თაიას შეხებისგან სუნთქვა შეეკრა. გაგამ ძალზე ფრთხილად, ნელი მოძრაობით ჩამოაყოლა თითები მის ლოყას. მამაკაცის ხელისგულიდან წამოსული სითბო გოგონას თითქოს მთელ სხეულში გადანაწილდა. შემდეგ გაგამ ალერსიანი მზერა მიაპყრო და საჩვენებელი თითის მსუბუქი მოძრაობით ნიკაპი აუწია. ახლა ისინი ერთმანეთს შეჰყურებდნენ. არა, შვიდი თვე ნამდვილად ვერ გაუძლებს ცდუნებას, თუკი ეს კაცი ასე გააგრძელებს…
- მე მომწონს ყველაფერი, რაც ახლა ხდება. მე მომწონს ის, რომ თქვენ შვილს მაჩუქებთ. ის აზრიც მომწონს, რომ მასზე ზრუნვა მომიწევს. მართალია, მეგონა, რომ მუცელი უცებ დაგეტყობოდათ, მაგრამ ასე არ ხდება თურმე. მიუხედავად ამისა, სულერთია, მე მაინც ყველაფერი მომწონს.
თაია უსმენდა მამაკაცს, თან ფიქრობდა, მისგან კარგი მსახიობი დადგებოდაო, იმდენად გულში ჩამწვდომი ხმითა და ინტონაციით წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას.
- მეც ყველაფერი ძალიან მომწონს, - წარმოთქვა მან და გაგას სიტყვებს თბილი ღიმილი შეაგება.
- აუცილებლად დამირეკეთ, თუ რამე დაგჭირდებათ, კარგი? შევთანხმდით? - მამაკაცი პასუხს არ დალოდებია, თავი ოდნავ დახარა და გოგონას ლოყაზე ნაზად აკოცა, შემდეგ კი კარისკენ ისე გაემართა, ხმა აღარ ამოუღია.
თაია კარგა ხანს იდგა გახევებული. როცა კარის მიხურვის ხმა მისწვდა მის სმენას, მხოლოდ მაშინ დაიძრა ჰოლისკენ და კართან მისულმა გასაღები სწრაფად გადაატრიალა. ამწუთას საკუთარ თავს არ ენდობოდა. ცოტაც და, მზად იყო, გაგას უკან გასდევნებოდა და დაებრუნებინა. თავის სიცოცხლეში ასეთ მიმზიდველ მამაკაცს არ შეხვედრია, ასეთ მომნუსხველს, ასეთ თავბრუდამხვევს…
არასდროს არც ერთ მამაკაცს ასე არ აუღელვებია იგი. კი, უყვარდა, ტკივილამდე უყვარდა ნოდიკო, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. სულ სხვა იყო, რადგან ნოდიკოსადმი ლტოლვა მისი გაცნობიდან სამი წლის შემდეგ იგრძნო. მანამ ისინი მხოლოდ კარგი მეგობრები იყვნენ. მერე უცებ მოხდა ყველაფერი. პირველსავე პაემანზე ნოდიკომ თავისთან აიყვანა, ცოტა დალიეს, ცოტა იცეკვეს და ბევრი "იდიალოგინეს".
იმ ღამესვე დაესვა ამ სიყვარულს წერტილი. როცა რამდენიმე დღე გავიდა და მამაკაცი არ შეეხმიანა, თაიამ თვითონ დაურეკა, მან კი საქმეები მაქვს და ვერ შეგხვდებიო, მოიმიზეზა… კვირას მეორე საქმიანი კვირა მოჰყვა, მეორეს - მესამე, ნოდიკოს საქმეები კი არ დაილია. შემდეგ რეკვა შეწყვიტა. გადაწყვიტა, დალოდებოდა, თვითონ როდის მოისურვებდა მის ნახვას. იმან კი არ მოისურვა. ასე გავიდა სამოცდაცხრა დღე. ზუსტად ახსოვს თაიას, რადგან დღეებს ითვლიდა, როდის დაურეკავდა საყვარელი მამაკაცი და შეხვედრას სთხოვდა. დარეკვით კი დარეკა ნოდიკომ, მაგრამ მხოლოდ იმის სათქმელად, რომ თურმე მათი ურთიერთობა შეცდომა ყოფილა, რომ მას თაისია არასდროს ჰყვარებია და დაევიწყებინა ის, რაც მათ შორის მოხდა.
