- არა, მანქანას.
- მანქანას? ჩემს მდგომარეობაში მანქანის ტარება არ შეიძლება.
- მანქანას მძღოლით. ის მოგემსახურებათ.
გოგონას გაეცინა.
- სულაც არ ხართ ვალდებული.
- ვიცი, რომ არ ვარ, მაგრამ მე ასე მინდა. ასე რომ, ხვალიდან ყოველ დილით მანქანა დაგხვდებათ სადარბაზოსთან და იქ წაგიყვანთ, სადაც მძღოლს ეტყვით.
თაიამ წარმოიდგინა, რა სანახავი იქნებოდა უნივერსიტეტის ეზოსთან პირადი მძღოლით.
- არა, მირჩევნია ფეხით ვიარო. უნივერსიტეტში მილიონრის ქალიშვილივით ვერ გამოვჩნდები, ვერც სამსახურში.
უნდოდა ეთქვა, მილიონრის ცოლივითო, მაგრამ გადაიფიქრა.
- რაც შეეხება სამსახურს, აჯობებს, წამოხვიდეთ იქიდან. მე აგინაზღაურებთ მაგ ხელფასს.
- არავითარ შემთხვევაში!
- არავითარ შემთხვევაში წამოსვლა არ გინდათ თუ არავითარ შემთხვევაში ფულის აღება?
- ერთიც და მეორეც. სულაც არ მღლის ჩემი სამსახური.
- კი მაგრამ, არ ჯობია სწავლას მიხედოთ? თქვენ არ ხართ ახლა იმ მდგომარეობაში, თან ისწავლოთ, თან იმუშაოთ. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ ორსულად ხართ? გული გერევათ, თავი გტკივათ, სისუსტეს გრძნობთ, იღლებით…
- მე…
- მანქანა ყოველ დილით ცხრა საათზე სადარბაზოსთან დაგელოდებათ. თუ უფრო ადრე იქნება საჭირო, უფრო ადრეც. ყოველ დილით. - გააწყვეტინა მამაკაცმა, - თუ ფეხით გავლა მოგესურვებათ, გაიარეთ. მძღოლი გვერდით გამოგყვებათ. როცა სეირნობას მორჩებით, ჩაჯდებით მანქანაში და წახვალთ.
თაია ყურადღებით შეაცქერდა მამაკაცს, თითქოს მისი სახის შესწავლა სურსო. გააკვირვა მისმა დაჟინებულმა ტონმა, მერე კი თვალი თვალში გაუყარა და შეეკითხა:
- თქვენ მიჩვეული ხართ, ყოველთვის ისე აკეთოთ ყველაფერი, როგორც თქვენ გსურთ?
- ამ შეკითხვას მე უნდა გისვამდეთ. თქვენ ჯიუტობთ, მე კი არა. - არ დაიბნა გაგა.
თაია შეცბა. გაგა მართალს ეუბნებოდა.
- ხომ გესმოდათ, რა თქვა ექიმმა. ბევრი ისეირნეო. ფეხითო, მითხრა და არა მანქანით, -უკანასკნელად სცადა შებრძოლება.
- მაშინ სარბენ ბილიკს გიყიდით, დადგით სახლში და იარეთ, რამდენიც გაგიხარდებათ!
მიხვდა თაია, რომ ამ კაცთან ჯიუტობა არ გაუვიდოდა და ფარ-ხმალი დაყარა.
- კარგი, როგორც თქვენ იტყვით, - მორჩილად გამოაცხადა და თავი ფანჯრის მინას მიადო, -მადლობა.
- არაფრის. - რბილად მიუგო მამაკაცმა და გოგონას მზრუნველი მზერა ესროლა, რამაც თაიას გული აუჩქროლა…
შიმშილისგან გული მისდიოდა, ამასთან, თავბრუც ეხვეოდა.
- საით მივდივართ? - შეეკითხა მამაკაცს.
