„მარტო სახლშის“ ვარსკვლავი, ყველა თაობისთვის საყვარელი მსახიობი მაკოლეი კალკინი 40 წლის ასაკში მამა გახდა. მას და ბრენდა სონგს 5 აპრილს ლოს-ანჯელესში ბიჭი შეეძინათ. „უბედნიერესები ვართ“ - ამბობდა წყვილი შვილთან შეხვედრის შემდეგ.
სახელი დაკოტა ვაჟს მსახიობმა დის საპატივცემულოდ დაარქვა, რომელიც 2008 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულად არ ცნეს, რადგან ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მძღოლი საჭეს სრულიად ფხიზელი მართავდა და შემთხვევისთანავე სცადა დაშავებულის დახმარება. ის ყველა კანონს იცავდა. უბედური შემთხვევის შემდეგ მაკოლეი კალკინის პროდიუსერმა განაცხადა, რომ ეს ოჯახისთვის უდიდესი ტრაგედიაა და მათ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ.
ბრენდამ და მაკოლეიმ ერთმანეთი 2017 წელს გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. როგორც თავად ამბობენ, დაკოტას გაჩენამდე უკვე იყვნენ უამრავი ცხოველისა და ფრინველის მშობლები, მათ შორის, სამი კატის, რამდენიმე თევზისა და თუთიყუშის.
წყვილი ერთმანეთზე უზომოდაა შეყვარებული. მაკოლეი კალკინის თქმით, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როცა ცოლი ოთახში შემოდის და გეუბნება, რომ ორსულადაა. ბრენდა კი ერთ-ერთ ინტერვიუში განმარტავს: „ხალხი ვერც კი წარმოიდგენს, რამდენად კეთილი, ერთგული და ჭკვიანია მაკოლეი. შეუძლებელია, იყო მის გვერდით და თავს ბედნიერად არ გრძნობდე“.
მაკოლეი კალკინმა პოპულარობა 90-იან წლებში ფილმებით Home Alone, My Girl, Richie Rich და The Pagemaster მოიპოვა. პაუზის შემდეგ კი ის ეკრანს American Horror Story-ს მეათე სეზონით დაუბრუნდება.