აი, ასე შერჩა თაიას ხელთ ერთი ღამის ეპიზოდი… მერე დიდხანს იტანჯებოდა. იტანჯებოდა უცრემლოდ, ჩუმად, თავისთვის. ოღონდ ვერ ხვდებოდა, რა უფრო ტანჯავდა - გაცრუებული სიყვარული თუ მიტოვებული ქალის სტატუსი. ალბათ, უფრო მეორე, ვიდრე პირველი…
ამჯერად სრულიად განსხვავებული შემთხვევა იყო. მართალია, ახლაც ცალმხრივად იყო შეყვარებული და ამ თავგადასავალშიც საკუთარი ნებით გაყო თავი, მაგრამ ნოდიკოსგან განსხვავებით, გაგა მის შეცდენას არ ცდილობდა. პირიქით, მაქსიმალურად იკავებდა თავს და უკან იხევდა, რათა მაცდუნებელი ნაბიჯი არ გადაედგა.
ბედის ირონიაა, რომ იგი მუცლით ასეთი საოცარი კაცის შვილს ატარებს და თან ისე, რომ მასთან სექსი არ ჰქონია. რომ არ დაორსულებულიყო, კიდევ შეიძლებოდა ამ საშიშროების თავიდან არიდება. ბოლოს და ბოლოს, აღარასდროს შეხვდებოდა მას და დაივიწყებდა, მაგრამ ახლა უკვე გვიანაა. უნდა თუ არ უნდა, მთელი დარჩენილი შვიდი თვე მის გვერდით უნდა გაატაროს. კიდევ ბევრჯერ მოუწევს მისი ნახვა, დალაპარაკება, იქნებ სადილობაც, შეიძლება გასეირნებაც… ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ შეეხება მისი თითები თაიას ღაწვებს… შეძლებს კი მუდმივად მოითმინოს და თავი არ გასცეს? ერთხელაც იქნება, პირდაპირ მკლავებში ჩაუვარდება და მორჩა, დაღუპულია! იგი ვერ შეძლებს გრძნობების მოთოკვას! პასუხად კი რას მიიღებს? ამაზე ფიქრიც არ უნდა! სირცხვილით დაიწვება ალბათ. გაგამაც ნოდიკოსავით რომ მოიშოროს თავიდან, ამას ვერ გადაიტანს! არა, არ უნდა წამოეწყო ეს თამაში! ყველაფერი ნეირას ბრალია! არ უნდა იფიქროს გაგაზე, თუ უნდა, რომ კიდევ ერთხელ არ გაებზაროს გული, როცა ისინი ერთ მშვენიერ დღეს ერთმანეთს დაემშვიდობებიან…
გაგა ნერვიულად ათამაშებდა თითებს შუშის მაგიდაზე, თან წინ დადებული მობილურის ეკრანს მისჩერებოდა. მთელი კვირაა, ტაისიასთან დაკავშირებას ცდილობს, ის კი მის ზარებს არ პასუხობს. მძღოლსაც კი არ უნახავს გოგონა პარასკევის შემდეგ, როცა მორიგი ლექციიდან შინ მიიყვანა. ის სადარბაზოში შევიდა და მას მერე უკვალოდ გაქრა.
გაგა ადგილს ვერ პოულობდა. ჯანდაბას, ჯანდაბას! მან უნდა იცოდეს, ტაისია სადაა. იგი ყველგან რეკავდა, სადაც კი გოგონა შეიძლებოდა ყოფილიყო: ავთოსთან, სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც დედამისი იწვა, უნივერსიტეტში, სამსახურში… უშედეგოდ. იგი მთელი კვირა არსად გამოჩენილა, თვალით არავის უნახავს.