- ჩემმა მძღოლმა იცის. მოდი, ორივე მივენდოთ, - ღიმილით გამოხედა გაგამ და ორაზროვნად გაუღიმა.
- ეგრე იყოს, - დაეთანხმა გოგონა, თავი სავარძლის ტყავის შალითას მიადო და თვალები მილულა.
- ღამით როგორ გძინავთ? - ძილ-ბურანში წასული გაგას ხმამ გამოაფხიზლა.
- კარგად, მაგრამ წუხელ სამეცადინო მქონდა და გვიან დავწექი.
- უნივერსიტეტში უკვე აღგადგინეს?
- კი და ამიტომაც საქმე მომემატა, ბევრი მაქვს სასწავლი, რომ გაცდენილი ავინაზღაურო. არ მინდა ჩამოვრჩე.
- და სამსახური?
- ერთში დავრჩი, მეორიდან წამოვედი.
გაგამ აღარ ჰკითხა, რომელს ვერ შეელიეო, არ უნდოდა ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში ჩათვლოდა. ბოლოს და ბოლოს, ეს ტაისიას პირადი ცხოვრება იყო და ვერ მოსთხოვდა, გინდა თუ არა ისე მოიქეცი, როგორც მე მომესურვებაო.
გოგონამ თვალები კვლავ დახუჭა და სწრაფად მიმავალი მანქანის ხმას მიუგდო ყური. კიდევ ერთხელ ჩააგონა თავის თავს, ამ კაცთან ფრთხილად ყოფილიყო. თუ შეატყობდა, რომ მასთან დაახლოებას ვერ მოახერხებდა და მისი ყველა მცდელობა ფუჭი გამოდგებოდა, მის შეყვარებაზე ხელი უნდა აეღო. აბა, რაში სჭირდებოდა ზედმეტი განცდები? ცალმხრივი სიყვარული ერთხელ უკვე გამოსცადა და იცოდა, რა ტანჯვაც მოელოდა, თუ ხელი მოეცარებოდა. ამიტომაც იყო, სულ რომ გაურბოდა. რაც მეტ დროს გაატარებდა მის გვერდით, მით მეტი იყო საშიშროება, თავდავიწყებამდე შეჰყვარებოდა. მაცდუნებელი ნიავის დაქროლას უკვე შეიგრძნობდა და გაფაციცებული იყო, ვერ გადაეწყვიტა, შეეშვირა ცხვირ-პირი ამ ნიავისთვის თუ გარიდებოდა. გულის სიღრმეში ნანობდა კიდევაც, ასეთ სარისკო საქმეს რომ შეება. უკვე ხვდებოდა, ყულფში რომ ჰქონდა თავი გაყოფილი, მაგრამ ნუგეშად იმას იმიზეზებდა, თუ ჩანაფიქრი არ გამომივიდა, ფინანსურ პრობლემებს მაინც მოვიხსნი ერთხელ და სამუდამოდო.
მიუხედავად ამისა, თითქოს გულზე მძიმე ლოდი ედო, რომელიც თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. იცოდა თაიამ, რაც იყო ეს ლოდი - ბავშვის გაჩენა და მერე მისი გასხვისება. გასხვისებას კიდევ რა უჭირს, მაგრამ საკუთარ პირმშოს რომ ფულზე ყიდდა? მწარე სიმართლე ეს იყო. ხვდებოდა, რომ საშინელ დანაშაულს სჩადიოდა, მაგრამ ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა - ბევრად შორს მოუწია შეტოპვამ, უკან გამოსაბრუნებელი გზა კი დაკარგული იყო.
