბლა უთხრა:
- ნუ ნერვიულობ, მოეშვი. - თან ქალი წინ გაატარა, - ისეთი მაგიდა დავჯავშნე, რომელიც სხვებისგან მოშორებითაა. ასე რომ, არავინ შეგვაწუხებს.
საფეხურები აიარეს, მაგრამ დარბაზში არ შესულან. გაგამ რესტორნის ფართო პარმაღისკენ გაუხვია და მალე შენობას უკანა მხრიდან მოექცნენ. აქ მხოლოდ ერთი მაგიდა იყო გაშლილი ორი პერსონისთვის. თაია მაინც შებოჭილად გრძნობდა თავს, ვერა და ვერ მოიხსნა დაძაბულობა.
მთლად ეგრეც არ უნდოდა. აქ სულ მარტონი იქნებიან, თითქოს უკაცრიელ კუნძულზე ამოყვეს თავი. არ ჯობდა, დარბაზში შესულიყვნენ, სადმე მოფარებულ ადგილას დამსხდარიყვნენ და ისე ესადილათ? თაია თან მიირთმევდა, თან მოქეიფეებს შეათვალიერებდა. ასე უფრო საინტერესოდ ჩაივლიდა ალბათ საღამო. მაგრამ მისთვის არავის მიუცია არჩევანის უფლება. ასე რომ, როგორც გაგამ გადაწყვიტა, ისე იქნება.
ღია აივანი ერთიანად მწვანეში იყო ჩაფლული. თიხის ქოთნებსა და რკინის ყუთებში ჩარგული ფერადი ყვავილები საამო სურნელებას აფრქვევდნენ. სადღაც შორს, გვირილებითა და ყაყაჩოებით სავსე ტყისპირა მდელოზე გეგონებოდათ თავი.
თაიამ მენიუ გადაშალა და კერძების დასახელებებს ჩამოუყვა. მათგან ნახევარიც არ იცოდა, რომელი რა იყო. ამიტომ გადაწყვიტა, თუ გაგა შეეკითხებოდა, რა შევუკვეთოთო, რაც იცოდა, ის დაესახელებინა, მაგრამ მდგომარეობიდან ისევ მამაკაცმა გამოიყვანა:
- მოდი, მე მომანდე შეკვეთა, კარგი? ვიცი, აქ კარგად რასაც ამზადებენ. მენდე.
"მენდე" - ამ ერთმა სიტყვამ იმხელა სიამოვნებისმაგვარი ჟრუანტელი მოჰგვარა, რომ ეგონა, გული წამივაო.
სასმელად წითელი ღვინო აირჩიეს, თუმცა თაიას კონიაკი უფრო უყვარდა, ვიდრე ღვინო, მაგრამ ეს პირველი შეხვედრა იყო და თავის სურვილს დაჟინებული თავხედობით ვერ გაამჟღავნებდა. მით უფრო, რომ არ იცოდა, კონიაკი საერთოდ თუ მოუხდებოდა გაგას მიერ შეკვეთილ კერძებს.
მიმტანმა ისე სწრაფად შეავსო სუფრა, გოგონა გაკვირვებული დარჩა. სხვაგან, როცა მეგობრებთან ერთად მიდიოდა რესტორანში, თითქმის ყოველთვის კარგა ხანს უწევდათ ლოდინი, სანამ შეკვეთილ კერძებს მოიტანდნენ.
- შეკითხვები გაქვთ? - დაინტერესდა თაია და რამდენიმე ყლუპი ღვინო მოსვა. ესიამოვნა. ტკბილი იყო სასმელი, არომატით ქართულ ქინძმარაულს ჩამოჰგავდა.
გაგამ თავის გაქნევით უპასუხა:
- არა. მგონი, ყველაფერი ვიცი, რაც თქვენს ჯანმრთელობასა და მიზნებს უკავშირდება.
თითქოს არაფერი იყო საჩოთირო მამაკაცის პასუხში, მაგრამ "მიზნებმა" თაიას გული შეუქანა. რა იცის ამ კაცმა, რა მიზნით დათანხმდა იგი სუროგატი დედის როლს? ეს რომ გაგას სცოდნოდა, ალბათ, ახლოსაც არ გაიკარებდა.
გოგონამ ბოკალი მკერდზე მიიდო, ოდნავ ჩაახველა და მორიგი შეკითხვა დასვა:
- მაშინ რატომ მომიწვიეთ სადილად? - და გაიღიმა.
- უბრალოდ, მომინდა. და რადგან მომინდა, საკუთარ თავს უარი ვერ ვუთხარი ამ სიამოვნებაზე.
- გასაგებია, - მხოლოდ ეს თქვა თაიამ, რადგან მისი დაძაბულობა არა და არ ქრებოდა. ამიტომ ეშინოდა, ამ საოცრად თბილ საღამოს რაღაც ისე არ ეთქვა ან არ მოემოქმედებინა და საქმე არ გაეფუჭებინა, - თუმცა მაინც არ მესმის, რატომ ვართ აქ, თუ უფრო მეტის გაგება არ გსურთ ჩემზე?
- მოდი, კითხვებსა და სამსახურზე ნუღარ ვიფიქრებთ. ამ საღამოს, უბრალოდ, მინდა ადამიანურად დავისვენო. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ და ასე უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.
- თუ თქვენი ექიმების მთელი ლეგიონის დასკვნები წაიკითხეთ, მართლაც აღარ დაგრჩებოდათ კითხვები ჩემი მისამართით. ნახევარი დღე მოანდომეს ჩემს გამოკვლევას.
- ჰო, ჩემი ხალხი ზედმიწევნით იკვლევს ყველაფერს, - დაეთანხმა მამაკაცი, - თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ და მე საკმარისად კარგად შეგისწავლეთ. ყველაფერი, რაც ვიცი, ეს თქვენი სისხლის ჯგუფია, ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაბადების თარიღი და სკოლა, რომელიც დაამთავრეთ. მაგრამ დღეს მინდა უფრო მეტი გავიგო თქვენზე.
- მაგალითად?
- მაგალითად, თქვენი საყვარელი ფერი, საყვარელი ნაყინი, პირველი სიყვარული…
ოხხხ, რა კარგად დაიწყო და რა ცუდად დაამთავრა. თაიას შეაკანკალა პირველი სიყვარულის ხსენებაზე. რა უთხრას, როგორ სიგიჟემდე უყვარდა ნოდიკო და პირველივე სექსის შემდეგ ზურგი რომ აქცია? არა, ჯობია, სხვანაირად ახსენოს იგი. ბოლოს და ბოლოს, მისანი ხომ არ არის, რამეს მიხვდეს ან კერძო დეტექტივი, რათა მისი წარსული გამოქექოს.