ბოლოს, როცა ყოველგვარი იმედი გადაეწურა, კაბინეტიდან გავიდა, საკიდრიდან პალტო ჩამოიღო, ჩაიცვა და მდივანი გააფრთხილა, ყველა შეხვედრა გადაედო, რაც იმ დღეს დანიშნული ჰქონდა. შემდეგ ნორას შეუარა კაბინეტში და სთხოვა, თუ ვინმე მოვიდოდა, მის ნაცვლად მიეღო და გასაუბრებოდა. თვითონ კი თაიას ბინისკენ გაეშურა.
კორპუსთან მისულმა მის მიერ დაქირავებული მანქანა შენიშნა, რომელიც სადარბაზოსთან იდგა. მძღოლი მანქანაში იჯდა, ყავას სვამდა და საჭეზე გაშლილ გაზეთში კროსვორდს ავსებდა.
- გამარჯობა, ბიბი. არ გამოჩენილა?
- არა, ბატონო გაგა, არ გამოჩენილა.
გაგამ უხერხულად დააქნია თავი და სადარბაზოში შევიდა. ნელა აუყვა კიბეს, თან გულში საფეხურებს ითვლიდა. როგორც კი თაიას ბინის კართან აღმოჩნდა, რამდენიმე წუთით შედგა, რათა სული მოეთქვა, მერე კი ზარი დარეკა. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. კიდევ დარეკა… კიდევ… კიდევ… ცოტა ხნის შემდეგ კი დააბრახუნა, თან თაიას სახელს ხმამაღლა გაჰყვიროდა.
აი, ახლა კი სერიოზულად ანერვიულდა. გოგონა არც ტელეფონის ზარებს პასუხობდა და არც კარს აღებდა. ბინიდანაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ იგრძნობოდა. იქნებ სადმე წავიდა? იქნებ სულაც გაემგზავრა ქალაქიდან? მაგრამ სად? მთელი კვირით სად უნდა წასულიყო, თანაც ისე, რომ არავისთვის დაებარებინა? ეს მის საქციელს არ ჰგავდა. იგი სულაც არ ჩანდა უპასუხისმგებლო. დედამისიც კი არ გაუფრთხილებია. არა, აქ სხვა რაღაც ხდება, რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს.
- ექსტრემალურ სიტუაციაში ექსტრემალური ზომების მიღებაა საჭირო, - ჩაილაპარაკა თავისთვის, მერე ღრმად ამოიხვნეშა, ჯიბიდან მობილური ამოიღო და დარეკა…
სამაშველო სამსახურმა კარი გატეხა. გაგამ მაშველებს ფული გადაუხადა და დაითხოვა, თვითონ კი ბინაში შეიჭრა. ისე იყო აღელვებული, თავს კონტროლს ვეღარ უწევდა. უკვე დარწმუნებული იყო, რომ იქ გარდაცვლილ ტაისიას იპოვიდა. ბინაში ორპირი ქარი დაქროდა. ირგვლივ დასადგურებული სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა.
- ტაისია! - იყვირა გაგამ და ოთახს თვალი მოავლო.
სწორედ ამ დროს დაინახა. იგი დივანზე იწვა, ფეხები პატარა ბავშვივით მოეკეცა და მოკუნტულიყო. ზედ საბანი ეფარა, თვითონ კი საბნის ქვეშ თითქმის არ ჩანდა. მხოლოდ თმის კულულები მოუჩანდა ბალიშზე. დივნის გვერდით სკამზე იდო ყველაფერი, რაც გაციებისთვისაა აუცილებელი: წამლები, ფინჯნით ჩაი, ერთჯერადი ცხვირსახოცები, თერმომეტრი…
- ტაისია, - ჩურჩულით გაიმეორე გაგამ, საწოლს მივარდა და მუხლებზე დაეშვა.
მიხვდა, რომ სიტუაცია საგანგაშო იყო, ამას გული უგრძნობდა.
თითებიდან ტყავის ხელთათმანი კბილებით გაიძრო და გოგონას შუბლზე დაადო. ტემპერატურა აშკარად ძალზე მაღალი იყო, თაიას შუბლი გახურებოდა, ხოლო ღაწვები წითლად უღვიოდა.
- ტაი, გესმის ჩემი? - გაგამ მსუბუქი სილა გააწნა, რათა იგი გონს მოეყვანა.