ამ ფიქრებში ჩათვლიმა. მისდა უნებურად, თავი მამაკაცის მხარს მიადო. გაგა მოხერხებულად დაჯდა, რომ გოგონა მყუდროდ ყოფილიყო და კისერი არ სტკენოდა. ტაისიას ლოყა მხარს უთბობდა. ფრთხილად ამოსწია მარჯვენა მკლავი და თაიას მოხვია. ამ მოძრაობამ გოგონა გამოაფხიზლა და როგორც კი გაიაზრა, რა პოზაშიც იყო, გადაწყვიტა, ცოტათი გვერდით ჩაეჩოჩა, მაგრამ არც სურდა ასე მოქცეულიყო და არც ძალა შერჩენოდა საამისოდ. ამის ნაცვლად უფრო ახლოს მიიწია მისკენ და რამდენიმე წამში გემრიელად ჩაეძინა.
გრილმა ნიავმა გამოაღვიძა, რომელმაც მანქანის გაღებული ფანჯრიდან შემოუბერა. თვალი გაახილა და დაფრთხა - არ იცოდა, რამდენ ხანს ეძინა და არც ის, სად იმყოფებოდა.
გაგა მანქანაში არ იყო. არც მძღოლი. კარი გააღო და გადასვლა დააპირა, მაგრამ არ დასცალდა - ვიღაც უნიფორმიანმა ბიჭმა მოირბინა, რომელსაც ხელში მუყაოს ორი ბრტყელი ყუთი ეჭირა, თაიას მიესალმა და ყუთები მანქანის უკანა სავარძელზე დაალაგა. სანამ გაოცებული გოგონა რამეს ჰკითხავდა, ბიჭი გაქრა. სწორედ ამ დროს გაგაც გამოჩნდა, ისიც ისეთივე ყუთებით.
- ეს ის არის, რაც ახლა ყველაზე მეტად მინდა? - ნამძინარევი ხმით იკითხა გოგონამ.
- ხომ მითხარით, პიცა მინდაო? - უპასუხა მამაკაცმა და ერთი, ყველაზე მოზრდილი ყუთი თაიას მუხლებზე დაუდო, - არ ვიცოდი, როგორი პიცა გიყვარდათ, ამიტომ ცოტ-ცოტა ყველანაირი ვიყიდე. იმ ყუთებში კი ხაჭაპურებია, ისინიც - ნაირნაირი.
- სერიოზულად? - თაიამ პიცის ყუთი ცხვირთან მიიტანა და ხარბად დაყნოსა, - ო, ღმერთო, რა არომატი აქვს!
- მაშინ რატომ არ მიირთმევთ?
თაიას არ გამოჰპარვია მამაკაცის თვალებში გამკრთალი ეშმაკური ნაპერწკალი. ამიტომ აღარ დაუხანებია, ყუთს თავი ახადა და ყველაზე დიდ ნაჭერს დაავლო ხელი.
ისე გემრიელად ილუკმებოდა, თითქოს საუკუნეა, პიცა არ უჭამიაო. თან თვალებით სხვა ყუთებს მისჩერებოდა, ნეტავ იქ რა ხდებაო.
- დიდი მადლობა ყურადღებისთვის, - თქვა, როცა არჩეული ნაჭერი ბოლომდე გადასანსლა და მამაკაცს მიაჩერდა.
- სულ ეს იყო? აბა, ახლა ესენი ნახეთ და აარჩიეთ. ან აი, ეს - მეგრული ხაჭაპური. ნახეთ, ყველი გადმოდის, ისეა გატენილი. მიდით, მიდით, არ გაჩერდეთ. მიირთვით, სანამ ცხელია.
ამ სიტყვებით მის გვერდით მოკალათებულმა გაგამ ერთი ყუთი გადადო და მეორეს ახადა თავი, რომლიდანაც ცხელი ხაჭაპურის ოხშივარი ამოვარდა. თაია სიხარულისგან გაიბადრა და ხელი ხაჭაპურისკენ გაიწვდინა, მაგრამ მოულოდნელად მის ხელს გაგამ თავისი შეაგება. გოგონა არ გასძალიანებია.
- მე ამოგირჩევთ, კარგი?
