ბავშვის კვების რაციონში ტკბილეულის შეტანის საკითხი ბევრ მშობელს სერიოზულად აწუხებს. კანფეტები, მარმელადი, პასტილა და შოკოლადი იმდენად მოსწონთ პატარებს, რომ შეუძლიათ მთელი დღე, სადილის და ვახშმის ნაცვლადაც მიირთვან. რა თქმა უნდა, ბავშვის ცხოვრებაში პირველი ტკბილეულის ხარისხი ძალიან მაღალი უნდა იყოს და მისი მიცემაც მხოლოდ ექიმების მიერ რეკომენდებული ასაკიდანაა მიზანშეწონილი.
2 წლიდან ნებადართულია ნატურალური ტკბილეული, რომელთა შორისაა მურაბა და ჯემი. რაც შეეხება თაფლს, აჯობებს 3 წლის ასაკამდე დაიცადოთ და დღეში 2 ჩაის კოვზზე მეტი არ მისცეთ. 3 წლიდან შეიძლება ზეფირი, მარმელადი, ვაფლი, პასტილა და ზოგიერთი აღმოსავლური ტკბილეული. ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა სრულყოფილად ორ-ნახევარი წლის ასაკიდან მუშაობს. ამიტომ, ენდოკრინოლოგები და პედიატრები გვირჩევენ, რომ შოკოლადი ბავშვს 3 წლის ასაკიდან მივცეთ.
ბავშვის ორგანიზმზე ტკბილეულის გავლენის თემაზე უამრავი კვლევაა ჩატარებული. მცირე ასაკში ტკბილეულის შეტანა ბავშვის რაციონში ზრდის სიმსუქნის და შაქრიანი დიაბეტის რისკს. შოკოლადი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია ტკბილეულს შორის. მთავარია, ბავშვს არ მისცეთ ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი. ამასთან, გასათვალისწინებელია ბავშვის ხასიათი და ფიზიკური აქტივობა. მათთვის, ვინც დიდ ენერგიას ხარჯავს თამაშებსა და სპორტში, შოკოლადი სასარგებლო იქნება, რადგან ის სწრაფად ავსებს კალორიების დეფიციტს.
ყველანაირი შოკოლადი სასარგებლოა ბავშვისთვის? - რა თქმა უნდა, არა! თუკი უფროსებს დროდადრო შეუძლიათ გაინებივრონ თავი რძიანი ან თეთრი შოკოლადის ფილით, ბავშვებში ამ პროდუქტებს უკუჩვენება აქვს. საქმე დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობაში და სხვა, არაჯანსაღ დანამატებშია, რომლებსაც ეს პროდუქტები შეიცავს.
ხარისხიან პროდუქტს უნდა ჰქონდეს გლუვი ზედაპირი და სწრაფად დნებოდეს ხელებსა და პირში. შოკოლადის დოზა ნელ-ნელა უნდა გაზარდოთ. დაიწყეთ დღეში ერთი ულუფით. 5 წლიდან კი დღეში 2-3 ულუფაც შეგიძლიათ მისცეთ. კვირაში 50 გრამი დასაშვები ნორმაა.
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა აქვს დამატებული მწარმოებელს. თხილი, ჩირი, ვაფლი ნამდვილად არ მოუტანს ზიანს ბავშვს. ნუგა, მარმელადი, ჰაეროვანი ბრინჯი - უმჯობესია 5 წლის ასაკიდან მისცეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის რაციონში შევიდეს შოკოლადები ლიქიორის ან კონიაკის შემცველობით.
და რაც მთავარია, კარგად აუხსენით ბავშვს, რომ ნებისმიერი საკვები ზომიერად უნდა მიირთვას, მაშინაც კი, თუ ის ძალიან, ძალიან გემრიელია!