თაია შეტოკდა, თვალები გაახილა, ოდნავ წამოიწია და უღონოდ კვლავ ბალიშზე მიესვენა. როცა გააცნობიერა, ვინც იყო, რაღაცის თქმას შეეცადა, გამშრალი ტუჩები გაარხია, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ შეძლო, რადგან ხველება აუტყდა.
წამის დაკარგვა არ შეიძლებოდა. გაგამ თავის საბნიანად მოხვია გოგონას ხელი, ბუმბულივით აიტაცა და სირბილით გამოვარდა ოთახიდან. თაიამ რაღაც ჩაიბურტყუნა, მერე კი თავი მამაკაცის მხარზე ჩამოდო და მოეშვა.
გარეთ გამოსული გაგა თავისი მანქანისკენ გაქანდა, თან მეორე მანქანის მძღოლს დაუყვირა, მომეხმარეო. ბიბი თავქუდმოგლეჯით გამოიქცა და უფროსის მანქანის კარი გამოაღო. გაგამ ფრთხილად მიაწვინა გოგონა უკანა სავარძელზე, თვითონაც გვერდით მიუჯდა და ბიბის გასაღები მიაწოდა.
- რაც შეიძლება სწრაფად! რომელი კლინიკაც უფრო ახლოსაა, იქ წავიდეთ! - მისცა მითითება მძღოლს.
წამიც და მანქანა მთელი სისწრაფით ქუჩაში მიქროდა.
- არც ისე ცუდად ვარ, - თაია გაპროტესტებას შეეცადა. ხველებისგან ხმა ჩახრინწოდა, ამიტომ მისი ნათქვამი ძლივს ისმოდა. გაგამ მის პროტესტს ყურადღება არ მიაქცია, მობილური მოიმარჯვა და ნორასთან დარეკა.
- ნორა, რაც შეიძლება სწრაფად! ბიჭები გაგზავნე ტაისიას ბინაში, წამოიღონ მისი ტანსაცმელი… რა ვიცი, რამდენიმე ხელი და კიდევ… ხელოსნები მიიყვანონ, რომ კარი შეაკეთონ… ცუდადაა, კარის შემტვრევამ მომიწია… დანარჩენს მერე მოგიყვები… რა? ა, ხო. მისი ყველა ნივთი ჩემს ბინაში გადაიტანონ… ბინაში და არა სახლში. გასაგებია?
როცა ნორასთან ლაპარაკს მორჩა, ავთოს ნომერი აკრიფა.
- ტაისია ავადაა, - უთხრა, როგორც კი ექიმმა უპასუხა, - მაღალი სიცხე აქვს, საშინლად ახველებს და საავადმყოფოში მიმყავს.
- ჩემთან წამოიყვანე კლინიკაში, გაგა, ასე აჯობებს, - ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე უთხრა ავთომ, - მე აქ ვარ.
ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩაიდო და თაიას დახედა, რომელსაც თავი ჯერაც მის მხარზე ედო. სახეზე ჩამოშლილი თმა მზრუნველად გადაუწია ყურს უკან.
- ნუ გეშინია, ტაი, ყველაფერი კარგად იქნება. მე დროზე მოვედი, - უჩურჩულა გოგონას, მაგრამ თვითონაც არ სჯეროდა თავისი ნათქვამის.
მან არ იცოდა, როგორ გახდა თაია ავად და რამდენ ხანს გრძელდებოდა მისი ავადობა. რამდენი დღე ჰქონდა ტემპერატურა და შეიძლებოდა თუ არა მისი და ბავშვის გადარჩენა. ახლა მხოლოდ ეს აწუხებდა - როგორმე ეშველა ორივესთვის.
მარჯვენა ხელისგული ლოყაზე ჩამოუსვა. პირველად ახლა დაფიქრდა ბავშვზე ისე, თითქოს იგი უკვე მოვლენილი იყო ამქვეყნად. ნეტავ როგორ იმოქმედებდა ბავშვზე ტაისიას გაციება?