გოგონამ თავი უსიტყვოდ გაუქნია. თვალები ისე უბრწყინავდა, თითქოს დილის ნამი შეაპკურესო.
- არა, ეს ძალიან დიდია, ვერ მოვერევი, - წამოიძახა დარცხვენილმა, მაგრამ მამაკაცს მაინც ჩამოართვა ცხელ-ცხელი ნაჭერი, ორივე ხელით ჩაბღუჯა და მაშინვე პირისკენ გააქანა.
- ერთიც ხომ არ ვცადოთ? - თვალი მოწკურა გაგამ და ისე გახედა, თან სიცილს ძლივს იკავებდა.
- არაა!
- დარწმუნებული ხარ?
- მეტს ერთ ლუკმასაც ვერ შევჭამ. რომ იტყვიან, გავსკდი. ძაან მსუყე იყო ორივე.
- აბა, ამეებს რა ვუყოთ? გინდათ გადავყარო? - შეეკითხა გაგა და თითქოს მართლა გადაყრას აპირებსო, ყუთებს ხელი მოხვია.
- რას აკეთებთ! რატომ უნდა გადაყაროთ, ხომ არ გაგიჟდით! - იყვირა თაიამ და ხელებში ეცა.
მამაკაცი ლამის ჩაბჟირდა, იმდენი იცინა.
- მაშინ სახლში წაიღეთ. - თქვა, როცა სიცილით გული იჯერა.
- მაგრამ ამდენ პიცას და ხაჭაპურს რა ვუყო სახლში? ეს ხომ მთელი კვირის მარაგია.
- დაქალები დაპატიჟეთ და გაუმასპინძლდით, - ჩააწოდა იდეა გაგამ. - აბა, მე ხომ არ წავიღებ?
- ეგ კარგი აზრია… დიდი მადლობა. ძალიან გემრიელი იყო.
- მოვახერხე თქვენი ოცნების ახდენა?
- რა თქმა უნდა, თანაც თვალის დახამხამებაში. როგორც ზღაპრებში ხდება, ისე იყო - მშიერი რომ საჭმელს ინატრებს, მერე თვალებს დახუჭავს, გაახელს და სანოვაგით სავსე სუფრას დაინახავს. გავიღვიძე და უცებ - ჰოი, საოცრებავ! პიცა-ხაჭაპურით სავსე ყუთები ჩემ გვერდით - მარჯვნივ, მარცხნივ, მუხლებზე და რა ვიცი… წეღან მაგრად შემომიტია შიმშილმა. - ისე გამხიარულდა თაია, რომ ცოტა ხნის წინანდელი ფიქრები, ამ კაცს აღარ გავუთამამდებიო, სრულიად გადაავიწყდა.
- შეგერგოთ, - ისე რბილად და სითბოთი სავსე ხმით წარმოთქვა გაგამ, რომ გოგონას გააჟრჟოლა.
- მადლობა.
- ხშირად გაქვთ შიმშილის ასეთი შემოტევები? - დაინტერესდა მამაკაცი, თან ყუთებს ხელი მოავლო და წინა სავარძელზე გადაიტანა, რადგან თაიასთან ახლოს დაჯდომაში ხელს უშლიდა. მერე კვლავ მისკენ მიჩოჩდა ისე ახლოს, რომ მათი მუხლები ერთმანეთს შეეხო. გაგა კვლავ წაეტანა მის ხელს, თავი კი უკან გადააგდო და ალმაცერად შეათვალიერა მისი სახე. თაია იღიმებოდა. ახლა ის ბოლომდე იყო მოშვებული და ისე აღარ მორცხვობდა, როგორც რამდენიმე წუთის წინ.
- მხოლოდ ხანდახან. - მიუგო და თავისუფალი ხელით წყლიანი ბოთლი აიღო, რომელიც გაგამ ყუთებს მოაყოლა თან.
- მაინც, მაინც? რამდენად ხშირია ეს "ხანდახან"?
თაია ოდნავ დაიბნა, მაგრამ გადაწყვიტა, გულახდილად ეპასუხა:
- ადრე ასე არ ვიყავი. ახლა უცებ მშივდება. ნაყინი ხომ ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვყიდულობდი, მაგრამ ამდენს არა. ახლა შემიძლია ერთ ჭამაზე ექვსი ცალიც კი შევჭამო. ან კიდევ… ჯოხიანი საწუწნი კანფეტები. - ამის თქმაზე კეკლუცად გაიცინა, - გეგულებათ ექვს წელზე მეტი ხნის ვინმე, ვისაც ჯოხიანი კანფეტები უყვარდეს?
- კი, მეგულება, - მრავალმნიშვნელოვნად მიუგო გაგამ და იქვე დააყოლა, - ორსული ქალები, - მერე ცხვირზე თითი მიიდო და ჩურჩულით დაამატა: - და მომავალი მამები.
თაიას ალმურმა გადაუარა სახეზე. საინტერესოა, ქართული ჟურნალები რამდენ ფულს გადაიხდიდნენ ასეთი კადრის ხელში ჩაგდებისთვის? - საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი უცოლო ბიზნესმენი თავის მანქანაში ქალს პიცით უმასპინძლდება. თანაც ვის -სუროგატ დედას, რომელმაც შვილი უნდა გაუჩინოს. უეცრად სიტუაცია ძალზე სასაცილოდ მოეჩვენა.
- მოიცა, ახლავე მოვალ, - სერიოზული ტონით წამოიძახა ამ დროს მამაკაცმა და მანქანიდან გადავიდა.
თაიამ თვალი გააყოლა და ახლაღა შეამჩნია გაგას მძღოლი, რომელიც მოშორებით იდგა და ელოდებოდა, როდის დაუძახებდა თავისი შეფი.
მამაკაცი მძღოლს მიუახლოვდა, ჯიბიდან საფულე დააძრო, ქაღალდის ფული ამოიღო, გაუწოდა და რაღაც უთხრა. მძღოლმა თავი დაუქნია და მარკეტისკენ სწრაფი ნაბიჯებით გაემართა.
გოგონამ ამ სცენას მზერა მოაცილა. არ იცოდა, რა ჩაიფიქრა მამაკაცმა, მაგრამ მიხვდა, რომ იგი სასიამოვნო სიუპრიზს უმზადებდა.
მძღოლი მალე დაბრუნდა. ხელში ცისფერი პატარა ყუთი ეჭირა, რომელზეც ჯოხიანი კანფეტები ეხატა. გაგამ ყუთი გამოართვა და თაიასკენ გამოეშურა. ჩაჯდა თუ არა მანქანაში, ყუთს თავი ახადა და მისკენ მიაჩოჩა.
- კიდევ ერთი ოცნების ახდენა.
- ღმერთო ჩემო! რა ამბავია! - შერცხვა გოგონას.
- საწოლთან დაიდეთ და როცა მოგინდებათ, პირი ჩაიტკბარუნეთ. აბა, ერთი მეც დავაგემოვნო, - ამ სიტყვებით ერთ ცალს ხელი დაავლო და პირისკენ გააქანა. - ოოო, ცუდი არ არის! მართალია, ისეთი გემრიელი არ არის, როგორიც ჩემს ბავშვობაში იყო, მაგრამ ვხვდები, თქვენ რატომაც გიყვართ ასე ძალიან.
- თქვენს ბავშვობაში სხვანაირი გემო ჰქონდა?
- რა თქმა უნდა. და კიდევ უფრო ადრე, აი, კომუნისტების დროს კი ისეთი გემრიელი ყოფილა თურმე, რომ ვერანაირი სხვა კანფეტი ვერ შეედრებოდა. ნორა მიყვება ხოლმე ასეთ რაღაცებს. და იცით, რა ერქვა მაშინ ამ კანფეტებს?
- რა?
- მამალოები.