მისი დაორსულების შემდეგ წამი არ ყოფილა მის ცხოვრებაში, ამ ორსულობაზე არ ეფიქრა. ბავშვის ჯანმრთელობაზე კი ახლაღა დაფიქრდა. წესით, პირველ რიგში, ბავშვზე უნდა ენერვიულა, ჩვილი ხომ ერთადერთი იყო, რაზეც ოცნებობდა, რაზეც მთელ თავის მომავალს აგებდა. თუმცა აღმოაჩინა, რომ ამ წუთებში მხოლოდ ტაისიას გადარჩენა ადარდებდა, მხოლოდ და მხოლოდ მისი.
როგორც იქნა, კლინიკას მიაღწიეს. მძღოლი მანქანიდან გადმოხტა და უკანა სალონის კარი გააღო. გაგამ თაია ხელში აიტატა და შენობაში შეიყვანა. იგი პირდაპირ სარეგისტრაციო სარკმელს მიადგა.
- მე გაგა ჭოხონელიძე ვარ. ეს თაისია თაბაგარია. ჩვენ ავთო ექიმი გველოდება. თუ შეიძლება, ახლავე დაურეკეთ.
- ბატონმა ავთომ უკვე გაგვაფრთხილა, მიბრძანდით, - მიუგო სარეგისტრაციოს მორიგემ და იგი მაშინვე გაატარეს.
დაცვამ გაგა თავის ტვირთიანად ავთოს კაბინეტამდე მიაცილა. მამაკაცმა გოგონა თეთრზეწარგადაფარებულ ნარზე წამოაწვინა. ექთანმა სამედიცინო მინიატურული ფარანი ამოიღო ჯიბიდან, თაიას წამწამები გაუხსნა და თვალებში მიანათა, რათა გაეგო, რა რეაქცია ექნებოდა პაციენტს შუქზე.
- პიჟამა გახადეთ, ფილტვებს მოვუსმენ. მერე რენტგენზე ჩავიყვანოთ, - გასცა ავთომ განკარგულება, გაგას კი გადაულაპარაკა, - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.
გაგა მოღუშული შესცქეროდა, როგორ ხდიდა ორი ექთანი თაიას პიჟამას. როგორი უმწეო ჩანდა სიცხისგან გათანგული გოგონა.
- მიმიშვით! - ავთომ სტეტოსკოპი მოიმარჯვა და თაიას წინ სკამზე დაჯდა. შედარებით ახალგაზრდა ექთანმა ამასობაში თაიას წნევა გაუზომა.
- თერმომეტრი! და ლაბორანტი ამოიყვანეთ, სისხლი აუღოს! - განკარგულებას განკარგულებაზე იძლეოდა რეპროდუქტოლოგი.
გაგას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს ყველაფერი სიზმარში ხდებოდა და არა ცხადში.
- სანერვიულო არაფერია. ეს ჩვეულებრივი გაციებაა. - იგი გაგას დამშვიდებას შეეცადა.
- მაშინ გონებაზე რატომ არ არის? - არ დაიჯერა ჭოხონელიძემ.
- მაღალმა ტემპერატურამ იცის ხოლმე გულის წასვლა, თანაც ორსულადაა. რა თქმა უნდა, მისთვის ძნელია გაციებას შეებრძოლოს, მით უფრო, რომ ტოქსიკოზი აქვს. მერამდენე დღეა, რაც სიცხე აქვს?
- არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. მთელი კვირაა, ვერ დავუკავშირდი. ბოლოს სახლში მივაკითხე და აი, ასეთ მდგომარეობაში დამხვდა.
- ალბათ წამალს არ დალევდა ბავშვის გამო. დარწმუნებული ვარ, საგანგაშო არაფერია.
- ავთო!
- ხელს ნუ მიშლი, გაგა! - ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა ავთოს, ამიტომ ტონი ოდნავ შეარბილა, - ნუ ნერვიულობ, ვიცი, რასაც ვამბობ. მალე მოვა გონს.
როგორ უნდოდა გაგას ამის დაჯერება. არ ახსოვს, ბოლოს როდის იყო ასე შეშინებული.
- ბავშვს სჭირს რამე? - ახლაღა გაახსენდა და ტაისიას გაფითრებულ სახეს კიდევ ერთხელ შეხედა.