- მამალოები? კი მაგრამ, რატომ? - გაიოცა თაიამ.
- იმიტომ, რომ მამლის ფორმა ჰქონდა. ნუ, სხვა ფორმაც ჰქონდა, - დათვის, ძაღლის, კურდღლის, მაგრამ თავიდან მხოლოდ მამლის ფორმა ჰქონია, წითელი იყო და ხის ჯოხზე წამოცმული. შაქარს ადნობდნენ თურმე და მერე ფორმებში ასხამდნენ. შემდეგ ბოშა ქალები ყიდდნენ ბაზარში და ასე გაიძახოდნენ: "მამალო", "მამალო"!
თაიამ გადაიკისკისა.
- ეს არ ვიცოდი.
- თქვენს ასაკში მეც არ ვიცოდი, მერე გავიგე და სხვათა შორის, გავაკეთებინე ეგ მამალოები და მართლა ძალზე გემრიელია. ის თუ იცით, ამ ჯოხიან კანფეტებს ქართულად რა ჰქვია?
- არ ვიცი. - გულწრფელად აღიარა თაიამ.
- ლერწმის კანფეტები.
- ლერწამი რა შუაშია?
- იმ შუაშია, რომ შაქრის ლერწმისგან ამზადებენ.
გოგონამ არაფერი უპასუხა. შერცხვა, რომ ასეთი ელემენტარული რამ არ იცოდა.
გაგამ კი უცებ სერიოზული სახე მიიღო და ტაისიას ყურადღებიანი და მზრუნველი მზერით შეაცქერდა.
- იმედი მაქვს, ყოველთვის მეტყვით, რა სასუსნავი მოგესურვებათ - ნაყინი იქნება, მამალო თუ სიმინდის ბურბუშელა. ღამის სამი საათიც რომ იყოს, მთხოვეთ და მოგიტანთ. თქვენთვის არაფერს დავიზარებ.
მისმა ზრუნვამ გოგონას გული აუჩვილა.
- მადლობა. ვფიქრობ, უახლოესი თვეების განმავლობაში თუ არ მომესურვება, უკეთესიც იქნება.
- მაგაში მართალი ხართ. ახლა კი, მგონი, დროა, დავიძრათ.
- დროა. - თაიამ კანფეტების ყუთიც მიამატა პიცებისას და პატარა ბავშვივით გახარებულმა შეხედა გაგას.
- შვიდი თვე დარჩა, - ხმამაღლა წარმოთქვა თაიამ, შინდაბრუნებული საწოლზე რომ გაიშხლართა.
ჯერაც ვერ შეჰგუებოდა იმ აზრს, რომ ორსულად იყო. არადა, ნაყოფი უკვე ორი თვის ხდებოდა. დედამისს ეს ამბავი რომ გაეგო, ალბათ, ვეღარ გაუძლებდა და ელდისგან მოკვდებოდა. ვერაფრით ვერ წარმოიდგენდა, თავისი თაისია ასეთ რამეზე თუ დათანხმდებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა, ეს ამბავი მშობლისთვის არ გაემხილა მანამ, სანამ მუცელი ამის შესაძლებლობას მისცემდა. მერე რამეს მოიფიქრებდა.
იცოდა, დედა ვერ გაუგებდა. განა ფულის საშოვნელად სხვა ვარიანტები არ არსებობს? შეიძლება არსებობს, მაგრამ თაიამ არ იცის ის სხვა ვარიანტები. ეს კი მისთვის ორმაგად მომგებიანია. გარდა იმისა, რომ სწავლის ფულის გადახდასაც შეძლებს და დედის მკურნალობის საფასურისასაც, იქნებ ჭოხონელიძის სიყვარულსაც გამოჰკრას ხელი. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად აცბუნებდა, ის იყო, რომ ბებია შვილიშვილს ვერასდროს ნახავდა.
რაც არის, არის. გრძნობდა, რომ ბავშვთან განშორება გაუჭირდებოდა. ეს ალბათ ყველაზე მტკივნეული წუთები იქნებოდა მის ცხოვრებაში, მერე კი მტანჯველი დღეებიც ბლომად ელოდა წინ, მაგრამ სამაგიეროდ, დარწმუნებული იყო, რომ გაგა არაჩვეულებრივი მამა იქნებოდა და მის შვილს არაფერს დააკლებდა. მართალია, თვითონ არ ექნებოდა უფლება, შვილი თავად გაეზარდა, მაგრამ იქნებ გაგას ძიძობაზე სულაც არ ეთქვა უარი იმ შემთხვევაში, თუ თაიას არ შეიყვარებდა.
გაეცინა. ნეტავ რისი იმედი ჰქონდა, ასეთი რამ რომ დაგეგმა ნეირასთან ერთად? ვითომ რითი იყო განსაკუთრებული, რომ გაგას მისი ცოლობა მოესურვებინა? ორი ცოლი ჰყავდა იმ კაცს და არც ერთხელ არ გაუმართლა. გარისკავდა კი მესამედ? ამის შანსი ნაკლებად არსებობდა.
გულაღმა ამოტრიალდა და ჭერს შეაჩერდა. გონებაში ამოუტივტივდა ყუთებით დატვირთული გაგა, კიბეზე ფრთხილი ნაბიჯებით რომ ამოდიოდა იმის შიშით, საფეხურს ფეხი არ წამოვკრაო. კიდევ კარგი, ორი ყუთი მძღოლს აჩუქა, შვილებს წაუღეო. გაახსენდა, გაოცებისგან ჯერ როგორ გაუფართოვდა გაგას თვალები, მერე კი ისე ესიამოვნა თაიას საქციელი, რომ თვალიც კი ჩაუკრა.
ალბათ, სულაც არ არის უცნაური, გაგა მასზე რომ ზრუნავს. მას უნდა, რომ მისი შვილი ჯანმრთელი დაიბადოს. ამიტომ სუროგატ დედას არაფერი არ უნდა დააკლდეს. თაიაზე ასე გულმოდგინედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ დედა ზრუნავდა. მამა, ფაქტობრივად, არც ახსოვდა. სულ პატარა იყო, დედას რომ გაშორდა და წავიდა და წავიდა. დედას მარტოს მოუხდა მისი გაზრდა. რამდენიმე ადგილას მუშაობდა, რომ ბავშვს არაფერი დაჰკლებოდა. ხანდახან სახლშიც კი მოჰქონდა სამუშაო ან თაია მიჰყავდა თან. აი, როცა წამოიზარდა, ძირითადად, მარტო რჩებოდა სახლში და საკუთარ თავზე ზრუნვა თვითონ უხდებოდა. გართობითაც მარტო ერთობოდა.
დედას არაფერი არ ენანებოდა თავისი ერთადერთი ქალიშვილისთვის. მეორედ არ გათხოვილა, შვილს მამინაცვალს არ გავაზრდევინებო. იცოდა, ეს რამხელა სტრესი და ტრავმა იქნებოდა გოგონასთვის.
თაიამ დედის ამაგი დააფასა. ახლა, როცა ის ცუდადაა, ყველაფერს აკეთებს მისი კეთილდღეობისთვის - შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც.