- ყველაფერი კარგად იქნება. - გაიმეორა ავთო ექიმმა და გაგას საყვედურით სავსე მზერა ესროლა, მერე მაგიდას მიუჯდა და თაიას ისტორიის შევსებას შეუდგა, - ყველაფერს ისე გავაკეთებ, რომ არც მას ავნოს და არც ბავშვს. ცოტა ხანში უკეთ იქნება. ახლა პირველ რიგში თაფლიანი ჩაი სჭირდება. თეკო, იქნებ ამოუტანო ბუფეტიდან?
- ახლავე, ექიმო! - ახალგაზრდა ექთანი მაშინვე გავიდა კაბინეტიდან.
- მაგრამ როგორ დალევს, როცა გონზე არ მოსულა? - იკითხა გაგამ და ცოტა არ იყოს, შეცბა. მას არ უნდა გამოემჟღავნებინა ასეთი მზრუნველობა. რას იფიქრებდა ავთო? მისი შეშფოთება შეყვარებული მამაკაცის რეაქციას უფრო ჰგავდა, ვიდრე დამქირავებლისა. თუმცა ამას ახლა რა მნიშვნელობა ჰქონდა? მისთვის სულერთი არ იყო, რას იფიქრებდნენ სხვები? ბოლოს და ბოლოს, ეს გოგო მის შვილს ატარებს მუცლით. მას სურს, მის გვერდით იყოს და იქნება მის გვერდით, სანამ ყველაფერი არ ჩაივლის.
თაია მძიმედ სუნთქავდა, ხანდახან სტვენისმაგვარი ხმები ამოსდიოდა ფილტვებიდან, თითქოს რაღაც უშლიდა ხელს, თავისუფლად ამოესუნთქა. გაგა წამითაც არ შორდებოდა გვერდიდან. მაშინაც კი არ მოშორებია, როცა გოგონა რენტგენზე გასაშუქებლად გაიყვანეს.
დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა გამოკვლევებს და ანალიზებს. რეპროდუქტოლოგი ამშვიდებდა გაგას, ეს უბრალო გაციებაა, საგანგაშო არაფერიაო, რაც აკვირვებდა. როგორ შეიძლებოდა ასეთი მდგომარეობა უბრალო გაციება ყოფილიყო?
- რამდენიმე ხნით კლინიკაში დავტოვებ, მერე კი შემიძლია შინ გავუშვა. შენ წაიყვან თუ…
- ის ჩემთან წამოვა, ავთო.
ავთომ მამაკაცს გაოცებული მზერა მიაპყრო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ამ დროს თაიამ თვალები გაახილა და ნელა მოავლო მზერა ირგვლივ. გაგა დაძაბული ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას. თაიამ კვლავ დახუჭა თვალები და ენის წვერით გამშრალი ტუჩები მოილოკა.
მამაკაცმა თავზე ხელი გადაუსვა.
- ტაისია, - უჩურჩულა, - როგორ ხარ?
თაიამ ისე შეხედა, თითქოს ვერ იცნოო, რამაც მამაკაცი საგონებელში ჩააგდო.
გოგონამ რაღაცის თქმა სცადა, მაგრამ ისევ ხველა აუტყდა.
- ახლავე, ახლავე, - დაფაცურდა გაგა, მაგიდაზე მდგარი თაფლიანი უკვე შეგრილებული ჩაი აიტაცა და ტაისიას ტუჩებთან მიუტანა და თავი აუწია, - მოსვი, მოსვი.
თაიამ რამდენიმე ყლუპი მოსვა.
- უკეთ ხარ?
გოგონას პასუხი არ გაუცია, კვლავ ჩაის წაეტანა და ისევ მოსვა.
- კიდევ?
- არა, მადლობა, მეტი არ მინდა… სად ვარ? - მისუსტებული ხმით იკითხა.
- ავთოსთან, კლინიკაში.
გაოცებულმა გოგონამ წარბები მოჭმუხნა, თითქოს ეკითხებოდა, აქ როგორ აღმოვჩნდიო.