პირველ რიგში, ამიტომაც დათანხმდა სუროგატ დედობაზე. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის, რომ ნეირასთან ერთად "მზაკვრული სასიყვარულო გეგმა" დასახა, მეორე რიგის ამოცანა იყო მხოლოდ და მხოლოდ. წინასწარვე გათვალა, რომ ამ ნაბიჯით ორმაგად თუ არა, ერთმაგად მაინც დარჩებოდა მოგებული. მართლაცდა, როგორ გაუმართლა, რომ ადვილად დაორსულდა. ხომ შეიძლებოდა, პირველ ჯერზე განაყოფიერება არ მომხდარიყო? ავთო ექიმმა თქვა, იშვიათი შემთხვევაა, ქალი პირველსავე ცდაზე დაორსულდესო. ეს ალბათ იღბალია. თაია კმაყოფილია, ყველაფრით კმაყოფილი. კონტრაქტის პირობებიც სრულიად აკმაყოფილებს. ერთადერთი, რაზეც გული ეთანაღრება, გაგას გადამეტებული მზრუნველობაა. არასდროს არავისზე არ ყოფილა დამოკიდებული, მით უფრო, სულაც არ უნდოდა, გაგას სარჩენი გამხდარიყო. სრულიად საკმარისად მიაჩნდა ის, რაც კონტრაქტით ეკუთვნოდა. ეს კაცი კი კონტრაქტის გარეთაც უამრავ ფულს ახარჯავდა. არა, ნამდვილად არ უნდოდა, მასზე ყოფილიყო დამოკიდებული.
წეღან ძლივს დაიოკა მღელვარება. როცა გაგა ოთახში შემოჰყვა. გული ლამის წაუვიდა იმაზე ფიქრით, რას იტყვის ეს კაცი ჩემს ღარიბულ ბინაზეო. ის ხომ ფუფუნებას იყო შეჩვეული. თაიას ერთოთახიანი პატარა ბინა კი რა მოსაწონი იყო, თუმცა კი თავად მას ძალიანაც მოსწონდა. ყოველ შემთხვევაში, მას და დედამისს ჰყოფნიდათ.
გაგამ ყუთები მაგიდაზე შემოალაგა, მერე სკამი გამოსწია და დაჯდა. არც კი შეუთვალიერებია იქაურობა, ტაქტი გამოიჩინა, გოგონა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდოო. უბრალოდ, ჯიბიდან კალამი და ბლოკნოტი ამოიღო, შუა ორი ფურცელი ამოხია და წერას შეუდგა.
თაიამ თავად მოავლო თვალი ოთახს, სადაც საძინებელი გარნიტურიც კი არ იდგა. თვითონ გასაშლელ დივანზე ეძინა, დედას საწოლი კი ლოჯიაში ფანჯარასთან იყო მიდგმული. ერთ კედელთან საწერი მაგიდა იდგა, რომელზეც უამრავი წიგნი ელაგა. მეორე კუთხეში კი, პატარა დაბალ მაგიდაზე ძველი ტელევიზორი იდგა. ასეთები უკვე აღარც იყიდებოდა მაღაზიებში. კიდევ რა არის მის ოთახში? წიგნის თაროები და ფანჯრის რაფებზე ქოთნებით ყვავილები. გარდერობად ლოჯიაში ჩაშენებულ კარადებს იყენებდნენ ის და დედა.
- მადლობა ყველაფრისთვის. გემრიელად ვისადილე, - თქვა თაიამ მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ეთქვა.
- მიხარია, - მოკლედ მოჭრა გაგამ, მერე კი თავი ასწია, გოგონას მიაჩერდა და გააგრძელა:
- ალბათ გახსოვთ, რაც გითხარით, არა? დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, თუკი რამე დაგჭირდებათ, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე დამირეკეთ, - ამ სიტყვებით ბლოკნოტიდან ამოხეული ფურცელი გაუწოდა, - აქ ტელეფონის ნომრებია, შეგიძლიათ დამირეკოთ. ერთ-ერთზე მაინც გიპასუხებთ. ოფისის, სახლის და მობილურის ნომრებია.
თავდახრილმა გოგონამ ფურცელი გამოართვა. საეჭვოა, ოდესმე მასთან დარეკვა გადაეწყვიტა საკუთარი საჭიროებისთვის, მით უფრო, ღამის სამ საათზე, მაგრამ ამას ვერ ეტყოდა.
მოულოდნელად მამაკაცის თითები მის სახეს შეეხო…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>