- მთელი კვირაა, ვერ დაგიკავშირდი, ამიტომ სახლში მოგაკითხე. - შენობითზე გადავიდა გაგა ისე, რომ ეს არც შეუმჩნევია, - იქ კი გულწასული გიპოვე. მაშინვე ავთოს დავურეკე და აი, აქ ვართ, - მამაკაცმა თითებით თმა ჩამოუვარცხნა, - თავს როგორ გრძნობ?
თაიამ ოდნავ შესამჩნევად აიჩეჩა მხრები, მერე თვალები მილულა და ჩურჩულით წარმოთქვა:
- გავცივდი. სიცხემ რომ ამიწია, ლიმონიანი ჩაის სმა დავიწყე და საწუწნი აბების მიღება. სხვა წამლები არ გავიკარე, შემეშინდა, ბავშვს არ ვავნო-მეთქი. უკეთ ვერ გავხდი. მერე ჩავწექი და ვეღარ ავდექი. ტელეფონის ხმაც მესმოდა და კარზე ზარიც, ბრახუნიც, მაგრამ ადგომის თავი აღარ მქონდა.
- მიხარია, რომ ლაპარაკის უნარი დაგიბრუნდა. ავთომ თქვა, საშიში არაფერია, მალე დავაყენებ ფეხზეო. ისიც მითხრა, დროზე მიუსწარიო, მაგრამ შენ დღეს მე ცხრა წლის სიცოცხლე წამართვი.
- მაპატიეთ. - თაიამ გაღიმება სცადა.
- გაპატიებ, თუ მალე გამოჯანმრთელდები.
გამოკვლევების პარალელურად, თაიას ავთომ ორსულობისთვის უსაფრთხო წამლები დაალევინა. გოგონამ მალე გაცილებით უკეთ იგრძნო თავი.
კლინიკაში საღამომდე დატოვეს, რათა მის მდგომარეობას დაკვირვებოდნენ. სიცხემ მალევე დაუწია, რამდენიმე საათის შემდეგ კი ხველებამაც უკლო. გაგა ამ ხნის განმავლობაში პალატიდან არ გასულა.
- თქვენ ალბათ ჩემ გამო საქმეს მოსცდით… - თაიას ხმაში მობოდიშება გაისმა.
- ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ჩემს სიცოცხლეში არ მქონია, - გაიცინა გაგამ და გოგონას თბილი მზერა შეავლო.
საღამო ხანს თაია უკვე მშვენივრად გრძნობდა თავს. იგი ჩაცმული იჯდა საწოლზე, ავთო ექიმი და გაგა კი მის წინ იდგნენ. გოგონას შინ წასვლის ნება დართეს. მიუხედავად იმისა, რომ გააპროტესტა, მას მაინც არ მისცეს უფლება, სახლში დამოუკიდებლად წასულიყო. გაგამ იგი ხელში აყვანილი გაიყვანა ეზოში და მანქანაში ჩასვა. თაია უკვე დაიღალა ამდენი უარის თქმით, მას არავინ უსმენდა. გაგა საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას მის პროტესტს. ის ისე აკეთებდა ყველაფერს, როგორც საჭიროდ მიიჩნევდა.
ქალების უმრავლესობა ალბათ ოცნებობდა ასეთ მდგომარეობაზე. თაია კი თავს საშინლად გრძნობდა, მაგრამ ცდილობდა, არ გამოემჟღავნებინა. საერთოდ არ აღელვებდა, როგორ გამოიყურებოდა. თმა კეფაზე შეეკრა, ტანზე კი თავისი განუყრელი ფლანელის პიჟამა ემოსა.
აბა, რას იფიქრებდა, რომ გაგას სწორედ ასეთი უბრალოება მოსწონდა.
- თავს უკეთ გრძნობ? - შეეკითხა იგი.
- შედარებით. უბრალოდ, დავიღალე, მაგრამ რამდენიმე დღეში მოვძლიერდები ალბათ.
- მალე შინ მივალთ. შეგიძლია დაწვე და მთელი კვირა იძინო, თუ მოგესურვება.
თაიას მსუბუქმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე, მან თვალები მილულა.
- ალბათ უფრო მეტხანსაც ვიძინებდი, - დაიჩურჩულა.
ეს ისე საყვარლად წარმოთქვა, გაგას ამწუთას სხვა არაფერი უნდოდა, გულში ჩაეკრა გოგონა და არასდროს არსად გაეშვა. მას შემდეგ, რაც ტაისიას შინ წაყვანა გადაწყვიტა, მხოლოდ ერთი რამის ეშინოდა - ის წინააღმდეგი არ წასულიყო. თუმცა ჯერჯერობით ხმას არ იღებდა.
- ტარება იცით? - იკითხა თაიამ ხმადაბლა, ისე, რომ თვალები არ გაუხელია, თითქოს ეძინა.
გაგა ვერაფრით ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა ტაისია.
- ტარება რისი?
გოგონამ თვალები გაახილა და თავი წამოსწია:
- მანქანის, მოტოციკლის, სკუტერის… რაღაცის მაინც.
- რა თქმა უნდა, ვიცი. რატომ მეკითხები?
- უბრალოდ, მაინტერესებს. თქვენ ყოველთვის მძღოლი გემსახურებათ, არასდროს მინახავხართ საჭესთან.
- მე რამდენიმე მანქანა მაქვს. მერსედესი, ჯიპი, იაგუარი, კიდევ ერთი, რომელიც შენ გემსახურება. ვცდილობ, იშვიათად დავჯდე საჭესთან, რადგან ბევრი საფიქრალი მაქვს, ეს კი ტარებისას ხელის შემშლელი ფაქტორია. როცა მანქანას მართავ, არაფერზე არ უნდა იფიქრო. ჩემი ცხოვრება კი ასე არ არის მოწყობილი. როცა მანქანით ვმგზავრობ, თან ვმუშაობ. ასე უფრო მიადვილდება.
- არასდროს მინახავს.
- რა? - გაოცდა გაგა.
- როგორ მუშაობთ, როცა მანქანაში ზიხართ.
მამაკაცმა ცნობისმოყვარე მზერა ესროლა. გოგონას თვალებში გაჩენილი უცნაური ნაპერწკლები მიანიშნებდა, რომ ის რაღაცას მალავდა.
- უბრალოდ, როცა შენთან ვარ, სამუშაოზე არ ვფიქრობ. უფრო სწორად, არ შემიძლია.
თაიამ არაფერი უპასუხა, სამაგიეროდ, ძლიერად დაახველა.
გაგამ მისკენ მიიწია, თავისი ცხვირსახოცი მიაწოდა და ზურგზე რამდენჯერმე მსუბუქად დაჰკრა ხელი.
- გამოდის, რომ აღფრთოვანებას იმსახურებთ. - წარმოთქვა თაიამ, როგორც კი ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, - როცა თქვენთან მოვედი, მეგონა, ცხოვრებას შეგიმსუბუქებდით. აღმოჩნდა, რომ პირიქით, ყველაფერი გაგირთულეთ და თქვენთვის მხოლოდ უსიამოვნებები მომაქვს.
გაგას უნდოდა ეთქვა, რომ ასე არ იყო, რომ ტაისია მას არავითარ დაბრკოლებას არ უქმნიდა. ასე სასიამოვნოდ და ბედნიერად დიდი ხანია თავი არ უგრძნია. მასთან გატარებული რამდენიმე თვე მას მხოლოდ დადებითად მუხტავდა. იქიდან მოყოლებული, რაც გაიგო, რომ ორსულად იყო, ყოველდღე მხოლოდ მასზე ფიქრობდა, მის კეთილდღეობაზე. მხოლოდ მასთან შეხვედრა და სატელეფონო საუბრები ასულდგმულებდა. შეამჩნია, რომ დაორსულების შემდეგ ტაისიას ხმა უფრო მსუბუქი და რბილი გაუხდა. დღესაც კი, როცა მისი ბინის კარის შემტვრევა მოუხდა და უამრავი დრო დაეხარჯა მის კლინიკაში წასაყვანად, წამითაც არ დაფიქრებულა იმაზე, რომ რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვან შეხვედრას გვერდს უვლიდა. ის მხოლოდ იმაზე წუხდა, რატომ უფრო ადრე არ მიაკითხა ტაისიას სახლში.